საქმე №ას-811-2020 24 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.შ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ე “ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „დ–ე “ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, კასატორი) დირექტორი 2013 წლის 25 ივლისიდან - 15 აგვისტომდე იყო ბ.ქ–ი, რომელმაც 2013 წლის 25 ივლისს გასცა ცნობა ვ.შ–ის (შემდეგში: მოსაჩელე ან აპელანტი) სასარგებლოდ და დაადასტურა კომპანიის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 46 000 ლარის ოდენობით, რაც იმავე დოკუმენტზე დაყრდნობით წარმოშობილია 2000 წლის 1 მაისიდან - 2007 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში.
2. დასახელებული დოკუმენტით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2000 წლის 1 მაისიდან - 2008 წლის 1 იანვრამდე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში, მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 500 ლარს. აღნიშნული ხელფასი მუშაობის მანძილზე არ აუღია.
3. სარჩელის მოთხოვნა
3.1. მოსარჩელემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელით მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების - 46 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ამასთან, კომპანიას არავითარი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა, დოკუმენტი კი იყო არა მოპასუხე კომპანიის მიერ გაცემული ცნობა, არამედ, სხვა კომპანიის მიერ გაცემული წერილი, ხოლო წერილზე ხელმომწერი პირი, თაღლითური ქმედებების გამო გარიცხული იყო პარტნიორობიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 46 000 ლარის ანაზღაურება;
6. მოპასუხის საჩივარი
6.1. მოპასუხე კომპანიამ, საჩივარი წარადგინა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ მოთხოვნით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, განახლდა საქმის წარმოება
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და 2019 წლის 16 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
10.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ კომპანიის მოქმედი დირექტორის მიერ გაცემული ცნობა ადასტურებდა ვალდებულების არსებობას და აღნიშნულ გარემოებას ვერ გამორიცხავდა ტექნიკური ხარვეზი - შპს „დ–ე +-ის“ ნაცვლად შპს „დ -ის“ მითითება, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელემ სწორედ შპს „დ–სს“ მიმართა და ცნობაც გაცემულია, შპს „დ–ის“ დირექტორის მიერ, ასევე დოკუმენტი გაცემულია მოპასუხე კომპანიის ბლანკზე შესრულებით, რაც ერთობლიობაში ადასტურებს ვალის არსებობას.
10.4. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, კომპანიის დირექტორის გაცემულ წერილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ არ წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას.
10.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, პალატის შესაფასებელი იყო მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები, რამეთუ მოპასუხის მიერ ხანდაზმულობის ფაქტზე მითითება, ამ უკანასკნელის საპროცესო თავდაცვის იმდენად არსებითი სახეა, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის წარმატება შეფერხდებოდა (სსკ-ის 144.1 მუხლი).
10.6. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 1.2 მუხლის თანახმად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება სსკ-ის ნორმებით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახელფასო ანაზღაურება წარმოადგენს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სასარგებლოდ ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე სსკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია გავრცელდება, რომლის მიხედვითაც ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
10.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ 2018 წელს მიმართა სასამართლოს და სასარჩელო წარმოება დამსაქმებლის წინააღმდეგ, 2000 წლის 1 მაისიდან - 2008 წლის 1 იანვრამდე პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით დაიწყო. ამდენად, ნათელი იყო, რომ მოსარჩელემ თავისი სამოქალაქო უფლება კანონით დაცულ ვადაში არ განახორციელა.
10.8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართებული იყო აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან, სახეზე იყო სათანადო პროცესუალური წინაპირობები.
10.9. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სარჩელისა და თანდართული მასალების ჯეროვნად ჩაბარების მტკიცების ვალდებულება ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს, რისი დადასტურების შემდგომაც მითითებული გარემოების გაბათილების ვალდებულება დაეკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ საჩივრის ფარგლებში უარყოფილი იქნა სარჩელის ჩაბარება, აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, რომ მისი მხრიდან დადგენილი წესით განხორციელდა გზავნილის ადრესატისათვის გაგზავნა და ჩაბარება, მხოლოდ მითითება, რომ უკუგზავნილზე აღნიშნული იყო სარჩელი ვერ დაადასტურებს კონვერტში სარჩელის არსებობას, რადგან არ დასტურდება, რომ თავად კონვერტზე მითითებული იყო მხარეთა რეკვიზიტები, სასამართლო ბეჭედი ან სიმბოლო, რასაც შესაძლოა ადრესატისათვის შეექმნა მოლოდინი, რომ გზავნილი იყო სასამართლოდან. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გზავნილის სათანადო რეკვიზიტებით აღჭურვა და მასზე შესაბამისი ბეჭდის ასახვა ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ სამომავლოდ გამოირიცხოს მისი ადრესატის მხრიდან მითითება გზავნილის არასრულად ჩაბარებასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში კი, მითითებული რეკვიზიტების გარეშე შეფუთული კონვერტით გზავნილის ჩაბარების პირობებში სადავოა თავად ამ გზავნილში სარჩელის არსებობის ფაქტი, რის გამოც სარჩელის ცალსახად ჩაბარების დადასტურება მხოლოდ უკუგზავნილზე ხელმოწერით ვერ დადასტურდება და შესაბამისად გაუმართლებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ როდესაც კანონით დადგენილი წესით არ დასტურდება სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება და ამავდროულად მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივრით იკვეთება დავის არსებითი განხილვის მიმართ ინტერესი.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 2019 წლის 16 იანვრის განჩინების გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტის შეფასებისას დაასკვნა, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა ვალის აღიარების დოკუმენტს, არ ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელის მტკიცებას, რომ წარდგენილი დოკუმენტით დასტურდებოდა სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტი.
11.3. კასატორის განმარტებითვე, სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს არსებით მსჯელობას ვინაიდან, საქმე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასრულდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო.
11.4. სასამართლოს მსჯელობა მოპასუხისთვის კონვერტის ჩაბარებასა და ამავე კონვერტში სარჩელის არსებობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მოპასუხე ვერ ამტკიცებდა მის მიერ უარყოფილ ფაქტს, ხოლო, საპირისპიროდ მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, ამასთან, საფოსტო გზავნილი, რომლითაც სარჩელი გაიგზავნა ხელმოწერილია პირადად მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ.
11.5. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი ზედნადების ნომერი #34940 იყო, ხოლო მოპასუხემ, იმ გარემოების დასამტკიცებლად, რომ კონვერტში სარჩელი არ ყოფილა, წარადგინა ცნობა, რომ ადვოკატთა პროფესიული კორპორაციიდან, რომლის ტელეფონი იყო 32... ჩაბარდა გზავნილი ნომრით 33564, აღნიშნული კი სასამართლომ ერთი და იმავე გზავნილად მიიჩნია.
11.6. კასატორისვე განმარტებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გზავნილის მიღების შემდეგ ადვოკატებს შეატყობინა, მათ კი უთხრეს, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. ამდენად, თუ მოსარჩელე ამტკიცებს, რომ სარჩელი არ იყო მისთვის ჩაბარებულ კონვერტში მოთავსებული, მის შინაარსს ვეღარ მოახსენებდა ადვოკატებს.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2020 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორებს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვთ წარმოდგენილი.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება. სააპელაციო პალატა, გასაჩივრებული განჩინებით დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების ჯეროვნად ჩაბარების ფაქტის მტკიცების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც ამ უკანასკნელმა წარმატებით ვერ შეძლო.
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კასატორი მოითხოვს, როგორც სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი განჩინების, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო წესის მიხედვით, სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით (საჩივრით), ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად. სასამართლოს იმ განჩინებების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე, რომლებიც შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით არ გასაჩივრებულა, აგრეთვე იმ განჩინებებზე, რომლებზეც კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია, შეიძლება მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების ამ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებები კანონის დარღვევითაა მიღებული, რამაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობა განაპირობა, საკასაციო სასამართლო გააუქმებს როგორც შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, ისე კანონის დარღვევით მიღებულ განჩინებებსაც. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ-ებები: №3კ/393-01, 19 ოქტომბერი, 2001 წ; №ას-112-415-04, 4 მარტი, 2004წ; №ას-217-209-2013, 20 სექტემბერი, 2013 წ.).
17. ამდენად, ვინადან, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებას, რომლის დამოუკიდებლად ან კერძო საჩივრის წარდგენის გზით გასაჩივრებასაც კანონი არ ითვალისწინებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უპირველესად სწორედ ამ წინმსწრები საპროცესო აქტის კანონიერება უნდა შეფასდეს.
18. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად ადგენს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის გადაცემის წესს და თუ სარჩელი შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ (სსსკ-ის 183-ე მუხლი) მოპასუხის ჯეროვან ინფორმირებას კანონმდებელი მოსარჩელეს ავალდებულებას. მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა მოსარჩელეებს მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე (სსსკ-ის 184.1 მუხლი). ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით (სსსკ-ის 184.3 მუხლი). აღნიშნული ვალდებულების პარალელურად საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია ასევე იმ მოპასუხეთა ინფორმირების წესი, რომელთაც ვერ ბარდებათ შეტყობინება (სარჩელი) ან მათი მისამართი უცნობია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ.
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი იურიდიული პირის წინააღმდეგ იყო წარდგენილი, რის გამოც მოსარჩელე ვალდებული იყო უზრუნველეყო სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოსარჩელისათვის ჩაბარება ზემოთმითითებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
20. დადგენილია, რომ სარჩელი სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბერს წარედგინა. საქმის მასალებში, ამავე თარიღით შედგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ ხელმოწერილი აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილები მოპასუხეთათვის ჩასაბარებლად. 2018 წლის 1 ოქტომბრის სატელეფონო შეტყობინების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ სხდომის მდივანმა, მოსარჩელის წარმომადგენელს აცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ, აგრეთვე განუმარტა, რომ 2 თვის ვადაში სასამართლოში უნდა წარედგინა, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018 წლის 12 ნოემბრის განცხადებით კი ირკვევა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარუდგინა შოთა მახათაძის ხელმოწერით გაფორმებული საფოსტო გზავნილის გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი #34940, ასევე, საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარწერით „გზავნილის სახეობა - სარჩელი“, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, მოპასუხე კომპანიის დირექტორმა, მიიღო გზავნილი. დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია. ამასთან, მოპასუხის მტკიცება, რომ მის მიერ წარდგენილი კონვერტი (ტ.1,ს.ფ.101), არის ზუსტად ის კონვერტი, რომელიც მოსარჩელემ გაუგზავნა და რომელშიც არ ყოფილა სარჩელი, რაც დასტურდება ამავე კონვერტზე შესაბამისი ბეჭდის არარსებობით, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებითა თუ გარემოებით.
21. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორი, 2019 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე საქალაქო სასამართლოში, განმარტავს, რომ წერილის (და არა სარჩელის, მისივე განმარტების გათვალისწინებით) მიღების შემდეგ უკავშირდება ადვოკატს, რომელიც მას ეუბნება - „ხანდაზმულია, წავიდეს სასამართლოში და იდავოსო“, აღნიშნული, დამატებით უმყარებს სასამართლოს რწმენას, რომ მოპასუხემ სწორედ სარჩელი მიიღო, საგულისხმოა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ ნახსენები წერილი, რომელიც მისი განმარტებით სარჩელის ნაცვლად მიიღო, არ წარდმოუდგენია სასამართლოსთვის არც სასამართლოს წინაშე საფოსტო კომპანიის წარმომადგენლების გამოკითხვა მოუთხოვია, მხოლოდ წერილობით პასუხი საფოსტო კომპანიიდან, რომ 2018 წლის 1 ნოემბერს ერთი წერილი, არ გულისხმობს, რომ აღნიშნული სარჩელი არ იყო და ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და განმარტებებს, მათ შორის საფოსტო გზავნილი დამადასტურებელ უკუგზავნილებს.
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით და სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, აქვე საგულისხმოა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, რამდენადაც შესაგებლის შეუტანლობის გამო კანონის ძალით დადგენილად მიიჩნევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მოსარჩელემ გარკვეული წლების განმავლობაში გასწია შრომა, ხოლო მოპასუხე კომპანიას სახელფასო დავალიანება არ გადაუხდია.
23. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებისას, უფლება თავისთავად ნამდვილია და არსებობს, ანუ ასეთი შესაგებლის არსებობისას, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას უფლების შემწყვეტი ან გამომრიცხავი პასუხით არ უპირისპირდება, მეტიც შეიძლება პირდაპირ აღიარებდეს უფლების ნამდვილობას, უბრალოდ მისი სასამართლოს მეშვეობით განხორციელებას აფერხებეს ხანდაზმულობაზე მითითებით). მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.
25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გადაანაწილეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, და არასწორად დააკისრეს მოსარჩელეს იმაზე მეტის მტკიცების ტვირთი ვიდრე მას ჰქონდა, ამასთან, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეაფასეს, რის გამოც, მართებულად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. აღნიშნულის გარდა, სარჩელის მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი გამორიცხვის ორ გარემოებაზე მიუთითა მოპასუხე კომპანიამ, ერთი, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ხოლო, მეორე, მოთხოვნა საერთოდ არ არსებობდა.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში როდესაც, დადგენილია, შესაგებლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის დარღვევით წარდგენა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა იყო, სასამართლო თავისი ინიციატივით ვეღარ იმსჯელებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც, თავისმხრივ ვეღარ შეაფერხებდა მოსარჩელის შესაძლო უფლებას/მოთხოვნას მოპასუხის წინააღმდეგ.
27. რაც შეეხება მოთხოვნას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი, გარკვეული ფაქტის არსებობის შესახებ, საკმარისი იყო, სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება, აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაუსაბუთებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ვ.შ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 იანვრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განჩინება;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში;
4. შპს „დ–ე “ სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 5 520 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე