საქმე №ას-570-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ც. ბ-ბ–ი, ნ. ბ–ი, გ. ბ–ი, ს. ბ–ი, დ. ბ–ი(მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.კ–ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი), გ. ნ–ს, მ.პ–ს და ნ.ბ–ს (შემდეგში: გარდაცვლილი, მსესხებელი, მამკვიდრებელი) შორის, 2014 წლის 10 ნოემბერს, გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელმა სესხის სახით მიიღო 19 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, თვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 3%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ........ ქ. კორპუსი N6, ბინა N11ა. (იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ 21-25);
2. მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 15 თებერვალს; (იხ. ტ.1, ს.ფ 19)
3. გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრები არიან: შვილები - გ. ბ–ი, ნ. ბ–ი, ს. ბ–ი, დ. ბ–ი და მეუღლე - ც. ბ-ბ–ი (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები, მემკვიდრეები, კასატორები).
4. მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონება მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით.
5. მოსარჩელეს, ნოტარიუსის 2017 წლის 13 ივნისის დადგენილებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი ეთქვა მსესხებლის გარდაცვალების გამო და განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი უფლებამონაცვლის დადგენის შემდგომ გაიცემოდა. (იხ. ტ 1, ს.ფ 17-18)
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ 2017 წლის 22 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა:
6.1.1 წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - სესხის ძირითადი თანხის - 19 000 აშშ დოლარის, ორი თვის საპროცენტო სარგებლის - 1140 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს, 2015 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0.01%-ის მოპასუხეთათვის დაკისრება;
6.1.2 მოპასუხეთა ცნობა უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, ........ ქ. კორპუსი N6, ბინა N11ა, 1/5-1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
6.1.3 დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია;
6.1.4. მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ გაწერული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1733.19 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის - 1 000 ლარის დაკისრება.
6.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, 2017 წლის 13 ივნისს ნოტარიუსის დადგენილებიდან შეიტყო.
6.3 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, ანდერძის ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
6.4. მოპასუხეები, ცხოვრობენ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაში, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილის მემკვიდრეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება.
7. მოპასუხეების შესაგებელი
7.1 მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
8. თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს დაეკისრათ:
8.1.1 მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხა 19 000 აშშ დოლარი, ორი თვის საპროცენტო სარგებელი - 1140 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო, 2015 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0.01%.
8.1.2. მოპასუხეები ცნობილ იქნენ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქ, კორპუსი N6, ბინა N11ა, 1/5-1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
8.1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.
8.2 თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 286-ე, 301-ე, 302-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 1319-1320-ე, 1421-ე, 1424-ე, 1484-ე, 1487-ე და 1488-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე და 105-ე მუხლებით.
8.3 სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორმა გარდაცვლილის მემკვიდრეებს მოთხოვნა წარუდგინა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში.
8.4 საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია, რომ კრედიტორისთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში, როდესაც, მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2016 წლის 21 სექტემბერს ინფორმაცია გასცა.
8.5 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ.ა–ი, რომლის მეშვეობითაც მხარეებს შორის დაიდო ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება. მოწმის ჩვენებით, მსესხებელს თან ახლდა მისი შვილი, მოპასუხე, რომელსაც სესხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში უკავშირდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, 2017 წლის მარტის თვეში აცნობა მოსარჩელეს (კრედიტორს). ასევე აცნობა, რომ ერთერთი იპოთეკარი აწარმოებდა დავას მემკვიდრეებთან და ურჩია ადვოკატთან დაკავშირება.
8.6 საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები, საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენება და მიიჩნია, რომ მსესხებლის გარდაცვალებისა და მემკვიდრეთა ვინაობის შესახებ, კრედიტორისთვის ცნობილი გახდა 2017 წლის მარტის თვეში, ხოლო სარჩელი აღძრა 2017 წლის 22 აგვისტოს. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ, მსესხებლის მემკვიდრეებს მოთხოვნა წარუდგინა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში.
8.7 სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია მოპასუხეების მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, რის საფუძველზეც მათ წარმოეშვათ მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილების ვალდებულება.
8.8. სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოპასუხეების მტკიცება, რომ მათთვის ცნობილი არ იყო მემკვიდრის ვალის შესახებ და მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი.
8.9. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-დან 0.0.1%-მდე შეამცირა.
9. სააპელაციო საჩივარი
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა (მემკვიდრეებმა).
9.2 აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
10.3 სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია, დაირღვა თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
10.4 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1484-ე მუხლი (მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე - 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც] - იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.2016 წ; კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. 10.5. ქვეპუნქტში) აწესრიგებს.
10.5 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1488-ე ,,მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას“ და 1499-ე მუხლებზე მიუთითა და ამ უკანასკნელ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობას ნოტარიუსი გასცემს, შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება მიიღოს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი; იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18.04.2017წ.);
10.6 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება მოსარჩელის მიერ საპრეტენზიო ვადის დარღვევის თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, გარდაცვლილის მემკვიდრეებს მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში წარუდგინა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებაზე მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის განმარტებითაც კრედიტორს მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე 2017 წლის მარტის თვეში შეატყობინა.
10.7 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომ გამსესხებლისთვის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ცნობილი იყო 2016 წლის 16 სექტემბერს და მიუთითა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას 2016 წლის 15 სექტემბერს ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მეორე გამსესხებლის ინტერესების დაცვის მიზნით. 2016 წლის 21 სექტემბერს გაცემული ინფორმაცია, როგორც წარმომადგენელმა გამოიყენა ამ საქმეშიც და დამატებით არ მიმართა ნოტარიუსთა პალატას.
10.8 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ 2017 წლის მარტის თვეში შეიტყო, ხოლო სარჩელი 2017 წლის 22 აგვისტოს აღძრა. შესაბამისად, 2017 წლის მარტიდან პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადა კრედიტორს გაშვებული არ ჰქონდა.
10.9. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების პრეტენზიის პასუხად განმარტა, რომ, მართალია, სსკ-ის 1488-ე მუხლში სიტყვასიტყვით კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადაა მითითებული, თუმცა ამავე ვადაში სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაშიც კრედიტორის მიერ კანონით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადა დაცულად უნდა იქნეს მიჩნეული.
10.10. ამგვარი დასკვნის მიზნებისათვის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მემკვიდრეობის სამართალში (კონკრეტულად 1488-ე მუხლში) დასახელებული ვადა სამართლებრივად წარმოადგენს შეცილების ვადას, ანუ იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და შეედავოს, მოსთხოვოს მამკვიდრებლის მემკვიდრეებს, მათ მიერ მიღებული სამკვიდროს კვალობაზე დაფარონ მამკვიდრებლის კრედიტორის ვალი. სამართლებრივად ეს ისეთივე აღმჭურველი უფლებაა, როგორც საცილო გარიგებებში შეცილების ვადა, რაც როგორც გარიგებათა საცილოობისას, ისე - 1488-ე მუხლის შემთხვევაშიც, ხანდაზმულობისგან განსხვავებული ინსტიტუტია, სრულიად სხვა სამართლებრივი შედეგებით. შეცილების ვადა, იგივე 1488-ე მუხლში მოხსენიებული პრეტენზიის წარდგენის ვადა, სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის გამორკვევა საკუთრივ მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან შეცილების განხორციელება ვადაში, 1488.3 მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია. სასამართლოში კრედიტორის წინააღმდეგ მოთხოვნის აღძვრა თავის თავში მოიცავს სსკ-ის 1488-ე მუხლით ნაგულისხმევ სამართლებრივად ვარგის საშუალებას - სარჩელის გზით მოთხოვნის წაყენებას, რაც საბოლოო ჯამში, უფლების აღსრულებას უკავშირდება.
10.11 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 1488-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი სწორედ კრედიტორის მოთხოვნის მიმართვას გულისხმობს მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის. რაიმე შეზღუდვა, თუ რა ფორმით განახორციელებას ამ უფლებას, კანონით დაწესებული არ არის. სასამართლოსადმი მიმართვის გზით, მამკვიდრებლის კრედიტორებისათვის მოთხოვნის წაყენების შემთხვევა თავის თავში მოიაზრებს იმ მიზანს, რა მიზნითაც არსებობს 1488-ე მუხლის დანაწესი - მოვალის მემკვიდრეებმა გარკვეულ ვადაში შეიტყონ, ედავება თუ არა მათ კრედიტორი. თუ რა ფორმით გაიგებენ ისინი ამ მოთხოვნას - უშუალოდ მათ წინაშე განცხადებით, ელექტრონული შეტყობინებით თუ სასამართლოში სარჩელის აღძვრის გზით, მნიშვნელობა არ აქვს.
10.12 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელეს მემკვიდრეებისადმი მოთხოვნის წარდგენის ვადა დარღვეული არ აქვს, რაც, სსსკ-ის 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განჩინება და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11.2 კასატორების განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა 1488-ე მუხლი და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.
11.3. დადგენილია, რომ მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 15 თებერვალს, რაც გ. ნ–ისათვის, რომელიც, მოსარჩელესთან ერთად, ერთ-ერთი გამსესხებელია, ცნობილი გახდა 2016 წლის 9 მარტს, როდესაც აღმასრულებლისგან მიიღო წერილი. შესაბამისად, ეს ფაქტი მოსარჩელემაც იცოდა და ვალდებული იყო, სსკ-ის 1488-ე მუხლის საფუძველზე ექვსთვიან ვადაში წარედგინა მოთხოვნა.
11.4 სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ნორის შინაარსი ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობას, არამედ -კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელის წარდგენის გზით, შესაძლებელი იყო პრეტენზიის დაფიქსირება მემკვიდრეებისათვის და არ იყო აუცილებელი ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადის დაცვა.
11.5. სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი მხოლოდ ზეპირად განმარტავდნენ, რომ თითქოს მსესხებლის გარდაცვალების შემდგომ მისმა მეუღლემ აიღო ვალდებულება მეუღლის ვალების დაფარვაზე. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მემკვიდრეებისთვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის ვალების თაობაზე.
11.6. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, სასამართლოდან გზავნილის მიღებამდე, მოსარჩელეს მოპასუხეებისთვის რაიმე სახით პრეტენზია არ განუცხადებია. შესაბამისად, კანონით დადგენილი საპრეტენზიო ვადის დარღვევის გამო, მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება დაკარგა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით .
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. მხარეთა შორის ძირითადი სადავო საკითხია, დაირღვა თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრეების მიმართ სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა და, სარჩელის წარდგენის გზით, რამდენად შესაძლებელი იყო პრეტენზიის დაფიქსირება მემკვიდრეებისათვის.
19.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის კრედიტორის სასარგებლოდ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია (ნორმის დეფინიცია იხ. 10.4. ქვეპუნქტში; იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.2016 წ; კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. 10.5. ქვეპუნქტში) აწესრიგებს.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან არ დარღვეულა მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა.
21. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლის არასწორად განმარტებასთან დაკავშირებით.
22. აღსანიშნიავია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, მითითებულ ნორმაში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება, არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017).
25. განსახილველ შემთხვევაში დაადგენილია რომ: ა) მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას სიცოცხლეში არ გაუსტუმრებია; ბ) მამკვიდრებელი გარდაიცვალა და, შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 2016 წლის 15 თებერვალს; გ) უდავო გარემოებაა, რომ მემკვიდრეებს - მოპასუხეებს სამკვიდრო მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით; დ) კრედიტორისთვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის მარტის თვეში, ხოლო სარჩელი აღძრა 2017 წლის 22 აგვისტოს.
26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა 2017 წლის მარტის თვიდან უნდა დაიწყოს. მოპასუხეთა მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის ინფორმაცია ადასტურებს, რომ კრედიტორმა გაცილებით ადრე, 2016 წლის სექტემბერში, იცოდა მოვალის გარდაცვალების თაობაზე და მას კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში პრეტენზია არ წარუდგენია გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებისათვის, თუმცა, მოპასუხეთა პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოშივე გაქარწყლდა, რადგან კრედიტორის წარმომადგენელი - ი.შ–ძე სხვა კრედიტორის - გ. ნ–ის (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) ინტერესებს წარმოადგენდა უფრო ადრე (იხ. ტ.1, ს.ფ. 199), სანამ მოსარჩელე აღძრავდა სარჩელს და წარმომადგენლის მიერ საკუთარი მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების თარიღი ვერ დაედება საფუძვლად კრედიტორის მტკიცების გაბათილებას. საქმის მასალებშია მოსარჩელის (კრედიტორის) მიერ 2017 წლის 14 ივლისს გაცემული მინდობილობა ი.შ–ძეზე (იხ. ტ.1, ს.ფ.29-31), რომელიც დამატებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის მოსარჩელეს 2016 წელს არ წარმოადგენდა ის პირი (ი.შ–ძე), რომელმაც ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრის თვეში მოითხოვა ინფორმაცია საკუთარი მარწმუნებლისათვის.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 1484.1 მუხლის საფუძველზე, იურიდიულად ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნას - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულების მისი მემკვიდრეებისათვის (მოპასუხეებისთვის) დაკისრების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, კრედიტორს მსესხებლის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნა სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე არ წარუდგენია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ სარჩელს პროცესუალურ-სამართლებრივი და მატერიალურ-სამართლებრივი მხარე გააჩნია. დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა წარმოადგენს სარჩელის პროცესუალურ-სამართლებრივ გამოვლინებას, ხოლო მოპასუხისადმი მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მხარეა. ეს იმას გულისხმობს, რომ სარჩელს პროცესუალური თვალსაზრისით არ ექნება წარმატება, თუ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ნამდვილი, ან განხორციელებადი არ იქნება. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის განვრცობითი, და არა სიტყვა-სიტყვითი, განმარტების მიხედვით, მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე პირის ან პირების (კრედიტორი/ები) უფლებას, ხელშეკრულებიდან ან კანონიდან გამომდინარე ვალდებულების ძალით, მეორე პირისგან ან პირებისგან (მოვალე/ები) მოითხოვოს გარკვეული ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა – მოქმედებისაგან თავის შეკავება) განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მატერიალურ-სამართლებრივი გაგებით უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, ანუ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმიდან/ნორმებიდან უნდა გამომდინარეობდეს სწორედ ის შედეგი, რომლის მიღწევაც მას სურს.
30. საკასაციო სასამართლომ ერთერთ საქმეზე განმარტა: რაც შეეხება კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების ექვსთვიან ვადას (სსკ-ის 1488-ე მუხლი), კრედიტორს ის არ დაურღვევია, რადგან სარჩელი წარდგენილია იმ დღიდან ექვსი თვის ვადაში, როცა კრედიტორმა მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო (იხ. სუსგ N361-337-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი)
31. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კრედიტორის მიერ მამკვიდებლის მემკვიდრეებისათვის სარჩელის აღძვრის გზით, სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ საპრეტენზიო ვადის დაცვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, თუ რა გზით განახორციელებს კრედიტორი პრეტენზიის წარდგენას, სასამართლოში სარჩელის წარდგენით ამ უფლების განხორციელება ნიშნავს მემკვიდრეების წინაშე მოთხოვნის (პრეტენზიის) გაცხადებას.
32. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების მიმართ მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2017 წლის 22 აგვისტოს, ანუ მას შემდეგ, რაც ნოტარიუსის 2017 წლის 13 ივნისის დადგენილებით სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი ეთქვა (იხ. სააპელაციო სასამათლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გაერემოებები- ტ.2, ს.ფ.146) შესაბამისად, კასატორების პრეტენზია მოსარჩელის მხრიდან უფლების არსებობის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორების (კრედიტორების) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. ბ-ბ–ის, ნ. ბ–ის, გ. ბ–ის, ს. ბ–ის და დ. ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ც. ბ-ბ–ს (პ/ნ .....), ნ. ბ–ს (პ/ნ .....), გ. ბ–ს (პ/ნ ....), ს. ბ–ს (პ/ნ ......) და დ. ბ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე, ნ.ქ–ას (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3279,35 ლარის (საგადახდო დავალება N9995875868, გადახდის თარიღი 2020 წლის 19 ოქტომბერი, საგადახდო დავალება N10120713525, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 ნოემბერი), 70% – 2295,54 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე