Facebook Twitter

საქმე №ას-1522-2019 12 თებერვალი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – წალკის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „№. ს.ს.ს–ო“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „№. ს.ს.ს–ოსა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, მენარდე ან კომპანია) და წალკის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, მერია, აპელანტი, შემკვეთი, შემსყიდველი ან კასატორი) შორის, 2013 წლის 4 სექტემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/100 ხელშეკრულება ქ. წალკის, .... ქუჩების საავტომობილო გზის რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება - 367850 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა 2013 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრა (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს.ფ. 20-24).

2. ქ. წალკაში, ..... ქუჩების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე-2 მუხლის 2.4 პუნქტის თანახმად, შუალედური ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მაქსიმუმ სამჯერ, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 60%-ისა, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერს დამკვეთის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.

3. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.

4. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას მის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მინიმუმ 4 წლის განმავლობაში, სწორი ექსპლოატაციის პირობებში და იღებს ვალდებულებას, აღმოფხვრას ყველა გამოვლენილი დეფექტი ან/და ნაკლი შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.

5. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვების ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებით (მიღება ჩაბარების აქტი, ან შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი), შემსყიდველის და მიმწოდებელის საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ექსპერტიზის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.

6. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით გონივრულ ვადებში აცნობოს მიმწოდებელს საქონლის შემოწმების დროს აღმოჩენილი რაიმე წუნის შესახებ.

7. 2013 წლის 08 ოქტომბერს შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის 1/100-1, თანახმად, გამგებლის 2013 წლის 01 აპრილის #51 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეამოწმა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და დაადგინა, რომ წარდგენილი შუალედური შესრულება ედრება ფაქტიურად შესრულებულს, რის შედეგადაც ჩატარებული სამუშაოები მიღება-ჩაბარებულად ითვლება. (იხ. ტ. 2, ს.ფ. 11-13).

8. 2013 წლის 21 ოქტომბერს შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის 1/100-2 თანახმად, გამგებლის 2013 წლის 01 აპრილის #51 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეამოწმა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და დაადგინა, რომ წარდგენილი შუალედური შესრულება ედრება ფაქტიურად შესრულებულს, რის შედეგადაც შესრულებული სამუშაოები მიღება-ჩაბარებულად ითვლება. (იხ. ტ. 2, ს.ფ. 14-16).

9. 2013 წლის 29 ნოემბერს, შემსყიდველმა კომპანიას წერილობით აცნობა, რომ მიუხედავად მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა, მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნული ალტერნატული ექსპერტიზის მიხედვით, დაგებული ასფალტბეტონი შეუსაბამოა დადგენილ სტანდარტებთან. ამავე წერილით, შემსყიდველმა სთხოვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (2013 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) უზრუნველეყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპარტიზის #005332913 დასკვნაში მითითებული ხარვეზის გამოსწორება. წინაღმდეგ შემთხვევაში, შემკვეთი იმოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30).

10. მენარდე კომპანიის დირექტორმა, 2013 წლის 5 დეკემბერს, წერილობით მიმართა შემსყიდველს და აცნობა, რომ მენარდე მზად იყო, გამოესწორებინა დეფექტები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც შეეხებოდა ასფალტ ბეტონის დანაკლისს და ვარგისიანობას, ამ პერეტენზიას მენარდე არ ეთანხმებოდა, ვინაიდან ნორმით საჭირო 1039,20 ტონის ნაცვლად, ფაქტობრივად 1056,10 ტონა ასფალტბეტონის ნარევი დაიხარჯა, რაც დასტურდება ფაქტურებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31-34).

11. მენარდე კომპანიის დირექტორმა 2013 წლის 13 დეკემბერს მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას და აცნობა, რომ ყველა ის დეფექტი, რაც გამოვლენილია ამჟამად და რაც შეიძლება შემდგომში გამოვლინდეს მენარდის მიზეზით, აღმოფხვრილი იქნებოდა მენარდისავე ხარჯებით სათანადო კლიმატური პირობების დადგომისთანავე, გონივრულ ვადებში. ტექნიკური ნორმებით ა/ბეტონის დაგება დასაშვებია მშრალ ამინდში ზაფხულში +50 C, შემოდგომა-გაზაფხულზე +100 C. წერილს თან ერთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილი, რომლის მიხედვით დაბა წალკის მეტეოროლოგიური სადგურის მრავალწლიანი მონაცემებით ქ. წალკაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დეკემბრის თვეში არის -2,1 გრადუსი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 35-37).

12. მენარდე კომპანიის დირექტორმა 2013 წლის 20 დეკემბერს წერილით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა წერილობითი დასაბუთება, თუ რის საფუძველზე არ დაუდასტურეს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების მოცულობის 40% და რატომ არ უნაზღაურდა მას სამუშაოების მთლიანი ღირებულების 40%, რაც 147 277 ლარს შეადგენს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 38).

13. მიმწოდებელს შემსყიდველის 2013 წლის 20 დეკემბრის წერილით ეცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაინიშნა დამატებითი ექპერტიზა. წარდგენილი 005332913 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შესაბამება სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებელს არ აუნაზღაურა შემსყიდველმა სამუშაოების ღირებულების დარჩენილი 40% (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39).

14. შემსყიდველის 2014 წლის 9 იანვრის წერილით მიმწოდებელს მოეთხოვა, რომ მკაფიოდ განემარტა თავისი პოზიცია, ეთანხმებოდა თუ არა მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული 005332913 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებს სრულად, რათა შემსყიდველს განესაზღვრა გონივრული ვადა დასკვნაში მითითებული ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 2014 წლის 11 მარტის წერილით, მენარდე კომპანიას კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტს. მენარდეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა შემკვეთისათვის ეთანხმებოდა თუ არა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ ხარვეზებს სრულად, რათა განესაზღვრა გონივრული ვადა დასკვნაში მითითებული ყველა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემკვეთი იმოქმედებდა სახელწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით(იხ. ტ. 1, ს.ფ. 40-41).

15. მენარდე 2014 წლის 18 მარტის წერილით არ დაეთანხმა ექსპერტიზის #005332913 დასკვნას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მზადყოფნა გამოთქვა, ყველა პრობლემური საკითხი გადაეწყვიტა შემკვეთთან შეთანხმებით, საჭირო კლიმატური პირობების დადგომისთანავე. (იხ. ტ. 1, ს.ფ. 42-45).

16. შპს ,,ს.ჯ. და ხ.ს–ში” საგამოცდო ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. ასფალტბეტონის ამონაჭრის შედეგი აკმაყოფილებს ГОСТ 9128-84 ასფალტბეტონი და ასფალტბეტონის ნარევები „გზებისა და აეროდრომებისათვის“ მაჩვენებლის მოთხოვნებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-78).

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2013 წლის 27 ნოემბრის #005332913 დასკვნის მიხედვით, ქ. წალკაში ....... ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ხარვეზები: საფარის ზედაპირი ტალღოვანია, უმეტეს შემთხვევაში გადაბმის ადგილების (ე.წ. „სტიკების”) ზედაპირები არ ემთხვევა ერთმანეთს. რამდენიმე ადგილზე შეინიშნება სეგრეგაცია, ერთ ადგილზე ფიქსირდება ბადისებრი ბზარები, ქ. წალკაში .... ქუჩებზე აღებული ა/ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაგებული ა/ბეტონის ხარისხი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-97-ის და CниП3.06.03-85-ის მოთხოვნებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 125-140).

18. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2015 წლის 07 ივლისს გაცემული იქნა #004011015 დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ქ. წალკაში .... ქუჩაზე აღებული ა/ ბეტონის ზედა და ქვედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ასფალტბეტონი წარმოადგენს ტიპი B მარკა II-ის შესაბამის ასფალტბეტონს, თუმცა. მისი ხარისხის პარამეტრები არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ საქმეში არსებულ ინსტიტუტ ,,ს–ბის” მიერ შპს ,,ს–ის” დადგენილ ა/ბეტონის ნარევის რეცეპტს (იხ. ტ. 2 ს.ფ. 135-148).

19. სარჩელის საფუძვლები

19.1 მენარდემ 2014 წლის 12 ივნისს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ, მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 147 277 ლარის დაკისრება და მიყენებული ზიანის - 110250 ლარის ანაზღაურება.

19.2 მოსარჩელემ განმარტა, რომ გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 2013 წლის 16 ოქტომბერს და დაასრულა 2013 წლის 27 ოქტომბერს. სამუშაოების შუალედური დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა 2013 წლი 8 ოქტომბერს და 2013 წლის 21 ოქტომბერს, რაც მთლიანი სამუშაოს 70%-ს წარმოადგენდა, თუმცა მოპასუხემ მხოლოდ 60%-ის ანაზღაურებაზე განაცხადა თანხმობა. მოსარჩელე იძულებული გახდა დათანხმებოდა ამ პირობას.

19.3. სამუშაოები დასრულდა 2013 წლის 27 ოქტომბერს და შესაბამისი დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, წარდგენილი იქნა 2013 წლის 11 ნოემბერს.

19.4. მოპასუხემ, 2013 წლის 29 ნოემბრის წერილით უარი განაცხადა სამუშაოების მიღებაზე. საფუძვლად კი მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს უარყოფით დასკვნაზე.

19.5. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დავალებოდა მენარდე კომპანიასთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და შემკვეთს აენაზღაურებინა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილი, რაც 147 277 ლარს შეადგენს.

19.6. მოსარჩელის მტკიცებით მას, მოპასუხის უკანონო მოქმედებებით, მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა, რაც 110 250 ლარს შეადგენს და მენარდის სასარგებლოდ შემკვეთს უნდა დაეკისროს (იხ. სასაჩელო მოთხოვნა - ტ. 2, ს.ფ. 211).

20. მოპასუხის პოზიცია

20.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას ადასტურებს 2015 წლის 07 ივლისის #004011015 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაგებული ასფალტბეტონის ხარისხის პარამეტრები არ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-97-ის მოთხოვნებს.

21. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

21.1 თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

21.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 390-ე, 477-ე, 648-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

21.3 რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2015 წლის 07 ივლისს გაცემული #004011015 დასკვნა, ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ დაგებული ასფალტბეტონის ხარისხის პარამეტრები არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ ასფალტბეტონის ნარევის რეცეპტს. ხარისხის პარამეტრების შეუსაბამობა მისთვის დადგენილ რეცეპტთან ცალსახად მიუთითებს, ამ სფეროში არსებულ სტანდარეტების დარღვევას, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის- 147 277 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.

21.4. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი ზიანის - 110 250 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც.

22. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

22.1 მოსარჩელემ (მენარდემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

23.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მენარდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

23.1.1 გაუქმდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

23.1.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 147 277 ლარის გადახდა დაეკისრა;

23.1.3. სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

24.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-11-ე, მე-16, მე-17 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - სამუშაოების შესრულებულის ფაქტი.

24.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კომპანიის მიერ სრულად იქნა შესრულებული. ასფალტბეტონის საფარის დაგება დაიწყო 2013 წლის 16 ოქტომბერს და დასრულდა 2013 წლის 27 ოქტომბერს. შესაბამისი დოკუმენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობას წარედგინა 2013 წლის 11 ნოემბერს.

24.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 641-ე „ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო თუ პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის“ მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ შემკვეთის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარების შემთხვევაშიც არ დასტურდება, რომ ნაკლის გამო ნაკეთობა უვარგისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, ან რა რაოდენობით შეამცირა ნაკლმა ნაკეთობის ვარგისიანობა მაშინ, როდესაც მოპასუხე 5 წელია სარგებლობს ამ ნაკეთობით და მასზე რაიმე გამოსასწორებელი სამუშაოების ჩატარება არ დასტურდება.

24.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში შემკვეთი მიუთითებს ნაკეთობის ნაკლზე, თუმცა, მის მიერ არ არის წარდგენილი სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მენარდის მიერ სამუშაოაბის არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში რა ღირებულების სამუშაოებია ჩატარებული და რა ხარჯებია გასაწევი ნაკეთობის ნაკლის გამოსასწორებლად, რომელიც შესაძლოა ასახული ყოფილიყო ნარდობის საზღაურის ოდენობაზე.

24.6 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 644-ე მუხლზე: „ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები“ მითითებით განმარტა, რომ შემკვეთს არ გამოუყენებია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მენარდე ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა შემკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოხმობილი ნორმები იცავს შემკვეთის ინტერესებს ნაკლიანი შესრულების დროს, თუმცა სსკ-ის 642-645-ე მუხლებით გათვალისწინებული შემკვეთის დამატებითი მოთხოვნის უფლებები არ გამორიცახვს ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას.

24.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც შესრულებული სამუშაოები შემკვეთის მიერ მიღებულია, ხელშეკრულების ობიექტი 5 წელია სარგებლობაშია, შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებიდან გასვლა, არც ახალი ნაკეთობის დამზადება, არც ნაკლის გამოსწორება, ამასთან, უცნობია, რა ოდენობის ხარჯები იქნებოდა გასაწევი ან გაწეული შემკვეთის მიერ, მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საზღაურის გადახდაზე უარის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს და მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია.

24.8 აპელანტმა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შესრულებული სამუშაოს საზღაურის დროულად მიღების შემთხვევაში მას განათავსებდა საბანკო ანაბარზე და ამ გზით შეძლებდა წლიური 9%-იანი სარგებლის მიღებას.

24.9 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ დასახელებული საფუძვლები ვერ განიხილება მოვალისათვის მოსალოდნელ სავარაუდო და განჭვრეტად იმგვარ გარემოებად, რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

25. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

25.1 მოპასუხემ (შემკვეთმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

25.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მენარდე კომპანიამ სამუშაოები ხარისხიანად შეასრულა.

25.3. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, რომ მის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი უპასუხებდა ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, საავტომობილო გზის მონაკვეთზე ა/ბეტონის ხარისხის პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.

25.4 შემკვეთის მიერ მენარდისათვის არაერთხელ განსაზღვრული ვადის მიუხედავად, შემსრულებელი არ ეთანხმება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას; მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

25.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდის მიერ დაგებული ა/ბეტონის ხარისხის პარამეტრები შეუსაბამოა მისთვის დადგენილ რეცეპტთან, რაც ცალსახად მიუთითებს ამ სფეროში არსებული სტანდარტის დარღევაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

31. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მიწოდებული მომსახურების ხარისხი არ პასუხობს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს, მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება დარღვეულია და არ არსებობს შემკვეთისათვის თანხის დაკისრების საფუძველი.

32. დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანს ქ. წალკის, .......... ქუჩების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 629-ე მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულება დაიდო.

33. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი).

34. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“. კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად კი შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. დასახელებული ნორმების სისტემური შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება, ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. მას შეუძლია მხოლოდ ნაკლის გამო შეამციროს ანაზღაურება ან მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე უნდა გადანაწილდეს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის. სსკ-ის 648-ე მუხლი ადგენს პრეზუმფციას, რომ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება და მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. აღნიშნული პრეზუმფცია არ არის შეუქცევადი და მისი შებრუნება შეიძლება სამი გზით: ა) შემკვეთმა უნდა მოითხოვოს გონივრულ ვადაში ნაკლოვანების აღმოფხვრა მენარდის ხარჯზე; ბ) ნაკლოვანების შეფასების პროპორციულად შეამციროს გადასახდელი თანხა; გ) თავად გამოასწოროს ნაკლი და მოითხოვოს ხარჯის ანაზღაურება. შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო სრულიად უხარისხო და გამოუსადეგარია. საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (№ას-306-293-2015) მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ (შემკვეთმა) მოსარჩელეს (მენარდეს) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური არ გადაუხადა იმის გამო, რომ მენარდემ ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შეასრულა. ამდენად, შემკვეთი თავადვე ადასტურებს მენარდის მიერ სამუშაოების შესრულების ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს სამუშაოები არაჯეროვნად (უხარისხოდ) შესრულდა“. (იხ. სუსგ № ას-1768-2019, 29 მაისი, 2020 წელი).

35. სსკ-ის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნების ავტონომიის პრინციპის გათვალიწინებით, სამოქალაქო კოდექსი ნივთობრივი ნაკლის არსებობის დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას ნივთის თვისებების თაობაზე. ამდენად, მისი მახასიათებლები, ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში აისახება ცალკეული პირობის სახით და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ნივთის ხარისხი არ მოიცავს მხოლოდ ნივთის მახასიათებელ თვისებებს, არამედ ყველა იმ პარამეტრებს, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილ ექსპლუატაციას, მით უმეტეს, თუ შემკვეთს განსაზღვრული აქვს ამ ნივთის კონკრეტული დანიშნულებით გამოყენება. ამდენად, მხარეთა შეთანხმება ნივთის ხარისხის თაობაზე, წარმოადგენს ნივთის ნაკლოვანების პირველ შესამოწმებელ წინაპირობას.

36. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაუფორმებლობა არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, რაც მას უფლებას აძლევს, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოითხოვოს შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით.

37. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების არსებობა ნაკლიანი შესრულების დადასტურებას, მით უფრო, ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობის დაკარგვას არ ნიშნავს და შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის არსებობა შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლების, ან/და მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება, რომ არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს მიმართა, არამედ - ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, და დაასკვნა, რომ ეს ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს (იხ. სუსგ № ას-1768-2019, 29 მაისი, 2020 წელი).

38. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებას და დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც შესრულებული სამუშაოები შემკვეთის მიერ მიღებულია, ხელშეკრულების ობიექტი 5 წელია ექსპლუატაციაშია, შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებიდან გასვლა, არც ახალი ნაკეთობის დამზადება, არც ნაკლის გამოსწორება, ამასთან, უცნობია რა ოდენობის ხარჯები იქნებოდა გასაწევი ან გაწეული შემკვეთის მიერ, შესრულებული სამუშაოების საზღაურის გადახდაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

39. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის დაკისრებული 147 277 ლარი, სამართლიანი და კანონიერია.

40. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

42. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური