Facebook Twitter

საქმე № ას-1457-2020 25 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. და ე. ჩ–ები (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ჩ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ნ. და ე. ჩ–ების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ თბილისში, ......№40-41 ბინაზე, საკადასტრო კოდით #......, მოპასუხეთა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეები ცნობილ იქნენ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად, ასევე მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავი ნივთის მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.

3. გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 ივლისის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, სახელმწიფო ბაჟის, 5 000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი), დაზუსტებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. 2020 წლის 10 აგვისტოს მოპასუხეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, აპელანტებს 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.

4.4. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2020 წლის 31 აგვისტოს, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. გზავნილი, ს.ფ. 144-145).

4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და იმავე წლის 7 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტების წარმომადგენელმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გაჩინება დაუსაბუთებელია.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

11. დადგენილია, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 2020 წლის 19 აგვისტოს განჩინება აპელანტების წარმომადგენელს (იხ. მინდობილობები, ს.ფ. 76-77) კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2020 წლის 31 აგვისტოს (იხ. ხელწერილიი, ს.ფ. 145.) და განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგის შესახებ.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

13. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4.1-4.5 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის ათვლა 2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2020 წლის 7 სექტემბერს ამოიწურა (ორშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტებს არც ხარვეზი გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

15. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. და ე. ჩ–ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე