Facebook Twitter

საქმე №ას-133-2021 25 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ.ს–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.ს.დ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „გ.ს.დ–ამ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „პ.ს–ოს“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის _ 58 900,3 ლარისა და პირგასამტეხლოს 153 874,74 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 1 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა №12 საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ჟანგბადის მინი ქარხანა. მხარეთა შეთანხმებით, საიჯარო ქირა განისაზღვრა 3 700,00 აშშ დოლარის ოდენობით. 2016 წლის პირველ სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვით საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, მეიჯარის მიერ ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. საიჯარო ქირის დავალიანება მოპასუხეს დაერიცხა 2018 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2019 წლის იანვრის პერიოდზე, რაც შეადგენს 58 900,3 ლარს. საიჯარო ურთიერთობის მთელს პერიოდზე დარიცხული საურავი განისაზღვრა 153 874,74 ლარით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდა სამედიცინო საქმიანობას იჯარით აღებულ ფართში, სადაც განთავსებული ჰქონდა მოსარჩელის მიერ იჯარით გადაცემული ჟანგბადის მინი მანქანა. კლინიკამ სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა 2018 წლის 1 სექტემბრიდან, ასევე, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება. სამედიცინო საქმიანობის შეწყვეტის გამო, კლინიკა აღარ სარგებლობდა მისთვის იჯარით გადაცემული ჟანგბადის მანქანით. მოსარჩელეს ზეპირსიტყვიერად ეცნობა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, მოპასუხისათვის 2018 წლის პირველი სექტემბრიდან საიჯარო ქირის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო 2018 წლის სექტემბრამდე მოპასუხე ვალდებულებას ასრულებდა კეთილსინდისიერად, დროში მცირედი დაგვიანებებით.

4. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების – 58 900,3 ლარისა და პირგასამტეხლოს – 23 795,6 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 3307,8 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

8. 2020 წლის 19 აგვისტოს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

9. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება მხარეს რამდენჯერმე გაეგზავნა და 2020 წლის 22 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს – მენეჯერს (ტომი 2, ს.ფ 14), ასევე, განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და 2020 წლის 10 ნოემბერს გადაეცა დაცვის თანამშრომელს.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2020 წლის 23 დეკემბრის სატელეფონო საუბრის აქტზე, რომლითაც აპელანტის წარმომადგენელმა დაუდასტურა მოსამართლის თანაშემწეს, რომ 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინების დაცვის თანამშრომლისათვის გადაცემის შემთხვევაში დოკუმენტი მასაც ჩაბარდებოდა.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლით, 73-ე მუხლის მერვე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონის მოთხოვნატა დაცვით ჩაბარდა 2020 წლის 10 ნოემბერს, შესაბამისად, ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 11 ნოემბრიდან და ამოიწურა 20 ნოემბერს.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სამედიცინო დაწესებულების რენტაბელობა მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, მხარე ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მობილიზებას. სააპელაციო სასამართლომ ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რითიც მხარეს დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობის მოლოდინი მოუსპო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

19. განსახილველ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 3307,8 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

20. 2020 წლის 19 აგვისტოს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო, შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად აპელანტის რენტაბელობის მნიშვნელოვნად შემცირების მოტივით ხარვეზის შევსების ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ.

21. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა.

22. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ აპელანტ კომპანიას ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა 2020 წლის 22 სექტემბერს, მის წარმომადგენელს კი – ამავე წლის 10 ნოემბერს.

23. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

24. ამდენად, 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 10-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო 2020 წლის 11 ნოემბრიდან და ამოიწურა 20 ნოემბერს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

26. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს, არამედ თავის განცხადებაში მიუთითა, რომ რთული მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა მეტ დროს ხარვეზის შესავსებად.

27. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

28. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

30. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

31. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

32. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.

33. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ.ს–ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე