საქმე №ას-259-2020 11 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ.წ–ი, ე.ო–ი და ქ.მ–ძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ი.პ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ. და ფ.დ.ე.ც–ი“ (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.წ–მა, ე.ო–მა და ქ.მ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“, „მეორე მოსარჩელე“, „მესამე მოსარჩელე“, ერთად მოხსენიებული როგორც „მოსარჩელეები“, „კასატორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ტ. და ფ.დ.ე.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე") მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. პირველი და მეორე მოსარჩელე აღდგენილ იქნენ მიმღები განყოფილების მოლარის თანამდებობებზე, მესამე მოსარჩელე - მიმღები განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11.06.2015 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის - 550 ლარის (დარიცხული) ოდენობით. მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28.05.2015 წლიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი ყოველთვიური ხელფასის - 660 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.01.2018წ. გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა - 9 900 ლარის ოდენობით თითოეულისთვის, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 11 880 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 26.12.2019წ. გადაწყვეტილებაზე, ამავე სასამართლოს 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილებაზე, საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრებ 29.11.2019წ. და 20.12.2019წ. განჩინებებზე და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის, კომპენსაციის დაკისრების და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოსგარეშე ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ხარჯების სრულად დაკისრება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2020წ. გადაწყვეტილებით: საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კომპენსაციის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.12.2019წ. გადაწყვეტილების შეცვლით (სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები) მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის კომპენსაციის გადახდა 19 800 ლარის (დარიცხული) ოდენობით, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 23 760 ლარის (დარიცხული) ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. უცვლელად დარჩა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.01.2020წ. დამატებითი გადაწყვეტილება. მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 396 ლარის, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - 475,2 ლარის ოდენობით. კასატორების მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2019წ. განჩინებების, ასევე 20.12.2019წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1584 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. 17.01.2021წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსარჩელეთა წარმომადგენელის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. შუამდგომლობა რეგისტრაციაში გატარდა 18.01.2021წ.. განმცხადებლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს 29.12.2020წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ არ იმსჯელა კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების საკითხზე, რაც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. პალატა მიუთითებს, რომ 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.). დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის 7-დღიანი ვადის დენის დაწყებას კანონი უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას და არა მხარისათვის მის ჩაბარებას (შდრ. იხ.: სუსგ-ებები: Nას-225-217-2012, 25.06.2012წ.; №ას-385-366-2015, 14.05.2015წ.), რადგან სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მხარეებისათვის ცხადი ხდება, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია ერთ-ერთი იმ ხარვეზით, რასაც ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი. შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლომ დროულად გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.; Nას-920-870-2015, 09.06.2016წ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
9. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე. გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარდა 05.01.2021წ. და საქართველოს მთავრობის 26.11.2020წ. N698 დადგენილებით 03.01.2021წ.-დან 06.01.2021წ. ჩათვლით დღეები, ასევე 08.01.2021წ.-დან 15.01.2021წ. ჩათვლით დღეები განსაზღვრული იყო უქმე დღეებად, 7 იანვარი იყო უქმე დღე - შობა, 16,17 იანვარი კი - ყოველკვირეული დასვენების დღეები (შაბათი და კვირა), დგინდება, რომ სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განმცხადებელმა კანონით დადგენილი ვადის დაცვით, სარეზოლუციო ნაწილის შეტყობიდან 7 დღის ვადაში წარმოადგინა შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით.
10. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: Nას-1054-2019, 30.09.2019წ., Nას-165-158-2013, 27.01.2014წ.).
11. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია საკასაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომელიც წარდგენილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების/კომპენსაციის მოთხოვნას, ამ ნაწილში კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომისსამართლებრივი ურთიერთობიდან). გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2020წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არ არსებობს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი წესით მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობა.
12. შესაბამისად, არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი წინაპირობები და განმცხადებლების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.წ–ის, ე.ო–ის და ქ.მ–ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე