№ას-244-2021 12 მარტი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ.დ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – ც. და ზ. დ–ების სარჩელის გამო, კ.დ–ის მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ასევე კ.დ–ის შეგებებული სარჩელის გამო, ზ. და ც. დ–ებისა და ჟ.ტ–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
კ.დ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
საქმის მასალების შესწავლით ირკვევა შემდეგი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. დ–ის და ზ. დ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ც. დ–ის და ზ. დ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ც. დ–ი და ზ. დ–ი ცნობილ იქნენ 1960 წლის 18 სექტემბერს გარდაცვლილი შ. დ–ის კანონისმიერ მემკვიდრეებად მისი დანაშთი ქონების 1/2 წილზე; ც. დ–ი და ზ. დ–ი ცნობილ იქნენ ქ.თბილისი, .......... ქუჩა 74- ში მდებარე მიწის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ; კ.დ–ს ც. და ზ. დ–ების სასარგებლოდ დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2250 ლარი და სააპელაციო ინსტანციაში გადახდილი - 3000 ლარი.
ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით კ.დ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა კ.დ–მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 3750 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით კ.დ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩა განუხილველად [განჩინების თანახმად, 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 3 750 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელ პაატა კ–ძეს (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.101-103) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 20 ივნისს ჩაბარდა ადრესატის მამას - გ.კ–ძეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 21 ივნისს და ამოიწურა 2019 წლის 27 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რის გამოც საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული].
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა კ.დ–ის წარმომადგენელმა პ.კ–ძემ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, ექსპერტიზის დანიშვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა [განმცხადებელმა მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობები: ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ ჩაბარებია მხარეს და მხოლოდ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით განხდა ამ ფაქტის შესახებ ცნობილი; თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ კორესპონდენცია ჩაიბარა ადვოკატის ოჯახის წევრმა, მაშინ საეჭვოა მასზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა რეალურად ხელმომწერს; ადვოკატის შვებულებაში ყოფნის ფაქტი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს].
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო განცხადება უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს განცხადებით კვლავ მომართა კ.დ–ის წარმომადგენელმა პ.კ–ძემ, მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება [განმცხადებლის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში განმარტებულია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა ადვოკატის მამას. ამ ინფორმაციის ნამდვილობის შემოწმების მიზნით მან მიმართა შპს „ს.ფ–ას“, რომლის პასუხიდანაც ირკვევა, რომ სადავო პერიოდში პ.კ–ძის მისამართით ფიქსირდება ხუთი გზავნილი. ამ გზავნილების ჩაბარების ამსახველი საინფორმაციო ბარათების შესწავლით დგინდება, რომ ხუთივე გზავნილი ერთსა და იმავე დროს, საათის წამისა და მისი მეასედების შესაბამისადაა გადაცემული და ერთი და იგივე ხელმოწერითაა დადასტურებული, რაც არღვევს გზავნილის ჩაბარების ინდივიდუალიზაციის სტანდარტს და ადასტურებს, რომ ხუთივე გზავნილის ჩაბარებისას შედგენილია ერთი გზავნილი, რაც შეუძლებელს ხდის კორესპონდენციის გამოვლინებას, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტისაგან განსხვავებულია გამოთხოვილ დოკუმენტზე ფიქსირებული ხელმოწერაც, შესაბამისად, საქმეში დაცულ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა. გარდა ამისა, განმცხადებელმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, რადგანაც შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, განცხადების განხილვა აზრს დაკარგავს].
საკასაციო პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე კვლავ არ დაკმაყოფილდა, ასევე დაუშვებლად იქნა მიჩნეული განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საქმის მასალებით დასტურდება ის ფაქტიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს საქმეზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2021 წლის 4 მარტს განსახილველად გადმოეცა კ.დ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო საჩივარში კასატორის წარმომადგენელი, პ.კ–ძე განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მას, როგორც მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 4 თებერვალს, მის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 14 აგვისტოს წარდგენილი განცხადების პასუხად. მოცემული საქმის ის სტადია, რომელიც საკასაციო სასამართლოში წარიმართა, იმ ვითარებაში განხორციელდა, როცა კასატორ მხარეს გასაჩივრებული განჩინება არ ჰქონდა ჩაბარებული და საკასაციო საჩივარი წარდგენილი იქნა განჩინების ჩაუბარებლობის პირობებში, ხოლო საქმეში დაცული დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა ადასტურებს განჩინების ჩაბარებას, მართალია ადრესირებულია კასატორის წარმომადგენლის მიმართ, მაგრამ ჩაბარება მასთან მიმართებაში არ განხორციელებულა. აღნიშნულს მოწმობს საქმეში არსებული დოკუმენტზე არსებული მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, რომ გზავნილი ჩაბარდა ი.კ–ძეს, რომელიც არ წარმოადგენს მასთან რაიმე ნიშნით დაკავშირებულ პირს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ ძალაში შესულ დოკუმენტად.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად, რადგან მისი ჩაბარება 2021 წლის 4 თებერვლამდე არ იქნა უზრუნველყოფილი საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საფუძველს აცლის საქმეში არსებული მასალები, რომლითაც დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 აპრილის დასაბუთებული განჩინება კ.დ–ის წარმომადგენელ პ.კ–ძეს გაუგზავნა საქმეში თავად პ.კ–ძის მიერ მითითებულ მისამართზე. ამასთან, უდავოა ის ფაქტიც, რომ სწორედ მითითებულ მისამართზე ჩაიბარა 2019 წლის 24 მაისს გზავნილი ი.კ–ძემ, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა - კ–ძის საადვოკატო ბიუროს ადვოკატმა (ტ. 2, ს.ფ. 149), რასაც შედეგად მოჰყვა 30 მაისს საკასაციო საჩივრის წარდგენა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო შეტყობინების გაგზავნა-ჩაბარების წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები. 70-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. რაც შეეხება გაგზავნის წესსა და საშუალებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამ ნორმებიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მისამართის მითითებისას მხარე თავად ხდება იმ რისკზე პასუხისმგებელი, რომ ამ მისამართზე ჩაბარებული კორესპონდენცია შეიძლება არ გადაეცეს, უდრო მეტიც, ზემოხსენებული ნორმების დანაწესები სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ (მით უფრო საადვოკატო ბიუროს შემთხვევაში) მისამართზე მყოფი ადრესატი შეტყობინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირია. საწინააღმდეგოს მტკიცება, პრეზუმფციის გაქარწყლება კი, ეკისრება მხარეს.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, უსაფუძვლოდ ხდის თავად კასატორის მიერ 2019 წლის 22 ივლის და 29 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადებები, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.
ამასთან, სასამართლომ რომც გაიზიაროს მხარის პრეტენზია არაუფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარების თაობაზე, სადავო ვერ გახდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ გზავნილის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში პ.კ–ძის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლსაც საკასაციო სასამართლომ დაუდგინა ხარვეზი, ანუ სადავო ვერ იქნება, რომ მან ისარგებლა საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებით, რომელზეც წარმოება დასრულდა 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით, რომლითაც საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუსვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.
პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლი ადგენს გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის წინაპირობებს. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 265-ე-266-ე მუხლების თანახმად კი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით, ხოლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ.დ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.დ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე