საქმე №ას-848-848-2018 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ქ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ. თბილისში, ........ ქ. №7ბ-ში, ს/კ №..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 1254.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა ჯ.ქ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) საკუთრებაშია (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 13-14).
2. ქ. თბილისში,........ ქ. №7ბ-ში, ს/კ№..... მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 133 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი №1, საერთო ფართით 117.78 კვ.მ. 06/05/2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ.მ–ის საკუთრების უფლებით (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 16-17).
3. ქ. თბილისში, პ. ........ ქ. №7ბ-ში, ს/კ№...... მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 133 კვ.მ. შენობა-ნაგებობის პირველი სართული საერთო ფართით 51.47 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი (მხოლოდ შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართიდან) 25.75 კვ.მ. 10/08/2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნ.გ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრების უფლებით. მ.მ–ს, ზემოაღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში დარჩა შენობა-ნაგებობის მეორე სართული საერთო ფართით 60.86 კვ.მ. (გარდა შენობა ნაგებობის განაშენიანების ფართიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 25.75 კვ.მ. ფართისა; იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 81-82). ამდენად, ნ.გ–ძისა და მ.მ–ის თანასაკუთრებაშია ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მოსარჩელის საკუთრება პირველ სართულზეა მოთავსებული, ხოლო მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების წინამორბედი მესაკუთრის - მ.მ–ის საკუთრება მეორე სართულზეა განთავსებული (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1, ს.ფ.81-82).
4. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22/04/2016 წლის №5002160416 დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, ........ ქ. №7ბ-ში ს/კ№....... რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №1 შენობის პირველ სართულზე შემავალ კარებთან საფეხმავლო (ორგასასვლელიანი) მისასვლელი გზა შეიძლება მოეწყოს შენობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან ისე, როგორც ეს მითითებულია დასკვნის №2 დანართზე. აღნიშნული გზის მოწყობის შემთხვევაში გზის მცირედი ნაწილი მოხვდება ამავე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო ძირითადი ნაწილი კი მოხვდება №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ფართით 4.7 კვ.მ, რომელიც მოპასუხის საკუთრებად ირიცხება (იხ. ტ. 1, ს/ფ 26-29).
5. სარჩელის საფუძვლები
5.1. მ.მ–მა, 2016 წლის 25 მაისს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით. მან სარჩელში მიუთითა, რომ საკუთარი ხარჯებით გადაიტანა მისი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის შესასვლელი კარი უკიდურეს მარცხენა კედელზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ აქვს მისასვლელი საკუთარ ფართთან, რადგან კარის გაღებისთანავე ფეხს დგამს მოპასუხის საკუთრებად რიცხულ მიწის ნაკვეთზე, რასაც მოწინააღმდეგე აპროტესტებს და მასთან უთანხმოება აქვს. ეს საკითხი ნათლად ჩანს 22.04.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნით # 500216-416; მოსარჩელეს სხვა მისასვლელი ან რაიმე დამაკავშირებელი, ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან და კომუნიკაციებთან არ აქვს (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.2).
5.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით (იხ. ტ.1, ს.ფ.71-77) საქმეში მ.მ–ის უფლებამონაცვლედ მოსარჩელე ჩაება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).
5.3. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებზე მითითებით მოითხოვა, დადგინდეს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე (ს/კ №.....) შესასვლელ კართან მისასვლელი საფეხმავლო-ორგასასვლელიანი აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........ ქ. №7 ბ, ს/კ№..........
6. მოპასუხის შესაგებელი
6.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მან მ.მ–ს ქ. თბილისში,........ ქ. №7ბ, ს/კ №...... მდებარე უძრავი ქონება მიჰყიდა. მასვე გადასცა სახლის პროექტი, სადაც კარგად ჩანს ყველა ღიობი, ასევე, გადასცა 0,75 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მ.მ–მა სახლის შესასვლელი კარები აღმოსავლეთიდან თვითნებურად გადაიტანა ჩრდილოეთით, ასევე, უნებართვოდ დაამატა სამი ფანჯარა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 180-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე, 180-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში,........ ქ. №7ბ-ში მდებარე უძრავ ქონებაში ყოფილმა მესაკუთრემ მ.მ–მა სათანადო ნებართვის გარეშე განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ამოქოლა პროექტით გათვალისწინებული შესასვლელი კარები აღმოსავლეთით და შესასვლელი კარები მოაწყო ჩრდილოეთით. აუცილებელი გზის დადგენა გამოიწვია კარების ჩრდილოეთით გადატანამ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 18/11/2016 წლის №001664 დადგენილებით მ.მ–ი დაჯარიმდა 4000 ლარით, ქ. თბილისში, ........ ქ. №7ბ-ში ს/კ №..... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განხორციელებული უნებართვო რეკონსტრუქციისათვის. იმავე დადგენილების მე-2 პუნქტით დაევალა ქ. თბილისში, ........ ქ. №7ბ-ში ს/კ №...... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ზემოაღნიშნული დადგენილების შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, ........ ქ. №7ბ-ში ს/კ №...... მდებარე უძრავ ქონებაში არსებული მდგომარეობა შეიცვლება და მოთხოვნილი ფორმით აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება აღარ იარსებებს.
7.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში დასახელებული ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არ დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არის საჯარო გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.
8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
8.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისში,....... ქ. #7ბ, ს/კ №..... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მისასვლელი გზა წინა მესაკუთრემ გააუქმა. აპელანტის აზრით საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია საპირისპირო გარემოება, რომ მისასვლელი გზა წინა მესაკუთრეს არ გაუუქმებია.
8.3. აპელანტის მტკიცებით, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.04.2016 წლის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეშვეობით. სასამართლომ არ შეაფასა დასკვნაში არსებული ჩანაწერი, რომელიც შეეხება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ჯეროვან სარგებლობას, კერძოდ, აპელანტმა მიუთითა დასკვნის ნაწილზე, სადაც ნათქვამია, რომ შენობის პირველ სართულს ფაქტობრივი მდგომარეობით გააჩნია მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი, რომელიც მდებარეობს #1 შენობის ჩრდილოეთ ნაწილში, ამ კარებთან მოხვედრა მხოლოდ №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით არის შესაძლებელი. აპელანტის მტკიცებით, საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენების აუცილებლობა საკუთრებით ჯეროვანი სარგებლობის მიზნით.
8.4. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც ეხება საკითხს მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით გაუქმდა თუ არა საჯარო გზასთან არსებული კავშირი. მოწმის დაკითხვის მიუხედავად, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებდა, რომ მ.მ–ს (ყოფილ მესაკუთრეს) თვითნებურად არ გაუუქმებია საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი კარი, სასამართლომ არ შეფასა მოწმის განმარტება და არ ასახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.
8.5. აპელანტის აზრით საცხოვრებელი სახლის ლეგალიზების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სახლის შესასვლელი კარის ადგილმდებარეობის შეცვლის ფაქტი მოწინააღმდეგე მხარის, თუ მ.მ–ის მიერ, ამასთან, ამ მტკიცებულებით არც ის გარემოება დასტურდება, იძლეოდა თუ არა ლეგალიზებული საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის შესასვლელი, მოპასუხის საკუთრების გამოყენების გარეშე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით ჯეროვანი სარგებლობის შესაძლებლობას.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი, წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული გარემოებები და ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს შეფასება გაიზიარა. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ განჩინების 7.2 ქვეპუნქტში მითითებული გარემოება დადგენილად არ მიიჩნია, რადგან ის დოკუმენტი (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის #001664 დადგენილება), რომელიც საფუძვლად დაედო ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გაბათილებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით.
9.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის კუთვნილ ფართში, (მდებარე ქ. თბილისი ........ 7ბ ს/კ №..... შენობა-ნაგებობის პირველი სართული საერთო ფართით 51.47 კვ.მ.) შესასვლელი კარი თავდაპირველად განთავსებული იყო შენობის აღმოსავლეთ (კერძოდ 1-3 ფასადზე) კედელზე და შემდეგ (კარის ღიობი გაუქმდა, ამოიქოლა) მის ნაცვლად, კარის ღიობი მოეწყო შენობის ჩრდილოეთ (კერძოდ ა-ბ ფასადზე) კედელზე (იხ. ს.ფ. 88-93, ასევე თვალსაჩინოებისათვის იხ. ს.ფ. 30, 58; 60-62).
9.4. საქმეში წარმოდგენილი შენობის პროექტის (იხ. ს.ფ. 88-93) მონაცემების, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი 2016 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმისა და ამავე სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის #001664 მითითების საფუძველზე (იხ. ს.ფ. 95-97), სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ არსებული მდგომარეობით შენობის ჩრდილოეთ კედელზე მოწყობილი კარის ღიობი შენობის პროექტით გათვალისწინებული არ არის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღნიშნული კარის ღიობი დაექვემდებარა გაუქმებას (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას) ან შესაბამისი ნებართვის მოპოვებას. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 სექტემბრის შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მესაკუთრემ არ შეასრულა შენობის ჩრდილოეთ კედელზე უნებართვოდ მოწყობილი კარის ღიობის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (ე. ი. კარის ღიობის შენობის აღმოსავლეთ კედელზე აღდგენის) შესახებ ვალდებულება. შესაბამისად, დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტი (თავდაპირველი მოსარჩელის მ.მ–ის უფლებამონაცვლე) დასახელებულ მისამართზე კუთვნილ ფართში შესასვლელად აუცილებელი გზის დადგენას ითხოვს სწორედ შენობის ჩრდილოეთ კედელზე უნებართვოდ მოწყობილ იმ კარის ღიობთან, რომელიც გაუქმებას ექვემდებარება.
9.5. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ აუცილებელი გზის დადგენისათვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთს (უძრავ ნივთს) არ უნდა ჰქონდეს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან და, ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზა უნდა იყოს საჯარო გზასთან ერთადერთი დამაკავშირებელი გზა.
9.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია იმ გარემოებების გამორკვევა-დადგენა, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზა (იხ. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22/04/2016 წლის №5002160416 დასკვნის დანართი #2, ტ. 1, ს.ფ. 32) საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას და წარმოადგენს თუ არა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი გზა მოსარჩელის კუთვნილ ფართში მოსახვედრად, ერთადერთ საშუალებას.
9.7. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ მის კუთვნილ ფართში შესასვლელად მოწყობილი კარის ღიობის კანონიერების საკითხის მოწესრიგებამდე შეუძლებელია იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა დასახელებული ექსპერტიზის დასკვნის #2 დანართით (ტ. 1, ს.ფ. 32) გათვალისწინებული გზა, აპელანტის კუთვნილი ფართის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად ჯეროვან და ერთადერთ კავშირს (გზას). მოსარჩელის კუთვნილ ფართში შესასვლელად შენობის ჩრდილოეთ კედელზე მოწყობილი, არსებული კარის ღიობზე შესაბამისი ნებართვის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, დგება ამ კარის ღიობის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, მაშასადამე - ფართში შესასვლელად კარის ღიობის შენობის აღმოსავლეთ კედელზე მოწყობის აუცილებლობა. ამ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ ექსპერტიზის დასკვნის #2 დანართით გათვალისწინებული გზის ვერსია არაადეკვატური აღმოჩნდება, ვინაიდან ამ დასკვნის ფარგლებში გამოკვლეული იყო მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზე არსებული კარის ღიობის გათვალისწინებით საჯარო გზასთან დასაკავშირებლად აუცილებელი გზის შესახებ საკითხი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის შეზღუდვა მოსარჩელის აუცილებელი გზის უფლებით და მისთვის თმენის ვალდებულების დაკისრება იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს არ აქვს მოწესრიგებული იმ კარის ღიობის კანონიერების საკითხი, რომელთან მისასვლელადაც უნდა დადგინდეს აუცილებელი გზის უფლება, გაუმართლებელი იქნება, მით უფრო, რომ როგორც უკვე აღინიშნა, არსებული კარის ღიობზე შესაბამისი ნებართვის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, დგება ამ კარის ღიობის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა, ასეთ ვითარებაში კი, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ აუცილებელი გზის შემოთავაზებული ვერსია ვერ იქნება განხილული საჯარო გზასთნ კავშირის დასამყარებელ ერთადერთ და ჯეროვან გზად.
9.8. საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიტანა აღნიშნული კარის ღიობი - თავდაპირველმა მესაკუთრემ, თუ მ.მ–მა (თავდაპირველმა მოსარჩელემ), კონკრეტულ შემთხვევაში აღარ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, ვინაიდან მოსარჩელე, როგორც უკვე აღინიშნა, ვერ ადასტურებს სსკ-ის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის მაკვალიფიცირებელი წინაპირობის არსებობას.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის წარდგენით მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის საკასაციო პრეტენზიები მის მიერ წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიების იდენტურია (იხ. ამ განჩინების 8.2-8.5 ქვეპუნქტები).
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე საქმის ზეპირი განხილვის ფორმით მოსმენის დროს, სასამართლომ მორიგება შესთავაზა მხარეებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში ამაზე იყო საუბარი და მცდელობა, თუმცა მორიგება არ შედგა. მხარეებმა მორიგების ფარგლებში განმარტეს ფაქტობრივი მდგომარეობა თითოეულის საკუთრებით სარგებლობასთან დაკავშირებით. კასატორის მოწინააღმდეგემ უარი განაცხადა მორიგებაზე იმ საფუძვლით, რომ კარები გადაიტანა წინა მესაკუთრემ მ.მ–მა და თვითონვე შეიქმნა პრობლემები. მოსარჩელემ პირველ სართულზე შეიძინა ბინა მ.მ–ისაგან, ამ უკანასკნელს მეორე სართულზე აქვს საკუთრებაში ბინა, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი, ეზო და სრულიად იზოლირებულია მოსარჩელის საკუთრებისაგან. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის ბინაში ამჟამად ცხოვრობენ იპოთეკარები, რომლებიც ხმაურობენ, სარეცხს ფენენ მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე, რადგან სხვა ადგილი არ აქვთ. მოპასუხე 5-სართულიან სახლს აშენებს და არ სურს მომავალ მესაკუთრეებს საკუთრებით სარგებლობისას პრობლემები შეექმნათ.
11.2. კასატორის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზე (იხ. ტ.1, ს.ფ.25-33), რომელმაც ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავა საკუთრებით სარგებლობის, ასევე, ისაუბრა ფაქტების კონსტატაციის ოქმზე და განმარტა, რომ მაინც პრობლემური იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულება. კასატორის წარმომადგენელმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა მ.მ–მა თვითნებურად გადაიტანა კარები, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავდაპირველი მოსარჩელის იმდროინდელი წარმომადგენლის შეცდომაა და ეს გარემოება (კარების თვითნებურად გადატანა) დასტურდება მოწმეთა განმარტებებით, რომლებიც სასამართლომ დაკითხა, თუმცა, არ ასახულა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება/განჩინებაში, ასევე, წარდგენილია ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საჩივრები, რაც ამ ეტაპზე ორი ინსტანციის სასამართლოში მ. მ–ის სასარგებლოდ დასრულდა და საკასაციო სასამართლო იხილავს ამჟამად.
11.3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ, კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა მოსაზრებები და მტკიცებულებები. საკასაციო საჩივრის განხილვის სამოქალაქოსაპროცესო მოწესრიგებიდან გამომდინარე, მხარეს მხოლოდ საკუთარი საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში შეუძლია დამატებით წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში სასამართლო ვერ მიიღებს ახალ მტკიცებულებებს, ისევე, როგორც ვერ იმსჯელებს მხარის მიერ მითითებულ ისეთ ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზედაც არ ყოფილა დამყარებული სარჩელი ან შესაგებელი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობის და მათი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ხორციელდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ არსებითად განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
14. საკასაციო სასამართლო შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
15. სასამართლო ვალდებულია, ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, შეამოწმოს საკასაციო პრეტენზია და სწორედ ამ ფარგლებში იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მართებულად განსაზღვრა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის წინაპირობების შემოწმების გზით მიმდინარეობს მსჯელობა და დასკვნის გამოტანა, ანუ სამართლებრივი საფუძვლის მოძიების შემდეგ, სასამართლო აფასებს, ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობაში გადმოცემულ საფუძვლებს რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მათ დასადასტურებლად სასამართლოსათვის შეთავაზებული მტკიცებულებები.
16. სსკ-ის 180-ე მუხლის, როგორც საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმის, გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნორმის მიზნის განსაზღვრა, რაც მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფაში გამოიხატება. „ამ მიზნის მისაღწევად ნორმა ვალდებულებას აკისრებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არ აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის. გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს ეს კავშირი, მოიპოვებს მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია. სარგებლობის უფლება- ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე.წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus necessaria”) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა“ (იხ. ლევან თოთლაზე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 180, ველი 1).
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.“ (სხვა მრავაკლთა შორის შეად. სუსგ-ებს N ას-965-2019, 10.04.2020წ; N ას-1513-2018, 08.02.2019წ; N ას- 11901-2018, 22.11.2019წ;).
18. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ კასატორის (მოსარჩელის) წინამორბედმა უძრავი ქონების მესაკუთრემ თვითნებურად, სათანადო ნებართვის გარეშე განახორციელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ამოქოლა პროექტით გათვალისწინებული შესასვლელი კარები აღმოსავლეთით და შესასვლელი კარები მოაწყო ჩრდილოეთით, თუმცა, ამ გარემოების გამორიცხვას დადგენილი ფაქტებიდან, კონკრეტულ საქმეზე მოსარჩელისათვის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის გამოწვევა მაინც არ შეუძლია, რადგან საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 სექტემბრის შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ მესაკუთრემ (ამ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი ქონების წინამორბედმა მესაკუთრემ) არ შეასრულა შენობის ჩრდილოეთ კედელზე უნებართვოდ მოწყობილი კარის ღიობის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (ე. ი. კარის ღიობის შენობის აღმოსავლეთ კედელზე აღდგენის) შესახებ ვალდებულება. კასატორი, რომელიც თავდაპირველი მოსარჩელის მ.მ–ის უფლებამონაცვლეა, მის კუთვნილ ფართში შესასვლელად აუცილებელი გზის დადგენას ითხოვს სწორედ შენობის ჩრდილოეთ კედელზე უნებართვოდ მოწყობილ იმ კარის ღიობთან, რომელიც გაუქმებას ექვემდებარება. საკასაციო სასამართლოს მიერ სრულად არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მის კუთვნილ ფართში შესასვლელად მოწყობილი კარის ღიობის კანონიერების საკითხის მოწესრიგებამდე, ფაქტობრივად შეუძლებელია იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენს თუ არა მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის #2 დანართით (ტ. 1, ს.ფ. 32) გათვალისწინებული გზა, კასატორის კუთვნილი ფართის საჯარო გზასთან დასაკავშირებლად ჯეროვან და ერთადერთ კავშირს (გზას). კასატორის (მოსარჩელის) კუთვნილ ფართში შესასვლელად შენობის ჩრდილოეთ კედელზე მოწყობილი, არსებული კარის ღიობზე შესაბამისი ნებართვის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, დგება ამ კარის ღიობის გაუქმებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა, ანუ ფართში შესასვლელად კარის ღიობის შენობის აღმოსავლეთ კედელზე მოწყობა გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში კი ცალსახაა, რომ ექსპერტიზის დასკვნის #2 დანართით განსაზღვრული გზის ვერსია არაადეკვატური აღმოჩნდება, ვინაიდან ამ დასკვნის ფარგლებში გამოკვლეულია მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზე არსებული კარის ღიობის გათვალისწინებით საჯარო გზასთან დასაკავშირებლად აუცილებელი გზის შესახებ საკითხი. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოპასუხის შეზღუდვა მოსარჩელის აუცილებელი გზის უფლებით და მისთვის თმენის ვალდებულების დაკისრება შეუძლებელია, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეს არ აქვს მოწესრიგებული იმ კარის ღიობის კანონიერების საკითხი, რომელთან მისასვლელადაც უნდა დადგინდეს აუცილებელი გზის უფლება; ასეთ ვითარებაში კი მოსარჩელის სასარგებლოდ აუცილებელი გზის დადგენა გაუმართლებელი იქნება, ამასთან, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა აღუსრულებელი აღმოჩნდეს, რადგან იმ დაშვებით, რომ არსებული კარის ღიობზე ვერ იქნება მოპოვებული შესაბამისი ნებართვა, დადგება უკანონოდ (დარღვევით) მოწყობილი კარის ღიობის გაუქმებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე მოსარჩელის მიერ, თუნდაც ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მომზადებული აუცილებელი გზის ვერსია ვერ იქნება მიჩნეული საჯარო გზასთნ კავშირის დასამყარებელ ერთადერთ და ჯეროვან გზად. მოცემულ ვითარება გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას, შესაბამისად, სხვა გარემოებებზე მსჯელობა საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია.
19. კასატორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე