საქმე №ას-259-2020 29 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.წ–ი, ე.ო–ი და ქ.მ–ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ. და ფ.დ.ე.ც–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - კ.ო–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილება; 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილება; საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები 29.11.2019წ. განჩინებები და 20.12.2019წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის, კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - ხარჯების სრულად დაკისრება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ.წ–მა, ე.ო–მა და ქ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მესამე მოსარჩელე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „დასაქმებულები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ტ. და ფ.დ.ე.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე" ან „დამსაქმებელი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. პირველ მოსარჩელესა და მეორე მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ დამსაქმებლის 11.06.2015წ. ბრძანებით, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევების გამო.
2.2. პირველი და მეორე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უსწრებდა ის ფაქტი, რომ მიმღები განყოფილების მენეჯერმა (მესამე მოსარჩელე) საზოგადოების ახალი ხელმძღვანელის მიერ მოლარედ დანიშნული ი.პ–ა ამხილა დარღვევებში, პროგრამა „მ–ში“ ამბულატორიული პაციენტების სალაროს ქვითრების არასწორად დაფიქსირებაში. ი.პ–ას შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, თუმცა მისი 27.04.2015წ. ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი მიუთითებდა მიმღებ განყოფილებაში არსებულ დარღვევებზე, 29.05.2015წ. გახდა კომისიის შექმნის საფუძველი. სწორედ აღნიშნული კომისიის ოქმში დაფიქსირებული დარღვევების გამო, რომელიც არ უკავშირდებოდა პირველ და მეორე მოსარჩელეს, მათთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
2.3. პირველი და მეორე მოსარჩელე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობებს და არასდროს ყოფილან შემჩნეული რაიმე გადაცდომაში.
2.4. მესამე მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა დამსაქმებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 28.05.2015წ. ბრძანებით.
2.5. მესამე მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას წინ უსწრებდა მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები, კერძოდ, მას ორჯერ გამოეცხადა შენიშვნა არარსებული ფაქტის გამო, თითქოს იგი სამსახურიდან ორჯერ წავიდა 15:00 საათზე, ნაცვლად 16:00 საათისა. მესამე მოსარჩელემ მოხსენებით ბარათში განმარტა, რომ სამსახურის დამთავრების შემდეგ, 16:00 საათზე წავიდა სამსახურიდან სხვა თანამშრომლებთან ერთად.
2.6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 27.05.2015წ. მოხსენებითი ბარათი დაკავშირებულია მოლარე ი.პ–ას ახსნა-განმარტებით ბარათთან, სადაც ის მიუთითებს მიმღებ განყოფილებაში არსებულ დარღვევებზე, მაშინ, როდესაც თავად ყალბად წერდა ქვითრებს და თანხა არ შეჰქონდა სალაროში. დირექტორმა 25.05.2015წ. ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა ი.პ–ას და ამავე ბრძანებით მესამე მოსარჩელეს დაავალა რეგისტრატურის სრულყოფილად და შეუფერხებლად მუშაობაზე ზედამხედველობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს, რადგან დირექტორის არყოფნის დროს, სამ დღეში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობა.
3.2. დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ მიმღებ განყოფილებაში გამოვლინდა მოსარჩელეთა არაერთი დარღვევა, რაც დეტალურად აისახა კომისიის ოქმში.
3.3. პირველმა და მეორე მოსარჩელემ მონაცემები შეიყვანეს დაგვიანებით, არასწორად დააფიქსირეს თანხობრივი სხვაობაც. სადავო ბრძანებების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.
3.4. მესამე მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მის მიმართ უკვე გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებების გათვალისწინებით. მესამე მოსარჩელე პასუხისმგებელი იყო მიმღები განყოფილების გამართულ და სრულყოფილ მუშაობაზე. შესწავლის შედეგად დადასტურდა განყოფილებაში არსებული დარღვევები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები. პირველი და მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნენ მიმღები განყოფილების მოლარის თანამდებობებზე, მესამე მოსარჩელე - მიმღები განყოფილების მენეჯერად. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11.06.2015 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის - ყოველთვიური ხელფასის - 550 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.05.2015 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის - მისი ყოველთვიური ხელფასის - 660 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. პირველი და მეორე მოსარჩელე 20.02.2012 წლიდან დასაქმებულნი იყვნენ მოპასუხის მიმღები განყოფილების მოლარის თანამდებობაზე. მათი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 550 ლარს.
4.2. მესამე მოსარჩელე 18.06.2010 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხის მიმღები განყოფილების მენეჯერად და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 660 ლარს.
4.3. 11.06.2015წ. ბრძანებებით პირველი და მეორე მოსარჩელე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო.
4.4. სასამართლომ დაადგინა, რომ მეორე მოსარჩელემ 01.05.2015წ. პაციენტების მონაცემები პროგრამაში შეიყვანა დაგვიანებით, 07.05.2015წ., 11.05.2015წ., 15.05.2015წ. - სამი შემთხვევა, ხოლო პირველმა მოსარჩელემ პროგრამაში 06.03.2015წ. და 14.04.2015წ. მონაცემები დაგვიანებით შეიყვანა - 12.03.2015წ. და 16.04.2015წ., ანუ დაფიქსირებულია ორი შემთხვევა. გარდა მითითებული ფაქტებისა, სხვა დარღვევა არ გამოვლენილა. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება, რომ მონაცემების დაგვიანებით ასახვამ რაიმე სახის ზიანი გამოიწვია მოპასუხე ორგანიზაციისათვის. არ დასტურდება ის ფაქტი, რომ პირველმა და მეორე მოსარჩელემ პაციენტების მიერ გადახდილი თანხები არასწორად ასახეს. მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები (ფინანსური დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის მასალები), რომლებიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ 01.06.2015წ. ოქმში აღნიშნული დარღვევა, გარდა ზემოაღნიშნული მონაცემების დაგვიანებით შეყვანის რამდენიმე ფაქტისა, სხვა დარღვევასაც გულისხმობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ შეძლო მოსარჩელეთა მიერ იმგვარი გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადასტურება, რაც გაამართლებდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ვერ შეფასდა გადაცდომებთან მიმართებით.
4.5. 28.05.2015წ. ბრძანებით მესამე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევისთვის, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
4.6. მესამე მოსარჩელის მიმართ 08.10.2014 და 26.03.2015 წლების ბრძანებებით გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (შენიშვნა). მისი განმარტებით, შენიშვნები გამოეცხადა მიზანმიმართულად, რათა გაადვილებულიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება. ედავებოდნენ ორჯერ სამსახურიდან 16:00 საათის ნაცვლად 15:00 საათზე წასვლას. მესამე მოსარჩელემ ცენტრის დირექტორს მიმართა მოხსენებითი ბარათით, რომელშიც დაასახელა პირები, რომლებთან ერთად წავიდა სამსახურიდან 16:00 საათზე. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რაც დამსაქმებლის მიერ დისციპლინური მოკვლევის ფაქტს დაადასტურებდა.
4.7. მესამე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების განმაპირობებელ (უკვე გამოყენებული შენიშვნების გათვალისწინებით) ბოლო დარღვევად დამსაქმებელმა მიიჩნია მოლარე ოპერატორების საქმიანობაზე სათანადო ზედამხედველობის, როგორც მისი უშუალო მოვალეობების, განუხორციელებლობა. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მესამე მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა უფრო ადრე, ვიდრე 29.05.2015წ. ბრძანებით შექმნილმა კომისიამ ჩაატარა მოკვლევა (ოქმი შედგენილია 01.06.2015წ.), ანუ - ჯგუფის მიერ სალაროს ჟურნალების რეესტრების ბუღალტერიის რეესტრებთან შედარებამდე და მიმღები განყოფილების მოლარე ოპერატორების (პირველი და მეორე მოსარჩელის) საქმიანობაში დარღვევების გამოვლენამდე. რაც შეეხება მიმღები განყოფილების სხვა თანამშრომლის საქმიანობაში ხარვეზის გამოვლენას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოლარე ოპერატორ ი.პ–ას გათავისუფლების შესახებ ბრძანებით მესამე მოსარჩელეს დაევალა რეგისტრატურის სრულყოფილად და შეუფერხებლად მუშაობაზე პასუხისმგებლობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი.პ–ას მიერ ჩადენილი ქმედების გამო მიმღები განყოფილების მენეჯერის პასუხისმგებლობის საკითხი დამსაქმებელს არ დაუყენებია. ასეთ პირობებში, ბუნდოვანია, თუ რა დაედო საფუძვლად მესამე მოსარჩელის გათავისუფლებას.
4.8. 28.05.2015წ. #166/01 ბრძანებით შექმნილი ჯგუფის ოქმის თანახმად, შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირი - მესამე მოსარჩელე, რადგან მას, როგორც მენეჯერს, შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ევალებოდა მითითებულ პროცესებზე ჯეროვანი ზედამხედველობა. თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული უფლება-მოვალეობები დამსაქმებლისათვის ცნობილი იყო 25.05.2015წ. ბრძანების გამოცემის დროსაც, როდესაც მოლარის (ი.პ–ა) მიერ ჩადენილი ქმედების გამო პასუხიმგებლობა არ დაეკისრა მესამე მოსარჩელეს. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება, თუ რა გარემოება დაედო საფუძვლად მიმღები განყოფილების სხვა მოლარე ოპერატორების (პირველი და მეორე მოსარჩელე) საქმიანობის შესწავლამდე განყოფილების მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც არ ირკვევა, თუ რაში გამოიხატა მესამე მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის სახით გათავისუფლების მომენტში ჩადენილი ბოლო დარღვევა, დაუსაბუთებელია სშკ-ის 37.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძვლით მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.9. სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ბრძანებები მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ და სშკ-ის 38.8, 44-ე, 32.1 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 408-ე, 411-ე მუხლებზე დაყრდნობით საფუძვლიანად მიიჩნია სამუშაოზე აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე დროის მონაკვეთში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანებები. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ თითოეულისთვის დაეკისრა კომპენსაციის - 9 900 ლარის, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 11 880 ლარის გადახდა; სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ, მართალია, პირველი და მეორე მოსარჩელის მიერ მონაცემების დაგვიანებით ასახვა დარღვევაა, თუმცა არ იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმ ხარისხით დარღვევა, რაც დასაქმებულთა სამსახურიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს წარმოშობდა. რაც შეეხება მესამე მოსარჩელეს, სასამართლომ ბუნდოვნად მიიჩნია, რა დაედო საფუძვლად მესამე მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 28.05.2015წ. გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ბრძანებები არ შეესაბამებოდა სშკ-ით დადგენილ სტანდარტს, რაც სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
6.2. 20.12.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და იგი ჩამოაყალიბეს შემდეგი სახით:
- პირველი და მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნენ ტოლფას თანამდებობაზე - რეგისტრატურის მოლარე-რეგისტრატორებად;
- მესამე მოსარჩელე აღდგენილ იქნეს ტოლფას თანამდებობაზე - ადმინისტრაციულ მენეჯერად, ხოლო მითითებული თანამდებობის ტოლფასად მიუჩნევლობის შემთხვევაში, თანმიმდევრულად, რომელიმე თანამდებობაზე: მიმღები განყოფილების ოპერატორი, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი, რეგისტრატურის რეგისტრატორი, პენიტენციური დაწესებულების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინაციისა და ეროვნული პროგრამის დამყოლობის სამსახურის ბაზის მენეჯერი.
6.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე დაწესებულების მოქმედი საშტატო ნუსხა უშუალოდ მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ თანამდებობებს აღარ ითვალისწინებს. ამასთან, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია პირველი და მეორე მოსარჩელის აღდგენა რეგისტრატურის განყოფილებაში არსებულ მოლარე-რეგისტრატორის თანამდებობაზე, რამდენადაც შესადარებელი თანამდებობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფუნქცია-მოვალეობებით, ისე შესაბამისი ანაზღაურებით, რის გამოც სასამართლომ ისინი ვერ განიხილა ტოლფას თანამდებობებად.
6.4. მოპასუხის 24.01.2011წ. N15/01 ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად მიმღებ განყოფილებაში მოლარის ფუნქციურ მოვალეობებს განეკუთვნებოდა: ა) აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დაცვა; ბ) ბუღალტრული ანგარიშგების ტიპური ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციების ცოდნა; გ) საანგარიშო პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაციიდან უტყუარი და სრული ინფორმაციის ასახვა; დ) შესაბამისი პროფესიული ნორმებისადმი დამორჩილება; ე) საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის დირექტორის 04.01.2019წ. N02/02 ბრძანებიდან ამონაწერის შესაბამისად კი, რეგისტრატურის სამსახურში მოლარე-რეგისტრატორის ფუნქციური მოვალეობებია: ა) სამუშაო ადგილისა და დოკუმენტაციის სრული წესრიგისა და მზადყოფნის უზრუნველყოფა; ბ) პაციენტის სამედიცინო ფურცლის გახსნა და ჟურნალში დარეგისტრირება; გ) პაციენტების ნაკადების მართვა და კოორდინაცია; დ) აღრიცხვა-ანგარიშგების წესების დაცვა; ე) ბუღალტრული ანგარიშგების ტიპური ფორმების და მათი შევსების ინსტრუქციების ცოდნა; ვ) საანგარიშო პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაციიდან უტყუარი და სრული ინფორმაციის ასახვა; ზ) შესაბამისი პროფესიული ნორმებისადმი დამორჩილება; თ) საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; ი) სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება; კ) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების შესრულება; ლ) ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულება. ამდენად, ჩამოთვლილი ფუნქცია-მოვალეობები ცხადყოფს, რომ ამჟამად რეგისტრატურის დანაყოფში არსებული საშტატო ერთეული - მოლარე-რეგისტრატორი - მოიცავს უფრო ვრცელ ფუნქცია-მოვალეობებს, ვიდრე მიმღებ განყოფილებაში არსებული საშტატო ერთეული - მოლარე, რომლის ფუნქცია-მოვალეობების გაცნობის შედეგად ცხადი ხდება, რომ მოლარის ძირითადი ვალდებულება იყო სალაროს კონტროლი, მაშინ, როდესაც მოლარე-რეგისტრატორს დამატებით ევალება რეგისტრაციასთან და სხვა სახის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოების კონტროლი.
6.5. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე მესამე მოსარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი საშტატო ნუსხიდან გამომდინარე, ვერ განიხილება მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობის ტოლფასად.
6.6. მოპასუხის დირექტორის 24.01.2011წ. N15/01 ბრძანების შესაბამისად, მიმღებ განყოფილებაში მენეჯერის ფუნქციურ მოვალეობებს განეკუთვნებოდა: ა) განყოფილებებს შორის ურთიერთობების ორგანიზებაში მონაწილეობა; ბ) ახლად შემოსული და გასაწერი პაციენტების კონსულტაციის ორგანიზებაში მონაწილეობა; გ) განყოფილებების პერსონალის თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების კონტროლში მონაწილეობა; დ) წამოჭრილი პრობლემების დაყენება ადმინისტრაციული მენეჯერის წინაშე; ე) სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა და გადაუხდელი ვალების თვალყურის დევნება; ვ) ზესტანდარტულ შემოსავლებზე ზედამხედველობა და მონიტორინგი; ზ) ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ფორმების (სტატისტიკური, საკონტროლო და სხვა) შესაბამისად, განყოფილებების მუშაობის ანალიზში მონაწილეობა; თ) განყოფილებაში სანიტარული ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის დაცვის კონტროლში მონაწილეობა; ი) განყოფილებებში არსებული მედიკამენტების, სადიაგნოზო და სამკურნალო განყოფილებებისა და დამხმარე მასალების რაციონალური გამოყენებისა და მათი აღრიცხვის კონტროლში მონაწილეობა; კ) განყოფილებაში შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის კონტროლში მონაწილეობა; ლ) გარეშე კონსულტანტის მოწვევისა და პაციენტის გადაყვანის საკითხის კლინიკურ დირექტორთან შეთანხმებასა და უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; მ) ცენტრის საქმიანობის უკეთ წარმართვის მიზნით, სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან შესაბამისი ურთიერთობების დამყარება.
6.7. მესამე მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გათვალისწინებული იყო მიმღებ განყოფილებაში, რომელიც გარდა მენეჯერის საშტატო ერთეულისა, ითვალისწინებდა სამი მოლარის საშტატო ერთეულს და შესაბამისად, მენეჯერის უმთავრესი ფუნქცია-მოვალეობა იყო მიმღები განყოფილებისა და უშუალოდ მოლარეთა საქმიანობაზე კონტროლი. საქმეში წარმოდგენილია განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც დგინდება, რომ მიმღები განყოფილება აღარ ითავსებს მოლარეების საშტატო ერთეულს და განყოფილება აერთიანებს ექიმებს, ექთნებსა და სანიტარს. ამდენად, გათავისუფლებამდე მესამე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის ტოლფასი თანამდებობის საჭიროება აღარ დგას მოპასუხის წინაშე და მიმღები განყოფილება სრულად დაკომპლექტდა სამედიცინო პერსონალით. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნიდან ვლინდება, რომ მესამე მოსარჩელე რამდენიმე თანამდებობას მიუთითებს ტოლფასად, თუმცა მის მიერ ჩამოთვლილი ვერცერთი თანამდებობა ვერ განიხილება მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობის ტოლფასად, კერძოდ, 2019 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხით დგინდება, რომ: ა) ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობა გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელიც წარმოდგენილი სტრუქტურის შესაბამისად (ბრძანების დანართი N1) დირექტორის ქვემდებარე სამსახურია და თავისი დანიშნულებით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე 2016 წლამდე მოქმედი მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობა, რომლის დაქვემდებარებაშიც მხოლოდ ერთი განყოფილება შედიოდა; ბ) სასამართლო ვერც მიმღები განყოფილების ოპერატორს ვერ მიიჩნევს ტოლფას თანამდებობად, ვინაიდან არსებული მოცემულობით, მიმღებ განყოფილებაში გაერთიანებულია ექიმები, ექთნები და სანიტარი; გ) რაც შეეხება საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მენეჯერის თანამდებობას, საყურადღებოა, რომ კონკრეტული განყოფილება ითვალისწინებს იმგვარ საშტატო ერთეულს, როგორიცაა - მთავარი ბუღალტერი და შესაბამისად, იგი თავისი მნიშვნელობით წარმოადგენს ფინანსურ დანაყოფს, რომელსაც აბარია ორგანიზაციის ბუღალტრული საქმიანობა და ვერ გაუთანაბრდება მიმღები განყოფილების მენეჯერს; დ) მესამე მოსარჩელე ითხოვს რეგისტრატურის სამსახურის რეგისტრატორის თანამდებობის ტოლფასად მიჩნევასაც, რაც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მოლარისა და მისი მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები ცალსახად განსხვავდება რეგისტრატურასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობებისაგან; ე) პენიტენციური დაწესებულების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინაციისა და ეროვნული პროგრამის დამყოლობის სამსახურის ბაზის მენეჯერის თანამდებობაც ვერ მიიჩნევა მიმღები განყოფილების მენეჯერის ტოლფასად, ვინაიდან ხსენებული განყოფილებები განსხვავდება ფუნქცია-მოვალეობებით და არ არსებობს კონკრეტული ორი თანამდებობის ტოლფასად მიჩნევის საფუძველი.
6.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია და განმარტა, რომ დარღვეული უფლება კომპენსაციის მიკუთვნებით უნდა აღდგეს.
6.9. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას მიიღოს კომპენსაციის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და მოსარჩელის შელახული კანონიერი უფლების ღირსეული და საკმარისი რესტიტუცია. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ არ ადგენს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს. საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ მატერიალური დანაკარგის გათვალისწინებით, რაც დასაქმებულებმა უკანონოდ დათხოვნით განიცადეს და რასაც ისინი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდიან, კომპენსაციის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მიერ მისაღები 18 თვის ხელფასი მიიჩნია.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილებით - მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 396 ლარისა და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობებისთვის გაწეული სანოტარო ხარჯის - 74.80 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 475.2 ლარის და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობებისთვის გაწეული სანოტარო ხარჯის - 13.80 ლარის გადახდა.
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
8. მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 26.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე, ამავე სასამართლოს 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილებაზე, საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრებ 29.11.2019წ. და 20.12.2019წ. განჩინებებზე და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის, კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება; დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ხარჯების სრულად დაკისრება, შემდეგი საფუძვლებით:
8.1. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში იშუამდგომლა, სასამართლოს გამოეთხოვა ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის სამუშაო აღწერილობის, თითოეული თანამდებობისთვის დადგენილი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და მოპასუხის სტრუქტურული ერთეულების დებულების ასლები მათი დამტკიცების თაობაზე შესაბამის სამართლებრივ აქტებთან ერთად. 29.11.2019წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა, წარედგინა მხოლოდ ახალი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობის - „მოლარე რეგისტრატორის“ ფუნქცია-მოვალეობები, რაც არასწორია. ამასთან, ამავე განჩინებით მოპასუხეს დაევალა განმარტების და არა მტკიცებულების წარმოდგენა, იმის თაობაზე, თუ რომელ განყოფილებაში გადანაწილდა მიმღები განყოფილების მენეჯერის ფუნქციები. ხსენებულმა საპროცესო დარღვევამ განაპირობა არასწორი შემაჯამებელი შედეგი და გამორიცხა მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა, რის გამოც 29.11.2019წ. საოქმო განჩინება უნდა გაუქმდეს.
8.2. სააპელაციო სასამართლომ თავისი ინიციატივით, ისე, რომ არცერთ მხარეს არ მოუთხოვია, 29.11.2019წ. საოქმო განჩინებით მოპასუხეს დაავალა, წარედგინა საშტატო განრიგით გათვალისწინებული „მოლარე რეგისტრატორის“ ექვსი საშტატო ერთეულიდან რომელიმე თანამდებობის ვაკანტურობის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, საოქმო განჩინება ისე ჩამოყალიბდა, თითქოს ასეთი შუამდგომლობა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა წარადგინა. აღნიშნული ქმედებით დაირღვა როგორც შეჯიბრებითობის, ისე - დისპოზიციურობის პრინციპები. უნდა გაუქმდეს 29.11.2019წ. საოქმო განჩინება საშტატო ერთეულების ვაკანტურობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის ნაწილში.
8.3. 20.12.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოსარჩელეთა ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების პირობებში საჭირო იყო თანამდებობების მიხედვით დაკისრებული ფუნქციების კვლევა, რა მიზნითაც წარმომადგენელმა მიმართა მოპასუხეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 20.12.2019წ. სხდომაზე იშუამდგომლა მოპასუხისაგან მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მოსარჩელეებს არ მისცა საშუალება, მოეძიებინათ ტოლფასი თანამდებობა.
8.4. სასამართლოს არ დაუდგენია, ამჟამად არსებული თანამდებობებიდან რომელია ან არ არის ტოლფასი და ამ საკითხის კვლევის გარეშე გამორიცხა კასატორთა სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა. სასამართლო შებოჭილი არ არის მოსარჩელის მიერ ტოლფასად დასახელებული თანამდებობებით და მას საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევით შეუძლია, დაადგინოს რომელი თანამდებობა წარმოადგენს ტოლფას თანამდებობას.
8.5. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც. სასამართლომ სამართლიან კომპენსაციად მიიჩნია მცირეოდენი მოცულობა, რომელსაც კასატორები მიიღებდნენ ხელფასის სახით რამდენიმე თვეში, დავის მიმდინარეობის პერიოდშიც კი, უკანონოდ რომ არ გათავისუფლებულიყვნენ. ამასთან, კასატორები მოპასუხე დაწესებულებაში იმსახურებდნენ საპენსიო ასაკის მიღწევამდე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შრომითი ურთიერთობა უვადო იყო, კომპენსაციის განსაზღვრით შეამცირა არსებული სამართლებრივი ურთიერთობით მისაღები თანხა. კომპენსაციის მოცულობა სამართლიანობის პრინციპს არ შეესაბამება.
8.6. კომპენსაციის გონივრული და სამართლიანი ოდენობა გათავისუფლებიდან 10-წლიანი ანაზღაურებით უნდა განისაზღვროს, რაც მოპასუხისათვის არ იქნება მძიმე ტვირთი და მძიმე მდგომარეობას არ შეუქმნის.
8.7. ადვოკატის დახმარებისთვის მიკუთვნებული თანხის ოდენობა არ არის სამართლიანი და გონივრული, იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენლობა განხორციელდა ჯეროვნად. სააპელაციო სასამართლოს სხვა სახის საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნაზე უარი არ დაუსაბუთებია. სასამართლომ არასწორად გამოთვალა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯი მხოლოდ ქონებრივი ოდენობიდან და არ გაითვალისწინა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არაქონებრივიც იყო. მსგავს დავებზე დადგენილი მყარი პრაქტიკით, ადვოკატის დახმარებისთვის დაკისრებული თანხები სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებშიც კი, არანაკლებ 2400 ლარია. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო ეტაპზეც უნდა დაეკისროს ადვოკატის დამხარებისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.
8.8. სასამართლომ უარყო პროცესის სხვა ხარჯების მოპასუხისთის დაკისრების მოთხოვნა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას გადაწყვეტილება არ შეიცავს და სასამართლოს წარდგენილი შუამდგომლობა არ განუხილავს. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯის დასადასტურებლად, სხვა ხარჯების დაკისრებას კი რაიმე სახის მტკიცებულება არ ესაჭიროება.
9. საკასაციო საჩივარში კასატორები შუამდგომლობენ, მოპასუხეს დაეკისროს: თითოეული კასატორის სასარგებლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის 9 000 ლარის; მოცემულ საქმეზე მინდობილობების, ხელშეკრულებების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისთვის გაღებული სანოტარო ხარჯის - 70 ლარის; საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მარწმუნებლების და წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯის - 100 ლარის; მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯის - 20 ლარის; მესამე ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 70 ლარის; საკასაციო საჩივრის და სხვა მტკიცებულებების ასლის მომზადებაზე გაღებული ხარჯის - 40 ლარის; მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძავით შეკვრაზე გაღებული ხარჯის - 0,10 ლარის; საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯის 60 ლარის; მასალების კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის - 10 ლარის; მხარეებისა და მათი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას აუცილებელ კვებაზე გაწეული დანახარჯის 100 ლარის; სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურების სახით - 4000 ლარის; გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის - 500 ლარის; საკასაციო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საბანკო სერვისით მომსახურებაზე გაწეული 1 ლარისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 24.12.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
12.1. პირველი და მეორე მოსარჩელე 20.02.2012 წლიდან დასაქმებული იყვნენ მოპასუხის მიმღები განყოფილების მოლარის თანამდებობაზე. მათი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 550 ლარს.
12.2. მესამე მოსარჩელე 18.06.2010 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხის მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 660 ლარს.
12.3. მოპასუხის 11.06.2015წ. ბრძანებებით პირველი და მეორე მოსარჩელე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის (წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულების გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) საფუძველზე.
12.4. მოპასუხის 28.05.2015წ. ბრძანებით მესამე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) საფუძველზე.
12.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია, რომ დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება, არამართლზომიერად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი პირველი და მეორე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მოპასუხის 11.06.2015წ. N193/01 და N192/01 ბრძანებები, ასევე ბათილად იქნა ცნობილი მესამე მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 28.05.2015წ. N167/01 ბრძანება).
12.6. მოპასუხის დირექტორმა 03.01.2019წ. გამოსცა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ბრძანება N01/02, რომელიც განსაზღვრულ საშტატო ერთეულებში აღარ ითვალისწინებს მიმღები განყოფილების მოლარისა და მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობებს.
13. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
14. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ Nას-1135-2018 31.05.2019წ. ; სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016).
15. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ პოზიციებს ახალი საშტატო ნუსხა აღარ ითვალისწინებს. დასაქმებულების საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად არსებობს მოსარჩელეთა მიერ დაკავებული ადგილის ტოლფასი თანამდებობა და შესაძლებელია თუ არა მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუცია მასზე აღდგენის გზით.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს/მოპასუხეს, აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში კი მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმება არის შესაძლებელი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სწორედ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს როგორც ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, ისე მიუთითოს, კონკრეტულად რომელია მანამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობა. აღნიშნული შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის გამოკვლევის შედეგად (სუსგ Nას-890-857-2016, 09.10.2017წ.; სუსგ Nას-475-456-2016, 24.06.2016წ.). სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას (სუსგ ას-637-637-2018, 29.08.2018წ.).
18. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში პირველი და მეორე მოსარჩელის მოთხოვნაა, აღდგენილ იქნენ ტოლფას თანამდებობაზე - რეგისტრატურის მოლარე-რეგისტრატორებად; მესამე მოსარჩელე კი ითხოვს აღდგენას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე, მაგრამ თუ ეს პოზიცია არ იქნება მიჩნეული ტოლფასად, აღდგენას თანმიმდევრულად რომელიმე თანამდებობაზე: მიმღები განყოფილების ოპერატორი, საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი, რეგისტრატურის რეგისტრატორი, პენიტენციური დაწესებულების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინაციისა და ეროვნული პროგრამის დამყოლობის სამსახურის ბაზის მენეჯერი (20.12.2012წ. სხდომის ოქმი, ტ.4, ს.ფ.237-245; განცხადება, ტ.4, ს.ფ 246).
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ტოლფასი სამუშაოს ფუნქციური დანიშნულება და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები პირვანდელი სამუშაოს მსგავსი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მიმღებ განყოფილებაში მოლარისა და რეგისტრატურის განყოფილებაში მოლარე-რეგისტრატორის თანამდებობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ფუნქცია-მოვალეობებით, ისე შესაბამისი ანაზღაურებით, რის გამოც ისინი ვერ განიხილება ტოლფასად. სასამართლომ მოპასუხის 24.01.2011წ. N15/01 და 04.01.2019წ. N02/02 ბრძანებებში აღწერილი ფუნქცია-მოვალეობების კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ რეგისტრატურის დანაყოფში არსებული საშტატო ერთეული - მოლარე-რეგისტრატორი, მოიცავს უფრო ფართო ფუნქცია-მოვალეობებს, ვიდრე მიმღებ განყოფილებაში არსებული საშტატო ერთეული - მოლარე. მოლარის ძირითად ვალდებულებას შეადგენდა აღრიცხვა-ანგარიშგება, მაშინ, როდესაც მოლარე-რეგისტრატორს დამატებით ევალება რეგისტრაციასა და სხვა სახის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საქმისწარმოება. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება მოლარისა და მოლარე-რეგისტრატორის სახელფასო ანაზღაურება. საწინააღმდეგოზე დასაბუთებულ მსჯელობას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
20. რაც შეეხება მესამე მოსარჩელეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოქმედი საშტატო ნუსხიდან მესამე მოსარჩელის მიერ მითითებული ვერცერთი თანამდებობა (ადმინისტრაციული მენეჯერი, მიმღები განყოფილების ოპერატორი, საფინანსო ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი, რეგისტრატურის რეგისტრატორი, პენიტენციური დაწესებულების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინაციისა და ეროვნული პროგრამის დამყოლობის სამსახურის ბაზის მენეჯერი), განსხვავებული ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, ვერ განიხილება მიმღები განყოფილების მენეჯერის ტოლფასად. არსებული საშტატო ნუსხა არ ითვალისწინებს მიმღები განყოფილების მენეჯერის ტოლფას პოზიციას, რამდენადაც მიმღები განყოფილების ზედამხედველობის ფუნქცია-მოვალეობა, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ მხოლოდ მოლარეები, აღარ არსებობს. ზემოაღნიშნული გარემოებების უარმყოფელ დასაბუთებულ მსჯელობას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის წინაპირობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
22. სასამართლომ უნდა იმსჯელოს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის განსაზღვრის საკითხზე. პალატა განმარტავს, რომ სშკ არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, კომპანიის ლიკვიდურობა, გადახდისუნარიანობა და ა.შ. (სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2020წ.).
23. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. საკასაციო პალატა ითვალისწინებს (შდრ. სუსგ Nას-1339-1259-2017, 30.07.2018წ.; სუსგ Nას-1540-2019, 30.09.2019წ.) : დამსაქმებლის მხრიდან საკუთარ უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტს (დაკავებული თანამდებობებიდან მოსარჩელეთა არამართლზომიერი გათავისუფლება); მოსარჩელეების გათავისუფლებიდან დავის საბოლოო გადაწყვეტამდე განვლილ ხანგრძლივ პერიოდს (გასულია 5 წელზე მეტი); იმ გარემოებას, რომ მხარეებს ხანგრძლივი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდათ; რომ შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და ამ კონტექსტით, მოსარჩელეების თანამდებობიდან გათავისუფლებით მიღებული მორალური წნეხის სიმძიმეს; საქართველოში შრომის ბაზარზე არსებულ მწვავე გამოწვევებს - და, რადგანაც შეუძლებელია დასაქმებულთა აღდგენა, მიიჩნევს, რომ კომპენსაციის სამართლიანი და გონივრული ოდენობა გათავისუფლებიდან სამი წლის ხელფასით უნდა განისაზღვროს.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები) მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის - 19 800 ლარის (დარიცხული), მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 19 800 ლარის (დარიცხული), ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ 23 760 ლარის (დარიცხული) გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
26. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. საოქმო განჩინებაზე, რომლითაც მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა, წარედგინა „მოლარე რეგისტრატორის“ ფუნქცია-მოვალეობები. ამავე განჩინებით მოპასუხეს დაევალა, წარედგინა განმარტება, იყო თუ არა გადანაწილებული 28.05.2015წ. მონაცემებით არსებული მიმღები განყოფილების მენეჯერის ფუნქციები იმავე სახით რომელიმე განყოფილებაში (ტ.4, ს.ფ.214, 215). პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულზე მხარეს სათანადოდ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია. ასევე უსაფუძვლოა კასატორების მოთხოვნა გაუქმდეს 20.12.2019წ. საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა (ტ.4, ს.ფ.239). შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებები პალატას მიაჩნია დასაბუთებულად, კანონიერად და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მათი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
27. რაც შეეხება თანამდებობის ვაკანტურობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე 29.11.2019წ. საოქმო განჩინების კანონიერებას (ტ.4, ს.ფ.214, 215), პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული რელევანტური იქნებოდა თანამდებობების ტოლფასად მიჩნევის შემთხვევაში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დადგინდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებელობის შესახებ დაემყარა მოსარჩელეთა მიერ მითითებული თანამდებობების არატოლფასოვნებას და არა ტოლფასი, მაგრამ ვაკანტური თანამდებობის არარსებობას. შესაბამისად, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორების მოთხოვნა განჩინების ამ ნაწილში გაუქმების თაობაზე.
28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელა პროცესის ხარჯების გადანაწილების საკითხზე, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ხარჯების თაობაზე მითითებას (ტ.4, ს.ფ.301-306). ხარჯების საკითხი საბოლოოდ გადაწყდა ამავე სასამართლოს 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილებით ((ტ.4, ს.ფ.319-322), მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 396 ლარისა და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობებისთვის გაწეული სანოტარო ხარჯის - 74.80 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 475.2 ლარისა და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობებისთვის გაწეული სანოტარო ხარჯის - 13.80 ლარის გადახდა). კასატორები ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ხარჯების სრულად დაკისრებას. შესაბამისად, კასაციის ობიექტია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილება სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
29. საკასაციო საჩივარში კასატორები შუამდგომლობენ მოპასუხეს დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგარეშე ხარჯები (თითოეული კასატორის სასარგებლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის 9 000 ლარი; ასევე - სხვა ხარჯები: მინდობილობების, ხელშეკრულებების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადების და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისთვის გაღებული სანოტარო ხარჯი - 70 ლარი; საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, მარწმუნებლებისა და მათი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით გადაადგილების გამო ტრანსპორტირებაზე გაღებული ხარჯი - 100 ლარი; მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯი - 20 ლარი; მესამე ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 70 ლარი; საკასაციო საჩივრის და სხვა მტკიცებულებების ასლის მომზადებაზე გაღებული ხარჯი - 40 ლარი; მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძავით შეკვრაზე გაღებული ხარჯი - 0,10 ლარი; საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული დანახარჯი 60 ლარი; მასალების კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი - 10 ლარი; მხარეებისა და მათი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას აუცილებელ კვებაზე გაწეული დანახარჯი 100 ლარი; სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურების სახით - 4000 ლარი; გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურება 500 ლარი; საკასაციო საჩივრისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისას საბანკო სერვისით მომსახურებაზე გაწეული 1 ლარი).
30. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები განახორციელა ადვოკატმა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ Nას-1054-2019 ; 30.09.2019წ., სუსგ Nას-316-316-2018, 07.05.2018წ.).
31. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე მტკიცებულება, თუმცა საქმეში წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეებმა წარმომადგენელს მიანიჭეს მათი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, რაც მიუთითებს მხარეთა შორის სსკ-ის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე. შესაბამისად, არსებობს მოსარჩელეთათვის წარმომადგენლის ხარჯის სსსკ-ის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში ანაზღაურების წინაპირობა (შდრ. Nას-330-315-2015, 29.06.2015წ.; Nას-734-702-2016, 20.01.2017წ.).
32. პალატა მიუთითებს, რომ, როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ Nას- 330-315-2015, 29.06.2015წ.; სუსგ Nას-316-316-2018, 07.05.2018წ.).
33. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: საბოლოოდ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა, ადვოკატმა კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები შეასრულა, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე რა მოქმედებები შესრულდა - და ასკვნის, რომ დაკმაყოფილებული საკასაციო მოთხოვნის და კანონით განსაზღვრული ფარგლების გათვალისწინებით მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯი - 396 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 475,2 ლარი. ასევე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილება წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე.
34. ასევე დაუსაბუთებელია კასატორების პრეტეზია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებით გადაწყვეტილებაზე ე.წ. სხვა ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. რაც შეეხება საკასაციო ინსტანციის სხვა ხარჯების (იხ.: წინამდებარე გადაწყვეტილების მე-9, 29 პუნქტი) ანაზღაურების შესახებ კასატორთა შუამდგომლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კასატორებმა ვერ წარმოადგინეს რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეეხება, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების გამო ტრანსპორტირებისათვის გაღებულ თანხებს და მათ ოდენობას. რაც შეეხება სანოტარო წესით დამოწმებისთვის გაღებულ სანოტარო ხარჯს, საქმეში წარმოდგენილი არ არის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე რაიმე დოკუმენტის დამოწმების, მოძიებისა და ამისთვის გაღებული ხარჯების შესახებ მტკიცებულება. აგრეთვე დაუსაბუთებელია შუამდგომლობა კვებისა და მოცდენილი დროის ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან საკასაციო პალატას საკასაციო საჩივარი ზეპირი მოსმენით არ განუხილავს.
35. საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოთხოვნა გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრის და განცხადებების წარსადგენად დახარჯული ფურცლების ღირებულება, საკასაციო საჩივრის ასაკინძად (ლითონის ამკინძავით) გაღებული ხარჯის, აგრეთვე, საფოსტო კონვერტისა და მომსახურების საფასური, სულ – 20 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სხვა ხარჯების დაკისრების თაობაზე შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
37. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, ეს საკითხი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა) და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია). მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომელიც წარდგენილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნას, ამ ნაწილში კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომისსამართლებრივი ურთიერთობიდან). გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით არ კმაყოფილდება სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოთხოვნა, არ არსებობს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი წესით მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობა. რაც შეეხება მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის პროპორციულად გადასახდელ სახელმწიფო ბაჟს, სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, 1584 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ.წ–ის, ე.ო–ის და ქ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. კომპენსაციის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები) მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ თ.წ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 19 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
4. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ ე.ო–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 19 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
5. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ ქ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 23 760 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
7.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
8. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ თ.წ–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 396 ლარის ოდენობით.
9. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ ე.ო–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 396 ლარის ოდენობით.
10. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ ქ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 475,2 ლარის ოდენობით.
11. კასატორების მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებების, ასევე 20.12.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
12. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1584 ლარის ოდენობით.
13. სს „ტ. და ფ. დ.ე.ც–ს“ თ.წ–ის, ე.ო–ის და ქ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
14. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი