საქმე №ას-141-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს "ს.ბ–ი", ზ.პ–ძე, გ.პ–ძე, ქ.ა. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.გ–მა (შემდგომში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ქ.ა.ის, სს „ს.ბ–ის“, ზ.პ–ძის და გ.პ–ძის (შემდგომში: მოპასუხეები) წინააღმდეგ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო:
2.1. 2019 წლის 19 ივლისს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხოლოდ მოპასუხეები გამოცხადდნენ.
2.2. მოპასუხეებმა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის უარყოფაზე იშუამდგომლეს.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი იმავე სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, უარყოფილ იქნა.
2.6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 03 ივნისს, რომელიც გადაიდო 21 ივნისს. სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი ნ.გ–ძე მედიაციაში მონაწილეობის მიზნით. სასამართლო სხდომა გადაიდო და დაინიშნა 5 ივლისს. 2019 წლის 5 ივლისს დანიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 19 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, იმავე დღეს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში დანიშნული მისი პირადი საქმის განხილვის გამო;
3.3. 2019 წლის 16 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის გადადების შესახებ და განმარტა, რომ ვერ ახერხებდა სხდომაზე გამოცხადებას. ასევე ვერ დაუკავშირდა მარწმუნებელს, რომელიც არის მწოლიარე ავადმყოფი და არ აქვს პირადი ტელეფონი. შესაბამისად, ვერ შეძლო მარწმუნებლის გაფრთხილება, რომ უზრუნველეყო სხვა წარმომადგენლის აყვანა. ადვოკატმა სხდომის გადადება 2019 წლის 19 ივლისს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის საფუძვლითაც მოითხოვა, რომლის მოსაწვევი ჩაბარდა ჯერ კიდევ 10 დღის წინ. მისი განმარტებით, ხსენებული კონფერენცია ეხებოდა მისი პროფესიული საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხს, რაც ყოველდღიურად ესაჭირეობა მოქმედ ადვოკატს.
3.4. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 19 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ 2019 წლის 19 ივლისს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 21.06.2019წ. სხდომის გადადებას ითხოვდა ორი ურთიერთგამომრიცხავი საფუძვლით, სასამართლომ გაითვალისწინა მხარის ინტერესი საქმის განხილვის მიმართ და შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 05 ივლისს დანიშნული მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2019 წლის 19 ივლისს კვლავ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობით.
7. 2019 წლის 19 ივლისს დანიშნული სხდომის გადადებასთან დაკავშირებული განცხადების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი არ იყო მომხსენებელი, ამასთან არ დგინდებოდა, რომ მისი დასწრება სავალდებულო იყო. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ განცხადება არ ქმნიდა სხდომის გადადების საფუძველს, ვინაიდან მასში არ იყო სხდომაზე გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, არც ამავე ნორმით განსაზღვრული „სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება“. კონფერენციაზე დასწრების სურვილი არ ქმნიდა სხდომის გადადების საფუძველს, მითუმეტეს ისეთ პირობებში, როცა სხდომა ორჯერ უკვე იყო გადადებული იმავე პირის შუამდგომლობით. სააპელაციო პალატის განმარტებით, ადვოკატი, რომელიც იღებს ვალდებულებას, დაიცვას მისი მარწმუნებლის ინტერესები კონკრეტული დავის ფარგლებში, ვალდებულია კეთილსინდისიერად მოეკიდოს ამ საკითხს და პრიორიტეტი მიანიჭოს სასამართლო სხდომას სხვა არასავალდებულო ხასიათის ღონისძიებებთან მიმართებით.
8. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 70-74-ე და 93-ე მუხლებზე მითითებით არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ სასამართლო ვალდებული იყო მისთვის დამატებით ეცნობებინა სასამართლოს სხდომის თარიღი, ვინაიდან უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. დადგენილია, რომ სასამართლოს უწყება მოსარჩელის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული ჰქონდა.
9. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 70-78-ე, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 241-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით და იგი სხდომაზე არ გამოცხადდა. უშუალოდ მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება და აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი და მასში ასახული მონაცემები არ ადასტურებდა 2019 წლის 19 ივლისს მოსარჩელის შეუძლოდ ყოფნის ფაქტს.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ წარმომადგენლის გარეშე ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ვინაიდან საჭიროებდა მხარდამჭერს, როგორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. პალატის განმარტებით, მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს შესაბამისი სამართალწარმოების (განცხადების შეტანის) გზით, რაზედაც იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის მხარდაჭერის დაწესების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე წარდგენილი არ იყო, რის საფუძველზეც სასამართლო ვალდებული იქნებოდა საქმე განეხილა მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად.
11. სააპელაციო პალატამ იმ ფაქტზეც მიუთითა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლად მითითებულია ერთი და იგივე ადვოკატი. მარწმუნებლის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების, ან წარმომადგენლის მიერ მის უფლებამოსილებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 19 ივლისს, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და არ არსებობდა სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, უდავოდ დადასტურებულია, რომ წარმომადგენელმა 2019 წლის 16 ივლისს აცნობა სასამართლოს, 19 ივლისს დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, ადვოკატმა ვერ შეძლო მოსარჩელესთან დაკავშირება, ვინაიდან, არ აქვს პირადი ტელეფონი. მიუხედავად ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის და მისი ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ ჩაითვალა. კასატორს არ დაუკარგავს საქმისადმი ინტერესი. სასამართლომ კი, რომელმაც რამოდენიმე დღით ადრე იცოდა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა წარმომადგენელი არ გააფრთხილა პირადად მოსარჩელე და დატოვა დაუცველი, რითიც შეილახა მის უფლებები.
13.3 კასატორის განმარტებით, ვინაიდან არის ავადმყოფი და უსინათლო, სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაენიშნა მხარდამჭერი.
13.4. კასატორი ასევე მოითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების კანონიერების გადასინჯვას. პირველ რიგში კი, ზეპირი მოსმენის გარეშე სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩატარების კანონიერების შემოწმებას, არის თუ არა ასეთ დავაში მიზანშეწონილი.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან, მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეხება მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევას.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სსსკ-ის 229-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქმის განხილვის შესახებ მოსარჩელე მხარეს ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელე სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო, მოპასუხეებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
24. საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი იმ საკითხის შეფასება, საქმის განხილვაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოიწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზებით.
25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
26. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
27. სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს (იხ. სუსგ. საქმე №ას-920-2019, 27.11.2019წ).
28. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო, ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული გარემოება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (იხ. სუსგ 20.07.2018წ. საქმე №ას-806-806-2018).
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი იმგვარად უნდა განიმარტოს, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. მხედველობაშია მისაღები, რომ მართალია სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის განმარტებასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინება, თუმცა, კონკრეტული ურთიერთობის დარეგულირებისას სასამართლო ეფუძნება მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც, ცხადია, ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.
31. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს - თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე.
33. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებული გარემოებანი და მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ კონფერენციაზე დასწრების სურვილი არ ქმნიდა სხდომის გადადების ობიექტურ საფუძველს. სადავო საკითხის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სასამართლომ არაერთხელ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე.
34. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიაჩნია, რომ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობდა. საქმეში არსებული მასალებიდან არ დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი კონფერენციაზე მიწვეული იყო მომხსენებლად და მისი დასწრება გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.
35. საკასაციო სასამართლო განსახილველი დავისადმი კასატორის ინტერესისა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლების პრეტენზიასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და მათი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით არ ყოფილა გამოწვეული. სასამართლო საქმეს საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით იხილავს, რომელთა მოქმედება ვრცელდება, როგორც სასამართლოზე, ისე - მხარეებზე.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
37. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს სასამართლო განიხილავს შესაბამისი სამართალწარმოების (განცხადების შეტანის) გზით, რაზედაც იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის მხარდაჭერის დაწესების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საქმეში შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, რის საფუძველზეც სასამართლო პროცესის წარმართვას უზრუნველყოფდა მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით. (სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-31 ნაწილი)
38. სსსკ-ის 99-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს.“ სსსკ-ის მე-100 მუხლი კი ადგენს: „წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ ბერკეტს საიმისოდ, რომ სასამართლომ ხელოვნური გაჭიანურების გარეშე განიხილოს საქმე. მოხმობილი ნორმები ავალდებულებს მხარეს (ასევე მის წარმომადგენელს), რომ უზრუნველყოს სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მხარის წარმომადგენელს (თუ იგი თავადაა ინიციატორი) უფლებამოსილების შეწყვეტისათვის. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლად მითითებულია ერთი და იგივე ადვოკატი. მარწმუნებლის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების, ან წარმომადგენლის მიერ მის უფლებამოსილებაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლო ვალდებული იყო წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები (განცხადების შინაარსი) პირადად ეცნობებინა მოსარჩელისთვის.
39. სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
40. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე არ უნდა განეხილა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს. აღნიშნული შინაარსის დებულებას ითვალისწინებს სსსკ-ის 3761-ე მუხლის მესამე ნაწილი და ადგენს, რომ „თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხი (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე...“.
41. კასატორი ასევე მოითხოვს შემოწმდეს საქმეში არსებული სხვა განჩინებებიც. მითითებულ მოთხოვნას საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს კონკრეტულ განჩინებებზე სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი. ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
43. სსსკ-ის 46-ე მუხლის და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქ/ვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე