Facebook Twitter

საქმე №ას-1142-2019 9 დეკემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქალაქ თბილისში ...... მდებარე 20, 59 კვ.მ №1 შენობა, 4, 39 კვ.მ ფართი სარდაფიდან და 18,6 კვ.მ №2 შენობა (ს/კ .....)(შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) არის თ.ა–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) საკუთრება.

2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ფ.ხ–ი (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა, მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეა და მას სხვა საცხოვრებელი სადგომი არ გააჩნია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც მოპასუხის მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

14. კასატორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

14.1. კასატორი სადავო უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეა. სადავო უძრავი ქონება კასატორის მიერ დატვირთული იყო იპოთეკით, თუმცა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქონება აუქციონის წესით გაიყიდა. მოსარჩელე გახდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, თუმცა კასატორი ფლობს სადავო უძრავი ქონების სარდაფს, რამდენადაც არ აქვს სხვა საცხოვრებელი. სარდაფი იპოთეკის საგანს არ წარმოადგენდა;

14.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო საჩივრის ავტორის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

14.3. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებას;

14.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, საცხოვრებლის საკითხი არის „უპირველესი სოციალური საჭიროება“, შესაბამისად, ამ სფეროში წესებს მხოლოდ „საბაზრო ძალები“ არ უნდა ადგენდნენ. ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ მიუთითა, რომ იძულებითი გამოსახლება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ექვივალენტური შეიძლება იყოს.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

23. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 15-19), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო უძრავ ქონებებზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

27. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ თავად საკასაციო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ფაქტს. მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად კი, მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა კასატორის უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით.

28. საკასაციო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ იგი სადავო უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრეა, რაც ვერ ადასტურებს მისი მხრიდან სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობას, რამდენადაც სადავო უძრავ ქონებას ახალი მესაკუთრე ჰყავს და კასატორი სწორედ მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ქონებას. კასატორი უთითებს, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, თუმცა არც აღნიშნული გარემოება შეიძლება იყოს სადავო უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოება. რაც შეეხება მითითებას, რომ სარდაფი არ წარმოადგენდა იპოთეკის საგანს, აღნიშნული გარემოება ვერ გააქარწყლებს მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს, რამდენადაც საჯარო რეესტრის ამონაწერით მოსარჩელის საკუთრების უფლება სარდაფზეც ვრცელდება (იხ. ს.ფ 16).

29. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების 14.4. პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.

30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ფ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი