საქმე №ას-1602-2018 24 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ბ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „შ...“, კ.კ–ა
მოსარჩელეები – ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „რ–ის“ წევრები: ა.ბ.მ–ი, ზ.მ–ი, გ.ს–ძე, გ.გ–ძე, ნ.ჩ–ი, დ.გ–ი, თ.კ–ი, მ.გ–ა, ვ.დ–ი, ნ.შ–ძე, თ.ქ–ა, ი.ლ–ძე, ლ.ნ–ძე, მ.ნ–ძე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, დამატებითი განჩინების გამოტანა, განჩინების ბათილად ცნობა
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „რ–ის“ წევრების ა.ბ.მ–ის, ზ.მ–ის, გ.ს–ძის, გ.გ–ძის, ნ.ჩ–ის, დ.გ–ის, თ.კ–ის, მ.გ–ას, ვ.დ–ის, ნ.შ–ძის, თ.ქ–ას, ი.ლ–ძის, ლ.ნ–ძის, მ.ნ–ძის და ბ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „რ–ის“ წევრების: ა.ბ.მ–ის, ზ.მ–ის, გ.ს–ძის, გ.გ–ძის, ნ.ჩ–ის, დ.გ–ის, თ.კ–ის, მ.გ–ას, ვ.დ–ის, ნ.შ–ძის, თ.ქ–ას, ი.ლ–ძის, ლ.ნ–ძის, მ.ნ–ძის და ბ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
3. 2021 წლის 16 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ბ.ხ–მა (შემდგომში - „განმცხადებელი“) და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე-262-ე მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღება (უსწორობის გასწორება, დამატებითი განჩინების გამოტანა, განჩინების განმარტება) ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
4. განმცხადებლის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იგი მოსარჩელედაა მოხსენიებული, თუმცა მას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. იგი იყო ამხანაგობის წევრების წარმომადგენელი და არა - ამხანაგობის წევრი. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 5 მარტის კრებაზე იგი აირჩიეს ამხანაგობის თავმჯდომარედ (ამხანაგობის არაწევრი). ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ ოქმზე მისი ხელმოწერა არ არის. განმცხადებლის მითითებით, სასამართლომ იგი არასწორად ჩათვალა მოსარჩელედ და ამხანაგობის წევრად. იგი სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით ითხოვდა ამ შეცდომის გასწორებას. განმცხადებლის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში იგი სწორადაა მოხსენიებული აპელანტების წარმომადგენლად. საკასაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მაგრამ ფაქტობრივად შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი იმ მიმართებით, რომ განმცხადებელი კვლავ მოსარჩელედ და ამხანაგობის წევრად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „რ–ის“ წევრებმა: ა.ბ.მ–მა, ზ.მ–მა, გ.ს–ძემ, გ.გ–ძემ, ნ.ჩ–მა, დ.გ–მა, თ.კ–მა, მ.გ–ამ, ვ.დ–მა, ნ.შ–ძემ, თ.ქ–ამ, ი.ლ–ძემ, ლ.ნ–ძემ, მ.ნ–ძემ და ბ.ხ–მა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე ბ.ხ–ი კასატორად არის მითითებული (იხ. ტ. 3, ს.ფ. 179-192).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კასატორების, მათ შორის, კასატორ ბ.ხ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. 2020 წლის 25 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კასატორ ბ.ხ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და იგი დაუშვებლად მიიჩნია, რაც აისახა განჩინებაში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე შეცდომა დაშვებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
11. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას, რომ სასამართლომ იგი არასწორად მოიხსენია ამხანაგობის წევრად და მოსარჩელედ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული განმცხადებლის საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ პრეტენზიას წარმოადგენდა, რომლის შესახებაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას იმსჯელა და არ გაიზიარა.
12. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საფუძველი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
14. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (იხ. სუსგ საქმე №ა-3849-გან-4-2017, 5 ოქტომბერი, 2017 წელი).
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების განმარტების წინაპირობას, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მხოლოდ მისი შინაარსის ბუნდოვანების გამო შეიძლება განიმარტოს, რაც განსახილველ შემთხვევაში არ ვლინდება.
16. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით დავის მიმართ არ დადგენილა ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც აღსრულებას საჭიროებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ განჩინების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მისი ამა თუ იმ დებულების განმარტების საფუძველი არ არსებობს.
17. რაც შეეხება განმცხადებლის მითითებას დამატებითი განჩინების გამოტანასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ საკითხების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მიიღება დამატებითი გადაწყვეტილება/განჩინება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა არ უკავშირდება არცერთ იმ საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც მიიღება დამატებითი განჩინება. გარდა ამისა, გასულია დამატებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნის წარდგენის ვადა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
20. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ზემოაღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემის მომდევნო დღიდან.
21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი ბ.ხ–ს ჩაბარდა პირადად, 2020 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ტ.3, ს.ფ. 218-219; 222-223).
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებითი განჩინების გამოტანისათვის დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის 7-დღიანი ვადის დენა განმცხადებლისთვის დაიწყო 2020 წლის 6 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2020 წლის 12 ოქტომბერს. ბ.ხ–მა კი საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა 2021 წლის 16 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დამატებითი განჩინების გამოტანის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის განხილვის საფუძველი.
24. განცხადებით ასევე მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. აღნიშნულ ვადას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
28. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ასლი განმცხადებელს, ბ.ხ–ს ჩაბარდა პირადად, 2020 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ტ.3, ს.ფ. 218-219; 222-223). ამდენად, მისთვის აღნიშნული დღიდან ცნობილი იყო განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოება. შესაბამისად, განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ნოემბერს. ბ.ხ–მა კი საკასაციო სასამართლოს განცხადებით 2021 წლის 16 მარტს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მომართა, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არსებობს განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.
29. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ფორმალური დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა მისი განსჯად სასამართლოში წარდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „რ–ის“ წევრების: გ.ს–ძის, გ.გ–ძის, ნ.ჩ–ის, ა.ბ.მ–ის, ზ.მ–ის, დ.გ–ის, თ.კ–ის, მ.გ–ას, ვ.დ–ის, ნ.შ–ძის, თ.ქ–ას, ი.ლ–ძის, ლ.ნ–ძის, მ.ნ–ძის და ბ.ხ–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი. ამრიგად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, განმცხადებელს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უნდა მიემართა.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და მისი განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნები დამატებითი განჩინების გამოტანისა და განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 424-ე, 426-ე, 429-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.ხ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორებისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ.ხ–ის განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე