საქმე№ა-1206-შ-26-2021 29 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ო–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, .....) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2021 წლის 15 მარტს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს განაჩენითა და თავად შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
4. შუამდგომლობას თან ერთვის, ასევე, შუამდგომლობის ავტორის დაბადების მოწმობა და შუამდგომლობის ავტორის მამის გარდაცვალების მოწმობა.
5. უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი არის სრულწლოვანი, უცოლო და მშვილებელთან ცხოვრობს 2016 წლიდან, როგორც ოჯახის წევრი. მშვილებელი არის განმცხადებლის მამიდის - მ.ო–ის მეუღლე. გაშვილებას ეთანხმებიან ტავად მშვილებელი, გასაშვილებელი, გასაშვილებლის მამიდა და დედა - ქ.ო–ი.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენს და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ შვილად აყვანის თაობაზე განცხადება მშვილებელმა და ნაშვილებმა ერთობლივად წარადგინეს.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენის ქართულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლში განაჩენის გამოტანის თარიღად მითითებულია - 06/11/2019, ხოლო განაჩენის იტალიურ ასლში, საიდანაც გადაითარგმნა იგი განაჩენის გამოტანის თარიღად მითითებულია - 06/11/2018. იქედან გამომდინარე, რომ ტექნიკური შეცდომა დაშვებულია თარიღთან დაკავშირებით, რაც არ საჭიროებს თარგმანს, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს განაჩენის დედანში მითითებული თარიღით, ვინაიდან არ დაბრკოლდეს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ მშვილებელი იტალიის მოქალაქეა, ხოლო ნაშვილები - საქართველოს. შვილად ასაყვანი პირი სრულწლოვანია და მშვილებლის მეუღლის - მ.ო–ის დის ქ.ო–ის ბიოლოგიური შვილია. მშვილებელი შვილად ასაყვანზე 23 წლით უფროსია. შუამდგომლობის ავტორი ქ.ო–ის ბიოლოგიური შვილია - მამა, ა.ო–ი. მშვილებელი და ნაშვილები ერთად ცხოვრობენ, როგორც ოჯახი და მშვილებელი ნაშვილებზე მამობრივ მზრუნველობასა და სიყვარულს იჩენს.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია ნაშვილების მიერ, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლოში - მშვილებლის მიერ.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება შუამდგომლობის მოთხოვნის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლი - შვილად აყვანა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც განეკუთვნება მშვილებელი შვილად აყვანის დროს. შვილად აყვანა ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის მიერ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელიც ქორწინების ზოგადი შედეგების მიმართ გამოიყენება; სსკ-ის 1239-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 1246-ე მუხლის 2-ე ნაწილი;), აგრეთვე მშვილებლისა და შვილად აყვანილს შორის ასაკობრივი სხვაობა აკმაყოფილებს სსკ-ის 1250-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (მშვილებელი უფროსი უნდა იყოს შვილად ასაყვანზე თექვსმეტი წლით მაინც).
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ო–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის, ქ. ბარის სასამართლოს პირველი სამოქალაქო განყოფილების 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც გ.ო–ი (დაბ. 27.05.1991 წ. დაბ. ადგილი - რუსთავი, საქართველო) ცნობილ იქნა მ.მ–ის (დაბ. 14.09.1968 წ. დაბ. ადგილი - იტალია, ...) შვილობილად და მიენიჭა მშვილებლის გვარი (მ–ი) საკუთარი გვარის (ო–ი) ნაცვლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური