საქმე №ას-105-2021 02 აპრილი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ძე, მ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ლ–ძემ და მ.გ–მა (შემდგომ – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 37 973 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარეობს მათი კუთვნილი უძრავი ქონება. აქვე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებს მოპასუხე. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
4. მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 37 973,3 ლარს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად ჩასატარებელი გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოებისათვის საჭირო ოდენობაა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ბრალით, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რა დროსაც ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... (697.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობა). სარჩელის თანახმად, მოპასუხის მიერ მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 992-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მოპასუხე კომპანიის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
10. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს “2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნის თანახმად (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სოფელში მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების გათვალისწინებით), 2012 წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად შეესაბამება II ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე შენობის შიგა სივრცეში საჭიროა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ – ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება დამუშავებული პროექტის მიხედვით.
11. საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა.რ–ს – კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟით.
12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გამოწვეულია 2012 წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით.
13. სარჩელზე დართული ინდივიდულარუი მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 21 433.28 ლარს შეადგენს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს წარდგენილი სარჩელით მოსარჩელეები სწორედ 21 433.00 ლარის დაკისრებას ითხოვდნენ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით.
14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის მოსამზადებელი სხდომის საოქმო გაჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, რომელსაც გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვაც – რა თანხაა საჭირო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნაში მითითებული დაზიანებების აღდგენისათვის.
15. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობა ექვემდებარება გამაგრება-გაძლიერებას დასკვნაზე თანდართული პროექტის მიხედვით, რის შემდეგაც შენობა ვარგისი იქნება ექსპლუატაციისათვის. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 37 973.03 ლარს.
16. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა და სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების განახლების შემდეგ, 2019 წლის 28 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელის მოთხოვნა და მოპასუხისათვის 37 973.03 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
17. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ, თავის მხრივ, მოპასუხემ იმავე სხდომაზე რაიონულ სასამართლოში წარადგინა კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნები. მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მათი ბრალი მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანებაში. სხვა რაიმე მტკიცებულება სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, მათ შორის, მოთხოვნილ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხრიდან სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებს სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ დასკვნებს. კომპანია „ე–ის“მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონცემების შეფასება სოფელ ....... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (EXORIXI S.A.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნებით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
19. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე–ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება, რომ კომპანია „ე–ის“ დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას.
20. რაც შეეხება კომპანიის 2017 წლის 1 სექტემბრის დასკვნას, ამ დასკვნის თანახმად, სადავო სახლი მდებარეობს №9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამხრეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 93 მ., ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი – 68 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე, რაც, პალატის მოსაზრებით, მიუთითებს ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე. მიუხედავად აღნიშნულისა, დასკვნის ავტორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სახლის დაზიანებები გამოწვეული არ არის მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებებით.
21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ეს მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს მოსარჩელეების კუთვნილი სახლის ადგილზე დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 12 სექტემბრის ცალსახა დასკვნას, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია 2012 წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა.
22. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ–ის ტერიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე–ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 2012 წლის 9 ოქტომბრიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.
23. ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება. აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
24. სსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.
25. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტის) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, აპელანტმა (მოპასუხე მხარემ) კი, სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნით დადგენილი ფაქტის უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
26. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარით განისაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა (7 9730.03 ლარის ნაწილში), მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებიათ. რაც შეეხება მოპასუხე (აპელანტ) მხარეს, მას ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა და დაეთანხმა დაკისრებული ზიანის ოდენობას.
27. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ზიანის კონკრეტული ოდენობა რაიონულმა სასამართლომ დააფუძნა სასაქონლო ექსპერტიზის იმ დასკვნაზე, რომელიც მოპასუხე მხარის შუამდგომლობითა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გასცა.
28. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოპასუხის შესაგებელი ზიანის ოდენობის ნაწილში, საერთოდ არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
29. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სსსკ-ის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
30. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს – შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
31. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, მართალია, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებას მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, თუმცა, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით. ანუ ამ ნაწილში მოპასუხეს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია. ასეთი შედავება მოპასუხეს არც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობისა და მისი შემადგენელი ცალკეული კომპონენტების წინააღმდეგ გაუხორციელებია საქმის მოსამზადებელი სტადიის დამთავრებამდე.
32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
33. 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
34. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი)კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები) არ აკმაყოფილებდა. ამდენად, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელის მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, სსსკ-ის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.
35. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არ არის გამხდარი იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილია მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ აღარ იმსჯელა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ასევე, არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მან დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სრულად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, რაც მოახდინა ცალმხრივად, მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ.
38. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, დადგენილად ჩათვალა მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანში და დაეყრდნო მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.
39. კასატორის მითითებით, ექსპერტის მიერ მოთხოვნილი ყალაურები არ დაყენებულა და ექსპერტის მიერ არც ისაა დადგენილი, თუ როდის იყო დაწებებული დასკვნაზე დართულ ფოტოსურათებში ასახული ქაღალდის ფურცლები ბზარების ადგილზე. დასკვნის კვლევითი ნაწილის მიხედვით, გამოკვლევა ჩატარდა 2016 წლის 5 სექტემბერს, აფეთქების წარმოებიდან 4 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ასევე დადგენილია, რომ შენობა აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში ბუნებრივი ქვისა და აგურისაგან. როგორც ექსპერტის დასკვნით ირკვევა, შენობას ახალ და ძველ მიშენებულ ნაწილებს შორის უთიერთგადაბმა არ გააჩნია. ასევე, მოპირკეთება და ჭერი დაზიანებულია. საყრდენი კედლების დაზიანება ძირითადად გამოწვეულია უხარისხო მოწყობითა და ასაკობრივი ცვეთით. ექსპერტის მიერ არ არის ახსნილი, რის საფუძველზე მივიდა იგი ხსენებულ დასკვნამდე და რის საფუძველზე დაადგინა 2016 წელში 4 წლის გასვლის შემდგომ, რომ დაზიანება აუცილებლად გამოწვეულია აფეთქების შედეგად და არა რომელიმე ბუნებრივი მოვლენებით. ექსპერტს არ შეუმოწმებია და არ დაუდგენია აფეთქების მუხტების სიმძლავრე, არ გამოუთხოვია არანაირი დოკუმენტაცია მოპასუხე კომპანიიდან, რომლითაც მას შეეძლო დაედგინა მანძილი აფეთქების ეპიცენტრიდან კონკრეტულ ობიექტამდე. აღნიშნული არც თავად დაუდგენია, არ გარკვეულა აფეთქებასაშიში ზონა და არ უწარმოებია რაიმე გაანგარიშება და ვერც აწარმოებდა, ვინაიდან მას არ გააჩნდა დოკუმენტაცია და სეისმური აპარატურის მონაცემები, რომლებზეც ზუსტად არის ასახული ნებისმიერი ბიძგი და მისი ძალა.
40. კასატორის მოსაზრებით, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სამხრაულის ბიუროს ექსპერტის 2017 წლის 21 აპრილის დასკვნის თანახმად, სადავო სახლის ღირებულება და, არა რემონტის ხარჯები, შეფასებულია მთლიანად 37440 ლარად. აღნიშნულის შემდგომ 2018 წლის 19 დეკემბრის თარიღით, სხვა ექსპერტმა (რომლის მიერ იყო გაცემული 2016 წლის დასკვნა) გასცა დასკვნა, რომლითაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობა ექვემდებარება გამაგრება-გაძლიერებას დასკვნაზე თანდართული პროექტის მიხედვით, რის შემდეგაც შენობა ვარგისი იქნება ექსპლუატაციისთვის და აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 37973,03 ლარს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტი დასკვნაში არ ითვალისწინებს სახლის სეისმომდეგობის გარკვეული დონით გაზრდას და აღდგენა-გაძლიერება ეხება მხოლოდ №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში განვითარებული დაზიანებების აღმოფხვრას, მაგრამ, მის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სულ სხვა სურათი იქმნება. დასახელებული მეორე ექსპერტის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ისეთი სამუშაოები, რომლებიც ძირითადად შენობის სეისმომდეგობის მიზნითაა მითითებული და რიგ შემთხვევებში ასეთი გამაგრებები ამ სახლს საერთოდ არ გააჩნდა. ასე მაგალითად, ბეტონის შემონაკირწყლის დემონტაჟი და მისი მოწყობა, რაც შენობას საერთოდ არ გააჩნდა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მისი არსებობის შესახებ ნახსენები საერთოდ არ არის, თუმცა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულია.
41. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნები. იმის დასტურად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი აფეთქების შედეგად ექსპერტის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოქმნა, კასატორმა მიუთითა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის მიერ გაცემულ დასკვნებზე, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიის ბრალს მოსარჩელეთა ქონების დაზიანებაში.
42. დასკვნას თან ერთვის რუქა, რომლის მიხედვით დადგენილია გვირაბის მშენებლობის ირგვლივ აფეთქებასაშიში ზონა, ხოლო განხორციელებულ აფეთქებებთან დაკავშირებული მონიტორინგის ანგარიშში მოცემულია ამ ზონაში აფეთქებებით გამოწვეული ბიძგების სიძლიერე და მათი გავრცელების არეალი (ადგილი), რომელზეც პირდაპირ გავლენას ახდენდა სამშენებლო სამუშაოები და იმ სახლების რაოდენობა, რომლებსაც შეიძლება ზიანი მართლაც მიადგა, რაც ასახულია სამხარაულის დასკვნაში, მაგრამ დაზიანების წარმოქმნაში მოპასუხეს რაიმე ბრალი არ მიუძღვის. ვინაიდან გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებები წარმოებდა დასაშვები ნორმის ფარგლებში და მოსარჩელის უძრავი ქონების მიმართ, სადაც უშუალოდ იყო დამონტაჟებული სეისმოგრაფი, რომელიც აღრიცხავდა თითოეული აფეთქების სიმძლავრესა და კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე ზიანის მიყენების რისკს, ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მეტი რხევები, ანუ ბიძგები და მოსარჩელის ქონების დაზიანება არ არის გამოწვეული გვირაბში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.
43. კასატორმა აღნიშნა, რომ სამუშაოების გავლენის შეფასება სოფელ ქ–ზე, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის დაკვეთით აწარმოა კომპანია „ა.ე.ფ-მა“ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ გამოუყენებია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, ხოლო სხვა რაიმე ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა.
44. კასატორმა მიუთითა, რომ, ზემოხსენებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ექსპერტიზა ჩაატარა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელმა საერთაშორისო კომპანია „ე–მა“, რომლის 2017 წლის 20 ივლისის №0717.1. და 2017 წლის 01 ივლისის №0717.1.010 დასკვნებით დადგენილია, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა არასწორია და კომპანიის მიერ განხორციელებული აფეთქებით სამუშაოებს მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში ბრალი არ მიუძღვის.
45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
46. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
48. მოპასუხე კომპანია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რა დროსაც ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... (697.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობა). სარჩელის თანახმად, მოპასუხის მიერ მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 992-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია მოპასუხე კომპანიის მიერ №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
50. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს “2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნის თანახმად (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სოფელში მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების გათვალისწინებით), 2012 წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად შეესაბამება II ხარისხს. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე შენობის შიგა სივრცეში საჭიროა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ – ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება დამუშავებული პროექტის მიხედვით.
51. საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა.რ–ს – კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 29 წლის სტაჟით.
52. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 დეკემბრის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა შენობა ექვემდებარება გამაგრება-გაძლიერებას დასკვნაზე თანდართული პროექტის მიხედვით, რის შემდეგაც შენობა ვარგისი იქნება ექსპლუატაციისათვის. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 37 973.03 ლარს.
53. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ მოპასუხის ქმედებას მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება არ მოჰყოლია. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი შეაფასა მოსარჩელის სასარგებლოდ და არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხე კომპანიის მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
57. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
58. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
59. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 18.10.2017წ. საქმე №ას-1127-1047-2017, 15.02.2018წ. საქმე №ას-72-72-2018, 23.03.2018წ. საქმე №ას-189-189-2018, 12.09.2018წ. საქმე №ას-923-2018).
60. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.
61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი(ე.წ. „გენერალური დელიქტი“).
62. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.
63. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი წარმოადგენს პირის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების მისი ნების გარეშე ხელყოფას, რისი ანაზღაურებაც აღიარებულია ბრუნვის წეს-ჩვეულებებით და შეზღუდული არ არის კანონმდებლობით. როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობა, ერთმანეთისაგან განასხვავებს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანს. ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთის ხელყოფით შემოიფარგლება. არაქონებრივი ზიანი ეტიმოლოგიურად მორალური ზიანის იდენტურია. ქონებრივ ზიანში იგულისხმება არა მხოლოდ დაზარალებულის ქონებრივი აქტივების შემცირება, არამედ პასივების გაზრდაც. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
64. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადექვატურობა.
65. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
66. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი;) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
67. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განასკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (26.07.2019წ. საქმე №ას-862-2019).
68. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა.
69. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
70. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მტკიცების საპროცესო ვალდებულების შესრულების პირობებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცების საპროცესო საშუალების წარმოდგენის ვალდებულებამ, მოპასუხის (შემკევთის მხარეზე გადაინაცვლა).
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლო განხილვის პროცედურულ უფლებას. სამართლიანობის მოთხოვნა კი, მიემართება მთლიანად სასამართლო პროცესს; იგი არ არის შემოფარგლული მხარეებს შორის დავის წარმოებით. სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია, თავის თავში მოიცავს სასამართლოს მხრიდან მხარისათვის საკუთარი პოზიციის დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროის განსაზღვრას და დაცვის მომზადების შესაძლებლობის მიცემას. საპროცესო მოქმედების განსაზღვრულ დროში შესრულების კონკრეტული მაგალითია ექსპერტის დასკვნის საქმის მომზადების სტადიაზე წარდგენის აუცილებლობაც (სსსკ-ის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილი), რასაც განსახილველ დავაში, მოპასუხემ თავი ვერ გაართვა - არ წარმოადგინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება. მით უმეტეს, აღანიშნავია, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი, ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მოსაზრება არ იგულისხმება. ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება)“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 117-121. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი).
72. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელე მხარემ ნაწილობრივ განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების – ექსპერტების დასკვნის წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა და მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანების ხარისხი. მოპასუხემ კი წარადგინა ზოგადი შინაარსის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ აქარწყლებს მოსარჩელეთა არგუმენტებს, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „ე–ის“ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად.
73. ასევე, კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან დაცული იყო საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი.
74. აღნიშნული მოთხოვნების დაცვის პირობებში მოპასუხეს შესაძლებლობა ექნებოდა, დაედასტურებინა მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა სადავო სამუშაოების დაწყებამდე. შესაბამისად, დასაბუთებლია სააპელაციო პალატის მითითება, რომ აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
75. რაც შეეხება სადავო ზიანის ოდენობას, კასატორმა სათანადოდ ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, შესაბამისად, დასახელებულ დოკუმენტში ეჭვის შეტანის ობიექტურ გარემოებაზე კასატორმა ვერ მიუთითა.
76. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
77. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
78. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
79. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
80. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
81. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თავად კასატორის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს №103 საგადახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჩ.რ... ბ.ჯ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს „ჩ.რ... ბ.ჯ–ის“ მიერ 2021 წლის 18 თებერვალს №103 საგადახდო დავალებით გადახდილი 1500 ლარის 70% – 1050 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი