საქმე №ა-1202-შ-25-2021 29 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ა–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ა (მოსარჩელე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, შტადტროდას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება #4F 16/02
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, შტადტროდას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის #4F 16/02 გადაწყვეტილებით მ.ბ–ას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ლ.ა–ის (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან მოპასუხე) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და 2000 წლის 14 ნოემბერს თბილისში, დიდუბის რაიონის მმაჩის ბიუროს თანამშრომელთან მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი #138(AK 016615)).
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 15 მარტს, შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე. გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგის მხარის მიერ, რასაც მოპასუხეც ეთანხმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, შტადტროდას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის #4F 16/02 გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე. გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე სარჩელი წარდგენილია მოსარჩელის, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მოწინააღმდეგის მხარის მიერ, რასაც მოპასუხეც ეთანხმება.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, შტადტროდას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2004 წლის 18 თებერვლის #4F 16/02 გადაწყვეტილება, რომლითაც 2000 წლის 14 ნოემბერს თბილისში, დიდუბის რაიონის მმაჩის ბიუროს თანამშრომელთან მ.ბ–ასა და ლ.ა–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეესტრი #138(AK 016615));
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური