Facebook Twitter

საქმე №ას-1260-2020 17 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - შპს „პ–ი“, შპს „ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.კ–ი“ (სს „კ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 12 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (შემდეგში: მყიდველი, ბენეფიციარი) და შპს „პ–ს“ (შემდეგში: გამყიდველი, პრინციპალი, პირველი მოსარჩელე, კერძო საჩივრის პირველი ავტორი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნასყიდობის ხელშეკრულება). ხსენებული ხელშეკრულების საგანია სამედიცინო აპარატურა, ხელშეკრულების ფასია - 549 000 ლარი, ხოლო ვადა - ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ნასყიდობის საგნის მიწოდება-მონტაჟი უნდა მომხდარიყო გამყიდველის ხარჯით. ამავდროულად, გამყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მობილური ლიოფილიზატორის დასაწყობება მყიდველთან შეთანხმებულ მისამართზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში.

3. 2016 წლის 11 აგვისტოს გამყიდველმა გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება (შემდეგში - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება) დადო სს „კ.ბ–თან“ (შემდეგში: გამსესხებელი, ბანკი, გარანტი, მოპასუხე, კერძო საჩივრის მეორე ავტორი; უფლებამონაცვლე - შპს „ბ.კ–ი“, შემდეგში მოხსენიებული, როგორც უფლებამონაცვლე), რომლითაც ბანკმა გამყიდველზე გასცა სასყიდლიანი საბანკო კრედიტი/სესხი - 500 000 ლარი ან შესაბამისი ეკვივალენტი აშშ დოლარი, ან ევრო.

4. ბანკსა და გამყიდველს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ასევე, მის საფუძველზე დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 11 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით (შემდეგში - იპოთეკის ხელშეკრულება) ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მეორე მოსარჩელე, კერძო საჩივრის მეორე ავტორი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ....... /თბილისი, ....... ქ.№9ბ).

5. 2016 წლის 16 აგვისტოს ბანკსა და გამყიდველს შორის დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება (შემდეგში - საბანკო გარანტიის ხელშეკრულება), რომლითაც ბანკმა გამყიდველისათვის (პრინციპალი) საბანკო გარანტიის გაცემის ვალდებულება იკისრა და რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებით მისაღები საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად, გამყიდველს მყიდველისათვის უნდა წარედგინა. საგარანტიო თანხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 274 500 ლარით. გარანტის წინაშე პრინციპალის (გამყიდველი) ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით.

6. 2016 წლის 16 აგვისტოს ბანკმა გასცა საავანსო საბანკო გარანტია, 274 500 ლარი. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა დადგინდა 2017 წლის 10 იანვრის, 18:00 საათის ჩათვლით.

7. 2016 წლის 31 აგვისტოს პრინციპალმა (გამყიდველი) გარანტის მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე მყიდველისგან (ბენეფიციარი) მიიღო საავანსო თანხა, შეიძინა ნასყიდობის საგანი და 2016 წლის 18 ნოემბერს იგი მყიდველს მიაწოდა.

8. 2016 წლის 30 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლითაც ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ავანსის თანხის ოდენობით საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, ხოლო გამყიდველის მიერ საავანსო საბანკო გარანტიისა და ხელეკრულების შესრულების გარანტიის მყიდველისათვის წარდგენის ვადა 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

9. 2017 წლის 9 იანვარს მყიდველმა (ბენეფიციარი) მიმართა გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მისთვის ანაზღაურების თაობაზე, რადგან გამყიდველმა (პრინციპალი) ვერ შეასრულა ავანსის თანხის ეკვივალენტი სამუშაოები, კერძოდ, მყიდველს დადგენილ ვადაში არ მიაწოდა ნასყიდობის საგანი.

10. 2017 წლის 24 იანვარს მყიდველმა (ბენეფიციარი) გარანტს განმეორებით მიმართა, საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რაც იმით დაასაბუთა, რომ გამყიდველის (პრინციპალი) მიერ მიწოდებული სამედიცინო აპარატი ხელშეკრულების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და მყიდველი (ბენეფიციარი) მის მიღებაზე უარს ამბობდა.

11. 2017 წლის 30 იანვრის წერილით მყიდველმა (ბენეფიციარი) გარანტს (ბანკი), ასევე, აცნობა, გამყიდველის (პრინციპალი) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.

12. გარანტმა (ბანკი) 2017 წლის 10 იანვარს წერილობით აცნობა პრინციპალს (გამყიდველი) ბენეფიციარის (მყიდველი) მოთხოვნის თაობაზე.

13. საპასუხო წერილში პრინციპალმა (გამყიდველი) გარანტს განუმარტა, რომ გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის შესაბამისად ბენეფიციარისგან (მყიდველი) მიიღო საავანსო თანხა და იგი ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად დახარჯა, რის გამოც ბენეფიციარის (მყიდველი) მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

14. გარანტმა (ბანკი) ბენეფიციარის (მყიდველი) 2017 წლის 9 იანვრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამ უკანასკნელს აუნაზღაურა საბანკო გარანტიის თანხა, 274 500 ლარი.

15. მას შემდეგ, რაც პრინციპალმა (გამყიდველი) 274 500 ლარისა და ხელშეკრულებით დარიცხული პროცენტის ბანკის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვაზე უარი თქვა, გარნტმა (ბანკი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა.

16. 2017 წლის 5 მაისს ნოტარიუსმა ო.გ–ძემ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც გამყიდველის (პრინციპალი) აღსასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობაა 303 950.13 ლარი (ძირითადი თანხა - 274 500 ლარი, პროცენტი - 451.23 ლარი და 28 878.9 ლარი, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 120 ლარი). ამავე ფურცლის მიხედვით, ვალდებულების შესასრულებლად სარეალიზაციოდ მიექცა გარანტის (ბანკი) სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი).

17. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს ბანკის (გარანტი) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 274 500 ლარის მყიდველისათვის (ბენეფიციარი) გადახდის უკანონოდ აღიარება.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა აღიარებული საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 274 500 ლარის მყიდველისათვის (ბენეფიციარი) გადახდა.

19. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარანტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი განუხილველად დარჩა.

20.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებაზე: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს აღძრული აქვთ აღიარებითი სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვენ საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებების საფუძველზე 274 500 ლარის მყიდველისათვის (ბენეფიციარი) გადახდის უკანონოდ აღიარებას. მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, განსახილველი სარჩელის იურიდიული ინტერესია, ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელეთა მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და სამომავლოდ, ბანკის უფლებამონაცვლის მხრიდან მათ მიმართ რეგრესის წესით მოთხოვნის წარდგენის თავიდან არიდება. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები მოითხოვენ ბენეფიციარისათვის (მყიდველი) გარანტის (ბანკი) მიერ ასანაზღაურებელი თანხის უკანონოდ ცნობას, ისე, რომ არ აყენებენ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნებს.

20.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვერ მიიღწეოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში მაინც ვერ დადგებოდა ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა (სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა), რადგან ბენეფიციარისათვის (მყიდველი) გარანტის (ბანკი, მოპასუხე) მიერ ანაზღაურებული თანხის უკანონოდ ცნობის შემთხვევაშიც, გარანტს ფორმალურად კვლავ რჩებოდა შესაძლებლობა, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.

20.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 180-ე მუხლზე (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარსების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) და განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობაა, რაშიც იგულისხმება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს. მოსარჩელემ იმ სამართლებრივ შედეგზე უნდა მიუთითოს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადგება და რომლითაც მისი კანონით დაცული ინტერესი აღდგება. დავის ზოგადი ინტერესი არ წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობას. სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას ვერ ასაბუთებდა, რაც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იყო (სსსკ-ის 178-ე მუხლი).

20.4. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა (სსსკ-ის 187.2 და 275-ე მუხლები).

21. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, ამ განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მოთხოვნით. კერძო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

21.1. გასაჩივრებული განჩინება ქმნის ორმაგი სასარჩელო წარმოების წინაპირობას, ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის პრინციპებს.

21.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ფორმით სარჩელი ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია სარჩელის მოთხოვნის დაკონკრეტებისა და საქმის წარმოების გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს სარჩელის გამართულობის შემოწმებისას უნდა განეხილა და პასუხი გაეცა საკითხზე, თუ რა სურდა მოსარჩელეს. საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს ამ უკანასკნელისათვის უნდა მიეცა სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტებისა და სარჩელის მოთხოვნის დაკონკრეტების საშუალება (სსსკ-ის 83.4 მუხლი).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

23. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს მოცემული საქმის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი არ გააჩნიათ, რაც მათ მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობაა.

24. თავდაპირველად უნდა განიმარტოს, რომ მოქმედ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში სარჩელი სახეებადაა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) დაყოფილი, რაც პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ.), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (სუსგ Nას-215-2020, 27.10.2020; N1920-2018, 31.05.2019).

25. სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ (შდრ. სუსგ, №ას-551-522-2015, 14.08.2015; №ას-937-887-2015, 10.11.2015).

ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის (სუსგ Nას-1508-2019, 25.11.2020წ.).

საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, აღნიშნა რომ: აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება, საქმეზე Nას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

26. სადავო საკითხის შეფასებისას საყურადღებოა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლი, რომლითაც რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 31.1 და სსსკ-ის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვისკენაა მიმართული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.

27. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნაა, საბანკო გარანტიის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გარანტის (ბანკი) მიერ ბენეფიციარისათვის (მყიდველი) თანხის (274 500 ლარი) ანაზღაურების უკანონოდ აღიარება. მოთხოვნის ამგვარი ჩამოყალიბება ფორმალურად ასაბუთებს, აღიარებითი სარჩელის არსებობას.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ბენეფიციარს (მყიდველი) ზემოხსენებული თანხა არასწორად აუნაზღაურდა, რადგან ამ უკანასკნელის მიმართ პირველ მოსარჩელეს (პრინციპალი, გამყიდველი) ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეთა აზრით, არასწორია გარანტის (ბანკი) მიერ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნა და შესაბამისი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იპოთეკის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა.

მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი ისაა, რომ შეწყდეს მათ მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა. ეს ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეების მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეწყდეს და მომავალში გარანტის (ბანკი) მხრიდან მათ მიმართ თანხის მოთხოვნა სრულად გამოირიცხოს, სარჩელის დაკმაყოფილება ამ შედეგის დადგომას ხელს ვერ შეუშლის.

ცხადია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებშიც, გარანტს ფორმალურად მაინც რჩება იმის შესაძლებლობა, რომ ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შედეგად თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს. ეს გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სახით, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოსარჩელეებს დეკლარირებული იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებაში ვერ დაეხმარება და ამით ისინი დასახელებულ ინტერესს ვერ მიაღწევენ.

28. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობდა სსსკ-ის 187.2 მუხლითა და 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

29. მცდარია კერძო საჩივრის ავტორთა მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად იმაზე აპელირება, რომ საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მათთვის უნდა მიეცა სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტებისა და სარჩელის მოთხოვნის დაკონკრეტების საშუალება. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ, Nას-45-2019, 5.04.2019) განმარტა, რომ: მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად [სსსკ-ის მე-2 მუხლი]. ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი [სსსკ-ის მე-3 მუხლი]. ამ პრინციპების კონკრეტულ გამოხატულებას ვხვდებით სსსკ-ის 178-ე მუხლის დისპოზიციურ დანაწესში, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები და სხვა [სსსკ-ის 178-ე მუხლის „გ“, „ზ“, „ე“]. თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა [სსსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები].

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, კერძოდ, მათ თავიანთი ინტერესების დასაცავად მიმართეს სასამართლოს, განსაზღვრეს დავის საგანი და თავადვე ჩამოაყალიბეს მოთხოვნა, რომელიც მათი მოსაზრებით აღნიშნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფდა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლოს მოცემული საქმე სწორედ ამ მოთხოვნების ფარგლებში უნდა განეხილა და გადაწყვეტილებაც მის შესაბამისად უნდა მიეღო.

რაც შეეხება საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად კერძო საჩივრის ავტორების მიერ დასახელებულ საკასაციო პალატის ერთ-ერთ განჩინებას (იხ. სუსგ, Nას-1219-1139-2017, 12.01.2018), აღნიშნული განჩინებით განხილულია განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობის მქონე სამართალურთიერთობა და, შესაბამისად, მისი განხილვისას საკასაციო პალატის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები მოცემულ საქმეზე ვერ იქნება გამოყენებული.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ–ისა“ და შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე