Facebook Twitter

საქმე №ას-1491-2020 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ.ს–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჯ.მ.ს–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „გ.ჰ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 16182,80 ლარის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 4 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამედიცინო პროდუქციის მიწოდების შესახებ. ამავე წლის 27 ივნისს მხარეები შეთანხმდნენ ვალის აღიარებისა და გადახდის გრაფიკის განსაზღვრის შესახებ. 2019 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხე დავალიანების დაფარვის თაობაზე. მოპასუხეს ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16182,80 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს კომპანიის იურიდიულ მისამართზე გაუგზავნა შპს „ჯ.ე–ის“ მეშვეობით. 2019 წლის 26 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს გზავნილის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა.

6. 2019 წლის 18 ნოემბერს მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა გზავნილი, რა დროსაც კურიერს განემარტა, რომ საკონტაქტო პირი აღარ არის კომპანიის დირექტორი და უარი განეცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.

7. 2019 წლის 20 ნოემბერს გზავნილში შეიცვალა მიმღები კომპანიის საკონტაქტო პირი კანცელარიით და კვლავ გაეგზავნა მოპასუხეს, რა დროსაც კურიერს კვლავ უარი ეთქვა გზავნილის ჩაბარებაზე.

8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ამავე კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებულია უწყების მიღებაზე უარის თქმის შედეგები, კერძოდ, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილ იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

9. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ უწყება (სარჩელი და თანდართული დოკუმენტები) მოპასუხეს სამჯერ გაეგზავნა კომპანიის იურიდიულ მისამართზე, თუმცა პირებმა, რომლებიც კურიერის ვიზიტისას აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდნენ, უარი განაცხადეს მის ჩაბარებაზე, ერთ შემთხვევაში, – მისამართზე ხელმძღვანელი პირის არ ყოფნის გამო, მეორე შემთხვევაში იმ მიზეზით, რომ საკონტაქტო პირი აღარ იკავებდა დირექტორის თანამდებობას, ხოლო, მესამე შემთხვევაში (რა დროსაც გამგზავნის მიერ საკონტაქტო პირის ნაცვლად, მითითებულ იქნა კანცელარია), გზავნილი ჩაბარებაზე უარის თქმის გამო, კვლავ უკან დაუბრუნდა გამგზავნს. იმ პირობებში, როდესაც სარჩელი მოპასუხე კომპანიას იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა სამჯერ, ხოლო კომპანიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს მის ჩაბარებაზე, სააპელაციო პალატის შეფასებით, სახეზე იყო სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისა და უწყების ადრესატისათვის ჩაბარებულად მიჩნევის საფუძველი. ამასთან, სადავოდ არ ხდება ის გარემოება, რომ კომპანია ფუნქციონირებას ფაქტობრივადაც ახორციელებს იურიდიულ მისამართზე და სააპელაციო საჩივარშიც თავის მისამართად მითითებულია იგივე მისამართი. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ გამოიჩინა დამატებითი ძალისხმევა და შეეცადა, გზავნილი ჩაებარებინა დირექტორისათვის სხვა მისამართზეც, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერც მითითებულ მისამართზე მოხერხდა.

10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო გზავნილის სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის ჩაბარების მცდელობა არ განხორციელებულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს ორგანიზაციას – იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სტრუქტურა და, შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, უფლებამოსილი პირების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ მოვალეობებს. შესაბამისად, კომპანიის იურიდიულ მისამართზე, კურიერისათვის გზავნილის ჩაბარებაზე გაცხადებული უარი სასამრთლომ სწორედ მიიჩნია გზავნილის ჩაბარებად, ამ მხრივ მოპასუხის მიერ საჩივარში და სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ იძლევა სხვაგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს, შესაბამისად, მხარეს პასუხი (შესაგებელი) სასამართლოში უნდა წარედგინა 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ამ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არსებობდა სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლის, 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის ან სხვა საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსთვის არ უცნობებია.

13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 2321 და 241-ე მუხლებით განსაზღვრული ნორმების მიზნებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს უფლება აქვს, მოპასუხე მხარის მიმართ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქმის ზეპირ განხილვამდე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი წარმოიშობა გარკვეული წინაპირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში. საქმე შეეხება მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, რისთვისაც პირველ რიგში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არსებობს მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური საფუძველი, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობის დაცულობას – მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით.

15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. ასევე, დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის.

16. სსსკ-ის 201-ე და 2321 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს.

17. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

18. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა დადგენილ ვადაში შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოებების არსებობა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილით, არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები სარჩელის იურიდიულ მართებულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 361-ე, მე-400 და 477-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას.

20. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გააჩნდა საკმარისი პროცესუალური საფუძველი 2020 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის და სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ მოპასუხე მხარის საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გზავნილის შესაბამისი წესით გაგზავნა-ჩაბარების შესახებ ფაქტობრივი გარემოებანი სარწმუნოდ არ დადგენილა.

23. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გზავნილი სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტებს არ გადასცემიათ. გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადეს კომპანიის უცნობმა თანამშრომლებმა და სადავო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარებისას კურიერს კომპანიის კანცელარიასთან შეხება არ ჰქონიათ. აღნიშნული ფაქტი დასტურდება შპს „ჯ.ე–ის“ 2019 წლის 26 ნოემბრის წერილით. ვერც ამავე და ვერც სხვა მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი მოპასუხე კომპანიის კანცელარიის თანამშრომელმა განაცხადა. სავარაუდოდ, მითითებული გარემოებების გამო, სასამართლომ მოსარჩელეს დაავალა გზავნილის ხელმეორედ გაგზავნა მოსარჩელისათვის, რითაც აღიარა გზავნილის მანამდე ჩაბარების კანონშეუსაბამობის ფაქტი. აღნიშნული დასტურდება მოსარჩელის 2019 წლის 9 დეკემბრის განცხადებით. სხვა შემთხვევაში გაუგებარია 2020 წლის 20 ნოემბერს გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის შემდეგ ახალი გზავნილის გაგზავნის საჭიროება.

24. კასატორმა აღნიშნა, რომ, შპს „ჯ.ე–ის“ 2019 წლის 26 ნოემბრის წერილის თანახმად, კომპანიის დირექტორისთვის გაგზავნილი გზავნილი 2019 წლის 4 და 5 დეკემბერს, ადრესატის სახლში არყოფნის მოტივით, მას ვერ ჩაბარდა. ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის 14, 18 და 20 ნოემბერს ჩასაბარებლად გაიგზავნა სასარჩელო მასალები ორ კონვერტად, 2019 წლის 4 და 5 დეკემბერს კი გაიგზავნა ერთი კონვერტი, რის გამოც კურიერის წარმატებული ვიზიტის შემთხვევაშიც გზავნილი ჩაბარებულად არ ჩაითვლებოდა. გზავნილის ჩაუბარებლობა გამოიწვევდა სსსკ-ის 73-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა და 78-ე მუხლის პირველის ნაწილით გათვალისწინებულ შედეგს და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.

25. კასატორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის პირველი წინადადება არ ეხება საპროცესო ხარჯებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული ხარჯის მხარისათვის დასაკისრებლად საჭიროა სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული მტკიცების სტანდარტით მტკიცებულების წარდგენა, რაც მოცემულ საქმეზე არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოპასუხისათვის არც სახელმწიფო ბაჟის და არც წარმომადგენლის ხარჯის დაკისრების წინაპირობა არ არსებობდა.

26. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კასატორს ეცნობა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვინაიდან უდავო ფაქტია, რომ არც სარჩელი, არც თანდართული დოკუმენტაცია და არც შესაგებლის წარუდგენლობის შესახებ ინფორმაცია კასატორს არ გადასცემია.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების კანონიერება.

32. საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარე პრეტენზიას ძირითადად ამყარებს მისთვის სასამართლო შეტყობინების კანონით დადგენილი წესის დაუცველად ჩაბარებაზე (სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლები).

33. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: სსსკ-ის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტს, საფუძველი ჩაეყარა 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, სახელდობრ, კოდექსს დაემატა 2321 მუხლი, რომლის პირველი წინადადების თანახმად, „მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება“. ამდენად, კოდექსში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხის მიერ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ დგება არასასურველი საპროცესო-სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, საქმის განმხილველ მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

36. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას, როგორც ეს გათვალისწინებულია სსსკ-ის 230-ე მუხლში, კანონმდებელი არ ითვალისწინებს - სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, სახეზე უნდა იყოს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

38. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ( შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

40. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.

41. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (სუსგ 5.06.2020წ. საქმე №ას-975-2019).

42. სსსკ-ის 184-ე მუხლით დადგენილი რეგულაციიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხის ინფორმირების მტკიცების ტვირთი.

43. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას სარჩელი და თანდართული მასალები სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ასევე ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონში და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი).

45. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კონვენციური სამართლით დადგენილ მართლწესრიგზე, რამდენადაც სასამართლო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარება და პირის სხდომაზე მოწვევა ემსახურება სამართლიან და თანასწორ პირობებში პროცესის მონაწილეთა ჩაყენებას და მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზანს. პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეულ მხარეს ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ეროვნული ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A #. 274). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), # 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), # 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A # 262). ამასთან, სამართლიანი პროცესი მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ (Dilipak and Karakaya v. Turkey), # 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). თუ სასამართლო დოკუმენტები - მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება, ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007 და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015). კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებებს, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. „აჟდაჯიჩი სლოვენიის წინააღმდეგ“ (Aždajić v. Slovenia), no. 71872/12, §49, 08/10/2015, და „განკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Gankin and Others v. Russia), nos. 2430/06, 1454/08, 11670/10 და 12938/12, § 26, 31/05/2016), თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

46. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხილეთ „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII), თუმცა, ასეთი უარი დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ. „პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A) და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya), §79, აგრეთვე, „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia), no. 9043/05, §91, ECHR 2014 (ამონარიდები)).

47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობა ემსახურება მხარის რეალური ინფორმირების მიზანს და ნორმის ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ გონივრული ზომები უნდა მიიღოს იმისათვის, რათა პროცესის სუბიექტებს მიეცეთ სხდომაზე გამოცხადებისა და საპროცესო თავდაცვის საშუალება.

48. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ ... და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; და მეორე რიგში, ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდე“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13,17.01.2017წ)..

49. მოცემულ საქმეზე დადგენილია, ხოლო კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომ 2019 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს შპს „ჯ.ე–ის“ მეშვეობით კომპანიის იურიდიულ მისამართზე გაუგზავნა. 2019 წლის 26 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ კომპანიის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს გზავნილის მიღებაზე იმ მიზეზით, რომ უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა.

50. 2019 წლის 18 ნოემბერს მოპასუხეს კვლავ გაეგზავნა გზავნილი, რა დროსაც კურიერს განემარტა, რომ საკონტაქტო პირი აღარ არის კომპანიის დირექტორი და უარი განეცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.

51. 2019 წლის 20 ნოემბერს გზავნილში შეიცვალა მიმღები კომპანიის საკონტაქტო პირი კანცელარიით და კვლავ გაეგზავნა მოპასუხეს, რა დროსაც კურიერს კვლავ უარი ეთქვა გზავნილის ჩაბარებაზე.

52. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოდავე სუბიექტს, მოპასუხეს წარმოადგენს კომპანია, შესაბამისად, კომპანიის იურიდიულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში (თუკი იგი არ ეგზავნება მის წარმომადგენელ ფიზიკურ პირს) ჩაბარების საპროცესო წესები სსსკ-ის 70-ე და 73.8 მუხლების კონტექსტში უნდა შეფასდეს, კერძოდ, ორგანიზაციისათვის შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს როგორც უშუალოდ მის მისამართზე, ისე წარმომადგენლის მისამართზე. ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება კი, ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდა კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

53. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასარჩელო განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოპასუხე კომპანიას არაერთხელ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, რომელიც მოგვიანებით მან სააპელაციო საჩივარშიც მიუთითა. ამასთან, კასატორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება, რომ კომპანია სწორედ ზემოხსენებულ იურიდიულ მისამართზე ფუნქციონირებდა.

54. აღნიშნულის მიუხედავად, კომპანიის იურიდიულ მისამართზე მყოფმა პირებმა კურიერის ვიზიტისას უარი განაცხადეს მის ჩაბარებაზე სხვადასხვა მიზეზით – ხელმძღვანელი პირის არ ყოფნის გამო; იმ მიზეზით, რომ საკონტაქტო პირი აღარ იკავებდა დირექტორის თანამდებობას; მესამე შემთხვევაში კი (რა დროსაც გამგზავნის მიერ საკონტაქტო პირის ნაცვლად, მითითებულ იქნა კანცელარია), გზავნილი ჩაბარებაზე უარის თქმის გამო, კვლავ უკან დაუბრუნდა გამგზავნს.

55. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგინდა სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებანი, რომლებიც საბოლოოდ იძლევა საშუალებას, რომ სადავო სასამართლო გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს, რაც, ამავდროულად, გულისხმობს, რომ მხარე ინფორმირებულ იქნა შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივ შედეგებზე.

56. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხე კომპანიის კანცელარიას ჩასაბარებლად არ გადასცემია, ვინაიდან მხარემ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ პირები, რომლებმაც გზავნილის ჩაბარებაზე სამჯერ უარი განაცხდეს კომპანიის თანამშრომლები არ არიან. მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივრის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ კომპანიაში დამკვიდრებული წესისამებრ კორესპონდეციას იბარებს ორგანიზაციის იურისტი, ხოლო კანცელარიის თანამშრომელი, რომლისთვისაც კურიერი ცდილობდა სასამართლო გზავნილის ჩაბარებას, აღნიშნულზე უფლებამოსილი არ იყო (ტომი 1, ს.ფ 110). შესაბამისად, დგინდება, რომ კურიერმა სადავო საპროცესო დოკუმენტები გადასაცემად მიუტანა ორგანიზაციის კანონით განსაზღვრულ ერთეულს – კანცელარიას.

57. მოპასუხე კომპანიისათვის სადავო სასამართლო გზავნილის ლეგიტიმურობაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის მითითება, რომ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტები დამატებით, მეოთხეჯერ, გაეგზავნა საზოგადოების დირექტორსაც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს, დირექტორისათვის გზავნილის ჩაუბარებლობის გამო, გზავნილის ხელმეორედ გაგზავნის ვალდებულება არ წარმოშობია. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ კომპანიის ხელმძღვანელისათვის საპროცესო დოკუმენტების დამატებით გაგზავნა ეფუძნებოდა კეთილ ნებას, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების რეალურად, ობიექტურად გადაცემის მიზანს ემსახურებოდა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

58. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 20 ნოემბერს.

59. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

60. შესაბამისად, მხარეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარედგინა 10 დღეში – 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ამ ვადაში მას არც შესაგებელი წარუდგენია და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზზე მიუთითებია. აღნიშნული კი წარმოშობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას.

62. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით გაზიარებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მსჯელობას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სამედიცინო პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან დარღვევის ფაქტის დადგენილად ცნობის პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400 და 477-ე მუხლების თანახმად, არსებობდა მოსარჩელის სასარგბელოდ სადავო 16182,80 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობა.

63. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 34), შესაგებლის წარუდგენლობის შედეგად დადგენილად მიიჩნევა სარჩელში მითითებული გარემოებანი, მათ შორის, ადვოკატის მომსახურებასა და სხვა საპროცესო ხარჯთან დაკავშირებით, შესაბამისად, კასატორის საწინააღმდეგო შინაარსის მითითება დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება.

64. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

65. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

67. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

69. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 15 იანვარს №324 საგადახდო დავალებით გადახდილი 809,14 ლარის 70% – 566,39 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „გ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „გ.ჰ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №4......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2021 წლის 15 იანვარს №324 საგადახდო დავალებით გადახდილი 809,14 ლარის 70% – 566,39 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი