საქმე №ას-249-2020 25 დეკემბერი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,B.T.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს ,,B.T.”-მ (შემდგომ – მოსარჩელე, კომპანია, მენარდე ან მიმწოდებელი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდგომ – მოპასუხე, სააგენტო, შემკვეთი, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 230 108 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2 501 172.75 ლარი იყო, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა - 2018 წლის 28 ივნისამდე.
3. ობიექტის საბოლოო სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის 10 აგვისტოს დასრულდა და იმავე წლის 29 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, სააგენტომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ბოლო ეტაპი ჩაიბარა. აქტის მიხედვით, ამ სამუშაოთა ღირებულება 977 534. 31 ლარი იყო.
4. მოსარჩელის მტკიცებით, 2018 წლის 11 მაისიდან 25 ივნისამდე, თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, ამიტომ შეუძლებელი იყო სახურავის საიზოლაციო, გარე ფასადის სამღებრო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულება, რის შესახებაც მოპასუხემ იცოდა. ამ ფორსმაჟორულმა გარემოებამ 30 დღით სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილება გამოიწვია. ამასთან, 2018 წლის 9 თებერვალს, მოსარჩელემ გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით განაცხადი შეიტანა. სს „თ–მა“ ელექტრონერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები მხოლოდ 2018 წლის 3 ოქტომბერს დაასრულა. ამ მიზეზით, კომპანიის მიერ ელექტრონერგიის გარე ქსელის მოწყობა და შიდა ქსელების სამუშაოების დასრულება მნიშვნელოვნად შეფერხდა.
5. მოსარჩელის განმარტებით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელი გადიოდა, რომლის ჩაღრმავებაც შეადგენდა დაახლოებით 30 სმ-ს. ამ მიზეზით, ვერ ხერხდებოდა სათანადო ნიშნულზე შენობის გარე ღიობის საძირკვლის მოწყობა. მოსარჩელემ მოპასუხეს თხოვნით მიმართა, სათანადო ზომები მიეღო საკანალიზაციო ქსელის შესაბამის საპროექტო ნიშნულზე დაწევისათვის, რათა ღობის მოწყობის სამუშაოები არ შეფერხებულიყო. საპასუხოდ, მოპასუხემ მოთხოვნა შესაბამის ორგანოებში გაგზავნა, რის შედეგადაც საკანალიზაციო ქსელმა საპროექტო ნიშნულამდე დაიწია.
6. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ წითელი ხაზების დადგენის მიზნით, ობიექტის გარე პერიმეტრის დაკვალვის სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა, რომ ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი. მისი გადატანის გარეშე შეუძლებელი იყო შენობის შიდა ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა, რის გამოც შენობის გარშემო საკანალიზაციო ქსელის, გარე წყალსადენის ქსელის, ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება და ასფალტის საფარის მოწყობა შეფერხდა. აღნიშნულმა ობიექტის დასრულების ვადებზეც იმოქმედა.
7. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ მან არაერთხელ აცნობა სააგენტოს და სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელება 2018 წლის 10 აგვისტომდე მოითხოვა.
8. მოსარჩელის მითითებით, 2018 წლის 3 სექტემბრის წერილით, სააგენტომ სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 230 108.10 ლარის გადახდა მოსარჩელეს მოსთხოვა.
9. 2018 წლის 4 სექტემბერს, სააგენტომ საბოლოო ანგარიში გაასწორა მოსარჩელესთან, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარის) გამოაკლო და მოსარჩელეს 747 426. 21 ლარი გადაუხადა.
10. მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებას.
მოპასუხის პოზიცია:
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ გახადა. მისი განმარტებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება ვერ უზრუნველყო, რითაც ხელშეკრულების პირობები დაარღვია, შესაბამისად, სააგენტომ ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედა და მოსარჩელეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0.2% დაარიცხა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 207097.2 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. ამ უკანასკნელის მოთხოვნა 23010.8 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
13. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია და, შესაბამისად, არსებობდა მენარდისთვის 46 დღის ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
16. სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა მხოლოდ მოპასუხემ, რომელიც გონივრულად არ მიიჩნევდა იმდენ პირგასამტეხლოს რამდენიც სასამართლომ განსაზღვრა, შესაბამისად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა.
17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოდ მაღალი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2501172.75 ლარის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 23010.08 ლარი (10-ჯერ შემცირებული), შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე უნდა განისაზღვროს ამ თანხით. მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 230108 ლარი, მოსარჩელეს კი, სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილებისათვის ეკისრება პირგასამტეხლოს, 23010.8 ლარის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არა აქვს ანაზღაურებული.
18. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე, 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე და იმავე კოდექსის 420-ე მუხლზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (სუსგ. საქმე №ას-318-301-2017, 2017 წლის 5 მაისის განჩინება).
19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე - ვადაგადაცილების ხანგრძლივობას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს გარემოებებს იმის შესახებ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
20. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება იყო 2501172.75 ლარი; ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ კი შეადგინა - 977 534. 31 ლარი. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ პირგასამტეხლო ხელშეკრულების 11.2 პუნქტის საფუძველზე 2501172.75 ლარის 0.2%-ის ოდენობით დაიანგარიშა 46 დღის ვადაგადაცილებაზე.
21. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
22. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 23 010.08 ლარი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა სადავო პირგასამტეხლოს მთელი ოდენობის ცალმხრივად გაქვითვის და შესრულებული სამუშაოსთვის მენარდის ანაზღაურების 207097.2 ლარის ნაწილში გაუცემლობის უფლება.
23. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე მითითებით განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის 230 108 ლარისა და მართლზომიერად პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის ვალდებულების 23 010.8 ლარის გადახდის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე შეწყვეტილია, ხოლო 207 097.2 ლარის ნაწილში მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია და არსებობს მოპასუხისთვის 207097.2 ლარის გადახდის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
26. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები დაარღვია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
27. კასატორის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოპასუხის კერძო ინტერესი შეილახა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის ვალდებულება იყო ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელსაც მოპასუხე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მოთხოვნის გათვალისწინებით აშენებს.
28. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ კერძო კი არა, საჯარო ინტერესი დააზიანა. შეაფერხა იმ აღსაზრდელების კონსტიტუციური უფლების რეალიზება, რომლებიც ახალ შენობას ელოდებოდნენ, სადაც განათლება უნდა მიეღოთ, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა საჯარო და კერძო ინტერესის ცნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
32. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
34. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
36. მხარეთა შორის, 2016 წლის 28 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2501172.75 ლარი.
37. მოსარჩელეს (მენარდეს) სამუშაოები 2018 წლის 28 ივნისამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოების ნაწილი 46 დღის ვადაგადაცილებით დასრულდა.
38. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 977534.31 ლარი.
39. მოპაუხემ სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილების გამო, მოსარჩელისაგან პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) - 230 108.10 ლარის გადახდა მოითხოვა.
40. 2018 წლის 4 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელესთან გაასწორა საბოლოო ანგარიში, რომლის ფარგლებშიც პირგასამტეხლოს თანხა გამოაკლო შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ ღირებულებას (977 534.31 ლარი) და მოსარჩელეს მხოლოდ 747 426. 21 ლარი გადაუხადა.
41. იმ გარემოებების არსებობა, რომელთაც შეეძლო, მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად შეეშალა ხელი სამუშაოების დროულად შესრულებისთვის, არ დადგენილა.
42. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 629-ე მუხლი). მენარდემ ხელშეკრულებით დადგენილი შესრულების ვადა დაარღვია და სამუშაოების დასრულების ვადას 46 დღით გადააცილა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადგინდა, ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სამართლებრივ შეფასებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, თუმცა, საკასაციო საჩივრით სადავოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული (შემცირებული) პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და 10-ჯერ შეამცირა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებითაც გონივრულია, მით უფრო, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება 977534.31 იყო და მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაანგარიშება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს ეწინააღმდეგება.
43. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს არამართლზომიერი შემცირების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
44. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების აუცილებლობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
45. პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
46. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას.
47. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
48. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. (იხ. სუსგ საქმე №ას-816-767-2015, 2015 წლის 19 ნოემბერის განჩინება). პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
49. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
50. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება, და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვარის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება).
51. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების 46 დღით გადაცილებისათვის შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა (ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 2501172.75-ის 0.2%) სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
52. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების დარღვევიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).
53. საკასაციო პალატის შეფასებით, მიუხედავად შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობისა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს შემცირებისას მართებულად გაითვალისწინეს ფაქტები, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და, მიუხედავად ვალდებულების დარღვევისა (სამუშაოების დასრულების ვადის 46 დღით გადაცილება), დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო გონივრულ და სამართლიან ოდენობად სწორად განსაზღვრეს.
54. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებამ საჯარო ინტერესი დააზიანა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სამოქალაქო კოდექსისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად შეამცირეს, რაც საფუძველს აცილის კასატორის ხსენებულ პრეტენზიას.
55. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, ამასთან, კასატორმა ვერ დაამტკიცა სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებით განცდილი ზიანი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით და მართებულად შეამცირეს პირაგასამტეხლოს ოდენობა.
56. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მენარდემ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა ვადის გადაცილებით და შესრულებული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხიდან 230 108.10 ლარი არ მიუღია, ამასთან, ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოზე - 23010.8 ლარზე მენარდის მიმართ წარდგენილი შემკვეთის პრეტენზია საფუძვლიანია და მოთხოვნების შესრულების ვადაც მოვიდა, მოთხოვნები უნდა გაქვითულიყო სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) და სსკ-ის 444-ე (თუ გასაქვითი მოთხოვნები მთლიანად ვერ ფარავენ ერთმანეთს, იქვითება მხოლოდ ის, რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე მოთხოვნის მოცულობაზე) მუხლების საფუძველზე, ხოლო გაქვითვის შედეგად დარჩენილი თანხა - 207097.2 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონიერად დაეკისრა.
57. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უფლებამოსილების ფარგლებში, მართებულად იმსჯელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე.
58. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
59. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
60. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
61. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 02050 / თარიღი 01.04.2020), 70% - 5600 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე