Facebook Twitter

საქმე №ას-658-2020 4 დეკემბერი, 2020 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.ქ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ქ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) 02.05.2018 წლისთვის დასაქმებული იყო სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო ან დამსაქმებელი) ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

2. დასაქმებულს 08.05.2017 წლის №50/დ ბრძანებით შეეფარდა დისციპლინური სახდელის ზომა-შენიშვნა. ბრძანება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

3. დასაქმებულს , 02.05.2018 წლის №34/დ ბრძანებით, სააგენტოს ინპექტირებისა და რეაგირების სამსახურის უფროსის გ.ბ–ას 2018 წლის 5 აპრილის N585 მოხსენებითი ბარათის, სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ.ს–ის 2018 წლის 11 აპრილის N611 და 2018 წლის 2 მაისის N789 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, შეეფარდა დისციპლინური სახდელის ზომა - გაფრთხილება.

4. სააგენტოს უფროსის 31.05.2018 წლის N55/კ ბრძანებით საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის’’ (შემდეგში: სშკ) 37.1-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის, 21.4-ე მუხლისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 24.12.2015 წლის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის უფროსი სპეციალისტი - მოსარჩელე 2018 წლის 31 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში.

5. მოსარჩელისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო როგორც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 24.12.2015 წლის N237 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების, ასევე - სააგენტოს შინაგანაწესის შინაარსი. სააგენტოს შინაგანაწესის მე-9 მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია: ა) ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სააგენტოს მუშაობას და ლახავს სააგენტოს ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სააგენტოს საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ვ) დაიცვას შინაგანაწესი; ზ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი დანიშნულების მოწმობას და გამოიყენოს იგი დანიშნულებისამებრ. მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციის სამსახურს; თ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სააგენტოს შენობაში და მის ტერიტორიაზე. შინაგანაწესის 13.2 მუხლის თანახმად, შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) დაბალი რანგის თანამდებობაზე გადაყვანა არა უმეტეს ექვსი თვისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება. შინაგანაწესის 13.4 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ იღებს სააგენტოს უფროსი საკუთარი ინიციატივით ან სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოტივირებული წინადადების საფუძველზე. შინაგანაწესის 13.7 მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულს ექვსი თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

6. სადავო ბრძანების გამოცემის წინაპირობა გახდა სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის უფროსის გ.ბ–ას 2018 წლის 5 აპრილის მოხსენებითი ბარათი. მასში მითითებულია, რომ 2018 წლის 4 აპრილს სააგენტოში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდა ტრენინგი, რომელიც სავალდებულო იყო დასასწრებად სააგენტოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტებისათვის, ვინაიდან აპარატურა, რომლის ოპერირების სწავლებასაც ეხებოდა ტრენინგი, სააგენტომ მიიღო სწორედ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოსაყენებლად (ხსენებული აპარატურა მიღებულ იქნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტის ფარგლებში GEO/9/013). აღნიშნულ ტრენინგს, სააგენტოს უფროსის ზეპირი მითითების შესაბამისად, ასევე უნდა დასწრებოდა ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის 2 სპეციალისტი, რომელთა შორის მოსარჩელე დასახელებული არ ყოფილა.

7. მოსარჩელემ 2018 წლის 4 აპრილს თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი, შეწყვიტა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და ჩაერთო სხდომათა დარბაზში მიმდინარე სწავლებაში. ვინაიდან მოსარჩელეს დავალებული ჰქონდა განხორციელებული და დაგეგმილი ინსპექტირების მასალების ანალიზი, მას მიეცა მითითება, რომ დაბრუნებულიყო სამუშაო ადგილზე და გაეგრძელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება, თუმცა იგი არ დაემორჩილა უფროსის მითითებას და უხეში ჟესტიკულაციით განაცხადა უარი მითითების შესრულებაზე, რადგან თვლიდა, რომ მისთვის სწავლებაზე დასწრება უფრო სასარგებლო იქნებოდა. მოხსენებითი ბარათის თანახმად, დაახლოებით 15 წუთში სხდომათა დარბაზში შემოვიდა სააგენტოს უფროსის მოადგილე ხ.ჯ–ძე და ინსპექტორებისა და რეაგირების სამსახურის უფროსს გ.ბ–ას სთხოვა ახალი ვექტორის ინსპექტორების მასალების წარმოდგენა დამატებითი განხილვის მიზნით, ამასთან, მან იკითხა, თუ რატომ იმყოფებოდა მოსარჩელე სწავლებაზე, რომელიც არ იყო მისთვის განკუთვნილი, რის შემდეგაც დამატებით მიუთითა მოსარჩელეს, დაბრუნებოდა სამუშაო ადგილს და წარმოედგინა ინსპექტირების მასალები, რამაც დასაქმებულის გაღიზიანება გამოიწვია, დერეფანში სააგენტოში მყოფი ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით, ხმამაღალი და უხეში ტონით დააფიქსირა პრეტენზია სწავლებიდან მისი გამოყვანის გამო. მდგომარეობის გამწვავებისაგან და სააგენტოს ავტორიტეტის დამატებით შელახვის თავიდან აცილების მიზნით, უფროსის მოადგილის ინიციატივით, შედეგების განხილვა მოხდა უფროსის მოადგილის კაბინეტში, სადაც გაგრძელდა დასაქმებულის მხრიდან არაკორექტული მიმართვა და ქმედებები უფროსის მოადგილის მისამართით.

8. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა დაადასტურეს, რომ 2018 წლის 4 აპრილს დასაქმებული მართლაც არ იმყოფებოდა მის სამუშაო ადგილზე, კერძოდ, იგი ესწრებოდა ტრენინგს, საიდანაც ხელმძღვანელის თხოვნით გამოვიდა, რასაც მისი მხრიდან უკმაყოფილება და ხმამაღალი საუბარი მოჰყვა კორიდორში, რაც გაიგეს სააგენტოში შეხვედრაზე მყოფმა ლიცენზიატებმა და სააგენტოს თანამშრომლებმა. მოწმეთა ჩვენებით მოსარჩელისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის საუბარი ხმამაღალი და ურთიერთშეურაცხმყოფელი იყო, რაც უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახში გაგრძელდა, რასაც ასევე ესწრებოდნენ სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც. მოწმეთა ჩვენებებით, მოსარჩელეს გააჩნია ფეთქებადი და გაუწონასწორებელი ხასიათი, რის გამოც არაერთხელ ჰქონდა მიღებული სიტყვიერი შენიშვნა ხელმძღვანელობის მხრიდან. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე თავად მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ იგი მართლაც ესწრებოდა სწავლებას, რომელზეც იგი ოფიციალურად მიწვეული არ ყოფილა. თუმცა, მისი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ დასაქმებულმა ისე, რომ ტრენინგზე დასწრების შესახებ ხელმძღვანელს არ მიაწოდა ინფორმაცია, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაო საათების დროს დასწრებოდა სწავლებას. მან ჩათვალა, რომ ტრენინგზე დასწრება მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამუშაო ოთახში ყოფნა, რადგანაც ეს მისი სპეციალობიდან გამომდინარე სწავლება იყო.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დსაქმებულის სარჩელი, მისთვის შეფარდებული სახდელის შესახებ დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

9.2. საქალაქო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების და თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტების ერთობლივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მართლაც დაარღვია შრომის შინაგანაწესი, კერძოდ, მის მიერ სამუშაო საათებში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების სანაცვლოდ, თვითნებური გადაწყვეტილებით, იმავე შენობაში გამართულ სწავლებაში დასწრება, ხელმძღვანელი პირის კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა და სამსახურის იმიჯის და რეპუტაციის შემლახველი არაეთიკურ ქმედება ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიმართ, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ დისციპლინური სახდელის ის ზომა, რაც მოპასუხემ გამოიყენა მოსარჩელის მიმართ მართლზომიერი, პროპორციულია და არ არსებობს ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ სახდელის შეფარდების დროისათვის დასაქმებულს უკვე ჰქონდა შეფარდებული უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სშკ-ის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა) აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადეკვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში. ანუ, უნდა შეიქმნას მოცემულობა, რომელიც თანაზომიერი იქნება მიღებული გადაწყვეტილების - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მაღალი სიმკაცრისა. ასევე, ნათლად უნდა წარმოჩინდეს სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი სახდელის გამოყენების მიზანშეუწონლობა, ამას მოითხოვს შრომის უფლების მაღალი სტანდარტით დაცვა. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ ქცეულია შრომითი ურთიერთობის დროს დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობას მოსარჩელე უკავშირებს მისთვის სასურველ იურიდიულ შედეგს - შრომით ურთიერთობაში აღდგენას, რადგან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 37.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობით საფუძველი გამოეცლება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილ ნებას, რის გამოც მოსარჩელეს გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის საგნის მიმართ.

10.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნებოდა, თუ დამსაქმებელს გონივრულობის ფარგლებში არ მოეთხოვება დასაქმებულთა უფლებების დაცვა. დამსაქმებლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. დამსაქმებელი უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთმოვალეობათა საწინააღმდეგო განმარტება უცილობლად შექმნიდა დამსაქმებელი სუბიექტებისათვის შრომის თავისუფალ ბაზარზე ოპერირებისათვის არახელსაყრელ გარემოს, რაც მოქალაქეთა შრომის პოტენციალის ათვისების დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეოდა. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის (სამსახურისათვის), ხოლო ცუდი მუშაობისათვის (გადაცდომისათვის) შეუფარდოს სახდელი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად არაბუნებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

10.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა: განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 აპრილს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომის შინაგანაწესის დარღვევას. მოპასუხე ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესი კი, თავის მხრივ, ითვალისწინებს დამსაქმებლის შესაძლებლობას, თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის - გაფრთხილება. სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 4 აპრილს მოიქცა არაეთიკურად და დაარღვია სააგენტოში მოქმედი შინაგანაწესი, რაც მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველი გახდა. მოპასუხის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზომა არის ადეკვატური ჩადენილი გადაცდომისა და მოსარჩელის მიმართ, ადრე უკვე გამოყენებული სახდელის გათვალისწინებით.

10.6. აპელანტი გადაწყვეტილებასთან ერთად ასაჩივრებდა სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის საოქმო განჩინებას, რომლითაც საქმიდან ამოღებული იქნა მტკიცებულებები (სასამართლოს მიერ ამოღებული მტკიცებულებებია: 17.03.2018 წ. შემოწმების აქტი N3 და 20.03.2018წ. შემოწმების აქტი N4, საიდანაც დგინდება რადიოაქტიური ნივთიერებით დაბინძურებული ავტომანქანის საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი. მეორადი დეტალური ინსპექტირების მიზნით მანქანა ჩამოიყვანეს თბილისში და მოსარჩელეს დაევალა სიტყვიერად ამ აქტების გამო მანქანის რადიოლოგიური შემოწმება. მოსარჩელემ შეამოწმა, სიტყვიერად აღნიშნა, რომ დაბინძურებული იყო და დაწერა შესაბამის აქტი, თუმცა ხელმძღვანელობა დაუპირისპირდა). აღნიშნული მტკიცებულებით აპელანტს სურდა დაედასტურებინა, რომ ტრენინგზე დასწრება არ იყო დაკავშირებული მის გაფრთხილებასთან და რეალურად ხსენებულმა უთანხმოებებმა განაპირობა მის მიმართ სახდელის გამოყენება. აპელანტის მტკიცებით, მის მიმართ მოწინააღმდეგე მხარე იქცეოდა დისკრიმინაციულად, მას დევნიდნენ და ავიწროებდნენ, რაც საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლებით დაასრულეს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ განსახილველ საქმესთან, რის გამოც არ არსებობდა მათი საქმეში დატოვებისა და მათზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი. მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებულია კონკრეტული შემთხვევის ფაქტზე და არა იმ ფაქტებზე, რასაც ზემოაღნიშნული მტკიცებულებები დაადასტურებდნენ, რომელთაც არანაირი ფაქტობრივი ან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნდათ დავის საგანთან. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება და არც მოსარჩელეს წარმუდგენია სასამართლოში იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი იდევნებოდა მოპასუხისაგან, მით უფრო, იმ გარემოებების გამო, რაც მის მიერ წარდგენილ და შემდეგ სასამართლოს მიერ საქმიდან საპროცესო კანონით დადგენილი წესით ამოღებულ მტკიცებულებებს უნდა დაედასტურებინათ.

11. დასაქმებულის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით დასაქმებულის ტრენინგზე დასწრება არ უნდა ჩაითვალოს შრომის შინაგანაწესის დარღვევად და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის მოსარჩელისათვის დაკისრება უსაფუძვლოა.

11.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სშკ-ის 37-ე მუხლი, რომელიც შეეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული ნორმა ამ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენს. დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ითვლება თუ არა დისციპლინურ გადაცდომად დასაქმებულის მიერ იგივე შენობაში, გარეთ გაუსვლელად და სამუშაოს მიტოვების გარეშე, ცოდნის გაღრმავების მიზნით ტრენინგზე დასწრება. მით უმეტეს, როცა ეს ტრენინგი მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და პროფესიის შესაბამისია. არც ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული და სამართლებრივად დასაბუთებული, თუ რატომ ჩაითვალა დასაქმებულის 15 წუთით შევლა ტრენინგზე დისციპლინურ გადაცდომად.

11.4. კასატორი ადასტურებს, რომ იმყოფებოდა ტრენინგზე, რომელიც მისი პროფესიული ცოდნისათვის იყო მნიშვნელოვანი, მხოლოდ 15 წუთით შევიდა, ვინაიდან იმ პერიოდში თავისუფალი იყო და არაფერი ფუჭდებოდა, არანაირი დავალება არ ჰქონია მიღებული, რაც მისმა ყოფილმა უშუალო უფროსმა, მოწმე გ.ბ–მაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. უსწოროა სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს მას ფეთქებადი და გაუწონასწორებელი ხასიათი აქვს და თითქოს ეს ფაქტი თავად დაუდასტურა სასამართლოს.

11.5. კასატორმა მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით განმარტა, რომ არ დასტურდება თითქოს დასაქმებულს ფეთქებადი ხასიათი აქვს და იგი ტრენინგიდან გამოყვანის გამო თავის უფროსს ეჩხუბა.

11.6. კასატორის პრეტენზია ეხება ასევე მისი პროცესუალური მოწინააღმდეგის მიერ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას, რაც მისი მტკიცებით, მხარეს ართმევს უფლებას, დაიცვას თავი, რადგან სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილ საპროცესო წესებს იყენებს.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დასაქმებულის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

17. განსახილველ შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით დაურღვა თუ არა შინაგანაწესი და რამდენად პროპორციული რეაგირება მოხდა და, ზოგადად, მიიღწევა თუ არა დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიებით მსგავსი დარღვევის ჩადენის პრევენცია.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის გადაანაწილა სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები).

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ ას-416-399-2016, 29.06.2016წ; შეად., სუსგ # ას-295-279-2017, 19.05.2017წ.; იხ. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტი, რაც მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს შეესატყვისება). რომელი ღონისძიება იქნება უფრო ადეკვატური და პროპორციული ყოველ კონკრეტულ ვითარებაში, ამას დამსაქმებელი ფაქტობრივი გარემოებების შეწონადობისა და უფლების მართლზომიერად გამოყენების კონტექსტში გადაწყვეტს.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს (იხ. ამ განჩინების 10.3-10.6 ქვეპუნქტები) შეფასებას და დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორი თავის პრეტენზიას ძირითადად მოწმეთა ჩვენებებზე ამყარებს და აცხადებს, რომ მოწმეებს დასაქმებულის მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევა არ დაუდასტურებიათ. სასამართლო კონტროლი შრომის უფლების დასაცავად ძალზედ მაღალი სტანდარტით გამოიყენება, შესაბამისად, რადგან კასატორის ძირითადი პრეტენზია იმას ეხება, რომ სასამართლომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არასათანადოდ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დღესაც მუშაობენ ბირთვული უსაფრთხოების ცენტრში, ისინი დამოკიდებული არიან დამსაქმებელზე და ამიტომ ვერ იქნებიან მიუკერძოებლები, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე საკასაციო სასამართლომ მოისმინა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომების ოქმები, კერძოდ, 2019 წლის 18 მარტის ოქმის მიხედვით, სადაც მოპასუხის მიერ, მოწმის სახით, მოწვეული იყო ხ.ჯ–ძე (18.03.2019წ. სხდომის ოქმი იხ. 13:22:16-დან).

20.1.მოწმემ ტრენინგთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის თვითონ დარბაზში არ შესულა, კორიდორიდან ანიშნა ბატონ გ–ას, თ–ს უფროსს, რომ ერთად გამოსულიყვნენ, კარი ღია იყო. მოსამართლის კითხვის მოპასუხად, თუ რა პრინციპით შეირჩნენ თანამშრომლები ტრენინგისათვის, მოწმემ განმარტა, რომ ზუსტად არ იცის, სავარაუდოდ, ვინც უფრო ნაკლებად არის დაკავებული. მოწმემ განმარტა, რომ დასაქმებული დერეფანში უყვიროდა, რას ჰგავს თქვენი საქციელიო, მისთვის ხმამაღლა საუბარი და ყვირილი ერთი და იგივეა, ეს ხმამაღალი საუბარი ყველამ გაიგო- კომპანიის ლიცენზიანტებმა ნამდვილად გაიგეს, სხვა თანამშრომლებმაც; მოწმემ განმარტა, რომ ხელი აქვს მოწერილი როგორც შინაგანაწესის გაცნობაზე, ისე - მე-3 დონის დაშვებაზე. მოსარჩელის კითხვის პასუხად, თუ რას ედავებიან მას, მოწმემ განმარტა, რომ დასაქმებულმა არ შეასრულა უშუალო ხელმძღვანელის მითითება, დაბრუნებოდა საკუთარ სამუშაო ადგილს, ტრენინგზე დასწრების ნაცვლად, რომელიც არ იყო მისთვის განკუთვნილი (მოწმემ განმარტა, რომ ტრენინგის წინა დღეს ის შევიდა იმ სამსახურში, საიდანაც ორი თანამშრომელი უნდა დასწრებოდა ტრენინგს, იქვე უთხრა მოსარჩელემ, რომ მასაც სურდა დასწრება, რაზედაც მოწმემ მაშინვე უპასუხა, რომ ეს ტრენინგი მისთვის არ იყო განკუთვნილი, სხვა თანამშრომლები უნდა დასწრებოდნენ მას). მოწმემ განმარტა, რომ დასაქმებულის ქცევით სააგენტოს რეპუტაცია შელახა.

20.2. მოწმე ნ.ნ–ი - 18.03.2019წ. ოქმი - 13:40:50 დან. მოწმემ განმარტა, რომ მოჰყვებოდა იმას, რაც ახსოვდა. მისი სამუშაო ოთახი რამდენიმე მეტრით, დაახლოებით 3-4 მეტრით არის დაშორებული ხ.ჯ–ძის ოთახიდან, გასული წლის 4 აპრილი იყო, შემოესმა ხმამაღალი საუბარი, რაც მალევე გადაიზარდა ყვირილში, მამაკაცის ხმა იყო, ამას მოჰყვა კარების გამოჯახუნება. მოწმის ოთახის კარი ღია იყო, მან დაინახა სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ქ–ძე, რომელსაც მოჰყვებოდა გ.ბ–ა და ეუბნებოდა, დაბრუნდიო, მოწმე შევიდა ხ. ჯ–ძესთან, რომელმაც უთხრა, რომ მოხდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით სამუშაო პერიოდში, შუადღეზე მოხდა ეს კონფლიქტი;

20.3. მოწმე ქ.ნ–ი - 18.03.2019წ. ოქმი - 13:50:57-დან. მოწმემ განმარტა, რომ მაღალ ტონებზე ლაპარაკი მოესმა მუშაობის დროს, რაც მას გაუკვირდა, რადგან ეს სამუშაო საათები იყო. ქალბატონმა ხ–ამ თ–ს შესთავაზა ოთახში საუბარი, ისევ შემოესმა ხმამაღალი საუბარი, კარების ჯახუნი, მერე გაიგო, რომ რაღაც უსიამოვნება მოხდა. ყოველთვის ეუბნებოდა თ–ეს, რომ სამსახურში არის გარკვეული წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილო, ყოველთვის შეიძლება ხელმძღვანელობასთან შესვლა და საჭირო საკითხების დაზუსტება. მოსარჩელის კითხვის პასუხად, მოწმემ განმარტა, რომ დღის პირველ ნახევარში მოხდა ეს ინციდენტი. მოწმემ განმარტა, რომ კარები ღია იყო, ის წამოდგა, რომ დაენახა, ვინ ლაპარაკობდა ხმამაღლა, ეს ბატონი თ–ე იყო. ისეთი ხმამაღალი ლაპარაკი იყო, რომ ყველამ გაიგო. საუბრის შინაარსი ის იყო, რომ თ–ეს სურდა შეხვედრაში მონაწილეობა. მოპასუხის შეკითხვის პასუხად, კივილი იყო თუ ხმამაღალ ტონზე ლაპარაკი, მოწმემ მიუთითა, რომ ჩემთან იჯდა ხალხი, რომლებმაც არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ. მე არ გავაკეთებ, მე არ დავემორჩილები - ასეთი რაღაც იყო, დეტალური შინაარსი არ ახსოვს;

20.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს 17.04.2019წ. სხდომის ოქმი; მოწმე გ.ბ–ა 12:04:53-დან. მოწმემ განმარტა, რომ ტრენინგები ეხებოდა ახალ აპარატურასთან (რადიაციული ნარჩენების მართვას ეხებოდა) დაკავშირებით თანამშრომელთა გადამზადებას. ბატონი ქ–ძის მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული ამ ტრენინგებზე; როგორც კი შემოვიდა დარბაზში, მაშინვე უთხრა ბ–ამ, რომ აქ არ უნდა შემოსულიყო, რაზედაც ქ–ძემ ხელის აქნევით უპასუხა ბ–ას, რომ მე თუ არ მივხედავ ჩემს საქმეს, სხვა ვინ მომხედავსო. მოწმემ განმარტა, რომ ეს არ იყო კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი, რადგან ახალი დანადგარი იყო, რომელზეც მუშაობა არავინ იცის, არც მე, ეს სასწავლო იყო და არა იმის, რომ რაღაც იცი და კვალიფიკაციას იმაღლებს... მოწმემ დაადასტურა, რომ მას შემდეგ რაც სსიპ-ად გადაკეთდა სამსახური, ყველა თანამშრომელს გამოეგზავნა შინაგანაწესი, ყველამ მოაწერა ხელი, კედელზეც არის გაკრული.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი მსჯელობის საგანია დასაქმებულისათვის გამოცხადებული გაფრთხილების, როგორც შინაგანაწესით გათვალისწინებული სახდელის ერთ-ერთი სახის, გამოყენების წინაპირობების მართლზომიერება, რა დროსაც შესაფასებელია დასაქმებულის ქცევა და გამოყენებული სახდელის პროპორციულობა. საკასაციო სასამართლო კასატორის იმ მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ მას ტრენინგზე დასწრების გამო არ შეიძლებოდა დაჰკისრებოდა სახდელი, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ტრენინგზე დასწრება არ გამხდარა დასაქმებულის წინააღმდეგ დისციპლინური სახდელის გამოტანის საფუძველი. დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გამოცემული სადავო (გასაჩივრებული) ბრძანების საფუძვლად მითითებული 2018 წლის 5 აპრილის N 585 მოხსენებითი ბარათით დაფიქსირდა, რომ დასაქმებულმა „არ შეასრულა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები და უხეშად დაარღვია სამსახურებრივი დისციპლინა, რაც გამოიხატა სააგენტოს დებულების მოთხოვნების და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შეუსრულებლობაში, ასევე, მოქალაქეთა თანდასწრებით უხეშ და არაკორექტულ მოქმედებებში“ (იხ. ს.ფ.31). სშკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი სშკ-ის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის (მოქმედი რედაქციის სშკ-ის მე-14 მუხლის მესამე ნაწილის) თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). განსახილველ საქმეში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ დასაქმებული შრომის შინაგანაწესს იცნობდა. სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის მოქმედი სშკ-ის მე-10 მუხლის ( მოქმედი რედაქციის სშკ-ის მე-19 მუხლის) თანახმად დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შეასრულოს, ამასთან, საკვალიფიკაციო ტრენინგებში მონაწილეობა, ბუნებრივია, ახალი ცოდნის მიღებას ან უკვე არსებული გამოცდილების გაღრმავებას ემსახურება, თუმცა, ეს არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ პირს სამუშაო დროს ყოველთვის შეუძლია ტრენინგებში მიიღოს მონაწილეობა. ზოგადად, როდესაც პროფესიული წვრთნისათვის დამსაქმებელი გეგმავს სწავლებას, როგორც წესი, ასეთი სწავლება მოითხოვს კონკრეტული თემატიკის და სამიზნე ჯგუფის შერჩევას. დასაქმებულის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სხვადასხვა პროფესიულ სწავლებაში მონაწილეობა არ გულისხმობს სამუშაო დროის განმავლობაში სწავლების დასწრებისა და მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი დასაქმებულისათვის ასეთი უფლების უპირობოდ მინიჭებას. დამსაქმებლის საქმიანობის პოლიტიკა და ინტერესები მისივე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების მიხედვით განისაზღვრება, რასაც, სხვა მრავალ საკითხთა შორის, დასაქმებულ პირთათვის პროფესიული სწავლებების დაგეგმვა და კონკრეტული ამოცანების დასახვა განეკუთვნება. ამდენად, დადგენილია, რომ მოსარჩელეს (კასატორს) არ უნდა მიეღო ტრენინგში მონაწილეობა, დამსაქმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ მიუთითა მოსარჩელეს, გამოსულიყო სწავლებიდან და საკუთარ სამუშაოს დაბრუნებოდა, რასაც დასაქმებულის გაღიზიანება და არაკორექტული რეაგირება მოჰყვა. სულ მცირე ეს ფაქტობრივი გარემოებები ქმნის შინაგანაწესით დადგენილი ღონისძიების გამოყენების წინაპირობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა გამოიყენა. მოცემულ შემთხვევაში დასაქმებული პირის მიერ ჩადენილი არაეთიკური ქცევის გამო დამსაქმებელმა შესატყვისი სახდელი გამოიყენა, რის გამოც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლო შრომით ურთიერთობაში დასაქმებულის დამსაქმებლისადმი დაქვემდებარების პრინციპზე მითითებით განმარტავს, რომ დასაქმებული სამუშაოს პირადად, დამსაქმებლის მითითებების საფუძველზე ასრულებს, რაც მას თვითნებობისაგან ზღუდავს. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ იმგვარ თვითნებობას ჰქონდა ადგილი, რასაც დასაქმებულის გაფრთხილება, როგორც დისციპლინური სახდელი, მოჰყვა შედეგად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ შრომის შინაგანაწესის დარღვევის სრულად ადეკვატური, ეფექტიანი და მიზნის მიღწევის შესაბამისი ღონისძიება გამოიყენა დამსაქმებელმა.

22.კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას და მის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებაზე (საქმე N ას- 121-117-2016), რომელშიც განმარტებულია საქართველოში მოქმედი შეზღუდული აპელაციის მოდელის პირობებში სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობაზე, კერძოდ: „უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი პროცესუალური ნორმებით არ არის დიფერენცირებული ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრების სახეების მიხედვით შესაგებლების თავისებურებები. სსსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია სააპელაციო შესაგებლის ზოგადი მახასიათებლები ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის სახეების წინააღმდეგ. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ სააპელაციო შესაგებელი, რომელიც მიმართულია იმ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ, რომელიც ეხება პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილ მტკიცებულებებს. სააპელაციო საჩივარი, (შეგებებული სააპელაციო საჩივარი), რომელიც მიუთითებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლები) წარმოადგენს გამონაკლისს იმ საერთო წესიდან, რომელსაც ასახავს სააპელაციო სასამართლოს ქართული მოდელი. საერთო წესის შესაბამისად, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის (მხოლოდ პირველ ინსტანციაში მითითებულ ფაქტებსა და წარდგენილი მტკიცებულებების, სამართლებრივი ნორმის გამოყენება-განმარტებასთან და ა.შ. მიმართებაში სააპელაციო საჩივრის) წინააღმდეგ შესაგებლის წარდგენა შეიძლება მიუთითებდეს უკვე გამოკვლეული და შეფასებული მტკიცების საგნის კონსტატაციაზე და არა - მის განსაზღვრაზე. ეს თვისება ახასიათებს შეზღუდულ (არასრულ) აპელაციას, როდესაც ხდება არა პირველი ინსტანციის გამეორება, არამედ გაგრძელება, შესაბამისად, პირველ ინსტანციაში სარჩელის წინააღმდეგ შეტანილი შესაგებლით დარღვეული პრეზუმფცია ინარჩუნებს თავის იურიდიულ მნიშვნელობას სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას. შესაგებლის ზოგადი სახეები, რომელზეც უკვე იქნა გამახვილებული ყურადღება, ასევე ეხება სააპელაციო შესაგებელსაც. სააპელაციო საჩივრის უარყოფა (არცნობა) წარმოადგენს სააპელაციო შესაგებლის ერთ-ერთ სახეს, რომლის გარეშე არ არსებობს ზოგადად შესაგებელი, როგორც თავდაცვის პროცესუალური საშუალება. სსსკ-ის 373-ე მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის მომზადებასთან დაკავშირებული საპროცესო ურთიერთობები, ადგენს სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წინააღმდეგ მიმართული შესაგებელი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას, ე.ი. წარსულში უკვე შედავებულ და გამოკვლეულ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობას არ მოჰყვება პირველ ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები - ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამ ტიპის შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს. შესაბამისად, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფართო განმარტება, ნორმის გვრცელება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უცხოა სააპელაციო სამართალწარმოებისათვის, დაუშვებელია. ამდენად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას, რასაც ადგილი არა აქვს სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში (ეს ფაქტები უკვე შედავებულია, ამ შემთხვევაში კი იხილება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი ან მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებით უკვე გამოკვლეული ფაქტებისა და მტკიცებულებების ფარგლებში. გამონაკლისს წარმოადგენს სსსკ-ის 380-ე და 382-ე მუხლები). ხოლო საქმის არსებითი განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ (არგამოცხადებულმა მხარემ) ვერ დაადასტურა საპირისპირო. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადგილი აქვს არა მარტო უარყოფას, არამედ - ამ უარყოფის დადასტურებას, რაც შეიძლება მხოლოდ საქმის არსებითი განხილვისას და არა სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოქმედების სტადიაზე, რაც განასხვავებს ერთმანეთისაგან ამ ორ პრეზუმფციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ საქმის მომზადების მიზნით პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესები თითქმის მთლიანად ეხება სააპელაციო სასამართლოსაც, სააპელაციო შესაგებელს გააჩნია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც პირველ რიგში ვლინდება მტკიცებით საქმიანობაში. სააპელაციო შესაგებელი, როგორც მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, არ შეიძლება გავაიგივოთ სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელთან. სსსკის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან თავისუფლდება მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას საქმის მომზადების ეტაპზე, როგორც იურიდიულ ფაქტს, არ შეიძლება მოჰყვეს ისეთივე შედეგები, რადგან აპელაციაში მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებიდან გამომდინარე იხილება იგივე სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტები და მტკიცებულებები, ხოლო ამ სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი. სააპელაციო საქმისწარმოების მომწესრიგებელი ნორმებით შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლობა, წარმოადგენს ე.წ. კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილს. ზუსტად ეს პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტებისას, რომელიც არა დესკრეციულ, არამედ ნორმატიულ ფაქტობრივ შემადგენლობას მოიცავს, რაც თავისთავად ითვალისწინებს არა უპირობოდ პირველ ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ წესების „გადმოღებას“, არამედ მისი ნორმატიული ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო საქმისწარმოების შეფასების გზით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობების სწორ დიფერენცირებას. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლს (1997 წლის 14 ნოემბრის რედაქცია) არც 2007 და არც 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია და მისი გავრცელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ საფუძველზე - შესაგებლის წარუდგენლობაზე, საკანონმდებლო ტექნიკითაც სპეციალური დათქმის გარეშე დაუშვებელია. დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენებაზე დათქმის არარსებობა კანონის ხარვეზს არ წარმოადგენს და ამით კანონმდებელმა სწორად და საფუძვლიანად გააანალიზა სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის სპეციფიკა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია, გარდა პირველ ინსტანციაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ეფექტურად გამოყენებული უფლების დაცვის საშუალებებისა, გამყარებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოადგენს უფლების დაცვის შესახებ მიღებულ მართლმსაჯულების აქტს. სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ მხარეთა კანონიერი ნდობის მომენტი ბუნებრივად განაპირობებს საქმეში მონაწილე მხარეთა რწმენას გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებულობასა და კანონიერებაზე. ასეთ პირობებში, მხარე, რომელიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, ლოგიკურად და მართებულადაც ასკვნის, რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების მოტივაცია საკმარისს უნდა წარმოადგენდეს სააპელაციო სასამართლოში მისი უფლებების დასაცავად და პოზიციის გამოსახატავად. დიდი პალატა ზემოთჩამოყალიბებული მსჯელობების საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია“.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.ქ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N9726049849, გადახდის თარიღი 2020 წლის 19 აგვისტო), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური