საქმე №ას-1120-2020 27 ნოემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე–მა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი შპს „ე–მას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და მის გამოსასწორებლად განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადა განესაზღვრა. აპელანტს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 7 000 ლარი.
4. აპელანტმა 2020 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის ორი კვირით გადადება ითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 14 დღით გაუგრძელდა.
6. მოპასუხემ 2020 წლის 13 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა, კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გამო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა 20 დღით გაუგრძელდა.
8. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 16 დეკემბერს წარადგინა. 2020 წლის 13 თებერვლის განცხადებაზე დართული ამონაწერიდან დგინდება, რომ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 2019 წლის 14 მაისს დარეგისტრირდა. აპელანტის წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში არაფერს უთითებდა კომპანიის გადახდისუუნარობის შესახებ. აპელანტის წარმომადგენელი არც 2020 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაში უთითებდა აღნიშნულ მიზეზს, არამედ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება ითხოვა, რადგან განჩინების ჩაბარების შემდეგ დასვენების დღეები იყო და ამ მიზეზით ვერ მოახერხა ხარვეზის გამოსწორება.
9. აპელანტმა, 2020 წლის 12 მარტს შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა, რადგან კომპანიის საბანკო ანგარიშებს 2020 წლის 17 იანვრიდან ადევს ინკასო, რის გამოც კომპანია ფინანსურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაუგრძელდა.
11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს არ უქმნის მყარ ვარაუდს, რომ კომპანია გადახდისუუნაროა და არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა, თუ სხვა რა სახის უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობს კომპანია საქმის განხილვის დროისათვის.
12. აპელანტმა, 2020 წლის 25 მაისს, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან 2020 წლის 21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კომპანია აღმოჩნდა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, სრულად შეჩერდა საქმიანობა და შესაბამისად შეწყდა შემოსავლების მიღება, კომპანიაში შეიქმნა მძიმე ფინანსური კრიზისი.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
14. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48.1-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარე ამას მოითხოვს და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც სახელმწიფო ბაჟის გადავადების აუცილებლობაზე მეტყველებს.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულია, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს. ამასთან, სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რაც, თავის მხრივ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს (სუსგ #ას-50-2020). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნას მართლზომიერად და კეთილსინდისიერად.
16. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 48.1-ე, 102-ე, 59-ე, 63-ე, 368.5-ე მუხლებით იხელმძღვანელა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დატოვა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა.
18. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 13 თებერვალსა და 12 მარტს წარდგენილ განცხადებებს დაურთო კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ქონება დატვირთულია იპოთეკით, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა და ცნობა მომსახურე ბანკებიდან, რომლითაც დასტურდება, რომ კომპანიის ანგარიშებს ინკასო ადევს.
19. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეულია პანდემიით. პანდემიით გამოწვეული კრიზისი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მას მტკიცება არ სჭირდება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ კომპანიის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
22. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
23. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებით განსაზღვრული მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
24. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის, 2020 წლის 20 იანვრის, 2020 წლის 17 თებერვლის, 2020 წლის 16 მარტის განჩინებებით აპელანტს ევალებოდა, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი გამოესწორებინა. კომპანიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 16 დეკემბერს წარადგინა, 2020 წლის 25 მაისს, კიდევ ერთხელ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადავადება და მსოფლიოში არსებულ გლობალურ კრიზისზე მიუთითა. სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენამდე გასულია ხუთ თვეზე მეტი, ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი არაერთი განცხადება განსხვავებულ მოტივებს ეფუძნება. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტი იურიდიული პირია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟის სრული ოდენობით გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან გათავისუფლების შუამდგომლობა შესაძლებელია წარადგინოს მოქალაქემ (ფიზიკურმა პირმა და არა იურიდიულმა პირმა), თუ იგი დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რასაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეაფასებს სასამართლო. ამასთან, სსსკ-ის 37.2-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებულინ ხარჯები. კანონმდებელი სსსკ-ის 38-ე და 39-ე მუხლებით განსაზღვრავს, თუ რა წესით წარმოებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამ შემთხვევაში უთითებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოწესრიგებაზე, ასევე- რას შეადგენს ბაჟის ოდენობა, ხოლო სსსკ-ის 46-ე მუხლი ადგენს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს, როგორც იურიდიულ პირს, სასამართლომ საკმარისად გონივრული ვადა არაერთხელ განუსაზღვრა განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო რადგან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და კვლავაც შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის, საქმის დასრულებამდე, გადავადების მოთხოვნით, მისი განცხადების მოტივაცია არ იქნა გაზიარებული და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, რადგან აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოსათვის დამაჯერებელი მტკიცებულებები წარედგინა, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი სააპელაციო საჩივარზე, უკვე 5 თვის მანძილზე სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, ხარვეზის გამოსწორება.
25. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შეად.სუსგ #ას-1397-2019, 21.11.2019 წ.).
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (შეად. სუსგსაქმე №ას-1324-2018, 16.11.2018წ.).
28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მხარის მიმართ სსსკ-ის მე-2 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლი), თუმცა ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა დასაშვებია ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სსსკ-ით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე, გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მათი გადახდა (სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლოს ხელმისაწვდომობა თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის გარანტირებულ უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
29. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს არ დაუცავს არც სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული წესები და არც კანონით დეკლარირებული წინაპირობა ქონებრივი მდგომარეობის დადასტურებისა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტის ქცევა საპროცესო ვადის უსასრულოდ გაგრძელების შესახებ შუამდგომლობების წარდგენის თაობაზე სცდებოდა მართლმსაჯულების ინტერესებს, რის გამოც, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით, სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი (შეად. სუსგ #ას-877-819-2017, 11.10.2017 წ.).
30. დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (შეად.სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1238-1178-2014). აპელანტს საკმარისი და გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად. მისი მოთხოვნით საპროცესო ვადა არაერთხელ გაგრძელდა, შესაბამისად, ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება გამოიწვევდა საქმის განხილვის ვადის გაუმართლებელ გაჭიანურებას და ხელყოფდა მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.
31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ე–მას" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე