საქმე №ას-1010-2019 23 დეკემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ა–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.წ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარგებლის შემცირების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სარგებლისა და პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ნ.ა–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან მოვალე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.წ–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) მიმართ ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემულ #170008510 სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა:
- პირგასამტეხლოს ნაცვლად 2015 წლის 13 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 0,1%-ისა (რაც შეადგენს 2 723 აშშ დოლარს), ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან _ 2016 წლის 14 ივლისიდან აღსრულების დაწყებამდე _ 2017 წლის 5 იანვრამდე 0,01%-ით (რაც დღეში შეადგენს 0,7 აშშ დოლარს, ხოლო ჯამში, 176 დღეზე _ 123,20 აშშ დოლარს) განსაზღვრა;
- სარგებლის _ 1 795 აშშ დოლარის 364,20 აშშ დოლარით შემცირება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 13 ივლისს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ, მინდობილი პირის _ ქ.ა–ას მეშვეობით მოპასუხისაგან ისესხა 7 000 შშ დოლარი თვეში 3,37%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით, 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით და იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #.....). მსესხებელს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად აქვს გადახდილი სარგებელი _ 1 410 აშშ დოლარი, რაც დასტურდება საბანკო ქვითრებით, ხოლო დარჩენილი თანხა _ 1 420,80 აშშ დოლარი კრედიტორს გადაეცა ხელზე, რომლის დამადასტურებელი ხელწერილიც ინახება გამსესხებელთან. მიუხედავად მოსარჩელის თხოვნისა, მოპასუხეს გაეთვალისწინებინა მისი ფინანსური მდგომარეობა, ასევე, აშშ დოლარის კურსის ცვლილება, კრედიტორი ხელახლა სთხოვს სარგებლის, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდას. ვალდებულების იძულებით შესრულების მიზნით ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც შეუსაბამოდ დიდი ოდენობით პირგასამტეხლოა დარიცხული. კერძო აღმასრულებელმა მოსარჩელეს ჩააბარა 2017 წლის 5 იანვრის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, რომლის თანახმადაც მსესხებელს კრედიტორის წინაშე დაკისრებული აქვს სესხის ძირი თანხა _ 7 000 აშშ დოლარი, სარგებელი _ 1 795,80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო _ 2 723 აშშ დოლარი (2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე) და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 125,54 ლარი. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მოთხოვნილია 2015 წლის 13 დეკემბრიდან, როდესაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ იყო გასული. ამდენად, მოვალის დავალიანება ძირითადად უნდა განისაზღვროს სესხის ძირი თანხით _ 7 000 აშშ დოლარით, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთდროულად გადახდა კანონშეუსაბამოა, მით უფრო, რომ სარგებელი უკვე გადახდილია. რაც შეეხება პირგასამტეხოს, იგი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შემცირდეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 23 მარტამდე მოსარჩელეს სულ 800 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, რაც შეეხება თანხის ხელზე გადაცემას, მოპასუხემ უარყო აღნიშნული. მოგვიანებით კრედიტორმა სარჩელი პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,07%-მდე შემცირების ნაწილში ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემცირდა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული #170008510 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა _ 270 ლარის გადახდა, ასევე, შემცირდა სარგებელი და იგი განისაზღვრა 1 430,8 აშშ დოლარით, განაწილდა მხარეთა შორის პროცესის ხარჯები (დამატებით იხ. ამავე სასამართლოს 05.10.2018წ. დამატებითი გადაწყვეტილება).
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) მოითხოვა მისი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 270 აშშ დოლარის ნაცვლად 123 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო მეორე აპელანტმა (მოპასუხე) სარგებლის შემცირების ნაწილში სარჩელის უარყოფა, ასევე, ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს განაკვეთის 0,07%-ით განსაზღვრა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.წ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სარგებლის შემცირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ა–ას მოთხოვნა ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული #170008510 სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებლის 1 430.8 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ბ.წ–ძის სააპელაციო მოთხოვნა, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით ნ.ა–ას სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარგებლის შემცირების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარგებლის ნაწილში შესრულების გზით შეწყდა თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ამ ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერება. სააპელაციო პალატის დასკვნით, მოვალემ ვერ წარადგინა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რასაც არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია, როგორც მატერიალური, ისე _ საპროცესო სამართლის ნორმები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შემოწმდება.
1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ამდენად, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. 2015 წლის 13 ივლისს ბ.წ–ძესა და ნ.ა–ას წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ.ა–აზე გაიცა სესხი 7 000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით - 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების მიხედვით, სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდაზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.ქუთაისში, ............ მდებარე უძრავი ქონება;
1.2.2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი გადააცილებდა სარგებლის გადახდის ვადას 2 თვით, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, კერძოდ, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიემართა ნოტარიუსისათვის განცხადებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე;
1.2.3. 2017 წლის 5 იანვარს კრედიტორმა მიმართა ნოტარიუს მ.ჯ–ს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, 2017 წლის 5 იანვრის მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
- სესხის ძირითადი თანხა - 7 000 აშშ დოლარი;
- სარგებელი - 1 795.80 აშშ დოლარი;
- პირგასამტეხლო 7.00 აშშ დოლარი (0.1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე;
- სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი _ 125.54 ლარი;
1.2.4. სს „ს.ბ–ის“ მიერ ჩარიცხული გზავნილების შესახებ 2017 წლის 25 მარტის #239-51/16884 ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტამდე კრედიტორმა ქ.ა–ასაგან მიიღო შემდეგი თანხები:
- 11.08.2016 - 300 აშშ დოლარი;
- 07.03.2016 – 300 აშშ დოლარი;
- 17.12.2015 – 200 აშშ დოლარი;
1.2.5. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქ.ა–ა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის და შემდგომშიც იყო ნ.ა–ას უფლებამოსილი წარმომადგენელი;
1.2.6. Elva ფულადი გზავნილებით ირკვევა, რომ ქ.ა–ამ ბ.წ–ძეს 2016 წლის 20 ოქტომბერს ჩაურიცხა 300 აშშ დოლარი (გზავნილის #09578733528), 2016 წლის 15 თებერვალს _ 300 აშშ დოლარი (გზავნილი #48993639981). სააპელაციო სასამართლოში წარდგენლი 2019 წლის 4 აპრილს სს „ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ფულადი გზავნილების მიღების ოპერაციების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ბ.წ–ძეს 2015 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 8 ნოემბრამდე მიღებული აქვს შემდეგი თანხები:
- 12.17.2015 _ 200 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 77703316223;
- 07.03.2016 _ 300 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 48993639981;
- 11.08.2016 _ 300 აშშ დოლარი, გზავნილის კოდი 9578733528.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. როგორც უკვე ითქვა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს სარგებლის განსაზღვრის ნაწილში სააღსრულებო ფურცლის კანონიერება, რამდენადაც მოვალეს სურს დაამტკიცოს, რომ მან შესრულებით სარგებლის ნაწილში შეწყვიტა ვალდებულება და აღარ არსებობდა სააღსრულებო ფურცლით უკვე გადახდილი თანხის დაკისრების წინაპირობები. სარჩელის ფაბულის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ყურადღებას განსახილველი დავის თავისებურებაზე გაამახვილებს:
1.3.2. დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სასამართლოს მიმართა მოვალემ და არა კრედიტორმა, რამდენადაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ კრედიტორის ინტერესების სანოტარო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაკმაყოფილებაზე. კრედიტორმა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართა ნოტარიუსს და აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ნაწილობრივ არ ეთანხმება მოვალე. კლასიკური შემთხვევისაგან განსხვავებით, მოვალის სარჩელის ფარგლებში ფაქტობრივად მისი შესაგებლის კანონიერება უნდა შემოწმდეს, თუმცა, მოთხოვნის წარმატებულობის დასადგენად, თავად სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს და ამის შემდეგაა ღირებული მოვალის პრეტენზიებზე მსჯელობა.
1.3.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. გამსესხებელი და მსესხებელი შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 286-ე, 417-ე და 418-ე მუხლების, ასევე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლების წინაპირობებზე:
- კრედიტორმა მოვალეს საკუთრებაში გადასცა თანხა უკან დაბრუნების პირობით;
- სესხი იყო სარგებლიანი;
- სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი ქონება;
- ვალდებულების შესრულება ასევე უზრუნველყოფილ იქნა პირგასამტეხლოთი;
- ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის აღების მოთხოვნით.
1.3.4. მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, ხოლო გამსესხებელმა აიღო სააღსრულებო ფურცელი, ამდენად, ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, კრედიტორის მოქმედება კანონიერია. მიუხედავად ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ მას სარგებლის ნაწილში ვალდებულება შესრულებული აქვს ნაწილობრივ და ნაცვლად სააღსრულებო ფურცელში მითითებული 1 795.80 აშშ დოლარისა იგი 1 430,8 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს.
1.3.5. მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით ვალდებულება შეწყვეტილად მიიჩნევა შესრულებული ვალდებულების ოდენობის პროპორციულად. თავად ნორმის შინაარსის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, შესრულების მტკიცების ტვირთი ყოველთვის მოვალეს ეკისრება, ხოლო, შესრულება, როგორც წესი, უნდა დადასტურდეს განკუთვნადი მტკიცებულებით (მაგ: სკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული სავალო საბუთი, უნაღდო ანგარიშსწორების დოკუმენტი და სხვა). მიუხედავად ამისა, საპროცესო სამართალი ითვალისწინებს გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც, შესაძლოა ამსუბუქებდეს ან საერთოდ ათავისუფლებდეს პირს მტკიცებისაგან, მათ შორისაა სარჩელის ცნობა, ფაქტის აღიარება და სხვა.
1.3.6. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2018 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მოპასუხის მიერ მიცემული განმარტების შედეგად დაადგინა, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრისა და 15 თებერვლის ქვითრებში მითითებული თანხის _ 600 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი ცნო. აღნიშნული, საკასაციო პალატის შეფასებით, წარმოადგენს არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრულ სარჩელის ცნობას, არამედ _ სახეზეა ამავე კოდექსის 131-ე მუხლით განსაზღვრული ფაქტის აღიარება (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას), რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის შესაბამისად, ფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმში. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეს დადგენილი წესით არ გაუქარწყლებია აღიარება (სსსკ-ის 133-ე მუხლი), რაც საკასაციო პალატის დასკვნით, სარგებლის სახით 600 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე მოვალის მტკიცებისაგან გათავისუფლების საფუძველია, ხოლო, სააპელაციო პალატამ საპროცესო სამართლის წესების დარღვევით არ გაიზიარა იგი გადაწყვეტილების გამოტანისას. გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია Elva ფულადი გზავნილებით მოვალის მიერ გამსესხებლისათვის 800 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტი, რაც საკასაციო პალატას აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ 1 400 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის ნაწილში ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, შეწყვეტილია.
1.3.7. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ერთი წლის ვადით იყო დადებული, სარგებელი შეადგენდა თვეში 3,37%, ანუ სარგებლის სრული ოდენობა იყო 2 830,8 აშშ დოლარი (7 000X3.37%=235.91; 235.91X12=2 830.8), საიდანაც მოვალეს გადახდილი აქვს 1 400 აშშ დოლარი (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.3.6.), შესაბამისად, სარგებლის ნაწილში ვალდებულების შეუსრულებელი მოცულობა შეადგენს 1 430,8 აშშ დოლარს, რის ნაცვლადაც სანოტარო სააღსრულებო ფურცელში მითითებულია 1 795.80 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საბანკო ინფორმაციისა და მოპასუხის მიერ აღიარებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოვალემ დაძლია 1 400 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუქარწყლებია, შესაბამისად, მსესხებლის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და სარგებლის 1 430,8 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია.
1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აკმაყოფილებს საკასაციოს საჩივარს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. ვინაიდან არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, თავად იღებს გადაწყვეტილებას: წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მსესხებელმა სარგებლის სახით ნაცვლად 2 830,8 აშ დოლარისა, კრედიტორს გადაუხადა 1 400 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცელში სარგებლის ოდენობა, ნაცვლად მითითებულისა, უნდა განისაზღვროს 1 430,8 აშშ დოლარით.
2. პროცესის ხარჯები:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის სასარგებლოდ პროცესის ხარჯების ანგარიშში ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხიდან უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ.ა–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-8 პუნქტები და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ.ა–ას სარჩელი სარგებლის შემცირების ნაწილში დაკმაყოფილდეს:
3.1. ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემულ #170008510 სააღსრულებო ფურცელში მითითებული სარგებლის ოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს 1 430,8 აშშ დოლარით.
3.2. ბ.წ–ძეს (პ/#6.......) ნ.ა–ას (პ/#6......) სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი