საქმე №ას-494-2020 18 თებერვალი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ა–ძე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი - ლ.ზ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
წარმომადგენელი - ნ.ს–ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2019წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გვარის მინიჭება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „კასატორი“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „შეგებებული სარჩელის ავტორი", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ განქორწინების და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს არასრულწლოვანი შვილისათვის გვარის მინიჭებას.
3. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
3.1. არასრულწლოვანი შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ.
3.2. არასრულწლოვნის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დედის საცხოვრებელი ადგილია. იგი ცხოვრობს დედის ოჯახთან ერთად, სადაც ოჯახის ყველა წევრი გ–ის გვარს ატარებს. იმისათვის, რომ ბავშვმა მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება იმ ოჯახის წევრად, სადაც იზრდება, მნიშვნელოვანია, იგი მამის გვართან ერთად ატარებდეს დედის გვარსაც.
4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
4.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გვარის მინიჭების შესახებ მოთხოვნა არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვისთვის გვარის გამოცვლის საფუძველი შეიძლება იყოს გვარის არაკეთილხმოვანება, ან მისი გამოთქმის სიძნელე, რომელიც ამცირებს ადამიანში ღირსებას, ან იწვევს უარყოფით რეაქციას გარშემო მყოფთა შორის. ასევე ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვის ინტერესები ირღვევა ცალკე მცხოვრები მშობლის უზნეო, ამორალური ან დანაშაულებრივი ქმედებით. განსახილველ შემთხვევაში ასეთი წინაპირობა არ არსებობს.
4.2. საქართველოში გავრცელებული ჩვეულების გათვალისწინებით, ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ მამის გვარით რეგისტრირდებიან. ამასთან, შეერთებულმა გვარმა ბავშვის ფსიქიკაში შეიძლება ხაზი გაუსვას იმას, რომ მშობლები განქორწინებულნი არიან, რაც არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა მოსარჩელესა და შეგებებული სარჩელის ავტორს შორის 06.06.2015წ. რეგისტრირებული ქორწინება და გაუქმდა ქორწინების სააქტო ჩანაწერი. მოსარჩელეს განესაზღვრა ურთიერთობის წესი არასრულწლოვან შვილთან. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვის, გ.ა–ძის (დაბადებული 19.02.2016წ.) გვარში შევიდა ცვლილება და მის გვარად განისაზღვრა ა–ძე-გ–ი, რის შესაბამისადაც დადგინდა, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ ცვლილება შეიტანოს დაბადების სააქტო ჩანაწერში.
5.1. მოსარჩელე და შეგებებული სარჩელის ავტორი დაქორწინდნენ 06.06.2015წ.. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 19.02.2016წ. შეეძინათ შვილი - გ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „ბავშვი“).
5.2. მხარეები 13.05.2016 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად.
5.3. სსკ-ის 1195-ე მუხლის თანახმად, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით, თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ამავე კოდექსის 1196-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
5.4. სსკ-ის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის მიხევდით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
5.5. საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვისათვის გვარის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. სასამართლომ ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი ბავშვის საზოგადოების ღირსეულ სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას და უნდა უზრუნველყოს იგი საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირებისათვის სათანადო პირობებით.
5.6. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლით დადგენილია ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობა და მათი დაცვა დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. ამავე კონვენციის მე-7 მუხლით კი ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მის დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონცენციის დანაწესებიდან გამომდინარე, უდავოდ გამოკვეთილია კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას, რომლებიც ეხებათ ბავშვებს, მიუხედავად იმისა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება - მთავრობამ, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელობამ თუ თვით ოჯახმა.
5.7. ბავშვის საუკეთესო ინტერესებს წარმოადგენს, მათ შორის, მისი ოჯახურ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა, სადაც ის იქნება ინტეგრირებული, თუნდაც განქორწინებულ მშობლებთან და სხვა ახლო ნათესავებთან. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი დაბადებიდან ატარებს მამის გვარს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (22.02.2017წ. მდგომარეობით) სულ რეგისტრირებულია 2428 ორი ან მრავალწევრიანი გვარის მქონე, 18 წლის ასაკამდე პირი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში არსებობს პრეცედენტი, როდესაც ბავშვის გვარი განისაზღვრება მშობლების შეერთებული გვარით.
5.8. არასრულწლოვანი იზრდება დედის ოჯახში, სადაც იგი ატარებს დროის უდიდეს ნაწილს. ბავშვის დედა მაქსიმალურად ჩართულია ბავშვის აღზრდის პროცესში და წარმოადგენს ბავშვისათვის მიჯაჭვულობის ძირითად ობიექტს. ბავშვის იმ ოჯახისადმი კუთვნილების გამყარებისა, თუ შემდგომში, ასაკის ზრდასთან ერთად ბავშვის პიროვნული იდენტიფიცირებისათვის, ბავშვის ასაკის (იგი ჯერ არ დადის საბავშვო ბაღში) გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნისათვის გვარის შეცვლა და მშობლების გაერთიანებული გვარის მინიჭება არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას, რომლითაც იგი მხარს არ უჭერს ბავშვისათვის მამის გვართან ერთად დედის გვარის მინიჭებას. ბავშვი, რომელიც იწყებს საუბარს, ინტერესდება ყველა დეტალით, რაც მის გარშემო ხდება და მას ხშირად ეკითხებიან სახელს, გვარს. შესაძლოა, თავისთავად მოხდა დედის ოჯახში გვარი ,,გ–ის“ ბავშვისთვის მიწოდება, დამახსოვრება. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო შვილის მიმართ თანასწორი უფლების პირობებში, მშობლების შეერთებული გვარის მინიჭებას არ განიხილავს რაიმე ისეთ დამაბრკოლებელ, ზიანის მომტან გარემოებად, რამაც შესაძლოა დაარღვიოს ან უგულებელყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამასთან, ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ დედის გვარის ,,გ–ის“ დამატება და ბავშვი რჩება მამის გვარზეც.
5.9. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი ბავშვისათვის მამის გვართან ერთად დედის გვარის მინიჭების რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც უარყოფითად აისახებოდა არასრულწლოვნის ინტრესებზე. ნეგატიური ფაქტორის არარსებობის პირობებში, ბავშვისათვის არსებულ გვართან ერთად იმ მშობლის გვარის მინიჭება, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს მას მშობლის მზრუნველობით, აქტიურად არის ჩართული მისი აღზრდის პროცესში, არ უნდა განიხილებოდეს ბავშვისათვის და მისი ინტერესებისათვის ზიანის მომტან ფაქტად.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.10.2020წ. გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1195-ე, 1196-ე, 1199-ე მუხლებზე, ასევე ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებზე და განმარტა, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა.
6.2. სასამართლოს განმარტებით, ადამიანისათვის გვარს შესაძლებელია გააჩნდეს არაერთი ფუნქციური დატვრითვა. ეს შეიძლება იყოს პიროვნების თვითიდენტიფიკაციის, საკუთარ ოჯახთან და წარმომავლობასთან ასოცირების სურვილი. კერძოდ, პირის მიერ კონკრეტული გვარის ტარება შეიძლება განიხილებოდეს როგორც პირის სურვილი, პიროვნულად დაკავშირებული იყოს საკუთარ ოჯახთან. ამასთანავე, პირს შეიძლება გააჩნდეს სურვილი, საზოგადოების მიერ აღქმული და მიღებული იყოს როგორც კონკრეტული გვარის წარმომადგენელი. გარდა ამისა, გვარს შესაძლებელია გააჩნდეს სხვა გამოხატვითი ფუნქციაც, რაც გულისხმობს, პირის შესაძლებლობას, საკუთარი გვარის დემონსტრირებით, ხაზი გაუსვას საკუთარი დაბადების ადგილს, წარმომავლობას, ეთნიკურ თუ ეროვნულ წარმოშობას და ა. შ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4/570; 2016 წლის 04 აგვისტო).
6.3. გვარს გააჩნია ე.წ. გამოხატვითი ფუნქცია, რომელშიც ხაზგასმულია მისი კავშირი ოჯახთან. მოცემულ სადავო საკითხთან მიმართებით, გასაზიარებელია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგთა ასოციაციის დასკვნა იმის დასადგენად, გამოიწვევს თუ არა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ორმაგი გვარის მინიჭება ნეგატიურ გავლენას. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ ,,სკოლამდელ ასაკში, ბავშვის თანატოლებთან ინტეგრაციისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ თამაშობს ბავშვი, რამდენად კონტაქტური და კეთილგანწყობილია თავისი სოციალური გარემოს მიმართ, ვიდრე ის, თუ რატომ ატარებს ორ გვარს... სკოლამდელთა მოუმწიფებელი კოგნიცია ართულებს მშობლების განქორწინების მიზეზების გაგებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვითდანაშაულის განცდა და შფოთვა (ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა ორივე მშობელმა მიატოვოს). ამ განცდას აძლიერებს განქორწინებული მშობლების რთული ურთიერთობები (ჯ.კახიანი, ,,ბავშვის სამყარო“. გვ. 66), ამიტომ ორი გვარის (დედის და მამის) მიცემა ბავშვისათვის, როგორც ნიშანი და ახსნა იმისა, რომ განქორწინების მიუხედავად, ,,შენ ორივე ჩვენგანისათვის რჩები ცხოვრების განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად“, შესაძლოა გახდეს ორივე მშობლის მხრიდან მისი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება... ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა მათ უარი არ უთქვამთ შვილზე და მისი არსებობა ორივესთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ხაზგასმული უნდა იყოს, რომ ორივე მშობელს ძალიან უყვარს და ზრუნავს მასზე...“.
6.4. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნისათვის ორივე მშობლის გვარის მინიჭება არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ აყენებს რაიმე სახის ზიანს ბავშვის კანონით დაცულ უფლებებს. გვარის გამოხატვითი ფუნქციიდან გამომდინარე, ტრადიციული მიდგომა ბავშვისათვის მხოლოდ მამის გვარის მინიჭების შესახებ, ვერ იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მშობლები განქორწინებულნი არიან და ორი გვარის მიცემა ბავშვისათვის ,,შესაძლოა გახდეს ორივე მშობლის მხრიდან მისი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება“ (ფსიქოლოგთა ასოციაციის დასკვნა).
საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 105-ე და 102 მუხლები, ასევე სსკ-ის 1195-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლები.
7.2. გარდა იმისა, რომ ბავშვის მამის გვარით აღზრდა ნორმალური და საყოველთაოდ მიღებული სოციალური მოვლენაა, ბავშვისთვის შეერთებული გვარის დადგენა დაკავშირებულია შესაძლო ფსიქოლოგიურ გართულებებთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს განქორწინების პროცესი. შეერთებული გვარის მინიჭებას რომ ჰქონდეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური და სოციალური გამართლება, სპეციალისტებს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული კონსესუსი ამ საკითხზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გამოიკვლია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია, ასევე „ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრის“ დასკვნა, რომლიც მიუთითებდა, რომ შეერთებული გვარის მინიჭება არ იყო რეკომენდირებული. სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო „დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგთა ასოციაციის“ დირექტორის - თ.გ–ის დასკვნას, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენდა ბავშვის მამის მიმართ და იყო ტენდენციური დედის სასარგებლოდ.
7.3. ბავშვთან დაკავშირებული საკითხების ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე გადაწყვეტის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს დადგენილი აქვთ არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, არამედ სსკ-ის 1199-ე მუხლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მშობელს არ აქვს ისეთი ღონისძიების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას. ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა განესაზღვრა: არის თუ არა არასრულწლოვნისათვის შეერთებული გვარის მინიჭება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის უკეთესი. სასამართლოებმა შეგნებულად აარიდეს თავი ბავშვის საუკეთესო ინტერესების შინაარსის სწორად დადგენას და არასწორად განმარტეს, რომ ბავშვის მცირე ასაკის გათვალისწინებით, შეერთებული გვარის განსაზღვრა არ იქნება ნეგატიური შედეგის მომტანი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.07.2020წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ბავშვის გვარად მშობლების შეერთებული გვარის განსაზღვრის კანონიერების და ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობის შემოწმება.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ (შემდეგში „კონვენცია“) შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
13. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
14. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიქტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) (სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ.,55 ; სუსგ Nას-1141-1061-2017, 17.10.2017წ., 24).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI) (სუსგ Nას-1139-1095-2016, 25.09.2017წ., 57; Nას-1875-2018, 29.03.2019წ., 21).
16. აღნიშნულმა პრინციპი ასახულია სსკ-ის 1199-ე მუხლში, რომლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
17. სსკ-ის 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. აღნიშნული ნორმა არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლოს მიერ ან მშობელთა შეთანხმებით განსაზღვრულია ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მშობელი, ვისთანაც განქორწინების შემდეგ შვილი საცხოვრებლად დარჩა, ითხოვს მისთვის თავისი გვარის მიკუთვნებას. განსახილველ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ითხოვს მცირეწლოვან ბავშვს მამის გვართან ერთად მიენიჭოს მისი გვარიც.
ამდენად, ეროვნული კანონმდებლობა ბავშვის გვარის შეცვლის შესახებ სარჩელის აღძვრის დისკრეციას ანიჭებს მხოლოდ იმ მშობელს, რომელთანაც იმყოფება ბავშვი საცხოვრებლად. ამასთან, ასეთი სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვარის შეცვლა ბავშვის უპირატეს ინტერესებს შეესაბამება (იხ.: სუსგ Nას-245-233-2017, 06.06.2017წ., 17).
18. იმის დასადგენად, როგორი ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე შეერთებული გვარის მინიჭებას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის 25.02.2019წ. დასკვნას (დასკვნას ხელს აწერენ ფსიქოლოგი ე.ნ–ი და ფსიქოლოგიის დოქტორი, EAGT აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, ასოციაციის დირექტორი თ.გ–ი), რომელშიც მითითებულია, რომ ,,... სკოლამდელთა მოუმწიფებელი კოგნიცია ართულებს მშობლების განქორწინების მიზეზების გაგებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვითდანაშაულის განცდა და შფოთვა (ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა ორივე მშობელმა მიატოვოს). ამ განცდას აძლიერებს განქორწინებული მშობლების რთული ურთიერთობები, ამიტომ ორი გვარის მიცემა ბავშვისათვის, როგორც ნიშანი და ახსნა იმისა, რომ განქორწინების მიუხედავად, ,,შენ ორივე ჩვენგანისათვის რჩები ცხოვრების განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ნაწილად“, შესაძლოა გახდეს ორივე მშობლის მხრიდან მისი უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება... ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუმცა მათ უარი არ უთქვამთ შვილზე და მისი არსებობა ორივესთვის ფრიად მნიშვნელოვანია. ხაზგასმული უნდა იყოს, რომ ორივე მშობელს ძალიან უყვარს და ზრუნავს მასზე (ტ.5, ს.ფ. 128-130).
19. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ ბავშვის მამის გვარით აღზრდა ნორმალური და საყოველთაოდ მიღებული სოციალური მოვლენაა, პალატა განმარტავს, რომ ტრადიციული მიდგომა ბავშვისთვის მამის გვარის მინიჭების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება სამართლებრივად მნიშვნელოვანი. მთავარია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვროს - რა არის ბავშვის უპირატესი ინტერესი და რამდენადაა იგი თანხვედრაში არსებულ ტრადიციებთან. პრიორიტეტი ბავშვის ინტერესების უპირატეს დაცვას უნდა მიენიჭოს (იხ.: სუსგ Nას-245-233-2017, 06.06.2017წ., 18).
20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბავშვის ასაკის და წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ბავშვისთვის ორივე მშობლის შეერთებული გვარის მინიჭება შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს და არ აყენებს რაიმე სახის ზიანს კანონით დაცულ უფლებებს. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც ბავშვი ცხოვრობს გ–ების ოჯახში დედასთან ერთად, ინტეგრირებულია და უკვე აღქმული აქვს კავშირი ამ გვართანაც, გასაზიარებელია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა შეგებებული სარჩელის დასაბუთებულობის თაობაზე.
21. საკასაციო პალატა დამატებით იმასაც აღნიშნავს, ნებისმიერ პირს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, დამოუკიდებლად, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის გარეშე, შეუძლია თავად განსაზღვროს, რომელ გვარს ატარებს. სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია არც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი აღნიშნული საფუძვლებით არ არის დასაშვები.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ა–ძეს (პ/ნ .....) უკან დაუბრუნდეს ლ.ზ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 8797627789, გადახდის თარიღი 11.12.2019წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე