Facebook Twitter

საქმე №ას-298-2021 31 მარტი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „F. R. G“-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ნ.ქ–ის სარჩელის გამო, შპს „F. R. G“-ს მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდური ხელფასისა და პირგასამტეხლოს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ.ქ–ის სარჩელი შპს „F. R. G“-ს მიმართ, შრომითი ხელშეკრულების შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდური ხელფასისა და პირგასამტეხლოს, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „F. R. G“-მ.

აღნიშნული საკასაციო საჩივარი განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს მიერ, საქმის წარმოებაში მიღების საკითხის გამორკვევამდე, პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა რ.ო–მა (იხ.მინდობილობა 247-248) რომელმაც განმარტა, რომ რომ მხარე არ აპირებს მის მიერ წარდგენილი ფორმალური საკასაციო საჩივრის დაზუსტებას, რადგან შპს „F. R. G“-მ უკვე აღასრულა ნებაყოფლობით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, შესაბამისად, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა მისი განუხილევლად დატოვება.

სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ რ.ო–ს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, მხარემ დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, შპს „F. R. G“-ს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „F. R. G“-ს წარმომადენელ რ.ო–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „F. R. G“-ს საკასაციო საჩივარზე ნ.ქ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე