Facebook Twitter

საქმე № ას-185-2020 17 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ო. და ს.მ–ები (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ო. და ს.მ–ების (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) წინააღმდეგ კასპის რაიონში, სოფელ ......... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ-ით #......, სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთისა და #...... და #..... საკადასტრო კოდებით არსებულ ერთეულებს შორის ტერიტორიის გამოთავისუფლებისა და მისთვის გზის დანიშნულების დაბრუნების მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ე.მ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნა 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

9.2. 2019 წლის 29 ოქტომბერს სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება, ვინაიდან მისი წარმომადგენელი საქართველოში არ იმყოფებოდა, თავად კი, ვერ შეძლებდა საკუთარი ინტერესების დაცვას.

9.3. 2019 წლის 29 ოქტომბერს დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომა, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, გადაიდო 2019 წლის 12 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე.

9.4. 2019 წლის 12 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, რადგან მისი წარმომადგენელი საქართველოში ისევ არ იმყოფებოდა, თავად კი, საკუთარ ინტერესებს ვერ დაიცავდა.

9.5. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა საქმის განხილვის გადადების თაობაზე განცხადებას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე, 70.3-ე, 74-ე, მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა. მისი მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, 2019 წლის 21 ოქტომბერს გაემგზავრა თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში და 2019 წლის 28 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ვერ შეძლებდა სხდომაზე დასწრებას. რაც შეეხება თავად აპელანტს, იგი ღრმად მოხუცი ქალბატონია, რომელიც წარმომადგენლის გარეშე ვერ დაიცავდა საკუთარ ინტერესებს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

13. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.

14. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა მოწესრიგების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

15. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

16. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ აპელანტისთვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

17. სსსკ-ის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. თუ საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და დამთავრება შეუძლებელია იმავე სხდომაზე, საქმის განხილვა მისი გადადების შემთხვევაში გრძელდება იმ სტადიიდან, საიდანაც გადაიდო. სასამართლო აგრეთვე უფლებამოსილია, საქმის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. მხარეები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს, 16:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე, აპელანტი არ გამოცხადდა, იმავე დღეს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და საქმის გადადების თაობაზე იმ მოტივით იშუამდგომლა, რომ მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ არ იმყოფებოდა, თავად კი, არ შეეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი სადავო პერიოდში - 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე საქართველოში არ იმყოფებოდა (იხ. ს.ფ. 73-74. ტ. 3), შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო, ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, კერძოდ, მიუთითა, რომ წარმომადგენლის გარეშე ვერ შეძლებდა საკუთარი ინტერესების დაცვას. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, რადგან ვლინდებოდა წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

19.1. წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერც ის გარემოება გახდება, რომ მხარე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.2 მუხლი (მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში) არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე საკუთარი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც ამ ურთიერთობას კანონიერად ენდობა და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელეს საქმის სირთულიდან და ასაკიდან გამომდინარე არ შეეძლო წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე საკუთარი ინტერესების დაცვა (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.მ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე