Facebook Twitter

საქმე №ას-805-2020

15 მარტი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ფ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ფ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,თ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ლ.ფ–ს სს ,,თ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 08 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2942.32 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2024.76 ლარი,პროცენტი - 243.99 ლარი, პირგასამტეხლო 670.19 ლარი, დაზღვევა - 3.38 ლარი; მოპასუხე ლ.ფ–ს სს ,,თ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 19 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5918.7 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4052.79 ლარი, პროცენტი - 438.99 ლარი, პირგასამტეხლო 1426.92 ლარი; მოპასუხე ლ.ფ–ს სს ,,თ.ბ–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 20 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2282.27 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1396.94 ლარი, პროცენტი - 251.11 ლარი, პირგასამტეხლო 634.22 ლარი.

ლ.ფ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ლ.ფ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებასთან ერთად სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა ლ.ფ–მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებით ლ.ფ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ფ–მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ლ.ფ–ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ.ფ–ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 391,83 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 15 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ლ.ფ–ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო სახელმწიფო ბაჟიდან დარჩენილი - 191,83 ლარი კი გადაუვადდა საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; კასატორს ასევე უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2021 წლის 18 იანვარს კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ.ფ–ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ.ფ–ს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. კასატორს ასევე უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით ლ.ფ–ის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ლ.ფ–ს მეორედ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო სახელმწიფო ბაჟიდან დარჩენილი - 191,83 ლარი კი გადაუვადდა საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. კასატორს ასევე დაევალა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორს ლ.ფ–ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2021 წლის 17 თებერვალს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგაზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინება სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2021 წლის 17 თებერვალს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო კასატორისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2021 წლის 18 თებერვლიდან და ამოიწურა 2021 წლის 22 თებერვალს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2021 წლის 22 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართვს.

2021 წლის 18 იანვარს კასატორმა მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ აღარ სურს მისმა ადვოკატმა დ.ც–ძემ განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. 2021 წლის 17 თებერვალს დ.ც–ძემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც გამოხატულია პოზიცია ლ.ფ–ისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარების ფორმის შესახებ.

საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ ლ.ფ–ის მიერ 2021 წლის 18 იანვარს გამოვლენილი პოზიციის შესაბამისად დ.ც–ძე კასატორის უფლებებს აღარ წარმოადგენს; გარდა აღნიშნულისა 2021 წლის 17 თებერვლის განცხადება კასატორისთვის საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნას არ შეიცავს და შესაბამისად საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ მოგვევლინება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 284-ე, 285-ე, 368-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ლ.ფ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე