17 მარტი, 2021 წელი,
საქმე №ას-453-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ი.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „კ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ½ წილზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 19 აპრილს სს ,,კ.ბ–სა’’ (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი) და რ.წ–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოვალემ ისესხა 2 100 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 28% სარგებლით. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანებამ 2 278.24 ლარი (მათ შორის: ძირი თანხა - 1 388.12 ლარი; პროცენტი - 201.38 ლარი; სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 62.70 ლარი; პირგასამტეხლო - 626.04 ლარი) შეადგინა.
4. 2018 წლის 19 აპრილს მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით მოსარჩელესთან დაზღვევის ხელშეკრულება დადო, რომლითაც 60 ლარი ისესხა, 12 თვის ვადით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის დავალიანება 37.03 ლარია.
5. 2018 წლის 26 ივლისის სესხის ხელშეკრულებით მოვალემ კრედიტორისგან 2 000 ლარი ისესხა, 24 თვის ვადით, წლიური 65% სარგებლით. ხსენებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მსესხებლის დავალიანება 4 293.90 ლარს (მათ შორის, ძირი თანხა - 1886.30 ლარი, პროცენტი - 1316.07 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 101.60 ლარი, პირგასამტეხლო - 989.93 ლარი) შეადგენს.
6. მსესხებელი და ი.შ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე, დასაჩუქრებული, კასატორი; მსესხებელთან ერთად მოხსენიებული, როგორც: მოპასუხეები, მეუღლეები) ფაქტობრივად დაქორწინდნენ 2001 წელს, ხოლო ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 2011 წლის 27 ივნისს. მოპასუხეებს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი.
7. 2001 წლიდან მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ.ზესტაფონში, ...... ქუჩაზე მდებარე სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 25 აგვისტოს, მოპასუხეებმა შეიძინეს ქ.ზესტაფონში, ...... ქ.N9-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება), რომელიც საჯარო რეესტრში მხოლოდ პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა.
8. უძრავი ქონება 2014 წლის 25 აგვისტოდან 2018 წლის 6 დეკემბრამდე პირველი მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა.
9. 2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ (მოვალე) უძრავი ქონება მეორე მოპასუხეს აჩუქა.
10. 2018 წლის 13 დეკემბერს მოპასუხეები განქორწინდნენ.
11. პირველი მოპასუხე (მსესხებელი) ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, ხოლო მეორე მოპასუხე (დასაჩუქრებული) თავის ოთხ შვილთან და დედამთილთან ერთად ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრობს.
12. გამსესხებელმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მსესხებლისა და დასაჩუქრებულის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მსესხებლისათვის მის სასარგებლოდ 6 609.17 ლარის დაკისრება და მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე 2018 წლის 6 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
13. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6 609.17 ლარის გადახდა დაეკისრა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 6 დეკემბერს მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება, ამ ქონების ½ ნაწილზე.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ (დასაჩუქრებული), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, 2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულების ½ წილის ბათილად ცნობის ნაწილში.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სადავო იყო უძრავი ქონების ½ ნაწილში მოპასუხეებს (მეუღლეები) შორის 2018 წლის 6 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება. კერძოდ, აპელანტს მიაჩნდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს ხელშეკრულება არასწორად შეაფასა მოჩვენებითად და არასწორად ცნო იგი ბათილად.
15.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობას შემდეგი გარემოებები ასაბუთებდნენ: ხსენებული ხელშეკრულება მეუღლეებს შორის 2018 წლის 6 დეკემბერს, განქორწინებამდე (2018 წლის 13 დეკემბერი) დახლოებით 1 კვირით ადრე დაიდო; დასაჩუქრებულის განმარტებით, იგი მეუღლესთან (მსესხებელი, პირველი მოპასუხე) იმიტომ განქორწინდა, რომ მოპასუხეს გადაადგილებაში ხელი არ შეშლოდა და საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარება გაადვილებოდა; პირველმა მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდა სწორედ განქორწინებამდე და საზღვარგარეთ წასვლამდე დაახლოებით 1 თვით ადრე - 2018 წლის ნოემბრის თვეში შეწყვიტა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით დაასკვნა, რომ მოპასუხეებს (მეუღლეები) შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს შემდეგი პრეზუმფცია: პირველ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლისათვის, მეორე მოპასუხისათვის ცნობილი იყო პირველი მოპასუხის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის თაობაზე, რაც გამორიცხავდა გარიგების კანონიერებას.
15.3. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 56.1 მუხლით და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მეორე მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების ½ წილზე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
16.1. მოსარჩელეს საქმეზე არც ერთი სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კასატორი პირადად თუ ირიბად ინფორმირებული იყო პირველი მოპასუხის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებების საკითხზე. მსესხებელი მიმდინარე დავალიანების თაობაზე 2018 წლის 19 დეკემბერს გააფრთხილეს, მაშინ როცა მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება 2018 წლის 6 დეკემბერს დაიდო, ხოლო განქორწინება 2018 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამდენად, კასატორმა პირველი მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების შესახებ არ იცოდა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, უძრავ ქონების ½ ნაწილზე პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის 2018 წლის 6 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების კანონიერება. რაც შეეხება პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6 609.17 ლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების მართლზომიერებას, მასზე საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს, რადგან აღნიშნულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ მოპასუხეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილების ეს ნაწილი კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).
23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა. ამ დასკვნას ამყარებს ერთი მხრივ, მოჩვენებითი გარიგების მომწესრიგებელი კანონის ნორმის შინაარსი (საუბარია სსკ-ის 56.1 მუხლზე) და მეორე მხრივ, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელთა მიმართაც კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 408.2 მუხლი).
24. სსკ-ის 56.1 მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ამ მუხლში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება (იხ. სუსგ №ას-1029-2019, 30.10.2019). სსკ-ის 56.1 მუხლით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 4.06.2015).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამავე საქმეებზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: ამ მხრივ, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-3-2020, 16.06.2020; №ას-1348-2019, 22.01.2020; ას-1029-2019, 30.10.2019).
საკასაციო სასამართლომ, კიდევ სხვა არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილ შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (შდრ. სუსგ. №ას-1347-1272-2012, 1.07.2013; ას-1439-1357-2012, 1.07.2013).
25. სსკ-ის 56.1 მუხლით სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი გარემოებები:
პირველ მოპასუხეს (მსესხებელი) მოსარჩელის მიმართ გააჩნია სესხისა და დაზღვევის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება, ჯამურად 6 609.17 ლარი.
ხსენებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები პირველ მოპასუხეს 2018 წლის 22 ნოემბრიდან არ შეუსრულებია, კერძოდ, ამ დროიდან მას შესაბამისი გადახდები არ უწარმოებია.
პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხესთან ფაქტობრივად 2001 წელს დაქორწინდა, ხოლო ქორწინების რეგისტრაციაში 2011 წლის 27 ივნისს გატარდა. ქორწინების პერიოდში მოპასუხეებს ოთხი შვილი შეეძინათ.
უძრავი ქონება მეუღლეებმა 2014 წლის 25 აგვისტოს შეიძინეს და ეს ქონება საჯარო რეესტრში მხოლოდ პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა.
2018 წლის 6 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით პირველმა მოპასუხემ (მოვალე) უძრავი ქონება მეორე მოპასუხეს აჩუქა, რის შემდეგაც მთლიანი ქონება საჯარო რეესტრში მეორე მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება.
2018 წლის 13 დეკემბერს მოპასუხეები (მეუღლეები) განქორწინდნენ.
პირველი მოპასუხე (მსესხებელი) ამჟამად საზღვარგარეთაა, ხოლო მეორე მოპასუხე (დასაჩუქრებული) თავის ოთხ შვილთან და დედამთილთან ერთად უძრავ ქონებაში ცხოვრობს.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული განქორწინების მიზანი იყო, მეორე მოპასუხისათვის (მსესხებელი) საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებაში ხელშეწყობა.
დასახელებული გარემოებების ერთობლიობა საკასაციო სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს შორის დადებული სადავო ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგებაა (სსკ-ის 56.1 მუხლი). პალატის შეფასებით, ამ ხელშეკრულების მიზანი იყო, არა იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებდა, არამედ პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ სესხისა და დაზღვევის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
პირველმა მოპასუხემ, რომელმაც 2018 წლის წლის 22 ნოემბრიდან მოსარჩელეს ხელშეკრულებებით ნაკირი ყოველთვიური გადახდები შეუწყვიტა, ცხადია, იცოდა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მის მიერ ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას. სწორედ აქედან გამომდინარეობდა, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობიდან დაახლოებით ორ კვირაში მოვალე (პირველი მოპასუხე) მეუღლესთან (მეორე მოპასუხე) განქორწინდა (2018 წლის 13 დეკემბერი), ხოლო მანამდე, ერთი კვირით ადრე მოპასუხეებმა ერთმანეთს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გააფორმეს (2018 წლის 6 დეკემბერი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაკი ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია, მისი ბათილად ცნობა კანონიერია. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ხსენებული ხელშეკრულება მართებულად ცნეს ბათილად უძრავი ქონების 1/2 ნაწილში, რადგან ჩუქების ხელშეკრულების საგანი (როგორც ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება) მოპასუხეების თანასაკუთრება იყო და, ამიტომ, დანარჩენილი 1/2 ნაწილი მისი შეძენისთანავე წარმოადგენდა კასატორის საკუთრებას.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან (იხ. წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტი).
27. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
28. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ გამოდგება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მსესხებელი მიმდინარე დავალიანების თაობაზე 2018 წლის 19 დეკემბერს გააფრთხილეს, მაშინ როცა მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება 2018 წლის 6 დეკემბერს დაიდო, ხოლო განქორწინება 2018 წლის 13 დეკემბერს დარეგისტრირდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებითია ის ფაქტი, რომ მსესხებელმა (პირველი მოპასუხე) მოსარჩელეს ხელშეკრულებებით ნაკირი ყოველთვიური გადახდები 2018 წლის 22 ნოემბრიდან შეუწყვიტა, საიდანაც სადავო ჩუქების ხელშეკრულება დაახლოებით 1 კვირაში, 2018 წლის 6 დეკემბერს დაიდო. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ, როგორც კასატორმა სააპელაციო სასამართლოში განმარტა, მსესხებელთან განქორწინებით მას სურდა მეუღლისათვის ხელი არ შეეშალა, საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ეს გარემოებები ასაბუთებს, რომ კასატორმა პირველი მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების შესახებ იცოდა. შესაბამისად, კასატორის მიერ მხოლოდ სიტყვიერად იმაზე მითითება, რომ მან მეუღლის ფინანსურ ვალდებულებების თაობაზე არ იცოდა, სრულიად არასაკმარისია ზემოხსენებული საწინააღმდეგო დასკვნის გასაქარწყლებლად.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 437.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.შ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.შ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 625 ლარის (მათ შორის: 2020 წლის 22 ივლისს, 9606785823 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი და 2020 წლის 11 აგვისტოს, 9691561058 საგადახდო დავალებით გადახდილი 325 ლარი) 70% - 437.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე