Facebook Twitter

საქმე №ას-236-2021

12 მარტი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი ჯ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე სს ,,კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,კ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ა–ძის, ბ.ა–ძის, ც.ა–ძისა და გ.გ–ის თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,კ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ.ა–ძეს, ბ.ა–ძეს, ც.ა–ძეს და გ.გ–ს სს ,,კ.ბ–ის" სასარგებლოდ 2018 წლის 19 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ - 19 797,52 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 656,96 ლარი, პროცენტი – 5589,92 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 50,64 ლარი; ჯ.ა–ძეს სს ,,კ.ბ–ის" სასარგებლოდ 2018 წლის 31 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისრა - 3126,13 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2904,83 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა 21,3 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,კ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება ჯ.ა–ძისათვის სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის ჯამში 2017 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ა–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის ჯამში 2017 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯ.ა–ძემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იმ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომელიც ეხებოდა სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ა–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა ჯ.ა–ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად მას 2021 წლის 25 იანვარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო ჯ.ა–ძისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 20201 წლის 26 იანვრიდან და ამოიწურა 2021 წლის 15 თებერვალს.

კასატორმა საკასაციო საჩივარი წარადგინა 2021 წლის 23 თებერვალს (დოკუმენრის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 22.02.201 წელი), გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ჯ.ა–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ.ა–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63- ე, 396-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დაადგინა:

1. ჯ.ა–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე