Facebook Twitter

საქმე №ას-1459-2020 23 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - შპს ,,დ–ე ..“

მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ქ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „დ ..’’-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ქ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან განმცხადებელი) მიმართ ზიანის ანაზღაურების, მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვისა და საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის სახით 188 584 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხე გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,დ’’-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩნებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

6. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს „დ“-ის დირექტორმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში საქართველოს საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში რაიმე სახის ცვლილებების, დამატებების რეგისტრაციის ან/და წარდგენის აკრძალვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „დ–ეს“ პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს „დ’’-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს აეკრძალა შპს „დ“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება; განცხადება მოპასუხისათვის საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა საჩივრით, თუმცა, არც სააპელაციო სასამართლოსა და არც საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება.

9. რაც შეეხება მოპასუხის სააპელაციო საჩივარს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებაზე), სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი პუნქტის 1.2 პუნქტი (მოპასუხის შპს-ს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში) გაუქმდა და საწარმოს სარჩელი მოპასუხის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, საწარმოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საწარმოს პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვისა და ამავე საწარმოსთვის მოპასუხის, როგორც საზოგადოების დირექტორის, მიერ მიყენებული ზიანის საკითხების დამატებითი გამოკვლევის მიზნით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხის გათავისუფლების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში.

11. მოპასუხემ 2020 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების გაუქმება იმ გარემოებაზე მითითებით მოითხოვა, რომ 2017 წლის 26 დეკემბრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის დირექტორობიდან გადაყენების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ძალაში დატოვა და შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად განმცხადებელმა მიიჩნია, რომ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ საწარმოს განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე, სამეწარმოო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილება ან/და დამატებების წარდგენა ან/და რეგისტრაცია.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა და სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, ამ მხრივ კი, მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შემდეგზე: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება, რომლითაც გაზიარებული იქნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლად განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები, ძირითადად იმას ეფუძნება, რომ სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურებოდა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხის გათავისუფლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საწარმოს სასარჩელო მოთხოვნა - საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხის განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა იურიდიული ინტერესის არქონის გამო და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სსსკ-ის 1991 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს რა სსსკ-ის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე), იგი წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფეტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე სახეზეა მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა, თავად უზრუნველყოფის დროებითი ბუნებიდან გამომდინარე კი, სსსკ-ის 1991 მუხლით დადგენილია ქცევის შემდეგი წესი: სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურებოდა მოპასუხის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას, მცდარია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

20. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს, როდეცსაც საწარმოს დირექტორმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, გაუქმებული /შეცვლილი არ ყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება; მოპასუხე გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან. ამასთან, სადავო არ არის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში საქართველოს საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში რაიმე სახის ცვლილებების, დამატებების რეგისტრაციის ან/და წარდგენის აკრძალვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე - მოპასუხისათვის საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

21. პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და ყურადღებას გაამახვილებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი განცხადების შინაარსზე (იხ. განცხადება, ტ. VI, ს.ფ 4-8), რომლის მიხედვით, მოსარჩელეს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის - რომელიმე მოთხოვნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. პირიქით, მან სასამართლოს იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით (განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: სასარჩელო მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნის მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება. / იხ. ტ. Vi, ს.ფ. 2) მიმართა, რომლითაც მისი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა კი, შემდეგ გარემოებებს დააფუძნა: მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) შესაძლოა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და იმოქმედოს საწარმოს ინტერესების საზიანოდ. შესაძლოა მან მოტყუებით დაირეგისტრიროს თავი საწარმოს დირექტორად და ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც განუხორციელებელი დარჩება მოსარჩელის მიზანი მოპასუხისგან საწარმოს ინტერესების დაცვის თაობაზე. საზოგადოებისათვის მოპასუხის ქმედებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის რეალურობის დასასაბუთებლად კი, განმცხადებელმა მიუთითა მოპასუხის მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებზე. კერძოდ, მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ“-ს ვ.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 46768.40 ლარის გადახდა და სწორედ ვ.შ–ის შეთანხმებით ბ.ქ–მა იცრუა, თითქოს, ის იყო საწარმოს დირექტორი. სატელეფონო შეტყობინების გზით, როგორც საწარმოს დირექტორმა, ჩაიბარა უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე, შემდეგ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების ვადაც გაუშვა და დღეისათვის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნული წარმოადგენდა ბ.ქ–ისა და ვ.შ–ის მიზანს მოტყუებით დაუფლებოდნენ შპს „დ“-ის დიდი ოდენობით ფულად სახსრებს.

22. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელმა წარადგინა 2015 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული შპს „დ“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც მისი განმარტებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერებას და მისი მხრიდან იმის მცდელობას, რომ თავი გამოაცხადოს დირექტორად და მესამე პირები შეიყვანოს შეცდომაში.

23. სააპელაციო სასამართლომ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 271-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო ზემოაღნიშნული გარემოებები და ის ფაქტი, რომ სახეზეა მოსარჩელის სასარგებლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გართულდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

24. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შეაჩერა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ზიანის ანაზღაურება და განმარტა, რომ საგულისხმო იყო განმცხადებლის ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხეს ჰქონდა კონკრეტული მცდელობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, წარდგენილი განცხადება შეიცავდა საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება გართულდებოდა.

25. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სასამართლოს აზრით, დავის საგნის დაცვისა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცულობისათვის საკმარისი იქნებოდა მოპასუხისათვის გარკვეული (მოთხოვნილი) აკრძალვების დადგენა, რაც მოასრჩელე მხარეს აარიდებდა ზიანის ოდენობის გაზრდის საფრთხეს და არ იყო საჭირო უფრო მკაცრი ღონისძიების - პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენება, რამდენადაც იგი გამოიწვევდა მოპასუხის კანონიერი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას.

26. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საჩივრით, რომელიც არც იმავე და არც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „დ“-ს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა გაუმართლებელია, რადგან ცვლილების რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს და მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინის „დაინტერესებული პირის“ განმარტებას იძლევა კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე, როგორც ორგანიზაციის გარკვეული წილის მფლობელი და პარტნიორი, ნამდვილად შეიძლება მოიაზრებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირად.

27. ამასთან, საკასაციო სასამართლომ საჩივარზე მსჯელობისას, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის დროს, წარდგენილი ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოპასუხის მიერ შეტანილი განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც ერთვოდა ორგანიზაციის კრების ოქმი შპს „დ“-ის დირექტორის, ა.გ–ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე ბ.ქ–ის დანიშვნის შესახებ და განმარტა, რომ სინამდვილეში ორგანიზაციის კრება არ ყოფილა მოწვეული და მოპასუხეს არც ჰქონდა მისი მოწვევის უფლება. მან კრების ოქმი გააყალბა, რათა მოტყუებით შეეტანა ცვლილება შპს-ს რეგისტრირებულ მონაცემებში და დირექტორად თავისი თავი დაერეგისტრირებინა. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული ვარაუდი მოპასუხის მიერ საწარმოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის განცხადება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

28. საკასაციო პალატა განსახილველი საჩივრის ფარგლებში განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ უშვებს, რათა დავის საგანი მოპასუხის შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული.

29. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამოქალაქო საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის უმთავრესი მიზანია დავაზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელშეწყობა და მოსარჩელის ინტერესების დაცვა (დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელება და სხვა). მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს საწარმოს პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვისა და ამავე საწარმოსთვის მოპასუხის, როგორც საზოგადოების დირექტორის, მიერ მიყენებული ზიანის საკითხების დამატებითი გამოკვლევის მიზნით, ჯერ კიდევ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, ამასთან, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზეც, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების) აღსრულების უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები არსებობს მაშინაც, როდესაც სარჩელის (გადაწყვეტილების) აღსრულების უზრუნველყოფის გამოუყენებლობა გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით (სსსკ-ის 191-ე მუხლი).

31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000)

32. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებულია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ მოპასუხის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 1991, 271-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,დ“-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინება;

3. ბ.ქ–ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე