Facebook Twitter

საქმე №ას-920-2020 11 ნოემბერი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

ლევან მიქაბერიძე (მომხსენებელი), მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.წ–ი, ლ.ბ–ი, ზ.მ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.გ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.წ–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), ლ.ბ–ისა (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) და ზ.მ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა.

მოპასუხეების პოზიცია:

2. მესამე მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომელიც 2019 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. მოსარჩელემ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამარლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 373-ე, 374-ე მუხლებსა და იმავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად - სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2591 მუხლის დეფინიციაზეც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 29 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელსაც მოსარჩელე არ ესწრებოდა. სასამართლომ მას 2019 წლის 30 მაისს განჩინების ასლი თავად მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე გაუგზავნა, რომელიც მის მეუღლეს - თ.ა–ს 2019 წლის 31 მაისს ჩაჰბარდა (ს.ფ. 181). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის მიხედვით, 2019 წლის 29 მაისის განჩინება იმავე დღეს მომზადდა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 74-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინება კანონით დადგენილი წესით 2019 წლის 31 მაისს ჩაჰბარდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა 2019 წლის 1 ივნისს დაიწყო და იმავე წლის 14 ივნისს ამოიწურა.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 24 ივლისს წარადგინა სასამართლოში, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სსსკ-ის 63-ე და 368.5 მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო გასაჩივრებული განჩინების მიღების თარიღი და მისი ჩაბარება კანონით დადგენილ 20-დან 30 დღის ვადაში მოითხოვა, კერძოდ, 2019 წლის 19 ივნისს, რომელიც იმავე წლის 11 ივლისს ჩაჰბარდა.

14. კერძო საჩივრის ავტორმა განჩინება 2019 წლის 24 ივლისს - კანონით დადგენილი ვადის მიხედვით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

18. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

19. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს).

20. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

21. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

23. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საჩივრის განხილვა 2019 წლის 29 მაისს დაინიშნა, რის შესახებაც ამ უკანასკნელს სასამართლო უწყებით ეცნობა (იხ. ს.ფ. 158). პირველი ინსტანციის სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა, რომელსაც მოსარჩელე არ ესწრებოდა (იხ. ს.ფ. 173-174).

24. სასამართლომ მოსარჩელეს 2019 წლის 30 მაისს განჩინების ასლი თავად მის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე გაუგზავნა, რომელიც მის მეუღლეს თ.ა–ს 2019 წლის 31 მაისს ჩაჰბარდა (ს.ფ. 181).

25. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა და არც კერძო საჩივრის ავტორს არ წარუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ გარემოების გასაქარწყლებლად, რომ ამ უკანასკნელისათვის გაგზავნილი რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინება, რომლითაც სრულყოფილად განიმარტა განჩინების სააპელაციო წესით გასაჩივრების წესი და ვადა, ადრესატის მეუღლეს სარჩელსა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში მითითებულ მისამართზე - 2019 წლის 31 მაისს ჩაჰბარდა.

26. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მეუღლისათვის გზავნილის ჩაბარება განიხილება მოსარჩელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედებათა განხორციელების საკმარისი საფუძველია.

27. სსსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

28. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყო მხარისათვის (მოსარჩელისათვის) დასაბუთებული განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან - 2019 წლის 1 ივნისიდან და იმავე წლის 14 ივნისს ამოიწურა. უდავოა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 24 ივლისს წარადგინა სასამართლოში.

29. საკასაციო პალატა სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დარჩა განუხილველად.

30. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სწორედ მოსარჩელისათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან დაიწყო და არა იმ დღიდან, როდესაც ამ უკანასკნელმა უკვე გადაცემული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და განჩინების ასლი ხელმეორედ ჩაიბარა.

31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

მირანდა ერემაძე