Facebook Twitter

საქმე №ას-168-2021 31 მარტი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ა.კ–ძეს გადახდილად ჩაეთვალა 469,45 ლარი სესხის ძირი თანხის ნაწილში (მხარის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადენდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმება 2 500 ლარის ნაწილში. ა.კ–ძის განმარტებით, აღნიშნული თანხა მის მიერ უკვე გადახდილი იყო), შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2018 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს ი.ხ–ანის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში N181396027 და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვრა 5030,55 ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქმის განხილვა დასაშვებობის საკითხის შემოწმების მიზნით დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე 2021 წლის 30 აპრილს.

დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 2021 წლის 30 მარტს საკასაციო პალატას კასატორის სახელით, განცხადებით მომართა წარმომადგენელმა ზ.გ–ძემ (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.82), განმარტა, რომ ეთანხმებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო მოხელე დამატებით დაუკავშირდა კასატორს - ა.კ–ძეს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ა.კ–ძის წარმომადენელ ზ.გ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ა.კ–ძეს უნდა დაუბრუნდეს მ. ლ–ძის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 10 მარტს გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ–ძის წარმომადენელ ზ.გ–ძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს საქმის წარმოება ა.კ–ძის საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებაზე;

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები;

4. ა.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ლ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (საგადახდო დავალება №0 / გადახდის თარიღი 10.03.2021);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე