Facebook Twitter

საქმე №ა-1112-შ-22-2021 31 მარტი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ვ. ასული კ–ს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №753/17272/18)

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე №753/17272/18), ი.თ–სა და ა.ვ. ასული კ–სის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 11 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით ბავშვის - ა.თ–ის (დაბადებული 31.07.2017წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ა.ვ. ასული კ–სის საცხოვრებელი ადგილი.

2. ი.თ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების, განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 24 მაისიდან.

4. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელს მხარი დაუჭირა, ხოლო მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) არ გამოცხადდა სასამართლოში, თუმცა მას საქმის განხილვის თაობაზე სათანადო წესით ეცნობა. ამასთან, საქმეში მოიპოვება მოპასუხის განცხადება, რომლითაც ის ცნობს სარჩელს და ითხოვს საქმის განხილვას მისი დასწრების გარეშე. სასამართლომ სწორედ მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დააკმაყოფილა სარჩელი.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით, ი.თ–ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, ი.თ–სა და ა.ვ. ასული კ–სის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 11 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

9. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2019 წლის 24 მაისიდან. მოწინააღმდეგე მხარე მართალია არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის განხილვისას, თუმცა იგი ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე. ამასთან, საქმეში არსებული განცხადებით მან სარჩელი ფაქტობრივად აღიარა და საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა ითხოვა. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

11. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე №753/17272/18), განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.თ–ის შუამდგომლობა უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე №753/17272/18), განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს, უკრაინის, ქ. კიევის, დარნიცკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის (საქმე №753/17272/18), გადაწყვეტილება, რომლითაც ი.თ–სა და ა.ვ. ასული კ–სის შორის, სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 11 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე