Facebook Twitter

საქმე №ას-249-2021 31 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.მ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ა–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, მან გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს დაევალა გამოთავისუფლებული უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის გადაცემა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი თ.ო–ძე ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ტ.1 ს.ფ. 59-60). დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა და აპელანტი არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ სსსკ) 2591 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული პირი. ამასთან, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შესულია 2020 წლის 21 სექტემბერს და მას ერთვის ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩაბარებულია 2020 წლის 18 სექტემბერს.

6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 369-ე მუხლზე, იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 და 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, ვინაიდან, აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, ის ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2020 წლის 4 აგვისტოდან) არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა (2020 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით), გამოცხადებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2020 წლის 3 სექტემბერს), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ მიუმართავთ, ამიტომ აპელანტისათვის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2020 წლის 3 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის 17 სექტემბერს, 24:00 საათზე დასრულდა, შესაბამისად, აპელანტის მიერ 2020 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის საშუალებით გაგზავნილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და, სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, დარჩა განუხილველად.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

8.1. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის ფოსტაში ჩაბარების თარიღს და განმარტავს, რომ დაცული აქვს გასაჩივრების ვადა, ხოლო ფოსტის მიერ გზავნილის ჩაბარების ვადაზე პასუხს ვერ აგებს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განჩინების გასაჩივრების ვადა არ იქნებოდა დაცული, კერძო საჩივრის ავტორს უსამართლობად მიაჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებზე, რაზე მსჯელობის შემთხვევაშიც სარჩელს არ დააკმაყოფილებდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონის გვერდის ავლით მიიღო გადაწყვეტილება (იხ. წინამდებარე განჩინების 8.1. პუნქტი).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

14. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.

16. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს).

17. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი). სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

18. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი. სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა და აპელანტი არ არის სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული პირი, თუმცა მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 3 სექტემბერს და იმავე წლის 17 სექტემბერს ამოიწურა.

22. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დაცვით წარადგინა, თუმცა ფოსტის მიერ გზავნილის ჩაბარებაზე პასუხს ვერ აგებს. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არ არის საკმარისი მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ მოწმობს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტაში ჩაბარებულია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2020 წლის 18 სექტემბერს (გზავნილის ფოსტაში ჩაბარების თარიღი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის ეს პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

23. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა.

24. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველად დარჩება.

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2020 წლის 18 სექტემბერს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

26. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მნიშვნელოვან გარემოებებზე მსჯელობის გარეშე, კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, ასევე - კერძო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე, რაც სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.

27. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ნახევარი, ანუ 25 ლარი, ვინაიდან, განსახილველი საქმე მაგისტრი მოსამართლის განსჯადია (სსსკ-ის მე-14 მუხლის „ა“ პუნქტი). ამ კატეგორიის დავებზე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის (მოცემულ შემთხვევაში 50 ლარის) ნახევარს (სსსკ-ის 39.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. ლ.ა–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ნ.ხ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება №24582361, გადახდის თარიღი 22.02.2021) - 50 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 25 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე