საქმე №ას-141-2020 10 დეკემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი.გ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სს "ს.ბ–ი", ზ.პ–ძე, გ.პ–ძე, ქ.ა. (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი.გ–ის (შემდგომში - მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად, 2019 წლის 5 აპრილს. მას საჩივარი არ წარუდგენია და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
2. 2019 წლის 4 დეკემბერს, მოსარჩელემ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში კვლავ წარადგინა შუამდგომლობა სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დარჩა განუხილველი. სასამართლოს შეფასებით, საჩივრის ავტორი წინა შუამდგომლობისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებაზე არ უთითებდა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება წარდგენილი იყო იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
3. 2019 წლის 16 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე, მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი და მიუთითა, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მოითხოვს მის გაუქმებას. ამასთან, აპირებს წარადგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორს არ წარუდგენია დასაბუთებული შუამდგომლობა. შესაბამისად, 2020 წლის 9 იანვრის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად სსსკ-ის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილზე, დაყრდნობით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
7. მოცემულ შემთხვევაში საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე იმავე სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განჩინება.
8. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით 2019 წლის 25 თებერვალს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ერთერთი მოპასუხის სახელზე რიცხულ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოსარჩელე იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ არსებობდა მოპასუხის მხრიდან სადავო ქონების ფორმალურად გასხვისების ალბათობა.
9. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 4.12.2019წ. მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ შუამდგომლობა წარდგენილი ჰქონდა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რის გამოც განცხადება 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ი უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შემთხვევებში იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმას არ იცნობს. ასეთი დასკვნა გამომდინარეობს სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესიდან (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით).
11. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის 2019 წლის 4 დეკემბრის განცხადება არ ექვემდებარება არსებით განხილვას, ვინაიდან, მხარე მოითხოვს იმ შინაარსის ღონისძიების გამოყენებას, რომელზეც სასამართლომ 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებაში უკვე იმსჯელა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 4.12.2019წ წარდგენილ შუამდგომლობაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოტივაცია, საგანი და საფუძველი მოსარჩელის მიერ თავდაპირველად 25.02.2019წ. წარდგენილი განცხადების იდენტურია.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ერთსა და იმავე საგანსა და ერთი და იმავე საფუძვლით სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვის შემთხვევა, რაც, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.გ–ის საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრისა და იმავე სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე