Facebook Twitter

5 მარტი, 2021 წელი,

საქმე №ას-438 -2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.ს.ე–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - სარჩოს გადაანგარიშება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ს.ე–ა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ჯ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2018 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე (მოსარჩელის საპენსიო ასაკის მიღწევამდე), ყოველთვიურად, 550 ლარის, ასევე, ფიქსირებული 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, სახაზინო საწარმო „ს–სა“ და მათ შორის სამართლებრივი კავშირი არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 408.2 მუხლის მიხედვით, სარჩო პირს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანის გამო, ანაზღაურების ვალდებულება კი, მხოლოდ ზიანის მიმყენებელს შეიძლება დაეკისროს. უდავო ფაქტობრივ გარემოებად იმის მიჩნევა, რომ მოსარჩელეს უხდიან სარჩოს, ფაქტობრივი გარემოების არასწორი კონსტატაციაა. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, ქველმოქმედების სახით გადახდილი თანხა, სარჩოს სახით გადახდილ სავალდებულო გადასახდელად ჩაეთვალა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. მოსარჩელე 0.46-10 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების მეორე თანრიგის ელექტრომონტიორად მუშაობდა ქუთაისის ელქსელების ყოფილი „ს–ოს“ ქუთაისის ელქსელებთან დაქვემდებარებულ წყალტუბოს საქსელო რაიონში.

5.4. 1989 წლის 22 ივნისში მიღებული საწარმოო ტრავმის შედეგად მოსარჩელეს დაენიშნა პენსია. მიყენებულ ზიანს, ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას 1998 წლის 1 ოქტომბრამდე მოსარჩელე იღებდა სახაზინო საწარმო „ს–ს“ ქუთაისის რეგიონულ საწარმოსაგან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დამსაქმებელი).

5.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 2 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), დამსაქმებელს 1998 წლის 1 ოქტომბრიდან, 1999 წლის 2 აგვისტომდე ხელფასსა და პენსიას შორის განსხვავების - 685.20 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5.6. მოსარჩელე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული ხარისხით, მუდმივად იღებს სოციალურ პაკეტს ყოველთვიურად -180 ლარს (იხ. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ წყალტუბოს რაიონული განყოფილების ცნობა).

5.7. წყალტუბოს ზონის 04-06-10 კვ. ელსაქსელო მეურნეობის მე-2 თანრიგის ელექტრომონტიორის თანამდებობა, მოპასუხე კომპანიაში ამჟამად მოქმედი კახეთის რეგიონული ქსელის ე.წ ეგხ-ების საექსპლოატაციო ბრიგადის მე-2 კატეგორიის მემაღლივის საშტატო ერთეულის შესაბამისია. მითითებულ თანამდებობაზე ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 550 ლარია.

5.8. მოპასუხე მოსარჩელეს უხდის საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის სახით ყოველთვიურ სარჩოს - 70 ლარს.

6. უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.2 (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკის მიხედვით, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტით მუშაკისათვის დადგენილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. აღნიშნულ ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის #923 ბრძანებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ამოღებულ იქნა პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48-ე ბრძანებულების მე-12 პუნქტი. 2007 წლის 6 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის #93 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის #48 ბრძანებულებით დამტკიცებული წესები. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის #53 დადგენილებით კი, დამტკიცდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. აღნიშნული დადგენილებით ახლებურად მოწესრიგდა შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების წესები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით (შდრ: სუსგ, #ას-169-497-09, #ას-939-889-2015; #ას-84-80-2016).

8. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირაა დაკავშირებული დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან. სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის შრომით ანაზღაურებას.

სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ, ჯანმრთელობის დაზიანების გამო, მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს, თუმცა განუსაზღვრელი ვადით სარჩოს დაწესება, თავისთავად არ გულისხმობს სარჩოს უვადოდ გადახდის ვალდებულებას. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ, #ას-169-497-09, #ას-939-889-2015; #ას-84-80-2016).

9. კასატორის პრეტენზიას, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირი არ არის, საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ, საქმეში დაცული მტკიცებულებით, კერძოდ, საბანკო ამონაწერით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს უხდიდა საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის სახით ყოველთვიურ სარჩოს - 70 ლარს. გადახდის დანიშნულება/შესასრულებელი ვალდებულება თავად მოპასუხე კომპანიამ განსაზღვრა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მოპასუხემ სარჩოს გადახდით, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება აღიარა/დაადასტურა. აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს. მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რომ ქველმოქმედების მიზნით იხდიდა, გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1152 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1595486518, გადახდის თარიღი 23.07.2020წ), 70% - 806,4 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ს.ე–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1152 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1595486518, გადახდის თარიღი 23.07.2020წ), 70% - 806,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე