საქმე№ა-1060-შ-27-2020 30 მარტი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ო
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ღ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, კიევის დარნიცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე # 753/2821/19)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, კიევის დარნიცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ.გ–ოს სარჩელი კ.ღ–ას მიმართ არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა:
კ.ღ–ას (დაბადებული 28.04.1970წ., რეგისტრირებული და მცხოვრები: საქართველო, ქ. სენაკი, ......; უმუშევარი; პასპორტის ......., გაცემული 30.10.2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) გ.ა. ასული გ–ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის (ვაჟის) 2017 წლის 3 დეკემბერს დაბადებული ლ.კ– ძე ღ-გ–ოს სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 3000 გრივნა, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%, 2019 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2. 2020 წლის 5 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით გ.გ–ომ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.
3. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი 2019 წლის 7 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში.
4. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ესწრებოდა სასამართლო სხდომას და სარჩელი ცნო სრულად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
6. 2021 წლის 29 მარტს კ.ღ–ამ წარმოადგინა წერილობით მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არაგონივრულია, რადგან არის უმუშევარი და კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი მშობლები. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ უნდა ცნოს და აღასრულოს გადაწყვეტილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდება მისი ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 2000 გრივნამდე (166 ლარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში "კანონი") 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კანონის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
8. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
9. კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში, "საერთაშორისო ხელშეკრულება") პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.
11. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
12. საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.
13. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
14. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია.
15. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობას დაკისრებული ალიმენტის მაღალ ოდენობაზე და მოთხოვნას მისი შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც გადაწყვეტილებიდან ირკვევა, მოპასუხე ესწრებოდა სასამართლო სხდომას და სარჩელი ცნო სრულად. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. პალატა მიუთითებს revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპზე, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს (შდრ. სუსგ. №ა-4097-შ-109-2019, 04.12.2019წ.).
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო ხელშეკრულების და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის, კიევის დარნიცკის რაიონის სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.გ–ოს სარჩელი კ.ღ–ას მიმართ არასრულწლოვანი შვილისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა: კ.ღ–ას (დაბადებული 28.04.1970წ., რეგისტრირებული და მცხოვრები: საქართველო, ქ. სენაკი, ..........; უმუშევარი; პასპორტის N......, გაცემული 30.10.2015 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) გ.ა. ასული გ–ოს სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 3 დეკემბერს დაბადებული ლ.კ– ძე ღ-გ–ოს სარჩენად დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 3000 გრივნა, მაგრამ შესაბამისი ასაკის ბავშვის საარსებო მინიმუმის არანაკლებ 50%, 2019 წლის 5 თებერვლიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე