საქმე№ა-428-შ-12-2020 22 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის მხარის, გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ს–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ტ.ს–ას, მოსარჩელის - ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საშუალო სკოლა-ინტერნატის მიმართ დაეკისრა 4 737.02 რუბლის გადახდა, ხოლო, სასამართლო ხარჯების გადახდა 25 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით.
2. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა ბელორუსის ტერიტორიაზე.
3. ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის მხარის, გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციამ, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, და ითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სასამართლო ხარჯების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. დასახელებული გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით წარმოებაშია მიღებული.
5. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, ტ.ს–ას, ორჯერ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. ბათუმი, .......... ფოსტის კურიერის განმარტებით სახლში არავინ იყო და მან დატოვა შეტყობინება, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილის მიხედვით, მისამართი არ არის ზუსტი, არასრულია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ბათუმის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ტ.ს–ასთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ჩაბარება იმავე მისამართზე: ქ. ბათუმი, ......... და ჩაბარების ან ჩაუბარებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის ინფორმაციის მოწოდება.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 22 ივლისს, მომართა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსმა და განმარტა, რომ გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, ადრესატს, საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეეძლო, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).
9. დასახელებული შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ გვერდზე 2021 წლის 28 იანვარს განთავსდა, მხარისათვის კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მოწინააღმდეგეს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ტ.ს–ას, მოსარჩელის - ჟაბინკოვსკის სპეციალური საერთო საშუალო სკოლა-ინტერნატის მიმართ დაეკისრა 4 737.02 რუბლის გადახდა, ხოლო, სასამართლო ხარჯების გადახდა 25 რუბლისა და 50 კაპიკის ოდენობით. დასახელებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, შუამდგომლობის ავტორმა სასამართლო ხარჯების გადახდის ნაწილში მოითხოვა. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება, მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან კანონიერ ძალაშია შესული.
11. მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან.
12. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოგადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის მხარის, გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა, ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების, სასამართლოს გადასახადების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელორუსის რესპუბლიკის, ქ. ბრესტის, ლენინის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ტ.ს–ას, დაეკისრა, სასამართლო ხარჯების გადახდა 25 რუბლი და 50 კაპიკი.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე