Facebook Twitter

№ ას-43-2021 26 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი.ძ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.პ–ი“

მოპასუხეები – შპს „გ.პ–ი“, შპს „მ.გ.“, შპს „ც–ი“

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ე.პ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „კომპანია“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ძ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“), შპს „გ.პ–ის“, შპს „მ.გ–ისა“ და შპს „ც–ის“ მიმართ, მოითხოვა ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ხელშეკრულებების საგნებზე მესაკუთრედ აღიარება.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. პირველმა მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 50 000 ევროს, 26 000 ლარისა და აღნიშნული თანხებით უსაფუძვლო სარგებლობისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ჯამური ოდენობის წლიური 8%-ის დაკისრება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით შუამდგომლობა პირველი მოპასუხის მიმართ სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მითითებულ ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ევროსა და 26 000 ლარის გადახდა; მოთხოვნა თანხებით უსაფუძვლო სარგებლობისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ჯამური ოდენობის წლიური 8%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა.

7. 2020 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მოითხოვა ყადაღის დადება: ა) საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე, 280 217 ლარის ფარგლებში [199 980 ლარს (50 000 * 3.9996; 1 ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2020 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით 3.9996 ლარი) + 26 000 ლარი + 54 237 ლარი დარიცხული პროცენტი = 280 217 ლარს] გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა; ბ) კომპანიის უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდებით: ...... და .......).

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განცხადება უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს აეკრძალა ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: ......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებისა და უძრავ ქონებაზე (ს/კ: .......) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე, 191-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვთ ხელშეკრულებები, შესაბამისად, გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობები. ანგარიშსწორებას ისინი ახორციელებენ საბანკო გადარიცხვებით (უნაღდო ანგარიშსწორებით). მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, საწარმოში დასაქმებული არიან პირები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით კი მათ ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. ანგარიშების დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის არა მხოლოდ გადასახადებს, ასევე ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, მეწარმე სუბიექტებს გარდა ფულადი სახსრებისა გააჩნიათ უძრავ-მოძრავი ქონებაც, რომლის დაყადაღებით სავსებით შესაძლებელია მოთხოვნის უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში ყადაღა უნდა დაედოს სწორედ მოძრავ თუ უძრავ ქონებას. საბანკო ანგარიშების დაყადაღება კი გამონაკლის და უკიდურეს შემთხვევებში უნდა განხორციელდეს, როდესაც იურიდიულ პირს არ გააჩნია სხვა აქტივი და აშკარაა, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა საბანკო ანგარიშების დაყადაღებას საქალაქო სასამართლოშიც. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე ყადაღა დაედო კომპანიის საბანკო ანგარიშებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელით მოპასუხის საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ზემოაღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინება.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შეგებებული სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის, ასევე ფულადი სახსრებით უსაფუძვლოდ სარგებლობისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ჯამური ოდენობის წლიური 8%-ის დაკისრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველსაყოფად კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადება ადეკვატურ ღონისძიებად მიიჩნია.

13. სააპელაციო სასამართლომ კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, არათუ ხელი შეეწყობა გადაწყვეტილების აღსრულებას, არამედ შეიძლება ხელი შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები. იურიდიული პირის ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვერ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მოთხოვნილია კომპანიისათვის უძრავი ქონების (საკადასტრო კოდებით: ...... და ......) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა. სააპელაციო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კომპანიას აეკრძალა უძრავი ქონების (ს/კ .......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უძრავი ქონება (ს/კ: ......) არის 2 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებებებით, ქონების საბაზრო ღირებულება 79 000 აშშ დოლარია, თუმცა მასზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება და სარგებლობა. უძრავი ქონება (ს/კ: ......) არის 1 201 კვ.მ, თუმცა საქმეში წარდგენილი არ არის მისი ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე, კომპანიის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ქონების (ს/კ ......) უფლებრივად დატვირთვით მიიღწეოდა ის ინტერესი, რომელიც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს აქვს სარჩელის მიმართ.

16. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, მოითხოვა საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმება და უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიებების გამოყენება: კომპანიის უძრავი ქონებისა (ს/კ .......) და საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღება, გარდა საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა.

17. განმცხადებელმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის დადების ნაწილში მოთხოვნა მკაფიოდ და ნათლად არის ჩამოყალიბებული, კერძოდ, ყადაღის დადების მოთხოვნა არ შეეხება საბიუჯეტო (საგადასახადო) გადასახადებისა და სახელფასო გასაცემლების გადახდას;

17.2. საქმეში არსებული მასალებიდან უდავოდ დასტურდება, რომ დაყადაღებული ქონების ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა. დაყადაღებული ქონება კომპანიამ 2019 წლის ოქტომბერში შეიძინა, თუმცა შეძენილი მიწის ნაკვეთი არ გაუმჯობესებულა და მასზე არც რაიმე შენობა-ნაგებობა აღმართულა. შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დაყადაღებული ქონების საბაზრო ღირებულება 172 434 ლარს შეადგენს. ქვეყანაში და მსოფლიოში შექმნილი პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების ფასი 10-15%-ით შემცირდა, შესაბამისად, დაყადაღებული ქონება, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, არ არის საკმარისი სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;

17.3. კომპანიის უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდებით ..... და .....) არსებობს სასამართლო შეზღუდვა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის შესახებ, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით საფრთხე ექმნება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზებას.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

21. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის კანონიერება.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

25. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ №ას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი).

26. კანონმდებლობაში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (იხ. სუსგ № ას-1477-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

27. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

29. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა 50 000 ევროსა და 26 000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი თანხებით უსაფუძვლო სარგებლობისათვის 50 000 ევროსა და 26 000 ლარის ჯამური ოდენობის წლიური 8%-ის შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

30. დადგენილია ასევე, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ და მოითხოვა ყადაღის დადება: ა) საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებული კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე, 280 217 ლარის ფარგლებში [199 980 ლარს (50 000 * 3.9996; 1 ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2020 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით 3.9996 ლარი) + 26 000 ლარი + 54 237 ლარი დარიცხული პროცენტი = 280 217 ლარს] გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა; ბ) კომპანიის უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდებით: ....... და ......). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განცხადება უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს აეკრძალა ქალაქ ბათუმში, ..... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებისა და უძრავ ქონებაზე (ს/კ: ......) გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

31. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დამატებით მოითხოვს კომპანიის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ ქონებაზე (ს/კ: ......) ყადაღის დადებას.

32. განმცხადებელი საჩივარში უთითებს, რომ დაყადაღებული ქონების ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხა. კომპანიის უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდებით: ...... და ......) არსებობს სასამართლო შეზღუდვა გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის შესახებ, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით საფრთხე ექმნება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის რეალიზებას.

33. საკასაციო პალატა მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის №484680 წერილზე, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ ....) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებულია აკრძალვა. მესაკუთრეს აკრძალული აქვს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპანიის მხოლოდ ერთი ქონების (ს/კ ......) უფლებრივად დატვირთვა შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და არსებობს კომპანიის მეორე უძრავი ქონების (ს/კ .......) უფლებრივად დატვირთვის საფუძველი.

35. რაც შეეხება საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ ბანკში არსებულ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებაში განმარტებულია, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა (იხ. 2013 წლის 18 ივლისის სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის შემაჯამებელი ოქმი, http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/shexvedrisshejameba.pdf).

38. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიას უფიქსირდება უძრავი ქონება, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები - შეგებებული სარჩელით მოპასუხის ორი უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენება, უზრუნველყოფს აღნიშნული ღონისძიებების მიზანს და საჭირო აღარ არის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დამატებით, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გამოყენება.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინებების ნაწილობრივ გაუქმებისა და საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი.ძ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებები იმ ნაწილში, რომლითაც ი.ძ–ძეს უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...... (ს/კ: .......), გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის გამოყენებასთან დაკავშირებით;

3. შპს „ე.პ–ს“ (ს/კ: ......) აეკრძალოს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....... (ს/კ: .......), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინებები დარჩეს უცვლელი;

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი