საქმე №ას-953-2020 02 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ თ.ს.ბ. ბ.მ.ს–ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.გ–ი (შემდეგში - ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან ბ.ბ–ის დირექტორი) ა(ა)იპ N153 საბავშვო ბ.ბ–ის დირექტორად დაინიშნა 2007 წლის 19 ოქტომბერს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 709-ე მუხლი). მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1000 ლარს შეადგენდა (იხ. ცნობა, ს.ფ. 16. ტ.1).
2. ა(ა)იპ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს დირექტორის 2015 წლის 13 ივლისის #100 ბრძანებით ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (იხ. ბრძანება, ს.ფ. 17. ტ.1).
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 18-31.ტ.1).
4. ა(ა)იპ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს დირექტორის 2017 წლის 16 იანვრის #005 ბრძანებით, მოსარჩელე აღადგინეს ბ.ბ–ის დირექტორის თანამდებობაზე (იხ. ბრძანება, ს.ფ. 32. ტ.1).
5. ა(ა)იპ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს 2017 წლის 10 თებერვლის #015 ბრძანებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ბრძანება), ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე კვლავ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას სშკ-ის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, ბ. -ბ. მ.ს–ოს წესდების მე-6 მუხლის, მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები დაედო საფუძვლად (იხ. ბრძანება და მისი დასაბუთება , ს.ფ. 74; 110. ტ.1).
6. 2017 წლის 10 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნა უარყოფილ იქნა; მოპასუხეს ერთჯერადი კომპენსაცია - 6000 (დაუბეგრავი) ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები; სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები; ასევე - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; სშკ-ის მე-2, 32-ე, 37-ე და 38-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც, აპელანტმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 387.2 მუხლი).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა; მოსარჩელე აღდგენილი იქნა დირექტორის თანამდებობაზე. აგრეთვე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა
12. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საჩივრით. მისი მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, ავადმყოფობით, რაც დასტურდება ჯანმრთელობის შესახებ #302 ცნობით (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა, ს.ფ. 114).
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების პატივსადები მიზეზი.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მარტის განჩინებით ა(ა)იპ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგი დასაბუთებით:
16. სსსკ-ის 230.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
17. საკასაციო პალატის განმარტებით, მსგავსი პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
18. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებს თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია, ხოლო, თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
19. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბ.ბ–ის დირექტორი. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნა, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო და განმარტა, რომ მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
21. ამდენად, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
22. ამასთან, საკასაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამ უფლებაზე უარის შესახებ სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (ამასთან დაკავშირებით შდრ. საქმე სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019, #ას-838-784-2017, 31.07.2017, # ას-379-363-2016, 30.06.2016).
23. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, სარჩელი იურიდიულად გამართლებული არ იყო, რის გამოც, მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ზეპირი განხილვა.
25. 2020 წლის 16 ივლისს 17:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე, არ გამოცხადნენ მოწინააღმდეგე მხარის - ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ წარმომადგენლები - მ.ჩ–ი და გ.ქ–ძე, რომელთაც სხდომის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
26. სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
27. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენსა და იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმის, ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–თვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის 6000 ლარის დაკისრებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–თვის“ სახელმწიფო ბაჟის - 180 ლარის დაკისრების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები) და გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ „ქ. თბილისის #.. საბავშვო ბ.ბ–ის დირექტორის“ თანამდებობაზე; ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს - მ.ჩ–ს და გ.ქ–ძეს 2020 წლის 08 ივლისს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ ხელწერილის საშუალებით ეცნობათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 16 ივლისს 17:00 საათზე დანიშნული/გადადებული სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი ხელწერილით (იხ. საქმეში). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ. მ.ს–ოს“ წარმომადგენელს - მ.ჩ–ს სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
29. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ 2017 წლის 10 თებერვლის N2/015 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო, გათავისუფლდა ა(ა)იპ „ქ. თბილისის N.. საბავშვო ბ.ბ–ის“ დირექტორის თანამდებობიდან 2017 წლის 10 თებერვლიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ დაფუძნების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის N16.67.710 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის N27.28.613 განკარგულებით დამტკიცებული ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ წესდების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტები.
31. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებულია ა(ა)იპ „თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ წესდება. აღნიშნული წესდების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. იგი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. ამავე წესდების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, განკერძოებული ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის, სავალუტოც) საბანკო დაწესებულებებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
32. მითითებული წესდების თანახმად, სააგენტოს დამფუძნებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახით. რაც შეეხება სააგენტოს სტრუქტურას, სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების მისაღწევად, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შინაარისიდან გამომდინარე კი სააგენტოს ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელება; უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა; კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის ყველა მიმართულების მონიტორინგი და ა.შ. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს დაფინანსება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა, მათ შორის, გადაანაწილოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, ხოლო ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია ამ წესდებითა და კანონდმებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინსფრასტრუქტურის და სხვა მიმართულების განვითარების პროექტები, მათ შორის: ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; სურსათის შეყიდვის მიზნით, სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ფართების კაპიტალური და მიმდინარე რემონტი; აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისთვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები, სათამაშო მოედნები და სხვა) და სხვა ღონისძიებები.
33. ა(ა)იპ „ქ. თბილისის N.. საბავშვო ბ.ბ–ის“ წესდების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბავშვო ბ.ბ–ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც ქმნის დაწესებულების სათათბირო ორგანოს. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამფუძნებელი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე კი, დირექტორი მართავს საბავშვო ბ.ბ–ს; წარმართავს და ორგანიზებას უწევს დაწესებულების საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე და ა.შ. მითითებული წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბ.ბ–ს გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბავშვო ბ.ბ–ის დაფინანსების წყაროა ქ.თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი. აღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ ორგანიზაციული საქმიანობის უნარ-ჩვევები და არ მიუღწევია 60 წლის ასაკისათვის.
34. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ურთიერთობა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობად უნდა შეფასებულიყო, შემდეგ გარემოებათა გამო:
35. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
36. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
37. დავალების ხელშეკრულება განეკუთვნება იმ ხელშეკრულებათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. პირს ზოგჯერ ამა თუ იმ მიზეზით არ შეუძლია უშუალოდ განახორციელოს კონკრეტულ ურთიერთობაში მისი უფლებები და მოვალეობები. დავალების ხელშეკრულება კი ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ასეთ პირს შეუძლია მიანდოს გარკვეული მოქმედების შესრულება. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას.
38. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 19 ოქტომბრის დადგენილებით დაინიშნა ქ. თბილისის N.. საბავშვო ბ.ბ–ის დირექტორად. იგი აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2015 წლის 13 ივლისს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ იქნა ცნობილი და იგი აღდგენილ იქნა სამსახურში იმავე პოზიციაზე. ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ 2017 წლის 16 იანვრის ბრძანებით, ლ.გ–ი დაინიშნა ხელმეორედ ა(ა)იპ „ქ. თბილისის N.. საბავშვო ბ.ბ–ის“ დირექტორის თანამდებობაზე და უფლებამოსილებას ახორციელებდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 10 თებერვლის ბრძანების გამოცემამდე. აღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა ხანგრძლივი სამსახურებრივი ურთიერთობა, აღნიშნულმა პერიოდმა მოიცვა ასევე მათ შორის დავა და სასამართლოში საქმის განხილვა. ამ ხნის განმავლობაში მათი ურთიერთობა თვით მხარეთა და სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობად და მხარეები მოქმედებდნენ შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში.
39. სააპელაციო სასამართლომ სასმართლო პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ საწარმოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა წესრიგდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსკ-ის შესაბამისი ნორმებით, კერძოდ, საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 710-ე მუხლები). დავალების ხელშეკრულება ის სამართლებრივი საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც პირს შეუძლია მიანდოს თავის რწმუნებულს იურიდიული მომსახურების გაწევა, პარტნიორთა კრებაზე მონაწილეობის მიღება, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და ა.შ., ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ვინაიდან, თავად დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ მუხლში არ არის დაკონკრეტებული რწმუნებულის მიერ შესასრულებელი მოქმედების ხასიათი, ამიტომ ასეთი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ #ას-655-611-2017, 11.07.2017წ; შდრ. სუსგ-ები: #ას-895-845-2015, 29.01.2016წ; #ას-560-535-2016, 02.09.2016წ; #ას-918-884-2016, 10.07.2017წ).
40. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გასწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. იმ პირობებში, როდესაც სსკ-ის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი (იხ. სუსგ #ას-1203-2018, 25.04.2019 წ.). საკასაციო სასამართლოს მითითებული მსჯელობა ეხება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საწარმოსა და დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებას, და აკეთებს დასკვნას, რომ ეს ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს დავალების ხელშეკრულებად. მისი ეს მსჯელობა არ ეხება ა(ა)იპ-ს, რომელიც არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საწარმოს და წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა.
41. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა(ა)იპ „ქ.თ.ს.ბ.ბ.სააგენტო“ არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საწარმოს. ის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა. ა(ა)იპ „ქ.თ.ს.ბ. -ბ. სააგენტოს“ და ა(ა)იპ „ქ. თბილისის N.. ს. ბ.ბ–ის“ წესდებების თანახმად, ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ. მ.ს–ოს“ და მის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბ.ბ. ფუნქციური დანიშნულება და მიზანია სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მართვა და წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბ.ბ. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ანუ ისინი ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ–ის დირექტორი ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოკიდებულია სააგენტოზე, მოპასუხემ თავად განუსაზღვრა მოსარჩელეს სამუშაო ადგილი და შეუქმნა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო პირობები, შრომითი ურთიერთობის მანძილზე ბ–ის დირექტორი, როგორც დასაქმებული, სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით და გარანტიებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად პირდაპირ მითითებულია, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ადასტურებს იმას, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა იწყება, შემდგომში წესრიგდება და სრულდება საქართველოს შრომის კოდექსით, რაც იმას ნიშნავს რომ სააგენტოსა და დირექტორს შორის ურთიერთობა წარმოადგენს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობას. ამასთან, მოცემულ სადავო ურთიერთობასთან მიმართებით, არ არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა და მსგავსი ტიპის საქმეები სასამართლოს მიერ შეფასებულია, როგორც შრომით ურთიერთობად, ისე დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად. მსგავსი ტიპის დავაზე ა(ა)იპ საბავშვო ბ.ბ–ის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა) საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდებოდა საკასაციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან, ხოლო ქვემდგომი ინსტანციების მიერ აღნიშნული დავა მიჩნეული იყო შრომით სამართლებრივ დავად და არა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად (იხ. საქმე Nას-1135-2018).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ჩაითვალა დამტკიცებულად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
43. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე მოწინააღმდეგე მხარემ ( მოპასუხე) წარადგინა საკასაციო საჩივარი.
44. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად სხდომა დაინიშნა 8 ივლისს, რომელიც გადაიდო 16 ივლისს 17:00 საათზე, თუმცა კასატორის მიერ ჩანიშნული იქნა 17 ივლისი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოდან განხორციელებული ზარის საფუძველზე, წარმომადგენელი დაგვიანებით გამოცხადდა აღნიშნულ დღეს სხდომაზე, სავარაუდოდ, სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
45. კასატორი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე მსჯელობის საგანს წარმოადგენს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ თავად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
46. კასატორი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ 2020 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე Nას-1337-2019 საქმეზე განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ ამართლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, შესაბამისად, არ გაიზირა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, „საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მას ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებულ სასამსახურო ხელშეკრულებისგან. ამდენად, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე მუხლის საფუძველზე, დაიდო დავალების ხელშეკრულება, რაც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამათუ იმ შედეგს და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედებდების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამ უფლებაზე უარის შესახებ სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან". შესაბამისად, სააგენტო არ არის კლასიკიური გაგებით, დამსაქმებელი, ბ. -ბ–ის დირექტორის დანიშვნა დამოკიდებულია მისი, როგორც, დამფუძნებლის ნების გამოხატვაზე და დადგენილი წესით რეგისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კი სააგენტო ითხოვს მხოლოდ ერთს, ბ.ბ. სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავებული წესდებითა და დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას და მინდობილი პირის კეთილსინდისიერ ქმედებას. სააგენტო დადგენილი მექანიზმებების მეშვეობით აკონტროლებს და ზედამხედველობას უწევს დირექტორების საქმიანობას. დირექტორები, თავის მხრივ, როგორც დამფუძნებლის მიერ დანიშნული პირები, ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს წინაშე და აქვთ ვალდებულება, იმოქმედონ ექსკლუზიურად კონკრეტული ა(ა)იპ-ის ინტერესებში და მისი მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია ასეთი წესების დარღვევისკენ და საწინააღმდეგოდ, ან არ არის ბ.ბ–ის ინტერესებში, ან აზიანებს ამ ინტერესებს, ანიჭებს დამფუძნებელს უფლებას ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული პოზიციიდან, თუმცა სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ მიუღია რეალური საფუძვლების გარეშე.
47. კასატორი მიუთითებს, რომ N153 საბავშვო ბ.ბ–ის საქმიანობის არცერთი მიმართულება არ იყო გამართული, კერძოდ: საკვები პროდუქტების შენახვის ვადების დარღვევა, პრემიების უსაფუძვლოდ გაცემა, სარემონტო სამუშაოების დარღვევით ჩატარება, ხელშეკრულებების დარღვევით გაფორმება, არაკვალიფიციური კადრები, ბ.ბ–ის ავეჯის მითვისება და საკუთარით ჩანაცვლება და ა.შ (აღნიშნულის მტკიცებულებები წარმოდგენილია საქმეში). შესაბამისად, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ბ.ბ–ის დირექტორი, რომელიც არაჯეროვნად და არაკვალიფიციურად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან.
48. კასატორი მიუთითებს, სააპელაციო სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ სააგენტო არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საწარმოს, არამედ არის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, შესაბამისად დირექტორსა და სააგენტოს შორის ურთიერთობა წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხედველობიდან არ გამორჩენია, ბ.ბ. სამართლებრივი სტატუსი და განმარტებას აკეთებს კონკრეტულად ა(ა)იპ-თან მიმართებაში, შესაბამისად აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ დავებთან დაკავშირებით არ არსებობს მყარად დადგენილი პრაქტიკა. აღნიშნულს კასატორი არ იზიარებს და უთითებს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებას, კერძოდ: საქმე Nას-379-363-2016, 30.06.2016; ას-828-784-2017, 31.07.2017; ას-1203-2018, 25.04.2019; ას-1559-2019, 02.03.2020; ას-1337-2019, 02.03.2020; ას-1478-2019 24.03.2020; ას-999-2019 24.07.2020, კასატორი მიუთითებს, რომ ბოლო ოთხი გადაწყვეტილება ეხება კონკრეტულად სააგენტოსა და ბ–ებს შორის დავებს და შრომით-სამართლებრივი რეგულირების პრაქტიკის არსებობის მაგალითად, სააპელაციო სასამართლო იშველიებს საკასაციო სასამართლოს Nას-1135-2018 საქმეს. კასატორი აღნიშნავს, რომ, სააპელაციო პალატის მიერ მითითებულ საქმეში დავა მიმდინარეობდა ბ. -ბ–სა და ბ–ის დირექტორის მოადგილეს შორის. აღნიშნული დავა პრაქტიკისათვის გამოდგება სხვა სამართლებრივი კატეგორიის საქმეებზე. კასატორი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ბ.ბ–სა და მის მიერ დანიშნულ ნებისმიერ თანამშრომელთან ურთიერთობა წესრიგდება შრომის სამართლის შესაბამისად. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოს წარმომადგენლის სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით ჰქონდა საკუთარი შეხედულება და მაინც მიიღებდა ანალოგირ გადაწყვეტილებას, რისი თქმის საფუძველსაც წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასაბუთება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის (საქმე Nას-379-363-2016, 30.06.2016; ას-828-784-2017, 31.07.2017; ას-1203-2018, 25.04.2019; ას-1559-2019, 02.03.2020; ას-1337-2019, 02.03.2020; ას-1478-2019 24.03.2020; ას-999-2019 24.07.2020) და კონკრეტულად საქმე Nას-1337-2019 02.03.2020 წელი, არსებული განმარტების გათვალისწინებით, კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას და მოსარჩელისათვის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი :
49. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე) საფუძვლით.
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.გ–ის (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის - ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ. ბ. მ.ს–ოს ( მოპასუხე) წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის 6000 ლარის დაკისრების ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ „ქ. თბილისის #.. საბავშვო ბ. ბ–ის დირექტორის“ თანამდებობაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ აგრეთვე დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
51. საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
53. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ წინამდებარე საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 02 მარტის განჩინების საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ივნისის განჩინებით საქმეზე 2020 წლის 16 ივლისს 17 საათზე დაინიშნა ზეპირი განხილვა. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე, არ გამოცხადნენ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები - მ.ჩ–ი და გ.ქ–ძე, რომელთაც სხდომის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა: სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოსათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ერთჯერადი კომპენსაციის 6000 ლარის დაკისრებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოსათვის“ სახელმწიფო ბაჟის - 180 ლარის დაკისრების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ „ქ. თბილისის #153 საბავშვო ბ. -ბ–ის დირექტორის“ თანამდებობაზე. ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ. -ბ. მ.ს–ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის სახით ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა 2017 წლის 10 თებერვლიდან სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
54. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებს - მ.ჩ–ს და გ.ქ–ძეს 2020 წლის 08 ივლისს გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ ხელწერილის საშუალებით ეცნობათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 16 ივლისს 17:00 საათზე დანიშნული/გადადებული სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი ხელწერილით (იხ., ამ განჩინების პპ:23-27).
55. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიის ფარგლებში, პირველ რიგში, იმსჯელებს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად სხდომა დაინიშნა 2020 წლის 08 ივლისს, რომელიც გადაიდო 16 ივლისს 17:00 საათზე, თუმცა, კასატორის მიერ ჩანიშნული იქნა 17 ივლისი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოდან განხორციელებული ზარის საფუძველზე, მოპასუხის წარმომადგენელი დაგვიანებით გამოცხადდა 16 ივლისის სხდომაზე, სავარაუდოდ სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო და აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების პ.43).
56. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა შემდეგი გარემოებების გამო:
57. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით ( იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს ( იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში ( იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). თუ სასამართლო დოკუმენტები, მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები მხარეს არ ჩაბარდა, მაშინ მას შეიძლება ხელი შეეშალოს სამართალწარმოების პროცესში საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში (იხ. Ozgur-Karaduman v Germany, no. 4769/02, 26/06/2007; Weber v Germany, no. 30203/03, 02/10/2007; Zavodnik v Slovenia, no.53723/13, 21/05.2015, § 70).
58. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით.( იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.) თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასარჩელო სამართალწარმოებაში ყოველთვის მონაწილეობს ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესის მქონე მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. ამ ორი მხარის აქტიური მოაწილეობა საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია მათი ინტერესით: მოსარჩელის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოიტანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილება, ხოლო მოპასუხის ინტერესი – ესაა მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამ ინტერესების რეალიზაციისათვის მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. სამოქალაქო პროცესის ერთ–ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ საპროცესო უფლებების გამოუყენლობას შეიძლება მოყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლება არ გამოიყენა. მხარის ერთ–ერთი საპროცესო უფლებაა მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამ უფლებას შეესაბამება სასამართლოს მოვალეობა შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ სსსკ 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფილცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსკ 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
60. ორივე მხარის მონაწილეობას პროცესში აქვს მრავალმხრივი მნიშვნელობა, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლოს საშუალებას აძლევს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მაგრამ, რაუნდა მოიმოქმედოს სასამართლომ, როცა საქმის განხილვაზე არ ცხადდება ერთ–ერთი მხარე (რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ) და არც არაფერი აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ? საქმის განხილვა და ამ საქმეზე მრთლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ერთ–ერთი მხარის ნება - სურვილზე. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში საქმე განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს გამოუცხადებელი მხარის მონაწილეობის გარეშე.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყეტილება - ესაა სასამართლო სხდომაზე (როგორც მოსამზადებლ სხდომაზე, ასევე მთავარ სხდომაზე) გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად უდევს ვარაუდი იმის შესახებ, რომ გამოუცხადებელი მხარე უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ( როცა მოსარჩელე არ გამოცხადდა) ან აღიარებს (ცნობს) ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სასარჩელო მოთხოვნას ( როცა არ ცხადდება მოპასუხე).
62. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შდრ. სუსგ №ას-1158-1113-2016, 10 თებერვალი, 2017).
63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, რომ მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდეს დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის ( მხარე) სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო. ამიტომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თუმცა მეორედ გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ არა იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც იყო გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ იქნება განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი შეიძლება გასაჩივრდეს, როგორც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. (ანალოგიურადაა გადაწყვეტილი ეს საკითხი გერმანიის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. შდრ: BGHZ, Beschlus vom 07.12.2017 – IX ZR 81/17 – WM 2018, , §345 ZPO, §514 Abs.2.Satz 1 ZPO, 445.)
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ (საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე) თავისი შინაარსით განსხვავდება როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო და კერძო საჩივრისაგან. მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზებით. ამრიგად, საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ შეიძლება ემყარებოდეს გარემოებებს, რომლებიც ასაბუთებენ მის უსწორობას არსებითად, მის შეუსაბამობას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება არა საქმის მასალების საფუძველზე, არამედ მხარის გამოუცხადებლობის გამო. ამიტომ გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს ის, რასაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება - გამოუცხადებლობა, კერძოდ გამოუცხადებლობის საპატიობა. სააპელაციო და საკასაციო საჩივრისგან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი იმითაც განსხვავდება, რომ ამ საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით.
65. განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებია: ა) იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც თუმცა მეორედ გამოაქვს სასამართლოს, მაგრამ არა იმ პირის მიმართ, ვიზეც ადრე იყო გამოტანილი პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება - არ იქნება მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან მნიშვნელობა არა აქვს ეს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმებულია თუ არა. ბ) მიმდინარეობს სასამართლო სხდომა არა საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით, არამედ ამ საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ან სხდომა, რომელეზეც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ განიხილება საქმე არსებითად. გ)არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა წინაპირობა ანუ არ არსებობს მისი გამოტანისათვის კანონით გათვალისწინებული ხელის შემშლელი გარემოებები (სსსკ-ის 233-ე მუხლი).
66. სსსკ-ის 242-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შეტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას ითვალისწინებს არა მარტო პირველ ინსტანციაში, არამედ სააპელაციო სასამართლოშიც. დაუსწრებელი წარმოება სააპელაციო ინსტანციაში ხასიათდება მნიშვნელოვანი თავისებურებებით. დაუსწრებელი წარმოების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სსსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ დაიშვება დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება იმ მხარის მიერ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყევტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისათვის შესაბამისი სამართლებრივი წინამძღვრები.
67. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცალკეული გამონაკლისი შემთხვევა (აკრძალვა), როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დაიშვება საკასაციო წესით. კერძოდ, დაუშვებელია სააპელაციო სასამართლოს პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება (სსსკ-ის 392-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). საკასაციო წესით დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები. ( სსსკ-ის 392-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, ამ ნორმაში გათვალისწინებული ტერმინები „ცვლილებებითა” და „დამატებებით” მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს ინსტანციისათვის დამახასიათებელ თავისებურებებზე, რომელთა შეცვლა დაუშვებელია და მხოლოდ ამ თავისებურებების გათვალისწინებით (და არა მათი უგულებელყოფით) არის შესაძლებელი პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვა.
69. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე; ბ) გამოცხადებული აპელანტი უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა. სსსკ-ის 372-ე მუხლი განსაზღვრავს პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესების გამოყენების ფარგლებს, ე.ი. ამ წესების გამოყენება არ ატარებს შეუზღუდავ ხასიათს, არამედ შეზღუდულია სააპელაციო სასამართლოს მიზნებით, სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების თავისებურებებით. მაშასადამე, სსსკ-ის 387-ე მუხლის 3-ე ნაწილი სისტემურ-ლოგიკურ კავშირშია სსსკ-ის 372-ე მუხლთან. ( შდრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016).
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი შეიძლება ორ კომპონენტად იქნეს დაყოფილი: ფაქტობრივი ნაწილი, რომელიც ივარაუდება ამ ნორმით და სამართლებრივი შედეგი, რომელიც მოჰყვება ფაქტობრივ ქცევას. განსახილველ მუხლში მოცემულია პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს იურიდიული შედეგი - დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პირობებს, გარემოებებს, რომელთა არსებობისასაც შეიძლება იქნეს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, წარმოადგენს საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) გამოუცხადებლობა და გამოცხადებული მხარის (აპელანტი, მისი მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოსადმი თხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი ავსებს და არ „აუქმებს“ პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილ წესს. ის პირობები, გარემოებები, რომელიც დადგენილია პირველი და მეორე ნაწილებით (საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობა და ა.შ.), ნაგულისხმევია სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ამ ნორმაში მითითებული სიტყვები „სხვა შემთხვევაში” გაგებული უნდა იქნეს ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც საქმის ზეპირ განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობასთან ერთად იწვევენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც არ არის მითითებული სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (მაგალითად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას; ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგები; დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ა.შ.). აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა და საქმის ზეპირ განხილვაზე გამოუცხადებლობა სხვადასხვა პირობებია, რომლებიც გათვალისწინებულია სამართალწარმოების სხვადასხვა სტადიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი სპეციალური ხასიათისაა, მის მე-3 ნაწილში მითითებული სიტყვების „სხვა შემთხვევაში” ფართო განმარტება არ შეიძლება იმ შეზღუდვების გაუთვალისწინებლად, რაც დადგენილია სსსკ-ის 372-ე მუხლით.
71. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს, კერძოდ, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუკი ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლში ჩამოთვლილი ერთ-ერთი გარემოება: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. იმ შემთხვევაში, თუკი, არ იკვეთება სსსკ-ის 233-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კონკრეტული გარემოებები, კანონი მხარეს ანიჭებს უფლებას, რომ მიუთითოს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე - ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. აღნიშნული ქვეპუნქტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების გარემოებებზე აბსტრაქტულად მიუთითებს - „სხვა მოვლენა“ ან „დაუძლეველი ძალა“, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში ექცევა სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის აბსტრაქტული შემადგენლობის შეფასება და დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თუ დასახელებული გარემოების გაზიარება. სამოსამართლო დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისას (ანუ, იმის დადგენისას, რომ მითითებული გარემოებები შეესაბამება „სხვა მოვლენის“ ან „დაუძლეველი ძალის“ ობიექტურ გამოვლინებას), მოსამართლე იკვლევს და ადგენს, მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები/ფაქტები დანამდვილებით უზრუნველყოფენ თუ არა კანონით მინიჭებული საპროცესო მიზნების მართლზომიერ რეალიზებას. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის - სსსკ-ის 233-ე მუხლის ობიექტური მიზნის განსაზღვრა, ანუ ტელეოლოგიურ განმარტება, რომლის დროსაც შესაფასებელია სამართლის ნორმის მიმართება სამართლებრივი უსაფრთხოების, თანასწორობისა და მიზანშეწონილობის პრინციპების მიმართ. სსსკ-ის 233-ე მუხლი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის უფლებადაცვითი შინაარსის მატარებელია და მთლიანად შეეხება იმ კონკრეტულ და ობიექტურ გარემოებებს, რომელთა არსებობაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას; თუმცა, სამოქალაქო ბრუნვის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვროს სოციალური ყოფის ყოველი კონკრეტული გარემოება, რაც, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს გამოუცხადებლობის საპატიოდ შემაფერხებელ გარემოებას. სწორედ ამიტომ, ნორმით დადგენილი მიზნების რეალიზებას ემსახურება ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი „დაუძლეველი ძალისა“ და „სხვა მოვლენის“ შესახებ. ვინაიდან ამ ტერმინებს საპროცესო კანონმდებლობაში სიტყვასიტყვითი განმარტება არ გააჩნიათ, მათი დადასტურება დაინტერესებული მხარის მტკიცების ტვირთსა წარმოადგენს.
73. მაშასადამე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ამგვარი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეული ვარაუდი, თუ დაამტკიცებს, რომ არსებობდა იმგვარი მოვლენა, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გონივრული შეფასებიდან გამომდინარე, ქმნის პრეზუმფციას არა მარტო დაინტერესებული მხარის ინტერესის შესახებ განსახილველი საქმის მიმართ, არამედ გამოუცხადებლობის ობიექტურ ან/და ადამიანურ ფაქტორებზეც. მხოლოდ ამ გარემოებათა ერთობლივად შეჯერებითა და შეფასებით არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სსსკ-ის 233-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს მხარის კანონიერი ინტერესების (მიიღოს მონაწილეობა საპროცესო სამართალწარმოებაში) დაცვას, ამასთან, ობიექტურ გარემოებათა დადასტურების შემთხვევაში, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და დაუშვებელია, რომ ამ მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელი საპროცესო წესით დადგინდეს როგორც საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, ისე სამართლებრივი შედეგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა ისეთ ვითარებას, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნებოდა სანქცია არა მარტო უპასუხისმგებლო, ან პროცესის მიმართ ინტერესის არმქონე პირისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც რეალური ინტერესი გააჩნია სამართალწარმოების მიმართ, მაგრამ საპატიო გარემოებების გამო ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. სსსკ-ის 233-ე მუხლის ნორმატიული შინააარსი სწორედ ისეთ შემთხვევებს აწესრიგებს, რომ მხარეს არ ჩამოერთვას სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი გამოუცხადებლობა ყველა შემთხვევაში მარტოოდენ სანქციად არ იქცეს (შეადრ: სუსგ №ას-1504-2019, 13 მარტი, 2020 weli).
74. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) ინფორმირებული იყო სააპელაციო სასამართლოში 2020 წლის 16 ივლისს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ მოწინააღმდეგე მხარის - ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ წარმომადგენლები - მ.ჩ–ი და გ.ქ–ძე, რომელთაც სხდომის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (ამ განჩინების პ.17). შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ის არგუმენტი, რომ კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში სხდომის თარიღად ნაცვლად 16 ივლისისა, მხარის მიერ ჩანიშნული იქნა 17 ივლისი, ასევე მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოდან განხორციელებული ზარის საფუძველზე, წარმომადგენელი დაგვიანებით გამოცხადდა სხდომაზე აღნიშნულ დღეს, სავარაუდოდ სხდომა დანიშნულ დროს დაიწყო და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილი იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო პალატის მოსაზრებით ვერ გააქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 387-ე, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების არსებობას. ამდენად, ამ ნაწილში, კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
75. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი პრეტენზიას აცხადებს ასევე სარჩელის მოთხოვნის იურიდიული მართლზომიერების წინააღმდეგ (იხ., საკასაციო საჩივარი), კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მსჯელობის საგანს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე წარმოადგენს თავად სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა (ამ განჩინების პ.44). კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სამართლებრივად წარმოადგენს დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობას და არა შრომით სამართლებრივ ურთიერთობას. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე სააგენტო არ წარმოადგენს კლასიკური გაგებით საწარმოს, არამედ არის კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი, ამიტომაც დირექტორსა და სააგენტოს შორის ურთიერთობა წარმოადგენს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას.
76. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია შემდეგი გარემოებების გამო:
77. განსახილველ საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ა(ა) იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, სსსკ-ის 230.2 მუხლის დანაწესის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას (შდრ. სუსგ-ები №№ას-1337-2019, 2 მარტი, 2020 წელი; №ას-1559-2019, 2 მარტი, 2020 წელი; Nას-1203-2018, 25.04.2019, №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019 წელი; Nას-838-784-2017, 31.07.2017, Nას-379-363-2016, 30.06.2016).
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
79. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
81. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან, რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილებისას, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
82. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელე, მაგრამ არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მოსარჩელის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია ამ ფაქტების იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ფაქტები იურიდიულად ასაბუთებენ (ამართლებენ) მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მოსარჩელის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას გამოცხადებული მოსარჩელის საწინააღმდეგოდ, რომლითაც უარს ეტყვის სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ეს იქნება არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო (საკასაციო) წესით.
83. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სააპელაციო სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (დადგენილად მიჩნევით) გაქარწყლდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგაა მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მხედველობაში უნდა მიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე).
84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
85. მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, ბ.ბ–ის დირექტორი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). საკასაციო პალატის განსჯით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომითსამართლებრივი კომპონენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად შეიძლება მოვიხსენიოთ „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან.
86. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოწესრიგებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც.
87. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა საქართველოს შრომის კოდექსის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან.
88. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 709-ე მუხლის საფუძველზე დაიდო დავალების ხელშეკრულება. მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგს და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას. რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით შესრულება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. ამასთან, საკასაციო პალატა მოსარჩელის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
89. შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
90. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოირიცხება მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რომლებიც თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.
91. საკასაციო პალატა განსახილველ საქმესთან მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.გ–ის სარჩელი მოპასუხის 2017 წლის 10 თებერვლის N2/015 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, დაკმაყოფილებულია. სარჩელი უარყოფილი იქნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მიკუთვნების ნაწილში. მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს კომპენსაცია ერთჯერადი გადასახდელის სახით 6000 (დაუბეგრავი) ლარი (იხ., ტ.2. ს.ფ. 18). როგორც საქმეზე დადგენილია, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სააგენტოს (მოპასუხე) არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ კასატორის მოთხოვნის მართებულობას (სსსკ-ის 364-ე, 264-ე მუხლები).
92. ამ პროცესუალური მნიშვნელობის მქონე გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ძალაში უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი- ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ. მ.ს–ოს“ 2017 წლის 10 თებერვლის N2/015 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელისათვის ერთჯერადი გადასახდელის სახით 6000 (დაუბეგრავი) ლარის ოდენობის კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ (იხ., ტ.2. ს.ფ. 18 - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება).
93. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, კასატორს სსსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 2130 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1830 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „ქ. თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ლ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს: ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ქ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ 2017 წლის 10 თებერვლის N2/015 ბრძანება ლ.გ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და ა(ა)იპ „ქ თ.ს.ბ.ბ.მ.ს–ოს“ ლ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი კომპენსაცია 6000 (დაუბეგრავი) ლარის ოდენობით.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე