Facebook Twitter

საქმე №ას-175-2021 26 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ი.კ–ი, ო.ჯ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ.ბ–ი’’ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ნ.გ–ი, ჯ.ი–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს ,,ლ.ბ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი, თავდები პირი), ო.ჯ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი), ნ.გ–ისა (შემდგომ - მესამე მოპასუხე, თავდები პირი) და ჯ.ი–ძის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, თავდები პირი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად საკრედიტო დავალიანების - 18566.44 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 10927.06 ლარი, პროცენტი - 4039.38 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3600 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა თავის სასარგებლოდ მეორე მოპასუხისათვის სწრაფი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1028.78 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 540.24 ლარი, პროცენტი - 409.36 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 79.18 ლარი და “ინსტანტაქარდიდან” გამომდინარე დავალიანების - 1803.01 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 1500 ლარი, პროცენტი - 270.16 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 32.85 ლარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო დავალიანების - 16466.44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 10927.06 ლარი, პროცენტი - 4039.38 ლარი, პირგასამტეხლო კი - 1500 ლარი. თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 4 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა საკრედიტო დავალიანების - 619.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 540.24 ლარი, პირგასამტეხლო კი - 79.18 ლარი. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 29 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა საკრედიტო დავალიანების - 1532.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 1500 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 32.85 ლარია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტებს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით დაუდგინდათ ხარვეზი და განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე განესაზღვრათ ხარვეზის შესავსებად. ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხსენებული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა მათ შვილს, ბ.ჯ–ძეს (ტ. 1, ს.ფ. 168-169). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე, მე-60, 63-ე, 368-ე, მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო დაუშვებლობის გამო, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით არ შეავსეს ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივრით მათ იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადავადება, სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით კი, მათ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდა ბ.ჯ–ძეს, რომელიც არის სრულწლოვანი და რამდენიმე წელია ცხოვრობს თბილისში. მას აპელანტებთან კავშირი აღარ აქვს, ანუ მათი ოჯახის წევრი არ არის. მისი განმარტებით, იგი იმ დროს სტუმრად იყო სოფელ ........ და სიმთვრალისას ჩააბარეს სასამართლო გზავნილები. მან ვერ გაიაზრა, რა ჩაიბარა და კორესპონდენცია წაიღო თბილისში, ისე, რომ განჩინებები აპელანტებისათვის არ გადაუცია. ვინაიდან აპელანტებისათვის ცნობილი არ იყო სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე და ახლა გაიგეს, მათი ბრალი არ არის საპროცესო ვადის გაშვება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლისა და ამავე სასამართლოს ამავე წლის 9 მარტის განჩინებებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, პროცესის მონაწილე პირისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებისა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება მათ კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებიათ (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1. პუნქტი).

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების აღნიშნულ პრეტენზიას და ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა შვილს, რაც დადასტურებულია გზავნილის მიმღების ხელმოწერით.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

13. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

14. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

15. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.

16. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელზე შეტანილ შესაგებელსა და 2020 წლის 27 ივლისს წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითეს ერთი და იგივე მისამართი, რომელზეც სურდათ სასამართლოსაგან გამოგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მიღება. კერძო საჩივრის ავტორების მითითება, იმ გარემოებაზე, რომ ბ.ჯ–ძე დიდი ხანია არ ცხოვრობს მათთან და ის ამ პერიოდში სტუმრად იყო ჩამოსული სოფელში, ვერ მიიჩნევა ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თავიანთი შვილის სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტს, მაშინ, როდესაც საქმეში არსებობს აღნიშნული პირის მიერ მოპასუხეთა მისამართზე მიღებული გზავნილი, რის გამოც საფუძველს მოკლებულია მომჩივნების პრეტენზია, რომ მათ არ იცოდნენ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ.

18. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტები ინფორმირებული იყვნენ ჯეროვნად, რამდენადაც მისამართის მითითებისას მხარე თავად ხდება იმ რისკზე პასუხისმგებელი, რომ ამ მისამართზე ჩაბარებული კორესპონდენცია შეიძლება არ გადაეცეს, უფრო მეტიც, ზემოხსენებული ნორმების დანაწესები სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე) მყოფი ადრესატი შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია. საწინააღმდეგოს მტკიცება, პრეზუმფციის გაქარწყლება კი, ეკისრება მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს იგი. ამ მხრივ კერძო საჩივარს, როგორც აღინიშნა, არ ერთვის არავითარი მტკიცებულებები, რომელთა ანალიზი გაამყარებდა საჩივარში მითითებულ ფაქტებს.

19. საკასაციო სასამართლოს აზრით, საფუძველს მოკლებულია გზავნილის მიმღები პირის სიმთვრალის შესახებ, კერძო საჩივრის ავტორების მითითება, რადგან არ წარმოადგენს დადასტურებულ ფაქტს, და კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის გამომრიცხავ გარემოებას.

20. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდათ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისამებრ და არ არის გაქარწყლებული შეტყობინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების პრეზუმფცია.

21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

22. ზემოაღნიშნულ ნორმათა ურთიერთშეჯერებისა და საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ხარვეზის განჩინების მათთვის ჩაბარების მომდევნო დღეს − 2020 წლის 18 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ნოემბერს.

23. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებიათ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავთ სააპელაციო პალატისათვის.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ისა და ო.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე