Facebook Twitter

საქმე №ას-1484-2019 30 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – კ.ხ–ძე, ქ.მ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ხ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 20 ივლისს სს ,,ხ.ბ.ს–ომ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „მესაკუთრე“) ელექტრონული აუქციონის წესით 71 280 ლარად შეისყიდა ქალაქ თბილისში, ….. კვარტლის მე-13 კორპუსში მდებარე №63 ბინა (საკადასტრო კოდი ……) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“). 2016 წლის 21 ივლისს სადავო უძრავი ქონება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა.

2. სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ კ.ხ–ძე და ქ.მ–ი (შემდგომში - „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“).

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა.

4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ ბანკის მიმართ ვალდებულებები აქვთ, მაგრამ ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის მისი გადაცემა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით და მიუთითა იმ წინაპირობებზე, რომლებიც საჭიროა არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისათვის (მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება).

10. სააპელაციო პალატის მითითებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს, რომელთა მიერ გასაჩივრებული არ არის მოსარჩელის საკუთრებაში სადავო ქონების აღრიცხვის საფუძვლის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 1 ივლისის №A1505965004-018/001 განკარგულების კანონიერება.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ ვერ იქნა რეალიზებული.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს ვერც თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებულია გარემოება, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში არსებობდა მესამე პირი, რომელმაც იკისრა ბანკის წინაშე ფულადი დავალიანების გასტუმრების ვალდებულება მოპასუხეთა ნაცვლად, თუმცა აღნიშნული მოპასუხეებმა შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ მოხმობილი გარემოებები ვერ გახდებოდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება.

14. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

16. კასატორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გამო მოხდა. მოცემული დროისათვის მესაკუთრე სხვა პიროვნება გახლდათ, რომელმაც ბანკის წინაშე ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, კასატორებს გადააფორმებინა ბინა. დასახელებული პირობა არ შესრულებულა, სადავო უძრავი ქონება აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა, რის შესახებაც კასატორებმა მხოლოდ გამოსახლების შესახებ საქმის წარმოების დაწყების შემდგომ შეიტყვეს. საკასაციო საჩივრის ავტორები სადავო უძრავ ქონებაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ და სხვა ბინა არ გააჩნიათ, ამასთან ქონება გაცილებით მეტი ღირებულებისაა, ვიდრე შესასრულებელი ვალდებულება. სასამართლომ არასწორად იმსჯელა სამართლებრივ ნორმებზე.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

26. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 19-20), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

28. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული ვერ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერებას.

31. საკასაციო საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ სასამართლომ არასწორად იმსჯელა სამართლებრივ ნორმებზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვას, რომლის შესახებაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ განჩინებაში აღნიშნული აქვს, რომ ამ ტიპის დავების გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ კი სამართლებრივად სწორად განმარტა დასახელებული ნორმები.

32. კასატორები უთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გამო მოხდა, მაგრამ მოცემული დროისათვის მესაკუთრე გახლდათ სხვა პიროვნება, რომელმაც კასატორებს მოტყუებით გადააფორმებინა ბინა, ბანკის წინაშე ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ ფაქტს დაადასტურებდა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი). ამასთან, სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის მტკიცების ტვირთი კასატორებზე იყო, თუმცა მათ სასამართლოს სათანოდო მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები დაუსაბუთებელია. მარტოოდენ მითითება, რომ მათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება აქვთ, ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და დადგენილია, რომ კასატორები მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1850-2018, 15 მაისი, 2020 წელი; №ას-1501-2018, 13 ნოემბერი, 2019 წელი; № ას-1610-2018, 13 მაისი, 2019 წელი). კასატორებს აგრეთვე არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70%- 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ.ხ–ძის და ქ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს კ.ხ–ძეს (პ/ნ ......) და ქ.მ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ ლ.წ–ის (პ/ნ .....) მიერ 2019 წლის 1 ნოემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი