Facebook Twitter

№ას-1267-2020 1 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი.ს–ი, თ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი ს.მ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“), ი.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“), თ.ს–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“) და ხ.ს–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოპასუხე, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები", "კასატორები") მიმართ და მოითხოვა 17 610.69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 10 813.17 ლარი, პროცენტი - 3247.50 ლარი და პირგასამტეხლო - 3550.02 ლარი; ასევე მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის - 1702.53 ლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.03.2020წ. გადაწყვეტილებით:

- მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 450 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 10 813.17 ლარი, პროცენტი - 3247.50 ლარი და პირგასამტეხლო - 1389.33 ლარი;

-პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N13890547 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 2160.69 ლარის გადახდა;

- პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა N277770320012628 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1702.53 ლარის გადახდა;

- სარჩელი მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეების მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1., ს.ფ.215-224). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.07.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2., ს.ფ.43-50). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2020წ. განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაეზუსტებინათ, გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ასევე წარმოედგინათ ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ან მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 5%) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: ტ.2, ს.ფ. 84-86).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მეორე და მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.11.2020წ. განჩინება გაეგზავნათ მეორე და მესამე მოპასუხეებს ცალ-ცალკე საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე (ტ.2, ს.ფ.61, 100, 99). ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მეორე მოპასუხის ოჯახის სრულწლოვან წევრს ჩაბარდა 08.01.2021წ. (იხ.: უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ.104). იმავე დღეს ჩაბარდა განჩინება მესამე მოპასუხის ოჯახის სრულწლოვან წევრსაც (იხ.: უკუგზავნილი ტ.2, ს.ფ.103). გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია გზავნილის მიმღები პირების პირადი ნომრები.

7. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, მეორე და მესამე მოპასუხისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 9 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 18 იანვარს. ამდენად, ისინი ვალდებულები იყვნენ ხარვეზი 18.01.2021წ. ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებმა საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში წარადგინეს 2021 წლის 20 იანვარს, ანუ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის დარღვევით (იხ.: საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტი, ტ.2., ს.ფ. 117).

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10.02.2020; №ას-1803-2019, 05.03.2020).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეორე და მესამე მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ს–ისა და თ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე