საქმე №ას-28-2021 12 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ჩ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების ძალაში დატოვება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლება და გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.ჩ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მესაკუთრე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.მ–ას (შემდგომ – მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 17 ოქტომბრის განკარგულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...... პირველ სართულზე მდებარე ბინა №30-ის მესაკუთრე გახდა.
3. მოსარჩელის მითითებით, უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს, რომელიც, თხოვნის მიუხედავად, ქონებას არ ათავისუფლებს და მესაკუთრე იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მესაკუთრედ რეგისტრაციის საფუძველი - აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებულია სასამართლოში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა უძრავი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლება და გადაცემა, რაზეც მოპასუხემ შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის (აპელანტის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განჩინება გაუქმდა და სარჩელი არსებითად განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე და 230-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ არ აცნობა სასამართლოს. არასაპატიო მიზეზით მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს საქმის განხილვის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, დავების სწრაფ და გაუჭიანურებლად გადაწყვეტას, მხარეთა ,,იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები, საქმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ სასამართლოს განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ, როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არა - ნება.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა თანაბარ საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 83-ე მუხლი), რომელშიც იგულისხმება უფლება, დასაბუთებული შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, საპატიო მიზეზის გამო, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, მხარემ მოითხოვოს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება.
9. სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა ი.ბ–ამ (შემდგომ - მოპასუხის წარმომადგენელი) წერილობითი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და საქმის განხილვის გადადება სხვა დროისათვის იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა. განცხადებას თან მხოლოდ მინდობილობა ერთვოდა, თუმცა, საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილია საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხის წარმომადგენელი საქმის განხილვის დროისათვის, 2019 წლის 13 ნოემბერს, ავად იყო. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საავადმყოფო ფურცელი ხელზე გაიცემა მხოლოდ მისი დახურვის შემდეგ (საავადმყოფო ფურცელი 2020 წლის 23 ნოემბერს დაიხურა), 2020 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე ვერ იქნებოდა წარდგენილი.
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როცა მხარე წინასწარ, სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე ატყობინებს სასამართლოს, მას შენარჩუნებული აქვს დავის მიმართ იურიდიული ინტერესი, ამასთან, იმ პირობებში, როდესაც, მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დღეს საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივრის განხილვის ეტაპზე წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული გაჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
14. კასატორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელმა 2019 წლის 12 ნოემბერს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და საქმის განხილვის გადადება სხვა დროისთვის, იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ 2019 წლის 8 ნოემბრიდან საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა, ხოლო მხარის ან მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზებზე არც კი მიუთითებია.
15. კასატორის მითითებით, მოპასუხის წარმომადგენელმა ავადმყოფობის შესახებ იმთავითვე მცდარი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, ვინაიდან, როგორც შემდეგ გაირკვა, საავადმყოფო ფურცელი, არა 2019 წლის 8 ნოემბრიდან, არამედ იმავე წლის 13 ნოემბრიდან გაიხსნა.
16. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ ისე ჩათვალა საავადმყოფო ფურცელი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის ფაქტობრივ საფუძვლად, რომ მის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე არც კი უმსჯელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, უდავოდ დადგინდებოდა, რომ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია ხელმძღვანელ პირს და მასში მითითებული არ არის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამასთან, 2019 წლის 13 ნოემბერს მოპასუხის წარმომადგენელი ექიმთან გამოცხადდა, რაც მისი პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობას გამორიცხავს.
17. კასატორის განმარტებით, ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთველობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების 2.1 მუხლის შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის მიზანია დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დადგენა, დროებითი შრომისუუნარობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამავე ბრძანების 3.1 მუხლს შესაბამისად, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს თანდართული ფორმის დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა: ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო; ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო; გ) ოჯახის ავადმყოფი წვერის მოვლის გამო; დ) კარანტინის გამო: ე) შრომისუუნარობისას დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო; ვ) პროთეზირების გამო. ბრძანების 5.14 მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად, საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და შრომისუუნარო არ არიან.
18. კასატორის მტკიცებით, საავადმყოფო ფურცელი არ პასუხობს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და გამიზნულია მხოლოდ დასაქმებულთა სოციალური დაცვისათვის, რის გამოც არ შეესაბამება სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სტანდარტს და მისი გამოყენება დაინტერესებული მხარის ავადმყოფობის ან/და გამოუცხადებლობის საპატიოობის ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად დაუშვებელია.
19. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გაზიარებას, რომლის თანახმად, საავადმყოფო ფურცელი მხოლოდ მისი დახურვის შემდეგ გაიცემა და მოპასუხე მოკლებული იყო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობას 2019 წლის 12 ნოემბერს. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების შესაბამისად, საავადმყოფო ფურცლის გაცემა დასაშვებია გახსნისთანავე.
20. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე არ გაამახვილა ყურადღება, რაც ნათელს მოჰფენდა მოპასუხე მხარის მიზანს - საქმის განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების კანონიერება, რომელსაც საფუძვლად დაედო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი - საავადმყოფო ფურცელი.
24. საკასაციო სასამართლო აზრით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
25. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება), საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
25.1სარჩელის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2019 წლის 13 ნოემბერს, 17:00 საათზე, დაინიშნა, რის შესახებაც მხარეებს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ.
25.22019 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და საქმის განხილვის გადადება საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო სხვა დროისათვის მოითხოვა (შუამდგომლობას თან მხოლოდ მინდობილობა ერთვოდა).
25.3ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).
25.4ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით, რასაც დაურთო საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად, მოპასუხის წარმომადგენელი 2019 წლის 13 ნოემბრიდან საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა (საავადმყოფო ფურცელი 2019 წლის 23 ნოემბერს დაიხურა).
25.5 სააპელაციო პალატამ აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნია. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორის მტკიცებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო არასაპატიო მიზეზით, ვინაიდან აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაცია არ ასახავდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ამ დავის ფარგლებში 2019 წლის 13 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის შეფასება წარმოადგენს.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ შესაძლებლობას სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის), საპატიო გარემოებათა სამართლებრივ წრეს კი, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს (რომლის შესატყვისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე).
27. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტით მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან (იხ. სუსგ-ები: №ას-1671-2019, 13 მარტი, 2020 წელი; №ას- 330-2019, 19 ნოემბერი, 2019 წელი).
28. საქმეში წარდგენილია 2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება - საავადმყოფო ფურცელი, რომელიც მოპასუხის წარმომადგენლის სახელზე სასამართლო სხდომის დღეს გაიხსნა.
29. საავადმყოფო ფურცელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფურცელია და, ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც სხვა საფუძვლებთან ერთად გაიცემა - დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო.
30. ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,ამა თუ იმ პირისთვის საავადმყოფო ფურცლის გახსნა თავისთავად, ცალკე აღებულიც, პაციენტის შრომისუუნარობასა და, შესაბამისად, სამუშაო ადგილზე თუ სხვა დაწესებულებაში, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საავადმყოფო ფურცლის სამართლებრივ სტატუსს და განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას“ (შდრ. სუსგ №ას-1976-2018, 2020 წლის 30 აპრილი).
31. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მტკიცება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი არ შეიცავდა პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე მითითებას, რაც მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევას არ ამართლებდა.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული საავადმყოფო ფურცელი 2019 წლის 13 ნოემბერს (მაშინ, როდესაც დანიშნული იყო სასამართლო სხდომა) მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობის ფაქტს ადასტურებს, შესაბამისად, კასატორის მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნავდა საავადმყოფო ფურცლის გახსნას 2019 წლის 8 ნოემბრიდან, სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლის (ეს ფაქტი კვლევის საგანს არ წარმოადგენს, რადგან შესაფასებელია 2019 წლის 13 ნოემბერს, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი) და ვერც პაციენტის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობას დაადასტურებს.
33. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორს სათანადო წესით სადავოდ არ გაუხდია საავადმყოფო ფურცლის ნამდვილობა, შესაბამისად, მითითება, რომ საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და შრომისუუნარო არ არიან, არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მსჯელობას, რომელიც აქარწყლებს ამ დოკუმენტის მტკიცებულებით მნიშვნელობას (ღირებულებას) წინამდებარე დავაზე მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის პროცესუალურ - სამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის.
34. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებულ მსჯელობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულსაც დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ 2019 წლის 13 ნოემბერს, პროცესის დღეს, სასამართლო წინასწარ იყო ინფორმირებული მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობის შესახებ. საავადმყოფო ფურცელი წარმომადგენლის სახელზე სხდომის დღეს გაიხსნა, კასატორის პრეტენზია კი, რომლის თანახმად, მოწინააღმდგე მხარეს საავადმყოფო ფურცლის წარდგენა 2019 წლის 12 ნოემბერსაც შეეძლო, დაუსაბუთებელია და დავის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
35. კასატორის პრეტენზია უშუალოდ მოპასუხის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი კანონით დადგენილი წესით გაფრთილებულად მიიჩნევა, მისი გამოუცხადებლობა, ვერ შეუშლის ხელს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო სასამართლო ემყარება მის მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც არაერთხელ განიმარტა, რომ მხარეს, თუკი მას ჰყავს წარმომადგენელი (სსსკ-ის 93-ე მუხლი), დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სსკ-ის 709-ე მუხლი), აქვს კეთილსინდისიერი მოლოდინი რწმუნებულის მხრიდან მისი უფლებების კვალიფიციურად დაცვისა, შესაბამისად, რწმუნებულის საპატიოდ გამოცხადების შეუძლებლობა არ შეიძლება მხარეს შეერაცხოს ბრალად (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-955-917-2017, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი).
36. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განვრცობილია მოსაზრება, რომლის შესატყვისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ზედმეტად ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს და, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) უზრუნველყოფილი უფლებებით ეფექტური სარგებლობა. საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, საქმეზე „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v. Georgia / საჩივარი №10978/06, ECHR), ევროსასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადვოკატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე და ეროვნული სასამართლოების მიდგომა ევროკონვენციის მე-6.1 მუხლის დარღვევად ჩათვალა.
37. რაც შეეხება კასატორის მითითებას მეორე წარმომადგენლის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, პალატა უსაფუძვლობის გამო ამ პრეტენზიასაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხის მეორე წარმომადგენელი - მ.ა–ძე მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე მარწმუნებლის ინტერესებს 2018 წლის 29 ივნისამდე იცავდა (მინდობილობა დარეგისტრირდა 2016 წლის 29 ივნისს ორი წლის ვადით), შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი 2019 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულიყო.
38. საკასაციო პალატა ითვალისწინებს მესაკუთრის მომეტებულ ინტერესს განსახილველი დავის მიმართ, თუმცა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს, შესაბამისად, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმე სასამართლოს წარმოებაშია 2016 წლის 28 ოქტომბრიდან, თუმცა მიუთითებს, რომ საქმისწარმოება ორჯერ იყო შეჩერებული ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე, რაც არ შეიძლება საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებად შეფასდეს.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1976-2018, 2020 წლის 30 აპრილის განჩინება; №ას-1910-2018, 2020 წლის 30 აპრილის განჩინება).
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. გ.ჩ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ყ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება 1610818850 / გადახდის თარიღი 16.01.2021), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე