Facebook Twitter

საქმე №ას-1460-2020 12 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბმა ,,გ.ს–ი №..“/თავმჯდომარე რ.დ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ა–ვამ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბმა ,,გ.ს–ი №..-ის“/თავმჯდომარე რ.დ–ვას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, ამხანაგობა, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2017 წლის 5 აპრილის განმეორებითი საერთო კრების ოქმი №14-ის დღის წესრიგის პირველ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება, 2019 წლის 2 აპრილის საერთო კრების №18 ოქმით დღის წესრიგის მე-6 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება და 2017 წლის 5 აპრილის №14 კრების ოქმით დღის წესრიგის მე-4 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის ნაწილში. 2017 წლის 5 აპრილის №14 კრების ოქმით დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხის მე-3 პუნქტით მიღებული გადაწყვეტილების, იმავე კრების ოქმით დღის წესრიგის მე-3 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 2 აპრილის №18 კრების მე-3 საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 2591 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ მხარეები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 მარტის სხდომას ესწრებოდნენ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2020 წლის 27 მარტს გადაიდო, შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების ჩაბარების/გასაჩივრების წესი მოქმედებს, რომელიც მხარეებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2020 წლის 27 მარტიდან) არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების ჩაბარებას ავალდებულებს.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამხანაგობის წარმომადგენელს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია და არც გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად კი, 2020 წლის 27 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2020 წლის 28 აპრილს) დაიწყო და 2020 წლის 11 მაისს, 24:00 საათზე ამოიწურა (10 მაისი უქმე დღე), შესაბამისად, 2020 წლის 3 აგვისტოს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ითვლება გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილად, რაც სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილსა და 61-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებული გასაჩივრების წესის შესაბამისად, იგი შეიძლება გასაჩივრებულიყო სააპელაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, შესაბამისად, ამხანაგობა ზემოაღნიშნული დანაწესით ხელმძღვანელობდა და არა სსსკ-ის 2591 მუხლით, რომელიც გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების დროის ათვლა დაიწყო არა 2020 წლის 28 აპრილიდან, არამედ იმ დღიდან, როცა ამხანაგობას გადაწყვეტილება ჩაჰბარდა.

9. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 106-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ საქართველოში ახალი ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სახელმწიფომ განსაკუთრებული ზომები მიიღო. ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, 2020 წლის 16 მარტის №08 ბრძანებით, მოსამართლეებს მათ წარმოებაში არსებული საქმეთა განხილვის გადადება დაავალა, ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზემოაღნიშნული ბრძანება 2020 წლის 27 მარტს გამოსაცხადებელ გადაწყვეტილებასაც შეეხო. მიუხედავად მხარის სურვილისა და არაერთი მცდელობისა, გაერკვია რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, გადადო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება თუ გამოაცხადა გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მიზანს ვერ მიაღწია. ამასთან, ამხანაგობის თავმჯდომარე 70 წელს გადაცილებულია და ეპიდვითარების გათვალისწინებით შინ უნდა დარჩენილიყო.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გარდა ზემოაღნიშნულისა, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგობის წარმომადგენელ ა.ა–ძეს მოსამართლის შემადგენლობიდან დაურეკეს და გადაწყვეტილების გამოცხადების სხვა დროისათვის გადადების შესახებ აცნობეს, ამასთან განუმარტეს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს დამატებით აცნობებდნენ, რაც მხარემ შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო სარწმუნოდ მიიჩნია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

15. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

16. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

17. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით [უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს].

18. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი). სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

19. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მართალია, არ ესწრებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე და მისი წარმომადგენელი, თუმცა მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. 2020 წლის 4 მარტის მთავარ სხდომაზე, რომელსაც ამხანაგობის თავმჯდომარე და მისი წარმომადგენელი ესწრებოდნენ, მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს აცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2020 წლის 27 მარტი, 15:00 სთ (იხ. სხდომის ოქმი და ხელწერილი ს.ფ. 250-261, 273), თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 27 აპრილს და იმავე წლის 11 მაისს ამოიწურა.

23. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გასაჩივრების წესის თანახმად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარებიდან და არა სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ მხარისათვის ცნობილია კანონის ამა თუ იმ დანაწესის შესახებ. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ აქარწყლებს კანონის ცოდნის პრეზუმფციას და, შესაბამისად, გავლენას ვერ მოახდენს სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგზე.

25. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების დრო და ადგილი, ამ უკანასკნელს უნდა სცოდნოდა კიდეც იმ პროცედურისა და წესის შესახებ, რომლითაც მისთვის არახელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას შეძლებდა, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მიღებულ შედეგს ეჭვქვეშ დააყენებდა.

26. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ამხანაგობის თავმჯდომარის ინტერესებს წარმომადგენელი ა.ა–ძე იცავდა, რომელიც მის სახელზე გაცემული მინდობილობის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო, მარწმუნებელის სახელით განეხორციელებინა სასამართლოში საქმისწარმოებისათვის მხარისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საპროცესო უფლება-მოვალეობა, მათ შორის, გაესაჩივრებინა სასამართლოს ნებისმიერი აქტი, წარედგინა სააპელაციო და საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 231). აღნიშნული პირი, ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად, როგორც უკვე აღინიშნა, საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის მთავარ სხდომას ესწრებოდა, როდესაც, მოსამართლემ სხდომის დასასრულს მხარეებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი აცნობა, რაც კიდევ უფრო გამორიცხავს გასაჩივრების წესთან მიმართებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის საფუძვლიანობას.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის საქმიანობა და კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 709-ე, 711-ე და 713-ე მუხლებისა, რეგულირდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონითაც, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ადვოკატის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას.

28. პალატის მითითებით, საქმის განხილვაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა, კერძო საჩივრის ავტორის წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში მითითებული პრეტენზიას სრულიად უსაფუძვლოს ხდის.

29. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ამხანაგობის წარმომადგენელს სასამართლოდან დაურეკეს და გადაწყვეტილების გამოცხადების სხვა დროისათვის გადადების შესახებ აცნობეს, საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული არგუმენტი სრულიად დაუსაბუთებელია და, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ მითითება, არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სადავო გარემოებას დაადასტურებდა.

30. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება, კასატორის წინამდებარე განჩინების მე-9-10 პუნქტებში მითითებული პრეტენზიაც დაუსაბუთებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იქნებოდა ეცნობებინა მხარისათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ.

31. საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 მარტის №08 ბრძანებაზე და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რადგან არც ხსენებული ბრძანება (მისი შინაარსი) და არც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, არ ზღუდავდა სასამართლოს - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაში.

32. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა, არ აბრკოლებს სასამართლოს - გამოაცხადოს მიღებული გადაწყვეტილება, თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რაც (ინფორმირება გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ) საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულია.

33. სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მხარე შეეცადა გადაწყვეტილების შედეგის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, პრეტენზიის აღნიშნული ნაწილიც უსაფუძვლოა და გავლენას ვერ მოახდეს საქმის შედეგზე.

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2020 წლის 3 აგვისტოს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა ,,გ.ს–ი №..-ის“ (თავმჯდომარე რ.დ–ვა) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე