საქმე №ას-512-2020 18 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ.თ.ჯ–ა“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2020წ. განჩინება; ამავე სასამართლოს 31.01.2020წ. განჩინება მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, გაუცემელი ხელფასის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.თ.ჯ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „კასატორი“, „დამსაქმებელი“) მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის, გაუცემელი ხელფასის და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების და თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხის მაღაზია „ფ–ის“ გლდანის ფილიალში მენეჯერის თანამდებობაზე.
2.2. 26.10.2017წ. მოსარჩელეს დაემუქრა მოპასუხის დირექტორი და აიძულა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. 26.10.2017წ. 17:18 საათზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა რუსულენოვანი წერილობითი განცხადება (ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად) და მოითხოვა დამსაქმებელს გადაეცა წერილობითი დოკუმენტები მისი გათავისუფლების შესახებ.
2.3. მიუხედავად მუქარისა, დასაქმებული მეორე დღესაც გამოცხადდა სამსახურში, თუმცა დირექტორმა დაცვის თანამშრომლებთან ერთად აიძულა დაეტოვებინა მაღაზიის ტერიტორია და არ მისცა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ინვენტარიზაცია ჩაატარა გარეშე პირმა. მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მოითხოვა შემოწმების მასალები, თუმცა ეს მასალები დღემდე არ ჩაბარებია.
2.4. 31.10.2017წ. დამსაქმებლის ბუღალტერმა ტექნიკური მენეჯერის ხელით მოსარჩელეს გაუგზავნა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც მითითებული არ არის არც გამოცემის თარიღი და არც რეგისტრაციის ნომერი. ბრძანებაში აღნიშნული არ არის მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.
2.5. მოპასუხეს გააჩნია ვალდებულება მოსარჩელეს აუნაზღაუროს სახელფასო დავალიანება 1400 ლარის ოდენობით, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება 353.5 ლარი და სესხის სახით გადაცემული 3000 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს, როგორც მაღაზიათა ქსელის გლდანის ფილიალის მენეჯერს, ევალებოდა ფილიალის გამართულად ფუნქციონირება და ფინანსური კონტროლი. მოპასუხის დირექტორს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებულ ფილიალში ხდებოდა თანხების გაფლანგვა. 27.10.2017წ. ფილიალში ჩატარდა შემოწმება, რასაც აპროტესტებდა მოსარჩელე. შემოწმების შედეგად გამოვლინდა 13 031.18 ლარის დანაკლისი.
3.2. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა სამართლიანად, ის არ გამოცხადდა სამსახურში 28, 29 და 30 ოქტომბერს. მოსარჩელე მოპასუხეს ტელეფონით ემუქრებოდა, რომ იჩივლებდა სასამართლოში. მას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რამ გამოიწვია დანაკლისი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის (უთარიღო) ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხეს დაეკისრა დასაბეგრი 42 000 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ოქტომბრის გაუცემელი სახელფასო დავალიანების დასაბეგრი 875 ლარის გადახდა და უარი ეთქვა ამავე თვის სახელფასო დავალიანების სახით დასაბეგრი 875 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე. სარჩელი მოპასუხისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის 353.50 ლარის და სესხის დავალიანების - 3000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4.1. მოსარჩელე 23.03.2016 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხის მაღაზია „ფ–ის“ გლდანის ფილიალში და გათავისუფლებამდე ეკავა მენეჯერის თანამდებობა. მოსარჩელის ყოველთვიური დაუბეგრავი ხელფასი შეადგენდა 1750 ლარს.
4.2. 26.10.2017წ. 17:18 საათზე მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა რუსულენოვანი წერილობითი განცხადება თარგმნილი ქართულად და დამოწმებული ნოტარიულად, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა გათავისუფლების დასაბუთებას და დოკუმენტებს წერილობითი ფორმით.
4.3. მოპასუხემ გამოსცა ბრძანება 30.10.2017 წლიდან მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელშიც არც ბრძანების თარიღი და არც გათავისუფლების საფუძველი არ არის მითითებული.
4.4. მოპასუხეს მოსარჩელისათვის გათავისუფლების საფუძვლების წერილობითი დასაბუთება არ გადაუცია.
4.5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის ფარგლებში.
4.6. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მხოლოდ მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამო არ მოხდებოდა, თუ დამატებით სხვა საფუძველიც არ იქნებოდა და დამატებით მიუთითა დირექტორისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და სხვა გარემოებები, რაც შესაგებელში არ იყო აღნიშნული.
4.7. იმ პირობებში, როდესაც ბრძანებით ვერ დგინდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი და, მოთხოვნის მიუხედავად, დამსაქმებელი წერილობით არ ასაბუთებს შრომით ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს - კონკრეტულად რის გამო შეწყდა შრომითი ურთიერთობა, იმსჯელოს გამოვლენილი ნების კანონიერებაზე, რამდენად მიესადაგება მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) სშკ-ის 37-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ საფუძვლებს. თუ დამსაქმებელს ექნება უფლება არ ასახოს გათავისუფლების საფუძველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში, აღნიშნული გამოიწვევს დასაქმებულის უფლებების ხელყოფას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი ყოველთვის შეძლებს ცვალოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, რაც მართლზომიერად ვერ მიიჩნევა.
4.8. სასამართლოს განმარტებით, დასაქმებული სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ, ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის შეწყვეტასთან შედარებით. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით მასზე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რის გამოც გამოყენებული უნდა ყოფილიყო უკიდურესი ღონისძიება - სამსახურიდან დათხოვნა. საქმის განხილვისას სხვადასხვა სტადიაზე მან რამდენჯერმე შეცვალა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც მართლსაწინააღმდეგო.
4.9. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ მოსარჩელეს მიაკუთვნოს ერთჯერადი კომპენსაცია. ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა იმავე პოზიციაზე შეუძლებელია ურთიერთნდობის დაკარგვის და ვაკანტური პოზიციის არარსებობის გამო. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, მოსარჩელეს არ მიუთითებია ასეთი, რის გამოც სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი, საშუალოდ, შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, დასაქმების პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ.. სასამართლომ სამართლიანად და ადეკვატურად მიიჩნია კომპენსაცია 24 თვის ხელფასის, დასაბეგრი 42 000 ლარის ოდენობით.
4.10. მოსარჩელეს 2017 წლის ოქტომბრის სახელფასო ანაზღაურების სახით მისაღები აქვს დასაბეგრი 875 ლარი, რაც დაეკისრა მოპასუხეს სშკ-ის 31-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 394-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.02.2020წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.07.2019წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.
6. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრები 31.01.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე დამოუკიდებელი აუდიტორის (შპს „ა.და ს–ის“) 23.08.2019წ. დასკვნის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე. მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 380-ე მუხლზე (ტ.2, ს.ფ. 50; იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:22:52).
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტში განთავსებულ პროდუქციაზე კონტროლი; ასევე, სასაქონლო, ფულადი ანგარიშების, მინდობილი ქონების მოძრაობის და ნარჩენების შესახებ ინფორმაციის სწორი აღრიცხვა და კონტროლი. მოპასუხის მიერ შექმნილმა კომისიამ 27.10.2017წ. გლდანის მაღაზიაში ჩაატარა საქონლის აღწერა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში არსებულ მაღაზიაში განთავსებული იყო 204 757.30 ლარის საქონელი, ნაცვლად 217 788.43 ლარისა და დანაკლისი შეადგენდა 13 031.18 ლარს. დასაქმებულმა უარი განაცხადა ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობაზე, დანაკლისის აქტის ხელმოწერაზე. აშკარაა, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია ხელშეკრულება. ვინაიდან კომისიის მიერ ცალსახად დადგინდა დასაქმებულის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა და სოლიდური ზიანის არსებობა, მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7.2. დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სააპელაციო სასამართლოს 31.01.2020წ. საოქმო განჩინება მტკიცებულების სახით შპს „ა.და ს–ის“ დასკვნის დართვაზე უარის თქმის შესახებ. სსსკ-ის 380-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეზღუდული არიან სააპელაციო განხილვის ეტაპზე მიუთითონ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე და წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის დასკვნა შინაარსობრივად ადასტურებს მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
7.3. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია კომპენსაციის დაკისრების ნაწილშიც. მართალია სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესს, კრიტერიუმებს და კომპენსაციის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კომპენსაციის დაკისრება მიზნად ისახავს დასაქმებულისთვის მინიმალური გარანტიის შექმნას და არა დამსაქმებლის დასჯას შეუსაბამოდ დიდი ოდენობის თანხის დაკისრების გზით. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ კომპენსაციის გონივრულ ოდენობად 24 თვის შრომის ანაზღაურება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე და 38-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (შდრ.სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).
12. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
13. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
14. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ. Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).
15. სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ: მოსარჩელე 30.10.2017 წლიდან სამსახურიდან გათავისუფლდა ბრძანებით, რომელშიც მითითებული არ არის არც ბრძანების გამოცემის თარიღი და არც დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი; მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუცია გათავისუფლების საფუძველების წერილობითი დასაბუთება. მართებულია ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა, რომ ვინაიდან ბრძანებით ვერ დგინდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერებაზე და შეაფასოს, რამდენად მიესადაგება იგი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველ ნაწილით განსაზღვრულ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებს.
16. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოპასუხე საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე აპელირებდა სხვადასხვა დარღვევაზე (ტ.1, ს.ფ.455; 15.07.2019წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 10:28:30-10:36:40). ასეთ პირობებში შეუძლებელია განსაზღვრა, რამდენად თანაზომიერად მოხდა დისციპლინური სახდელის შეფარდება. პალატა განმარტავს, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული დისციპლინური სახდელის (პასუხისმგებლობის სახის) თანაზომიერების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს პრინციპით - „Ultima Ratio“, რომელიც ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (შდრ: სუსგ №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.). ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის (სუსგ.Nას-632-2019წ., 21.06.2019წ.).
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენა არ არის, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. პალატა მიუთითებს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა და გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.).
18. პალატა მიუთითებს, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია.
19. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელეს ოქტომბრის სახელფასო ანაზღაურების სახით მისაღები აქვს დასაბეგრი 875 ლარი, რაც მართებულად დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სშკ-ის 31-ე მუხლის შესაბამისად.
20. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების წინმსწრებ განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე დამოუკიდებელი აუდიტორის, შპს „ა.და ს–ის“ 23.08.2019წ. დასკვნის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე (ტ.2, ს.ფ. 50; იხ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 12:22:52). პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი არ არსებობს.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 143.75 ლარის , 70% – 1 500.62 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.თ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „რ.თ.ჯ–ას“ (ს/ნ ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 143.75 ლარის (საგადასახადო დავალება #1595842377, გადახდის თარიღი 27.07.2020წ.) 70% – 1 500.62 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე