საქმე №ას-1108-2020 13 ნოემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ე.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ სარჩელი შპს „ე.გ.ფ ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1) დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა. ასევე - მოწინააღმდეგე მხარის სახელწოდება, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი; 2) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; 3) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
5. კომპანიის დირექტორმა, 2019 წლის 6 დეკემბერს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კომპანიას ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
7. აპელანტმა 2020 წლის 8 იანვარს სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ელექტრონულ ვერსიასთან ერთად და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება იშუამდგომლა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა და დაევალა, სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა; 2) მოწინააღმდეგე მხარის სახელწოდება, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი; 3) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
9. კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადავადება იშუამდგომლა, რადგან კომპანიის ანგარიშებს ყადაღა ადევს, სხვა ქონება ან რაიმე შემოსავალი აპელანტს არ გააჩნია.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა 10 დღით გაუგრძელდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48-ე მუხლის საფუძველზე კომპანიას სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდეს.
11. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინების ასლი აპელანტს არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც სასამართლო შეტყობინებები ჰბარდებოდა მხარეს. 2020 წლის 2 და 8 აპრილის საფოსტო უკუგზავნილებში მითითებულია, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა; მისამართზე არავინ იყო; ფოსტის კურიერმა დატოვა შეტყობინება, სადარბაზოს კარი ჩაკეტილი იყო. 2020 წლის 13 აპრილის საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ გზავნილი უბრუნდება გამგზავნს შენახვის ვადის გასვლისა და მოუკითხაობის გამო. 2020 წლის 7 და 11 მაისის საფოსტო უკუგზავნილებში მითითებულია, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა, მისამართზე არავინ იყო, ფოსტის კურიერმა დატოვა შეტყობინება, სადარბაზოს კარი ჩაკეტილი იყო. 2020 წლის 14 მაისის საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ გზავნილი უბრუნდება გამგზავნს შენახვის ვადის გასვლისა და მოუკითხაობის გამო.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
13. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70.1-ე, 71.1-ე, 71.2-ე, 73.1-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კომპანიის დირექტორს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში, მის მიერ, მითითებულ მისამართზე ორჯერ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 მარტის განჩინება (იხ. ამ განჩინების მე-11 მუხლი) კომპანიის დირექტორისათვის ჩაბარებულად ითვლება 2019 წლის 14 მაისს (მეორედ გაგზავნისას კურიერის ბოლო ვიზიტი). სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა 2019 წლის 25 მაისის 24:00 საათამდე ჰქონდა (რადგან 24 მაისი იყო კვირა, დასვენების დღე). აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც სსსკ-ის 368.5-ე, 372-ე, 374.2-ე მუხლების თანახმად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
14. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება მოითხოვა სააპელაციო სასამართლოსათვის, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
15. კერძო საჩივრის ავტორმა სსსკ-ის 70-ე, 71-ე, 78-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლომ ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ სრულად არ ამოუწურავს განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების კანონით გაწერილი საშუალებები. სასამართლოს განჩინების აპელანტისათვის ჩაბარება არ დაუვალებია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ან პოლიციისათვის.
16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და გაუმართლებლად უზღუდავს მხარეს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
19. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
20. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებით განსაზღვრული მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შეად. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მას არ ჩაჰბარებია, რის გამოც ითხოვს გაშვებული ვადის აღდგენას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1-ე მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 71.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსახვავებული წესით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოს გზავნილები ეგზავნებოდა მის მიერ მითითებულ იმ მისამართზე, სადაც მოპასუხეს (კომპანიის დირექტორს) გზავნილები ყოველთვის ჰბარდებოდა. საკასაციო სასამართლო ამ გარემოებაზე მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან აპელანტს გზავნილი, ორჯერ გაგზავნის მიუხედავად, მის მიერ მითითებულ მისამართზე არ ჩაჰბარდა, სასამართლო გზავნილი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება (სსსკ-ის 71.2-ე მუხლი). რაც შეეხება, კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სსსკ-ის 71.3-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობებინა ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ან პოლიციის მეშვეობით ჩაებარებინა განჩინების ასლი აპელანტისათვის, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ამ პრეტენზიას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გზავნილი იგზავნებოდა თავად მოპასუხის მიერვე მითითებულ მისამართზე (ეს არ იყო სასამართლოდან კომპანიის სახელზე პირველად გაგზავნილი გზავნილი), მისამართი იყო სწორი (რასაც კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს) და აპელანტს ყოველთვის ჰბარდებოდა აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს გზავნილები. საფოსტო უკუგზავნილებით დასტურდება, რომ კურიერი ექვსჯერ გამოცხადდა მისამართზე, დატოვა შეტყობინებები, თუმცა ფოსტას კომპანიიდან არავინ გამოეხმაურა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ასლი ჩაბარებულად ითვლება კურიერის ბოლო ვიზიტისას (2019 წლის 14 მაისი), აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულად განაპირობა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხ. „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), no. 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), no. 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A no. 262). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (იხ. „ოზგურ-კარადუმანი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Ozgur-Karaduman v. Germany (dec.), no. 4769/02, 26/06/2007; „ვებერი გერმანიის წინააღმდეგ“ (განჩინება), (Weber v. Germany (dec.), no. 30203/03, 02/10/2007; და „ზადოვნიკი სლოვენიის წინააღმდეგ“, (Zavodnik v. Slovenia), no. 53723/13, § 70, 21/05/2015).
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მხარის მიმართ სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სსსკ-ით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ; .)).
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე.ჯ–ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე