საქმე №ას-257-2019 18 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს.ც.ს.კ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „მ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ც.ს.კ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, ცესკო ან მოვალე) მიმართ, 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის კომპანიის სასარგებლოდ 16 680 ლარისა და ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს _ 14 900 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2007 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის სამთავრობო ქსელის შექმნასთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, 2011 წლის 28 იანვარს, მოსარჩელესა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კომპანია უზრუნველყოფდა მოვალის ჩართვას ერთიან სამთავრობო ქსელში ეტაპობრივად, ასევე თანმდევი მომსახურების გაწევას. მოპასუხის 2011 წლის 18 აგვისტოს წერილის საფუძველზე, 2011 წლის 20 სექტემბრიდან მხარეებს შორის 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულება მოიშალა. ხელშეკრულების მოშლა წინ უსწრებდა მოპასუხის პრეტენზია მომსახურების ხარისხთან, კერძოდ, ინტერნეტის მიწოდების სიჩქარესთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე დაკომპლექტდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ვერ გამოავლინა ინტერნეტის დაბალი სიჩქარით მიწოდების ვერც ერთი ფაქტი. მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა, როგორც ძირითადი დავალიანების _ 16 680 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს _ 14 900 ლარის ანაზღაურება, თუმცა, უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა ს.ც.ს.კ–ის თავმჯდომარეს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი. საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მონტაჟის დღიდან ინტერნეტი საერთოდ არ მუშაობდა ან/და მისი სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება შეუძლებელი იყო. ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ არსებობს საზღაურისა და პირგასამტეხლოს ანაზრაურების ფაქტობრივი წინაპირობები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 680 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2007 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს მთავრობასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ერთიანი სამთავრობო ქსელის პროექტის განხორციელების თაობაზე;
1.2.2. 2011 წლის 28 იანვარს, კომპანიასა და მოპასუხეს შორის, 2007 წლის 10 აგვისტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უზრუნველყოფდა მოპასუხის სტრუქტურების ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვას ეტაპობრივად (1.2. პუნქტი), მოპასუხის მიერ მითითებულ და წინამდებარე ხელშეკურლების დანართ #1-ში მოცემულ ცესკოს სტრუქტურების ტერიტორიაზე საჭირო აპარატურის მონტაჟს (1.3. პუნქტი); ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენდა 48 600 ლარს; ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1.7. პუნქტით დაწესდა, შემკვეთის ვალდებულება, ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაეხადა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით. რაც შეეხება კომპანიის ვალდებულებას, იგი ჩამოყალიბდა ხელშეკრულების 2.2. პუნქტში შემდეგნაირად:
- უზრუნველყოს თავისი ტექნიკური საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და დროულად აღმოფხვრას შეფერხებები (2.2.1.);
- გადასცეს ცესკოს კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო აპარატურა (2.2.2.);
- უზრუნველყოს დანართში ჩამოთვლილი მომსახურება, ასევე, არხების მიმართულებით მოპასუხის სტრუქტურებს შორის კავშირი და მისცეს საშუალება დამკვეთს უზრუნველყოს კომპანიის აღჭურვილობის ინტერფეისი საკუთარ მოწყობილობებთან (2.2.3.);
- აპარატურისა და მოწყობილობების განთავსებისას გაითვალისწინოს განთავსების ადგილისა და პირობების შესაბამისობა მათი მწარმოებლის მიერ დადგენილ ექსპლუატაციის ტექნიკურ ნორმებთან (2.2.4.);
- უზრუნველყოს არხების შესაბამისობა ტექნიკურ ნორმებთან და პარამეტრებთან ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში და დანართ #1-ში მითითებულ წერტილში. ერთ თვეში, ქსელის ფუნქციონირების რვა მიმდევრულ საათზე მეტი დროით შეწყვეტისათვის ან/და გარანტირებულზე დაბალი ხარისხით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში ან სხვა ნებისმიერი სახის ტექნიკური დაზიანების შემთხვევაში, რომლის შედეგად დამკვეთს არ მიეწოდება შეთანხმებული ხარისხის მომსახურება, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს მას პირგასამტეხლო, რომელიც უნდა იქნეს გამოანგარიშებული ამ პუნქტში და ხელშეკრულების #3 დანართში მოცემული ფორმულის შესაბამისად (2.2.5.);
- 2.2.5. პუნქტის შესაბამისად, ქსელის ფუნქციონირების/კავშირის შეწყვეტის ვადა აითვლება ხელშეკურლების #დ დანართით დადგენილი წესით, მისი დაფიქსირების მომენტიდან (2.2.6.);
1.2.3. ხელშეკრულების 2.5. პუნქტის რომლის თანახმად, 2.1.7. და 2.2.5. პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოყენება ხორციელდება მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და წარმოადგენს მხარის უფლებას და არა ვალდებულებას, დამრღვევი მხარის მიმართ. ხოლო, მათი გამოყენების შემთხვევაში, საურავის ოდენობის დარიცხვა ხორციელდება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მიუხედავად წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის თარიღისა;
1.2.4. 2011 წლის 20 სექტემბრიდან მხარეთა შორის დადებული 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულება მოიშალა;
1.2.5. მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. რაც შეეხება მოპასუხეს, მან, თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე (დაბალი სიჩქარით ინტერნეტის მიწოდება, რაც აფერხებდა მის საქმიანობას);
1.2.6. მოპასუხემ მიიღო მომსახურება. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისმა უფლებამოსილმა პირმა/პირებმა, გამოიყენა ხელშეკრულების 2.2.5. მუხლით გათვალისწინებული უფლება და მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო უხარისხო მომსახურების მიწოდებისათვის, ამ მუხლით დადგენილ ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილების უმრავლესობა დათარიღებულია 2011 წლის 18 აგვისტოთი. მოპასუხემ 2011 წლის 18 აგვისტოს წერილით გამოხატა 2011 წლის 28 იანვრის ხელშეკრულების მოშლის ნება, რის საფუძველზეც, 2011 წლის 20 სექტემბრიდან მხარეებს შორის წარმოშობილი ხელშეკრულება მოიშალა. რაც შეეხება, ინტერნეტ საიტი www.avoe.ge-დან დასურათებულ მასალას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან, მოპასუხე აპელირებდა საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაზე, წარმოდგენილი მტკიცებულებები (ვებგვერდის დანიშნულებიდან გამომდინარე) არ შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო აღნიშნულის დასადასტურებლად. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ინტერნეტის დაბალი სიხშირით მიწოდების ფაქტი, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც, საქმის მასალებში წარმოდგენილია არა ერთი წერილი იმისა, რომ კომპანიის სპეციალისტების მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგად, ხარვეზები არ დაფიქსირებულა, რის გამოც, მოსარჩელე სთავაზობდა შემკვეთს, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც თითოეულ წერტილში შეამოწმებდა შეერთების სიჩქარეს. მოსარჩელის თანამშრომლებს არ ევალებოდათ ამ საკითხების მოსაგვარებლად საოლქო კომისიებში ჩასვლა. კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ცესკო-ს შესთავაზეს შერჩეულიყო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც შეამოწმებდა ინტერნეტის მიწოდების სიჩქარეს საოლქო კომისიებში, თუმცა ცესკო-ს წარმომადგენლებისაგან უარი მიიღეს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლი, 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 417-ე და 418-ე მუხლებია, რომელთა ფარგლებშიც სარჩელის წარმატებულობისათვის სავალდებულოა მოსარჩელე მიუთითებდეს/ ამტკიცებდეს მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, მისი მხრიდან საქონლის მიწოდების ვალდებულების შესრულებას, მყიდველის მიერ საზღაურის გადაუხდელობას, წერილობით შეთანხმებას ამ ვალდებულების დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე. ხსენებული წინაპირობების არსებობა სადავო არაა, მოპასუხე მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე _ ნივთობრივი ნაკლის მქონე საგნის გადაცემაზე (სკ-ის 488.1 მუხლი), შესაბამისად, ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა მყიდველს, რომელსაც, უდავოა, რომ პირდაპირი და სარწმუნო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის, უფრო მეტიც, ნაცვლად ნაკლიანი შესრულების მიღებისას კანონით განსაზღვრული მოქმედებების განხორციელებისა (სკ-ის 490-ე-494-ე მუხლები), უდავოა, რომ მან მიიღო შესრულება, რაც ქმნის მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრეზუმფციას. ამ ვითარებაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმატებულია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნასყიდობის საზღაურის დაკისრების, ასევე, ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ც.ს.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი