საქმე №ა-4159-შ-96-2020 25 მარტი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ზ–კა
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით 1986 წლის 13 ივლისს დაბადებულ გ.ჯ–ძეს ა.ა. ასული ზ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ქალიშვილის - არასრულწლოვანი ს.გ. ასული ჯ–ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ.ჯ–ძეს არასრულწლოვანი ქალიშვილის ს. სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 18 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის 28 ოქტომბრის №14373 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნა ა.ზ–კას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, რომლითაც გ.ჯ–ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
3. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ამავე სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 9 ივლისს და არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა.ზ–კას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გ.ჯ–ძეს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ..... კორპუსი 30, ბინა №7. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებულ საფოსტო კონვერტებზე გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე, მისმა დედამ კი უარი განაცხადა ჩაბარებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, კურიერს არავინ დახვდა მისამართზე.
7. 2021 წლის 11 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გ.ჯ–ძეს კვლავ გაეგზავნა ზემოაღნიშნულ მისამარზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კურიერის ი.ნ–ძის მიერ 2021 წლის 16 მარტს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კურიერს საქმის მასალებში არსებულ მისამართზე ადრესატის ბებია დახვდა, რომელმაც გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ზემოაღნიშნული აქტით ასევე დასტურდება, რომ კურიერმა კონვერტზე მითითებულ მოწინააღმდეგე მხარის ტელეფონის ნომრებზე სცადა დარეკვა და დატოვა შეტყობინებაც.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.
10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა (ერთ შემთხვევაში ადრესატის დედამ, ხოლო მეორე შემთხვევაში ადრესატის ბებიამ) უწყების ჩაბარებაზე განაცხადეს უარი. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო დოკუმენტები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა ა.ზ–კას შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
14. ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გ.ჯ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
15. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს გააჩნია საერთაშორისო კომპეტენცია.
16. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით 1986 წლის 13 ივლისს დაბადებულ გ.ჯ–ძეს ა.ა. ასული ზ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ქალიშვილის - არასრულწლოვანი ს.გ. ასული ჯ–ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ.ჯ–ძეს არასრულწლოვანი ქალიშვილის ს. სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 18 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 9 ივლისს და არ აღსრულებულა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მოცემულ შუამდგომლობაზე არ წარმოუდგენია საკუთარი მოსაზრება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
22. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13, 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ზ–კას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც: 1986 წლის 13 ივლისს დაბადებულ გ.ჯ–ძეს ა.ა. ასული ზ–ას სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ქალიშვილის - არასრულწლოვანი ს.გ. ასული ჯ–ძის სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად ყველა სახის ხელფასის ან/და სხვა სახის შემოსავლების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საშუალოდ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის ბიუჯეტის 50%-სა; გ.ჯ–ძეს არასრულწლოვანი ქალიშვილის ს. სარჩენად ალიმენტის გადახდა დაეკისრა 2018 წლის 18 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი