Facebook Twitter

№ას-115-2020 11 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, მხარდაჭერის მიმღები) – ნ.დ–ძე

წარმომადგენელი _ (მხარდამჭერი – ნ.გ–ძე)

მოწინაამდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.პ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.დ–ძემ (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე, კასატორი) 2012 წლის 8 ოქტომბერს ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადო თ.პ–თან (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი). ხსენებულ გარიგებაში მხარეებმა შეიტანეს ცვლილება 2013 წლის 26 აპრილს შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე და მთლიანობაში განსაზღვრეს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 114 260 აშშ დოლარი ასესხა, სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 4 პროცენტი სარგებლით, 2013 წლის 26 ივნისამდე.

2. ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი, ქ.თბილისში, ...... სართულზე მდებარე №48 ბინა (შემდეგში - უძრავი ქონება).

3. 2014 წლის 28 იანვარს კრედიტორის (მოსარჩელე) განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი (შემდეგში - სააღსრულებო ფურცელი) გასცა, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 114 260 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2013 წლის 27 ივნისიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, გადაუხდელი თანხის 0.15%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით, მოვალის განცხადების საფუძველზე, სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეჩერდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის (114 260 აშშ დოლარი) დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა და სესხის ძირითადი თანხის სახით მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 90 500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამავე გადაწყვეტილებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

6. გამსესხებელმა სასამართლოში სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ და ზიანის, 20 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.

6.1. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით (მოვალის განცხადების საფუძველზე) შეჩერებული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება 2016 წლის 1 თებერვალს განახლდა. ამის გამო, მოსარჩელემ სესხის სახით გაცემული 90 500 აშშ დოლარი ორი წლის განმავლობაში ვერ დაიბრუნა, რითაც მას ზიანი მიადგა. მოპასუხესთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე 86 880 აშშ დოლარის სარგებელს მიიღებდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას 20 000 აშშ დოლარის ოდენობით მოითხოვდა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს (მსესხებელი) მოსარჩელის (გამსესხებელი) სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 20 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (გამსესხებელი), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (საარსრულებო წარმოების შეჩერება) გაუმართლებელი იყო, რაც მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევდა.

9.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 199-ე მუხლზე (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად) და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. მასვე ეკისრება დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ცნების ქვეშ, უფლების დროებით შეზღუდვა არ იგულისხმება, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა.შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება.

9.3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მართებულად განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 411-ე მუხლიდან (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სააღსრულებო წარმოება ორი წლით შეჩერდა, კრედიტორი ზიანის დაანგარიშებისას მინიმალური სარგებლის დაკისრებას, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების 1%-ს ითხოვდა. მოპასუხე თავს მხოლოდ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებით იცავდა და ოდენობასთან მიმართებით შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში ივარაუდება, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ორი წლის განმავლობაში, თვეში 1% ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება გონივრული, პროპორციული და სამართლიანია.

სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც კრედიტორის ძირითადი საქმიანობა ფულადი სახსრების განკარგვით შემოსავლის მიღება იყო, მოვალისთვის წინასწარ განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სესხად აღებული თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას მოპასუხისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, მოვალის მიერ ვალდებულების აღების მომენტში საღი აზროვნებისა და მოვლენების გონივრული განსჯის შეუძლებლობა საქმეზე არ დადგენილა, ამიტომ ივარაუდებოდა, რომ ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება არ არსებობდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს მოპასუხე, რომელიც მოითხოვს ამ განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი დასაბუთებით:

10.1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში იშვიათია ნორმები, რომელთა გამოყენება პირდაპირაა შესაძლებელი, როგორც მატერიალური პასუხისმგებლობის წყარო. ასეთი საგამონაკლისოა სსსკ-ის 199.3 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფის მომთხოვნ მხარეს მეორე მხარისათვის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას აკისრებს. ამ მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომა მხოლოდ ორ შემთხვევაშია დასაშვები, კერძოდ, თუკი მოსარჩელეს სარჩელზე უარი ეთქმევა ან თუ მოსარჩელე სარჩელს არ აღძვრავს.

10.2. სსსკ-ის 199.3 მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის უნდა არსებობდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა დგინდებოდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირ უზრუნველყოფის ღონისძიებასა და დამდგარ შედეგს შორის. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ამ ფაქტების მითითება და მტკიცება მოსარჩელეს ევალება. რაკი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, წარმოუდგენელია სარჩელის უსაფუძვლობისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუმართლებლობის მტკიცება.

10.3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არაადეკვატურობაზე არ მიუთითებს. სასამართლოს სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნდა. მოვალის მოთხოვნა იყო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსესხებელი სააღსრულებო ფურცელში ცვლილების ნაწილობრივ შეტანას მოითხოვდა (რა ფორმითაც სასამართლომ სარჩელი გაიზიარა), სააღსრულებო წარმოება მაინც სრულად შეჩერდებოდა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ნაწილობრივ შეჩერების შესაძლებლობას კანონი არ იცნობს. ამდენად, მოვალის მოთხოვნის საფუძველზე გამოყენებული უზრუნველყოფა სრულიად გამართლებულია, მისი მოთხოვნის საფუძველზე აღსასრულებელ დოკუმენტში ცვლილება განხორციელდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო პალატის მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა მოპასუხისათვის სსსკ-ის 199.3 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების საფუძველი.

13. ზემოხსენებული საპროცესო ნორმის მიხედვით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მსესხებლის (მოცემული საქმის მოპასუხე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის (114 260 აშშ დოლარი) დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა და სესხის ძირითადი თანხის სახით მსესხებლის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 90 500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით განხილულ საქმეზე, მსესხებლის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეჩერდა;

მსესხებელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რის გამოც სააღსრულებო ფურცელზე წარმოება მხოლოდ 2016 წლის 1 თებერვალს განახლდა.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

16. მოპასუხის მოთხოვნა სსსკ-ს 199.3 მუხლით გათვალისწინებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე იმ ფაქტობრივ საფუძველს ემყარება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (სააღსრულებო წარმოების შეჩერება) გაუმართლებელი იყო და 2016 წლის 1 თებერვლამდე სააღსრულებო წარმოების შეჩერებით მისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

17. პალატას მიაჩნია, რომ სსსკ-ის 199.3 მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების საფუძველი უნდა ვეძიოთ სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობის ნორმებში. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა გამოწვეული, რომ საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის განხილვის წესებს ადგენს და ამ მიზნის ფარგლებში მხარეთა შორის საპროცესოსამართლებრივ უფლებება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ხოლო მათი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველი მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ასეა მოცემულ შემთხვევაში. სსსკ-ის 199.3 მუხლი ზიანის არსს კი არ განსაზღვრავს, არამედ იგი იმას ადგენს, თუ რა შემთხვევებში სარგებლობს მოპასუხე უფლებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ასეთ დროს, ზიანში მოიაზრება მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ზიანი არ გულისხმობს უფლების დროებით შეზღუდვას, რადგან, როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულება სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და სხვა).

18. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ საფუძველს ქმნის სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ.). მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).

ამავდროულად, არსებობს საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობოთ მიყენებულ ზიანზე. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრულია საპროცენტო განაკვეთი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გვაროვნული ნივთი - ფული, ხოლო კრედიტორის სამეწარმეო საქმიანობა სასყიდლიანი კრედიტის გაცემაა, სსკ-ის 411-ე მუხლის წინაპირობების არსებობა დადასტურებულად მიიჩნევა (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.). ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. იხ. სუსგ №ას-962-2020, 23.12.2020წ.; №ას-566-2020, 29.09.2020წ.; №ას-992-950-2013, 4.03.2014წ.; №ას-1843-2018, 5.04.2019წ.).

ამდენად, თუკი მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორი) მხარეზეა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.), ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმეებში განსხვავებული მიდგომაა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (კრედიტორის ძირითადი საქმიანობა, ფულადი სახსრების განკარგვით შემოსავლის მიღება იყო; ვალდებულების აღების მომენტში მოვალის მიერ საღი აზროვნებისა და მოვლენების გონივრული განსჯის შეუძლებულობა არ დადგენილა) საკმარის საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით 2014 წლის 04 თებერვლიდან (ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერების შესახებ განჩინების მიღების თარიღი) სააღსრულებო ფურცელზე წარმოების განახლებამდე (2016 წლის 1 თებერვალი) ზიანი მიადგა. ეს ზიანი იმაში გამოიხატა, რომ მითითებულ პერიოდში შეუძლებელი იყო, აღსასრულებელი მოთხოვნის აღსრულება მსესხებელთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის საშუალებაზე გადახდევინების მიქცევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზიანის არსებობისა და მისი ანაზღაურების მიზანშეწონილობის შესახებ, კანონშესაბამისია.

19. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოსარჩელისათვის ზიანის სრულად ანაზღაურების თაობაზე. მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას საყურადღებოა სსსკ-ს 199.3 მუხლის შინაარსი, კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით, მოპასუხეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანი თავიდან აიცილოს შემდეგ შემთხვევებში:

1. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე ან გაუქმდა ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფა იმის გამო, რომ პირმა არ აღძრა სარჩელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში;

2. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც მსესხებლის (მოცემული საქმის მოპასუხე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხის (114 260 აშშ დოლარი) დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა და სესხის ძირითადი თანხის სახით მსესხებლის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 90 500 აშშ დოლარით განისაზღვრა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელს მთლიანად კი არ ეთქვა უარი, მისი გარკვეული ნაწილი არ დაკმაყოფილდა. ასეთ პირობებში, სსსკ-ის 199.3 მუხლის საფუძველზე კრედიტორისათვის (დასახელებული გადაწყვეტილებით განხილული საქმის მოპასუხე) ზიანის სრულად ანაზღაურება, არასწორია.

სსსკ-ის 199.3 მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ ნორმის ერთ-ერთი მიზანი კრედიტორისათვის სარჩელის დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა, რადგან უზრუნველყოფის მომთხოვნ მხარეს მეორე მხარისათვის სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ზარალის ანაზღაურება მაშინ ევალება, თუკი მოსარჩელეს სარჩელზე უარი ეთქმევა.

ცხადია, რომ სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგით დასრულდა, მოპასუხისათვის ზიანის მომტანი ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერადაა ცნობილი.

აქედან გამომდინარე და სსსკ-ის 199.3 მუხლის შინაარსი უნდა განიმარტოს არა მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით არამედ კანონის განმარტების ლოგიკური და განვრცობითი მეთოდის გამოყენებით.

კერძოდ, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას, მოპასუხეს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად ზიანი არ უნდა აუნაზღაურდეს, რადგან ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მითითებულ ნაწილში ზიანი ვერ იარსებებს.

პალატის დასკვნით, სსსკ-ის 199.3 მუხლის სხვაგვარი განმარტება დაარღვევს იმ საკანონმდებლო ბალანსს, რომლის დაცვასაც კანონმდებელი ისახავდა მიზნად.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპით უნდა გამოანგარიშდეს, ე.ი. მსესხებლისათვის დასაკისრებელი ზიანი იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ მას გამოაკლდეს უზრუნველყოფის მომთხოვნი მხარის (მსესხებელი, მოვალე) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული თანხა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მომთხოვნ მხარეს (მსესხებელი) დაკისრებული ჰქონდა კრედიტორისათვის (მოცემული საქმის მოსარჩელე) სესხის ძირითადი თანხის, 114 260 აშშ დოლარის გადახდა;

მსესხებელმა აღნიშნული ოდენობა სადავოდ გახადა და სარჩელით მოითხოვა სესხის ძირითადი თანხის (114 260 აშშ დოლარი) 41 000 აშშ დოლარით განსაზღვრა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სესხის ძირითადი თანხა (114 260 აშშ დოლარი) 90 500 აშშ დოლარამდე შემცირდა.

აქედან გამომდინარე ნათელია, რომ, მსესხებელი სადავოდ ხდიდა სესხის ძირითადი თანხიდან (114 260 აშშ დოლარი) მხოლოდ 73 260 აშშ დოლარს, რადგანაც იგი მოითხოვდა ამ თანხის 41 000 აშშ დოლარით განსაზღვრას (114 260 - 41 000 = 73 260-ს).

მიუხედავად ამისა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სესხის ძირითადი თანხა 23 760 აშშ დოლარით შემცირდა, ვინაიდან სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ის 90 500 აშშ დოლარით განსაზღვრა (114 260 – 90 500 = 23 760 აშშ დოლარს). ამასთან, სადავო თანხიდან დაუკმაყოფილებელი დარჩა მოთხოვნა 49 500 აშშ დოლარის ფარგლებში (73 260 – 23 760 = 49 500-ს).

ამდენად, კასატორის (მსესხებელი, მოვალე, მოცემული საქმის მოპასუხე) სასარჩელო მოთხოვნა, სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხა შემცირებულიყო 73 260 აშშ დოლარით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ.

პროცენტულ მაჩვენებლებში ასახვის შემთხვევაში დავადგენთ, რომ კასატორის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა 32,43 პროცენტით (73260:100X=732,6) (23760:732,6=32,43)). შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნის 67.57 პროცენტს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

საკასაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის მოცულობა (20 000 აშშ დოლარი) სწორედ ზემოაღწერილი პროპორციით უნდა განაწილდეს და თ.პ–ს უნდა მიეკუთვნოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ.დ–ძის სასარჩელო მოთხოვნიდან დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული თანხა, რაც მოცემულ შემთხვევაში 13 514 აშშ დოლარია (20 000 : 100 X 67.57 = 13 514-ს).

ამასთან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მსესხებლის სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისი პროცენტი (32.43%) ზიანის (20 000 აშშ დოლარი) ანგარიშში არ უნდა ჩაითვალოს და მოსარჩელეს მის ანაზღაურებაზე უარი უნდა ეთქვას.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

21. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

22. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯების ნაწილი, 997.33 ლარის მოცულობით. ამასთან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 324.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროს არსებული კურსით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 404-ე, 408.3-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი მე-2 და მე-3 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.პ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ნ.დ–ძეს თ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის, 13 514 აშშ დოლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. ნ.დ–ძეს თ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯების ნაწილი 997,33 ლარის მოცულობით;

7. თ.პ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 324.3 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (გადახდის დროს არსებული კურსით). სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე