Facebook Twitter

საქმე №ას-1260-2020 24 თებერვალი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - შპს „ბ–ი“, შპს „პ–ი“,

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.კ–ი“ (სს „კ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლოში სარჩელი აღძრეს შპს „პ–მა“ და შპს „ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელეები) სს „კ.ბ–ის“ (უფლებამონაცვლე - შპს „ბ.კ–ი“, შემდეგში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვეს საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 274 500 ლარის სსიპ „თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტისათვის“ (მყიდველი) გადახდის უკანონოდ აღიარება.

ამავდროულად, მოსარჩელეებმა იშუამდგომლეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებულიყო ნოტარიუს ო.გ–ძის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ო.გ–ძის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა აღიარებული საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 274 500 ლარის მყიდველისათვის (ბენეფიციარი) გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარანტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი განუხილველად დარჩა.

ამავე სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც მეორე მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ო.გ–ძის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

6. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინება მოსარჩელეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, ამ განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინებაზე მოსარჩელეებმა საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ხსენებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მის მიერ მიღებული 2020 წლის 25 მაისის განჩინებით სარჩელი განუხილველად დარჩა, ამიტომ აღარ არსებობდა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების წინაპირობა. სასამართლომ საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 1991 მუხლით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ასევე, არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი და გასაჩივრებული განჩინება (2020 წლის 25 მაისის განჩინება) უცვლელად დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა აღიარებული საბანკო კრედიტისა და საბანკო გარანტიის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 274 500 ლარის მყიდველისათვის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი განუხილველად დარჩა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით კი, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინება.

11. სსსკ-ის 264.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

12. საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ იმ მიზნით უშვებს, რომ დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის, კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი) ქმედებისგან იყოს დაცული (იხ. სუსგ №ას-1966-2018, 24.01.2019).

13. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქმეზე დამდგარი პროცესუალური შედეგი იმას ასაბუთებს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების დამდგენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 25 მაისის განჩინება კანონიერ ძალაშია შესული. ცხადია, რომ აღნიშნული ფაქტი თავისთავად გამორიცხავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან გადაწყვეტილია იმ სარჩელის იურიდიული ბედი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც ნოტარიუს ო.გ–ძის მიერ 2017 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თუნდაც არ ყოფილიყო გაუქმებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სასამართლო თავად იქნებოდა უფლებამოსილი თავისი გადაწყვეტილებით გაეუქმებინა ეს ღონისძიება, გამომდინარე სსსკ-ის 1991 მუხლიდან.

15. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ისა“ და შპს „პ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის და 18 სექტემბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე