საქმე №ა-4711-შ-111-2020 24 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ტ–ძე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით მ.თ–ძის სარჩელი, თ.ტ–ძის მიმართ, განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა; მ.თ–ძესა და თ.ტ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. მ.თ–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა, ხარვეზის შესახებ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
4. განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს პირადად ჩაჰბარდა, 2020 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 2021 წლის 12 იანვარს - განცხადებით მომართა სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე, რადგან დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება და თარგმნა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოესწრო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განმცხადებელს 30 დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა. განჩინების ასლი, 2021 წლის 7 თებერვალს, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
6. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს 2021 წლის 7 თებერვალს ჩაჰბარდა. კერძოდ, სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა ადვოკატის რძალს - თ.თ–ს, რაც სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად შუამდგომლობის ავტორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას თან ერთვის სსსკ-ის 96.1 მუხლით გათვალისწინებული წესით გაცემული და დამოწმებული მინდობილობა.
11. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 30-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 8 თებერვალს და ამოიწურა 2021 წლის 9 მარტს (სამშაბათი).
12. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.თ–ძის შუამდგომლობა, აშშ-ის, ნიუ იორკის შტატის, კინგსის ოლქის 2020 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი